რატომ უწევდა თეკლა ჩიჯავაძეს დღეში უამრავი კაბის გამოცვლა და როგორ გააკეთა ანა შელიამ მილანში „მისონისა“ და „ზუჰაირ მურადის” ლუქ-ბუქები
ცოტა ხნის წინ სამოდელო სააგენტო „ჯეო მოდელსის“ მოდელები, 15 წლის ანა შელია და 19 წლის თეკლა ჩიჯავაძე მილანიდან და სტამბულიდან დაბრუნდნენ (ანა – მილანიდან, თეკლა – სტამბულიდან), სადაც საკმაოდ წარმატებული სამუშაო ჰქონდათ. ახლა ორივე სულმოუთქმელად ელოდება სექტემბრის დადგომას, რადგან, პერსპექტივაშია ახალი კონტრაქტები და სამუშაოები.
ანა შელია: ცოტა ხნის წინ მილანში ვიყავი, იქ დაიწყო ყველაფერი. რომ გავიგე, მილანიდან მქონდა მოწვევა, თან, ისეთი წარმატებული სააგენტოდან, როგორიც არის IMG Models, შოკში ვიყავი, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. აქედან მარტო გავფრინდი და ერთი საათი ვიჯექი მილანის აეროპორტში უფროსის კაბინეტში. სამუშაო ვიზა კი მქონდა, მაგრამ, პატარა ხარო და საბუთების გადამოწმება დაიწყეს. პანიკაში ვიყავი. ყველა საბუთი წესრიგში რომ აღმოჩნდა, ბოლოს, გამომიშვეს. აეროპორტიდან მაშინვე სააგენტოში წამიყვანეს, მომცეს უზარმაზარი რუკა და მითხრეს: საღამოს მეილზე ქასთინგებს გამოგიგზავნით, რუკაც გაქვს და წადიო. დილით გამომიგზავნეს მეილი, სადაც ეწერა, რომ იმ დღეს 5 ქასთინგი მქონდა. თან, იცი, როგორ გიგზავნიან? – სახელი, საათი – რომლიდან რომლამდეა, სად მდებარეობს, რომელ ქუჩაზე და უნდა წახვიდე, იპოვო. თან, იმხელა რუკა იყო, ვერ გავერკვიე, სად და როგორ უნდა წავსულიყავი. სახლში ერთ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი, რომელთანაც დავმეგობრდი. ძალიან კარგი გოგონა იყო, ნორვეგიელი და ის დამეხმარა. ჩვენ ერთი თვე ვცხოვრობდით ერთად, შემდეგ ბელორუსი გოგო შემომისახლეს. ასე რომ, ნორვეგიელი გოგონას დახმარებით, პირველივე დღეს მშვიდობიანად მივედი ქასთინგზე. თუმცა, პირველი ორი კვირა წამება იყო, სანამ ქალაქის ქუჩებსა და მეტროში კარგად გავერკვეოდი.
– როგორ ჩაიარა შენმა პირველმა ქასთინგმა?
– რომ მივედი, იმდენი ლამაზი გოგო დამხვდა, თავი დაბალი, ჯუჯა და გვაჯი მეგონა. ქასთინგზე ძალიან ბევრი რუსი მოდელი იყო, მაგრამ, რატომღაც, მათთან მუშაობა აღარ უნდათ. პირველი „ვალენტინ იუდაშკინის” ჩვენება გავაკეთე. მახსოვს, გადაღებაზე ვიყავი და ბუქერმა მომწერა: 2 საათზე ფითინგია, რამენაირად მოახერხე იქ მისვლა; თუ მოეწონები, აგირჩევენ და ჩვენებაზე გამოხვალო. მივედი, ამირჩიეს, სამი კვირის შემდეგ „იუდაშკინის” პირველი ჩვენება გავაკეთე და აქედან დაიწყო ყველაფერი. ძალიან გამიხარდა. ოტ-კუტიური იყო, ულამაზესი კაბები. ისეთ ლამაზ ადგილას ჩატარდა ჩვენება, თავი სასახლეში მეგონა: წითელი ხალიჩა, ლამაზი კაბები, სტუმრები. თავიდან დიზაინერი პირადად არ გვინახავს. ჩვენების დროს, საიდანაც გავდიოდით, დიდი ტელევიზორი ეკიდა და იქ იდგა, უყურებდა, ვინ როგორ გადიოდა. ყველას კომპლიმენტს ეუბნებოდა და მე მითხრა, ეს კაბა ძალიან გიხდებაო. ისე მესიამოვნა... საყვარელი კაცია. ამის მერე მქონდა „ალექსანდრ მაქვინის” პრეზენტაცია. მათი ქასთინგები ძალიან განსხვავებულია, მხოლოდ კი არ უნდა