კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკშია აუცილებელი მშობლის აქტიური ჩართვა ბავშვის აღზრდის პროცესში და როდისაა მიზანშეწონილი ბებია-ბაბუის გააქტიურება

თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი ცხოვრების აქტიური წესიდან გამომდინარე, დღეს აღარავის უკვირს, რომ ახალგაზრდა მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართულები პროფესიულ საქმიანობაში და შვილების აღსაზრდელად ნაკლები დრო რჩებათ. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, კარიერული წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგიაზე არცთუ დადებითად აისახება.

ასეთ შემთხვევებში, ძირითადად, ბავშვის აღმზრდელებად ბებია-ბაბუა გვევლინება.

რა სირთულეები იჩენს თავს ამ პროცესში და როგორია მათი გადაჭრის გზები, ამასთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის ფსიქოლოგი სოფო მაისურაძე პასუხობს.

– რა დოზით უნდა იყოს ჩართული ბებია და ბაბუა ბავშვის აღზრდაში?

– საერთოდ, ბავშვის აღზრდაში აუცილებელია, აქტიურად იყვნენ ჩართულები, უპირველესად, მშობლები. მათ უნდა ჰქონდეთ ბავშვთან ემოციური კავშირი და უპირობოდ იღებდნენ მათ (ისეთს, როგორიც არის). უნდა იყვნენ ყურადღებიანი შვილის მოთხოვნილებებისა და ინტერესებისადმი, ასევე, უნდა უზრუნველყონ მათი დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა, მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სწორედ ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ბავშვის განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს. რაც შეეხება ბებია-ბაბუის ჩართვას ბავშვის აღზრდაში, შეიძლება ითქვას, რომ მათი როლი პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვზე. სამთაობიან ოჯახში (ბებია-ბაბუა, დედ-მამა და შვილიშვილები) ბავშვი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ამდენად, ბებია-ბაბუის მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში სასურველია. თუმცა, აუცილებელია, დაცული იყოს ზომიერება ურთიერთობაში – გაცნობიერებული და გათავისებული ჰქონდეთ თავიანთი როლი და ფუნქციები, როგორც ბებიასი და ბაბუასი. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ახალგაზრდა მშობლები იმდენად დაკავებულნი არიან, რომ ნაკლები დროის გატარება უწევთ შვილებთან, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მშობლის პასუხისმგებლობას გაურბიან და ბავშვის აღზრდას მშობლებს მიანდობენ ხოლმე. ან ბებია-ბაბუები შვილების ასაკის სიმცირის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, მიიჩნევენ, რომ ისინი მშობლის მოვალეობებს თავს ვერ გაართმევენ და საკუთარი ინიციატივით იღებენ პასუხისმგებლობას ბავშვის აღზრდაზე. ორივე შემთხვევაში, ჩნდება არასწორი დამოკიდებულებები. ბებია-ბაბუა გაუცნობიერებლად იღებს და ირგებს მშობლის როლს. ბავშვი კი დგება საფრთხის წინაშე. მას ეუფლება გაუცხოებისა და გაუგებრობის განცდა, ჩნდება ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტი, რაც შემდგომში უამრავი პრობლემის გამომწვევი შეიძლება, გახდეს.

– კონკრეტულად, რა შედეგის მომტანი შეიძლება, აღმოჩნდეს ბებია-ბაბუის მხრიდან ზედმეტად ჩარევა?

– თუ ბავშვს ჰყავს მშობლები, რომლებიც პასიურად არიან ჩართულნი ბავშვის აღზრდაში და მათ როლს ბებია-ბაბუა ასრულებს, ამის შედეგებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ, თუ ბავშვს სხვადასხვა მიზეზის გამო (თუ მშობელი შინ არ იმყოფება, არ ჰყავს და ასე შემდეგ), დედ-მამასთან ყოფნის შესაძლებლობა არა აქვს, აუცილებელია, ბებია-ბაბუა აქტიურად ჩაერთოს შვილიშვილის აღზრდის პროცესში და შეეცადოს, მისცეს ის სითბო და სიყვარული, რომელიც ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ასე საჭიროა. ასეთ შემთხვევაში, ბებია-ბაბუის აქტიური ჩართულობა ნამდვილად გამართლებულია.

– ზედმეტად პასიურ ბებიასა და ბაბუაზე რას იტყვით?

– ბებია-ბაბუის პასიური მონაწილეობა ბავშვისთვის ისეთი ტრავმის გამომწვევი არაა, როგორც მშობლების პასიური მონაწილეობა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მათი როლი ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამდენად, ბებია-ბაბუის მხრიდან პასიურობა ბავშვში იწვევს წყენის განცდას: „თუ ის ჩემზე არ ზრუნავს, მე მას არ ვუყვარვარ“.

– თავადაც აღნიშნეთ, რომ მშობლები, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ ახერხებენ შვილებთან დიდი დროის გატარებას, რა არის გამოსავალი ასეთ სიტუაციაში?

– თანამედროვე ცხოვრებაში ეს პრობლემა ძალიან ხშირია. თუ მშობლები იმდენად დაკავებულნი არიან, რომ ბავშვი დროის ძირითად ნაწილს ბებია-ბაბუასთან ატარებს, აუცილებელია, დღეში ერთი საათი მაინც და შაბათ-კვირა გაატარონ მშობლებთან. ეთამაშონ და ესაუბრონ, რათა ემოციური სიახლოვე იყოს მათ შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს შეიძლება, გაუჩნდეს ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემები.

– ბებიები და ბაბუები, ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ლმობიერები არიან შვილიშვილების მიმართ. მართებულია თუ არა ასეთი მიდგომა?

– ხშირ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა – ბებია-ბაბუა ბევრად უფრო გულჩვილი და მიმტევებელია ბავშვის მიმართ, ვიდრე მშობელი. თუმცა, თუ მშობლები ბავშვს გარკვეულ შეზღუდვებს ან წესებს უდგენენ, ასეთ შემთხვევაში, ბებია-ბაბუამ უნდა გაითვალისწინოს ისინი. პატივი სცენ მშობლის მოთხოვნებს და ბავშვს არ  მისცენ უფლება, ამ შეზღუდვის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, რადგან ამ დროს ის ვერ გაითავისებს მოცემულ წესებს და მუდმივად შეეცდება, მათ დარღვევას. ის კი, თავისთავად, ბავშვის განვითარებას უშლის ხელს, ხოლო ბებია-ბაბუასა და მშობლებს შორის კონფლიქტის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

– ბებიის რბილი შენიშვნის შემდეგ, დედის მკაცრმა შენიშვნამ, შეიძლება თუ არა, აგრესია გამოიწვიოს ბავშვში?

– ასეთი წინააღმდეგობები, უპირველესად, ბავშვში გაურკვევლობას იწვევს: მან არ იცის, ვის დაუჯეროს და როგორ მოიქცეს. გარდა ამისა, ბავშვში თავისთავად ჩნდება მშობლის მიმართ აგრესიაც. მისთვის გაუგებარია, თუ ბებია ან ბაბუა ნებას რთავს, რატომ შეიძლება, რომ დედამ ან მამამ დაუშალოს.

– რა არის გამოსავალი ასეთ დროს?

– გამოსავალი ასეთ სიტუაციებში არის შეთანხმება მშობლებსა და ბებია-ბაბუას შორის, დაიცვან საერთო წესები. მათთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ბავშვის ჯანსაღი განვითარება, რისთვისაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია შეთანხმებული მოქმედება.

– სასჯელს და წახალისებას რაც შეეხება, რა დოზით უნდა გამოიყენოს ის ბებიამ და ბაბუამ?

– მოგეხსენებათ, რომ ბავშვის დასჯა, იქნება ეს ფიზიკური, პიროვნული თუ ემოციური, კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ითვლება, რომ ეს არის ბავშვის მიმართ ძალადობა და მისი დამორჩილების სურვილი. გარდა ამისა, დასჯა იწვევს შიშს. დაბნეულმა ბავშვმა, შესაძლოა, მაშინვე დაანებოს თავი ცუდ საქციელს, მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამომხატველია, რომ დასჯამ დროებითი ეფექტი მოიტანა. შემდეგ ბავშვი შეგნებულად თუ შეუგნებლად, ცდილობს, სამაგიეროს გადახდას.

რაც შეეხება წახალისებას, ეს აუცილებელია კარგი ქცევის განსამტკიცებლად. თუმცა, არც შექება და წახალისება უნდა იყოს გადამეტებული და არაადეკვატური.

– ბებია-ბაბუის ჩართულობასთან დაკავშირებით, ბავშვის ასაკს თუ აქვს დიდი მნიშვნელობა?

– რა თქმა უნდა, ასაკს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. 3 წლამდე ბავშვისთვის დედ-მამა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამდენად, ამ ასაკში ბავშვის ცხოვრებაში მშობლების როლი განსაკუთრებული და შეუცვლელია. ხოლო 3 წლის შემდეგ, იკვეთება ბებია-ბაბუის როლი და მათი მნიშვნელობა. რაც შეეხება წესების შემუშავებას, ბავშვმა 6 წლის ასაკში უნდა გაითავისოს სოციუმის მოთხოვნები და შეუსაბამოს მას თავისი. ამიტომ, ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების შეთანხმებული მოქმედება.

скачать dle 11.3