კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაშია დიეტა ეფექტური და როდის და როგორ დავიცვათ თავი ჭარბი წონისგან

ჩვენი რესპონდენტი, დღეს ყველაზე პოპულარული ექიმი-დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი ნატა გაგუაა. მისი წყალობით ბევრმა მიაღწია სასურველ წონას და თავს ბედნიერად გრძნობს, ქალბატონმა ნატომ დაამთავრა მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემია (სამკურნალო საქმე), დიეტოლოგის სპეციალობით. და, 20 წელზე მეტხანს, წარმატებულად ემსახურებოდა მოსკოვში ამ ურთულეს დარგს. 2012 წლიდან მოღვაწეობს თბილისში; ასევე, არის საქართველოს პირველი ლიცენზირებული ნუტრიციოლოგი.

– დღეს ძალიან პოპულარული დიეტოლოგი ხართ თბილისში. მკურნალობის როგორი მეთოდი გაქვთ?

– ადამიანთა დახმარება ცხოვრებაში ყველაზე ღირსეული საქმეა. ჩემი პროფესიით შინაგან კმაყოფილებას ვიღებ. მუშაობის პრინციპი ასეთი მაქვს: დავეხმარო ადამიანს მისი პრობლემების გათავისებით და შევთავაზო მკურნალობის ის ვარიანტი, რომელიც მისთვის საუკეთესოა, როგორც შედეგი. ამ პრინციპმა ჩამომიყალიბა ფასეულობათა გარკვეული სისტემა – პაციენტის სიყვარული და მუდმივი პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა. ვფიქრობ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დავეხმარო პაციენტს განკურნებაში, არამედ იმაზეც, თუ რისი გაკეთება შეიძლება, რომ ადამიანი ავად არ გახდეს. ჯერ კიდევ სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლის  დროს გავაცნობიერე ჩემი დანიშნულება და ავირჩიე პროფილაქტიკური, პრევენციული მედიცინის ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება.  21-ე საუკუნეში სწორედ პრევენციული მედიცინაა პირველ ადგილზე. ჩემთვის პაციენტი არასდროს ყოფილა სამკურნალო ობიექტი. მე, როგორც ექიმი-ნუტრიციოლოგი, ვასრულებ კონსულტანტის როლს – ვურჩევ პაციენტს, როგორ აიმაღლოს ჯანმრთელობის ხარისხი.

– თქვენი დახმარებით წონაში დაკლებული ადამიანები პროპორციებს არ კარგავენ და იდეალურად გამოიყურებიან. როგორ აღწევთ ასეთ შედეგს?

– არ არის რთული, რეალური ნაბიჯი გადავდგათ საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზაზე. რა გვაბრკოლებს? – მხოლოდ და მხოლოდ ჩვევები.  ჩვენ მიერ ცხოვრებაში შეძენილი მრავალი ჩვევა ჩვენზევე მოქმედებს დესტრუქციულად. ადამიანის შესაძლებლობების პოტენციალი ძალიან დიდია. ყოველ ჩვენგანში ბუნებას ჩადებული აქვს  იდეალური მდგომარეობის პარამეტრები და სიცოცხლის განმავლობაში, შეიძლება,  მაქსიმალურად მივუახლოვდეთ მათ. მთელი ცხოვრება შეგვეძლება საუკეთესო ფორმაში ყოფნა, თუ კი ვიცხოვრებთ კანონებით, რომლებიც წინასწარ განსაზღვრა ბუნებამ.  მთავარია, მივიღოთ ენერგია საკვებიდან, რომ არ ვიყოთ მშივრები, და ვიმოძრაოთ იმდენი, რამდენიც გვჭირდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ მიღებული ენერგიის კომპენსირება.  ჩემი პაციენტები დარწმუნდნენ, რომ წონის დაკლება სავსებით რეალურია ბუნებრივი, ევოლუციური გზით, ამისთვის კი აუცილებელია ჯანსაღი და დაბალანსებული კვების რაციონი და ჯანსაღი მოტივაცია.

– თავად თუ აკონტროლებთ წონას?

– ყველა სისტემა და ზოგადად მეთოდი უკვე პირადად მოვსინჯე და დავრწმუნდი, რომ ის საუკეთესოა. ასე ვიქეცი ჩემი საყვარელი საქმის „მძევლად”.  მერწმუნეთ, ეს ძალიან სასიამოვნო  და საინტერესო პროცესია.