იდგე და ისე გადაიღო ფოტოები, ემოციები უნდა დაანახვო, რადგან, შენი პიროვნულობა აინტერესებთ. იქ, ქასთინგებზე სულ ვიტყუები ხოლმე: ზოგჯერ ვამბობ, რომ 16 წლის ვარ, ზოგჯერ – 17-ის, რადგან, პატარებს არ ირჩევენ – პატარაა და ვერ გაუძლებსო. რაც შეეხება „მაქვინის” პრეზენტაციას, ახალი კოლექციის დახურული ჩვენება მოაწყვეს. მეც ამირჩიეს და მომიწია ამ ჩვენებაში მონაწილეობა, ძალიან ლამაზი კოლექცია იყო. როცა ქასთინგზე ვიყავი, იქ ერთი ქალი იყო, ვინც მოდელებს არჩევდა და მას გამოველაპარაკე. ჩემი ბრეკეტები მოეწონა, ბევრ სხვა საერთო თემაზეც ვისაუბრეთ და, ალბათ, თავი დავამახსოვრე. ისე კარგად ჩაიარა ყველაფერმა, საერთოდ არ დავღლილვარ, როგორც ეს გადაღებებზე ხდება ხოლმე. ყველაზე მეტად ეს ჩვენება მომეწონა. ხუთი მოდელი ვიღებდით მონაწილეობას, საკმაოდ დიდი კოლექცია იყო და გავინაწილეთ. ასევე, მქონდა ძალიან საინტერესო სამუშაო – ზუჰაირ მურადის ლუქ-ბუქი გავაკეთე. ფოტოგრაფი, ვისთანაც ვმუშაობდი, ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესოა იტალიაში. რომ გავიცანით, მერე მომიყვა, როგორ მუშაობდა ქეით მოსთან, ნაომისთან, ბიანკასთან და ასე შემდეგ. ოღონდ, იტალიელები ქართველებზე უარესები არიან.
– რას გულისხმობ?
– ეს უნდა მოვყვე. მოკლედ, გადაღებაზე დილის 7 საათზე დამიბარეს. რომ არ დამგვიანებოდა, 6 საათზე მივედი, ისინი კი 10 საათზე მოვიდნენ. ორი საათი ვარცხნილობაზე დავობდნენ, შემდეგ ერთი ვარცხნილობა აირჩიეს და ზუჰაირს გადაუგზავნეს, მაგრამ, არ მოეწონა: რამე სხვა გააკეთეთო. ამასობაში 12 საათიც გახდა. ამ დროს მილანში ლანჩ-თაიმი იწყება: 12 საათიდან 3 საათამდე ჭამენ. დაახლოებით 4-ის ნახევარზე ზუჰაირმა მოგვწერა: ეს ვარცხნილობა ცოტათი მომწონს, ოღონდ, თმა დაუგრძელეთო. პარიკი დამადეს, დამიგრძელეს თმა და, როგორც იქნა, 5-ის ნახევაზე დაიწყო გადაღება, რომელიც ღამის 3 საათზე დამთავრდა. მკვდარი ვიყავი დაღლილობისგან. ეს ფოტოგრაფი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მართლა მოვკვდებოდი. ორ წუთში ვიღებდით ერთ ბუქს, უბრალოდ, ყოველ ჩაცმაზე ტანსაცმლისა და მაკიაჟის შესწორებაა საშინელება. კიდევ, გადავიღე „მისონის“ ლუქ-ბუქი ცნობილი საიტის – style.com-ისთვის; მქონდა, ასევე, „მისონის“ პრეზენტაცია.
– შენი პირველი ჩასვლა მილანში საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
– დიახ და მიხარია ძალიან. მაგალითად, ზუჰაირთან მუშაობაზე არც კი მიფიქრია. იმ დროს დედას ველაპარაკებოდი სკაიპით და უცებ მომივიდა შეტყობინება მაილზე. ისე გამიხარდა... წარმატებული იყო, მაგრამ, რთულიც. მეტროში საფულე მომპარეს და ამაზე სულ გავგიჟდი. შიგ მედო ბინის გასაღები, აბონემენტი, ბარათები, მთელი ფული, ქართული ნომერი. ისეთ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, კინაღამ მოვკვდი; მგონი, იმ ბელორუსმა გოგონამ დამწყევლა. ყველაფერს ნახულობდა, ყველაფერი აინტერესებდა და მერე დედამისს სკაიპში ჩემზე ელაპარაკებოდა. ასე მგონია, იბოღმებოდა, რადგან, არ ჰქონდა გადაღებები და მეც ვერ ვამბობდი, ახლა გადაღება მაქვს-მეთქი – დამწყევლიდა.
