სიცილიის ტირან აგათოკლეს ჯარებით კართაგენის გარემოცვის დროს მსხვერპლად 500 ბავშვი შეიწირა
კართაგენი – ძველი ქალაქი – სახელმწიფო იყო ჩრდილოეთ აფრიკაში (თანამედროვე ტუნისის სახელმწიფოს რაიონში), დაარსებული ფინიკიელების მიერ 825 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
რომაელი ისტორიკოსი სალიუსტი მოგვითხრობს კართაგენის ორ მცხოვრებზე, ძმებ ფილენებზე, რომლებიც დათანხმდნენ, ცოცხლად დამარხულიყვნენ, ოღონდ კი გაეფართოებინათ კართაგენის მიწის საზღვრები.
კართაგენელები მსხვერპლად სამხედრო ტყვეებსაც წირავდნენ და, ზოგჯერ, როგორც ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი (პირველი საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე) გვამცნობს, ამისთვის ყველაზე ლამაზ ტყვეებს არჩევდნენ. მაგრამ ისეც ხდებოდა ხოლმე, რომ შერჩევით თავს არ იტკიებდნენ და ყველა ტყვეს ერთად სწირავდნენ. ასე მოიქცა ჰანიბალ მაგონი (არ აგერიოთ ცნობილ ჰანიბალ ბარკაში) მას შემდეგ, რაც 408 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე აიღო სიცილიის ქალაქი გიმერუ. ოდესღაც კართაგენელებმა დამანგრეველი მარცხი განიცადეს ამ ქალაქთან ბრძოლაში, სადაც ჰანიბალ მაგონს დაეღუპა პაპა – ჰამილკარი. ქალაქის აღების შემდეგ შურისმაძიებელმა მხედართმთავარმა ქალაქი მიწასთან გაასწორა და პაპამისის აჩრდილს მსხვერპლად 3 000 ტყვე შესწირა.
ორი საუკუნით გვიან, ჰანიბალ ბარკამ რომის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა კანთან. მან დამარცხებულთა წესი გადაიღო და გლადიატორთა თამაშები (საჩვენებელი ორთაბრძოლები) მოაწყო, რომელშიც იძულებით მიაღებინა მონაწილეობა სენატორებს და, საერთოდ, ყველა წარჩინებულ პირს. რომაელი ისტორიკოსის, აპიანეს ცნობით, ჰანიბალ ბარკამ აიძულა მამები შვილებთან და ძმები ძმებთან ჩართულიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლებში. ადამიანთა ყველაზე საშინელი და მასობრივი მსხვერპლშეწირვის ფორმა, რომელსაც კართაგენელები აწყობდნენ, იყო ბავშვთა მასობრივად დაწვა.
ანტიკური პერიოდის ავტორებმა სულის შემძვრელი აღწერილობები დაგვიტოვეს იმის შესახებ, თუ როგორ წვავდნენ კართაგენელები ცოცხალ ბავშვებს და მათ თავიანთი სპილენძის ღმერთის გავარვარებულ მუცელში გზავნიდნენ. რიტუალის დროს, რომელიც საერთო-სახალხო დღესასწაულის მსგავსად იყო მორთულ-მოწყობილი, როგორ იდგნენ აუცილებლად მოღიმარი სახეებით მშობლები, რომელთა შვილებსაც ცეცხლი ნთქავდა. მაგრამ, დღესდღეობით, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სინამდვილეში ყველაფერი ეს, რამდენადმე სხვანაირად გამოიყურებოდა: რიტუალი ნამდვილად ღამით ტარდებოდა, ფლეიტის, ტამბურინისა და ლირის ჰანგების ფონზე, მაგრამ, ბავშვს წინასწარ კლავდნენ ცალკე გამოყოფილ ოთახში და ცეცხლით მსუნთქავი კერპის ხელებში უკვე მკვდარი ბავშვები ხვდებოდნენ. ანტიკური პერიოდის ავტორები, რომლებიც მხატვრულად აღწერდნენ ცეცხლში ცოცხლად დამწვარი მსხვერპლის სიკვდილისწინა ტანჯვა-წამებას, იყვნენ რომაელთა ბანაკის – კართაგენის დაუძინებელი მტრები და, შეიძლება, ყურმოკრული, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებიდან ირჩევდნენ ისეთს, რომელშიც კართაგენელები ცუდზე ცუდი სახით წარმოჩინდებოდნენ.
ტრადიციის მიხედვით, მსხვერპლად პირმშო (პირველად შობილ) ვაჟებს სწირავდნენ, ამასთან, უპირველეს ყოვლისა, არისტოკრატთა ოჯახების ნაშიერთ. კართაგენის ტოფეტში ნაპოვნ ნეშტთა ანთროპოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ დამარხულ ბავშვთა 85 პროცენტის ასაკი ექვს თვეზე ნაკლები იყო; მხოლოდ ერთი მათგანი იქნებოდა დაახლოებით 12 წლის. ამ ადგილზე გოგონათა ნეშტებიც იპოვნეს, თუმცა, ბავშვების სქესის ზუსტად დადგენა ყოველთვის არ იყო შესაძლებელი.
რა სიხშირით და რა საბაბით ხდებოდა მსხვერპლშეწირვა, უცნობია. რომაელი სილიუს იტალიკი, ისტორიულ-ჰეროიკულ პოემა „პუნიკას“ ავტორი, რომაელების კართაგენელებთან გამართული ბრძოლის ბატალიებთან ერთად, აღნიშნავს, რომ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად ხდებოდა. დიოდორე წერდა, რომ სიცილიის ტირან აგათოკლეს ჯარებით კართაგენის გარემოცვის დროს მსხვერპლად 500 ბავშვი იქნა შეწირული, რომელთაგან 200 პირმშო შერჩეული იყო არისტოკრატთა ოჯახებიდან, ხოლო დანარჩენი 300 – მოქალაქეთა ოჯახებმა გაიღეს მსხვერპლად ნებაყოფლობით.
კართაგენი იყო რესპუბლიკა და, მართალია, მას სახელმწიფოს ოლიგარქიული საბჭოები და მდიდარი და წარჩინებული მოქალაქეებიდან არჩეული მაგისტრატები მართავდნენ, მაგრამ, ხალხს დიდი უფლებები ჰქონდა: უმაღლესი ხელისუფლება სახალხო კრებას ეკუთვნოდა; ძალზე განვითარებული იყო სახალხო საკუთრების ფორმა – თვით ტაძრების საკუთრებაც კი საკრებულოს მიერ კონტროლდებოდა. ეს კი იმას იწვევდა, რომ თითოეული კართაგენელი, უპირველეს ყოვლისა, თავისი სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევდა თავს და საზოგადოებრივ ინტერესებს პირადულზე მაღლა აყენებდა. როდესაც სამშობლოს საფრთხე ემუქრებოდა, მოქალაქეთა უმეტესობა მზად იყო, საერთო საქმისათვის საკუთარი შვილი გაეღო მსხვერპლად, მაგრამ არცთუ იშვიათად, მშვიდობიანობის დროს, ხდებოდა, რომ ისინი თავიანთი შვილების ნაცვლად ნაყიდ ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. სწორედ ამით ხსნიდნენ კართაგენელები თავიანთი ღმერთების განრისხებას, რომლებმაც ნება დართეს აგათოკლეს, თავისი 14-ათასიანი ჯარით გადმოსულიყო ჩრდილოეთ აფრიკაში და ხელში ჩაეგდო კართაგენის მორჩილებაში არსებული საზღვაო პორტები – გადრუმეტი და უტიკა. შემდეგი დარტყმა კართაგენზე იყო გათვალისწინებული. ქალაქი პანიკამ მოიცვა და 500 ბავშვი გაიღო მსხვერპლად სამშობლოს გადასარჩენად.
საშინელი წეს-ჩვეულების განმტკიცებას ხელი შეუწყო იმან, რომ ამ მსხვერპლშეწირვის შემდეგ აგათოკლეს ჯარებმა მართლაც დატოვეს აფრიკა, მიზეზი კი ის იყო, რომ, მანამდე, სანამ ის კართაგენის კედლებთან იყო გამაგრებული, მის სამშობლოში ამბოხება დაიწყო და, ამიტომ, იძულებული გახდა, ჯარი უკან დაებრუნებინა, რის შემდეგაც კართაგენმა აგათოკლესთან სამშვიდობო ზავი დადო. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ამ დროიდან მოყოლებული, კართაგენელებმა იმდენად ირწმუნეს თავიანთი საშინელი რიტუალის შედეგიანობა, რომ მან მასობრივი ხასიათი მიიღო და საზოგადოების სულ სხვადასხვა ფენაში შეაღწია. თუ ადრე ბავშვებს მსხვერპლად, უპირველეს ყოვლისა, არისტოკრატიის წარმომადგენლები სწირავდნენ, რომლებსაც ამ ნაბიჯის გადადგმას თანამოქალაქეები აიძულებდნენ ან საკუთარი პატრიოტიზმის გამო აკეთებდნენ, უკვე მოგვიანებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში, თვით მონებმაც კი დაიწყეს საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვა – მათი სახელები მიძღვნილ სტელებზეა ამოკვეთილი.
თავიდან, კართაგენელები ძველ ფინიკიურ ტრადიციას იცავდნენ და ბავშვებს ბაალ-ჰამონს სწირავდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნის შუა ხანებამდე კართაგენის ტოფეტის ტერიტორია დაფარული იყო სტელებით, რომლებზეც მზის დისკო იყო გამოსახული და მისადმი მიძღვნილი წარწერები იყო ამოკვეთილი: „მსხვერპლი ბაალ-ჰამონს, რომელიც გაიღო ამან და ამან“. მაგრამ, მოვგიანებით, სულ უფრო ხშირად ჩნდება სტელები, რომლებზეც გადაბრუნებული ნახევარმთვარეა გამოსახული – ქალღმერთ ტინიტის ნიშანი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, 146 წლამდე, სანამ ქალაქი დაეცემოდა, ტინიტს კართაგენის პანთეონში წამყვანი ადგილი ეკავა.