– რას ნიშნავს ნორმალური წონა, როგორია მისი კავშირი ასაკთან, სქესთან?

– ნორმალური წონის შეფასება უმეტესად ხდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლის – სხეულის მასის ინდექსის (სმი) მეშვეობით, რომლის გამოსათვლელადაც გამოყენებულია პიროვნების სიმაღლესა და წონაზე დამყარებული მათემატიკური ფორმულა. სმი უდრის კილოგრამებში აღებული წონის განაყოფს მეტრებში აღებული სიმაღლის კვადრატზე (სმი=წონა(კგ):სიმაღლე (მ2). სმი-ს მიხედვით განასხვავებენ წონის ნაკლებობას, ნორმალურ წონას, ჭარბ წონასა და სიმსუქნეს. ადამიანი, რომლის სმი 30 ან უფრო მეტია, მსუქნად ითვლება, თუმცა, სმი არც ცხიმისა და კუნთების ზედმეტ წონას შორის განსხვავებას გამოხატავს და არც იმას აზუსტებს, სახელდობრ რა ადგილას არის დაგროვილი ეს ცხიმი, მაგალითად, მუცელზე, სადაც მის განლაგებას ჯანმრთელობისთვის ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვება, თუ – თეძოებზე. ქალებისთვის დამახასიათებელია ცხიმის უფრო მაღალი შემცველობა, იმავე სმი-ს მქონე მამაკაცებთან შედარებით. უფრო ასაკოვან ადამიანებს, შეიძლება, მეტი ცხიმი ჰქონდეთ, ვიდრე იმავე სმი-ს მქონე ახალგაზრდებს. 

– რა ასაკიდან შეიძლება დიეტის დაცვა?

– „დიეტა” ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმს ნიშნავს. ასე რომ, დიეტის დაცვა ნებისმიერ ასაკშია სასურველი.

– არსებობს უნივერსალური დიეტა წონის დაკლებისთვის?

– დიეტა  თითოეული  ადამიანისთვის  ინდივიდუალურად  უნდა  იყოს შედგენილი. არ არსებობს  დიეტა, რომელიც ერთნაირად  ეფექტური იქნება სხვადასხვა ორგანიზმისთვის. ადამიანები დიეტას უმეტესად ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამო მიმართავენ. სწორედ  ამიტომ, ინდივიდუალური გამოკვლევებით უნდა დადგინდეს, თუ რა ტიპის დიეტა ესაჭიროება ამა თუ იმ  ადამიანს და შეირჩეს კონკრეტულად მისთვის შესაფერისი დაბალანსებული კვების რეჟიმი, რაც მისცემს საშუალებას, გათავისუფლდეს ჭარბი წონისგან ისე, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოს. 

– როცა დიეტა ეფექტს არ იძლევა, რისი ბრალია?

– 1. არ ხართ თანმიმდევრული; 2. ხართ მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში; 3. არ გძინავთ საკმარისად 4. არ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს; 5. ჭამთ ძალიან ბევრ ხილს; 6. მცირე დროში ძალიან ბევრს ელით და პროცესში „კარგავთ” მოტივაციას.

–  როგორ უნდა იკვებოს ადამიანი წელიწადის ამ დროს?

– ზაფხულში კვების თავისებურებას განაპირობებს მაღალი ტემპერატურა და მზის აქტიური გამოსხივება,  რაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ცვლილებებს იწვევს. ზაფხულში ადამიანის კვების ხასიათი მისი ორგანიზმის შესაძლებლობებს უნდა შეესატყვისებოდეს. ამ სეზონზე სწორი კვების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ცილებით, განსაკუთრებით კი – ცხოველური ცილებით რაციონის დაბალანსება. სიცხეში უმეტესად  ცხოველური ცილების მიღებაზე ამბობენ უარს. ეს შეცდომაა. ზაფხულში ცილების მთავარი წყაროა რძის ნაწარმი: მაწონი, კეფირი,  იოგურტი, ხაჭო, ნადუღი; ასევე – კვერცხი, უცხიმო  ხორცი, თევზი, ყველი. ორგანიზმის ცხიმებით შესავსებად აუცილებელია   მზესუმზირის,  ზეითუნის, ნიგვზის ზეთების ზომიერი გამოყენება  ბოსტნეულის სალათებში. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ცხიმოვან ცვლაში, ზრდიან სისხლძარღვთა ელასტიკურობას, აწესრიგებენ მათ მუშაობას. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ორგანიზმი გარკვეული  რაოდენობის მიკროელემენტებს და ვიტამინებს ხარჯავს. რეგულარული ოფლიანობა აკარგვინებს ორგანიზმს ამ ნივთიერებებს.  მაგალითად, ყოველდღიური მოთხოვნა C ვიტამინზე საშუალოდ 90 მილიგრამია, გაძლიერებული ოფლიანობისას კი ორგანიზმი 40 მილიგრამს კარგავს. ამიტომ,  სასურველია, რაციონში  შევიტანოთ ცოცხალი  ხილი და კენკრა. ვიტამინებით მდიდარია ხილისა და კენკრის წვენები, მორსი. ეს გამაგრილებელი სასმელები ზაფხულში შესანიშნავად შეგიცვლით საკონდიტრო ნაწარმს. მოერიდეთ  ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს – ცომეულს, კრემიან ნამცხვრებს;  მათი ჭარბი მიღება ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობას განაპირობებს. დადგენილია, რომ სანელებლები ზომიერად ასტიმულირებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციას და აძლიერებს მადასაც, ამიტომ, გახდომის მსურველებს ვურჩევ, ზომიერად გამოიყენონ სანელებლები. კარგია, თუ გაამდიდრებენ კერძებს მწვანილებით – ეს ყველაფერი სასარგებლოცაა და პიკანტურ გემოსაც მატებს კერძს. ზაფხულში მნიშვნელოვანია სითხის მიღების რეჟიმის დაცვა. სიცხეში ოფლის გამოყოფის გაძლიერებასთან ერთად, ორგანიზმიდან დიდი რაოდენობის სითხე იკარგება. ზაფხულის სიცხეს ადვილად გადაგატანინებთ გრილი სასმელები:  უშაქრო მწვანე ჩაი, ხილისა და კენკრის  უშაქრო კომპოტები, უშაქრო ნატურალური წვენები. პაპანაქება სიცხეში  ერთბაშად დიდი რაოდენობით სითხეს ნუ მიიღებთ. დილით კი, როცა გრილა, შეგიძლიათ,  შეუზღუდავად დალიოთ წყალი.

– რა არის მეტაბოლიზმი?

– მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა, არის ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უზრუნველსაყოფად; უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მიღებული საკვების სასიცოცხლო ენერგიად გადაქცევის პროცესი. ის შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: მეტაბოლიზმი სრული სიმშვიდის დროს, ანუ, ის ენერგია, რომელიც  ორგანიზმს სჭირდება მაშინაც კი, თუ მთელი დღე არ აქტიურობთ და  გამოიყენება ისეთი საციცოცხლო პროცესების მიმდინარეობისთვის, როგორიცაა: გულისცემა, სუნთქვა, სხეულის ტემპერატურა, საჭმლის გადამუშავება; მეორე კი – ენერგია, რომელიც თქვენ ფიზიკური დატვირთვებისთვის, მოძრაობისთვის გჭირდებათ. ძირითადი მეტაბოლიზმის დონე მოზრდილ ადამიანს 10 წელიწადში 7-10 პროცენტით უმცირდება.  ვისაც კარგად აქვს განვითარებული კუნთოვანი ქსოვილი, მათი ორგანიზმი სიმშვიდის დროსაც კი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ნაკლები კუნთოვანი ქსოვილის მქონე ადამიანები.  შეგახსენებთ, რომ ერთი და იმავე მოცულობის კუნთოვანი მასა უფრო მეტს იწონის, ვიდრე ცხიმოვანი, ამიტომ, ვიზუალურად, გამხდარი და დაკუნთული ადამიანის მასა შეიძლება იგივე იყოს,  რაც მასთან შედარებით ჭარბწონიანის.   ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა ცხიმოვან ქსოვილში 3-ჯერ დაბალია, ვიდრე ორგანიზმის დანარჩენ მასაში. მეტაბოლიზმის დონე ქალებს უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე კაცებს. საშუალოდ ეს განსხვავება 5 პროცენტს შეადგენს. ძირითადად, ნივთიერებათა ცვლა დამოკიდებულია კვების რეჟიმზე, საკვების ხანგრძლივობა, შეზღუდვა ან ჭარბი კვება მნიშვნელოვან ცვლილებას ახდენს ამ მაჩვენებელზე.

скачать dle 11.3