– როგორ შეხვდნენ მშობლები შენს გამგზავრებას?
– მამა ფეხბუთელი რომ იყო, ალბათ, ამიტომ, კარგად ესმის ყველაფერი; დედაზე ხომ, აღარაფერს ვამბობ. თან, მენდობიან – იციან, იქ ცუდს არაფერს გავაკეთებ. რამე სიახლე რომ ხდებოდა, მაშინვე დედას ვურეკავდი და ისიც რჩევებს მაძლევა.
თეკლა ჩიჯავაძე: მოდელობა წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე. ახლა დამიგროვდა ბევრი კარგი ფოტო, მეც გავიზარდე და დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლაც. ცოტა ხნის წინ სტამბულის სამოდელო სააგენტო „რისფექტიდან“ მომივიდა მოწვევა, რომელიც სტამბულში ერთ-ერთი საუკეთესოა. მანამდე გოგონებთან ერთად ვიყავი წასული. ჩვენი ქვეყნიდან გასვლა ძალიან სახალისოა, კარგად ვერთობით ხოლმე.
ანა: მაგრად ვერთობით, თან, ჩვენი სააგენტოს გოგონებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახივით ვართ.
თეკლა: ერთად ყოფნით ვერთობით, სულ ვიცინით. თვრამეტი საათი მივდიოდით ბაქოში მატარებლით, თორმეტი მოდელი ვიყავით, ვთამაშობდით კარტს, ვყვებოდით რაღაცეებს. საშინლად კი ვიმგზავრეთ, მაგრამ, კარგად გავერთეთ. რაც შეეხება სტამბულში ჩემს მარტო გამგზავრებას, ეს საკმაოდ საინტერესო იყო, ბევრი რამ ხდებოდა: დილის 9 საათზე მეწყებოდა ქასთინგები და საღამოს 6 საათზე მთავრდებოდა. ფოტოებით, მაღალ ქუსლებზე, გამოპრანჭული დავრბოდი აქეთ-იქით.
ანა: ეს არის საშინელება, როცა მიდიხარ ქასთინგზე და, გინდა, რომ არ აჩვენო, როგორი დაღლილი ხარ.
თეკლა: თან, არავის იცნობ, არავის უყვარხარ, სულ მარტო ხარ. ანაზე ძალიან ვნერვიულობდი. ერთ დროს მოგვიწია გამგზავრება და სულ ვფიქრობდი მასზე – მაინც პატარაა და, მეგონა, გაუჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემს სამუშაოს, მქონდა ძალიან წარმატებული ფოტოსესია ჟურნალ „მერი ქლერისთვის“. უნგრელ გოგონასთან ერთად მქონდა გადაღება საცურაო აუზში. საცურაო კოსტიუმებით ჩაგვყარეს შიგ, ყველანი წყალში ვიყავით და ისე ვიღებდით ფოტოებს. ძალიან ლამაზი მაკიაჟი მქონდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცოტა კი შემცივდა, მაგრამ, ფოტოგრაფი მეუბნებოდა: არ გცივა, შენ ახლა გცხელაო. უკვე გამოვიდა ეს ჟურნალი და, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ; ასევე, მქონდა კატალოგის გადაღება, ვმუშაობდი ვებ-კატალოგზე, რომელიც დილის 7 საათზე იწყებოდა და საღამოს 6 საათზე მთავრდებოდა. სხვადასხვა ბრენდის სამოსი იყო, ზოგჯერ კი 200-300 კაბა უნდა გამომეცვალა და ერთგვარი ვარჯიში გამოგვდიოდა. თან, სწრაფად უნდა გამოიცვალო, რადგან, ყველა შენ გელოდება. ყველაზე ნერვების მომშლელი იყო თმის ლაკის დასხმა – იმდენს მასხამდნენ, ბოლოს გამხმარი მქონდა. საღამოს ვიბანდი და დილით ისევ იგივე ხდებოდა. სტამბულში ერთი ფოტოგრაფია, რომელიც ჟურნალებში მუშაობს, ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად ითვლება და მასთან მომიწია მუშაობა, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი.