კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაატარებინა სასჯელაღსრულების მინისტრმა ცოლს თაფლობის თვე მარტოს და ვინ არის მისი „პარასკევა“

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალ მინისტრად 44 წლის გიორგი მღებრიშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორის პოზიციიდან მოხვდა, რაც მის დახუნძლულ შრომის წიგნაკში მინისტრობამდე  ბოლო დისლოკაციის ადგილი იყო.  ის, რომ ძალიან რთული სფერო ჩააბარეს და ათი ათასზე მეტი მსჯავრდებულის პირველი „მეციხოვნეა”, იოლი საქმე ნამდვილად არ არის, ამიტომაც, როგორც თავად ამბობს, წარსულიდან ბევრ რამეს „დაემშვიდობა” და შეელია. მის მძიმე რეჟიმს ყველაზე მეტად მინისტრის ორსული მეუღლის,  ნინო გედევანიშვილის უფლებები „ეწირება“ რომელიც  მალე  ოჯახში დარღვეულ  გენდერულ ბალანსს აღადგენს – ისინი პატარა ელენეს შემდეგ ბიჭის მშობლები გახდებიან, რასაც ტრადიციების მოყვარული მინისტრი დიდი სიხარულით ხვდება. როგორია გიორგი მღებრიშვილის „უჰალსტუხო” ცხოვრება და  რა დაუწერელ წესებს იცავს ის, ამას თავად ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ, რომლებმაც ისიც გაგვიმხილეს, თუ როგორ დაემშვიდობა მინისტრი 39 წლისა და 10 თვის ასაკში მარტოხელა კაცის  თავისუფლებას.

 – ბატონო გიორგი, გილოცავთ ახალ პოსტზე დანიშვნას. როგორ „შეხვდით” გამინისტრებას?   

   – როცა ასეთი მნიშვნელოვანი უწყების პირველი პირი ხდები, განცდა ძალიან საპასუხისმგებლოა.   არც ერთ თანამდებობაზე დანიშვნა არ ყოფილა ჩემთვის პრივილეგია, ეს  ყოველთვის იყო დაკავშირებული  პასუხისმგებლობასთან,  ამ პოსტზე ხომ – მით უმეტეს. ახლა ჩემთვის უმთავრესი  მოტივაციაა ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერ-მინისტრმა და ეს ნდობა აუცილებლად უნდა გავამართლო. 

– როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა მან არჩევანი თქვენზე?

– საკუთარ თავზე საუბარი რთულია... ალბათ, იმიტომ, რომ არასდროს მიღალატია პრინციპებისთვის, საქმისთვის, მეგობრებისთვის. სიტყვები – „ვნახოთ”, „შევეცდები” – ჩემგან შორსაა, დავალება უნდა შესრულდეს და მორჩა! ვერ ვიტვი, რომ ამ სფეროსგან ძალიან შორს ვიყავი, თუმცა, ახლა სიღმეებში ჩახედვამ იმაზე ბევრად მეტი დამანახვა, ვიდრე მეგონა, რომ ვიცოდი.  1997 წელს დავიწყე მუშაობა სტაჟიორად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში. იქიდან მოყოლებული, გამომძიებლობის რვაწლიან  პერიოდში, სულ მქონდა შეხება ციხესთან,  მქონდა ბევრი „ცოცხალი საქმე”; ერთ საქმეში ერთდროულად ხუთი პატიმარიც მყოლია, ასე რომ, ვიცი მათი „წესები,” თუმცა, სიღრმეში, სისტემის სპეციფიკა, რა თქმა უნდა,  სხვანაირია, ვიდრე გამომძიებლის პოზიციიდან.

– გამომძიებლობა რამდენჯერმე შეგახსენეს, მით უფრო, მუშაობა იმ ხელისუფლების დროს და იმ პერიოდში, როცა გამომძიებლებზე მთლად კარგ ამბებს არ ყვებოდნენ.

– 90-იანი წლები შავბნელი დრო იყო, მაგრამ, მე არ მაქვს არანაირი პრობლემა – მათ, ვინც შემახსენა ეს თემა და  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეუძლია, ამოწიოს ჩემი გამოძიებული საქმეები, დაინტერესდეს ჩემი საქმიანობის იმ პერიოდით. დამერწმუნეთ, იქ ვერაფერს მიაგნებს ისეთს, რაც ჩემს კომპრომატად შეიძლება გამოდგეს. ამ თემაზე აქცენტის გაკეთების არ მესმის, უამრავ სხვა და ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ ნამუშევარი: შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმუშავე 1997 წლიდან 2004 წლამდე; მერე გადავედი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ფინანსურ პოლიციაში; 2007 წლის ნოემბერში დავინიშნე აეროპორტის საბაჟოს უფროსად – ჩემთვის ესეც ახალი გამოწვევა იყო; შვიდი-რვა თვის შემდეგ გადავედი საგადასახადო ინსპექციის  რუსთავის რეგიონულ ცენტრში, განყოფილების უფროსად; იქიდან გადავედი რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილედ; ვიყავი საბაჟოს კურატორი 2010 წლამდე. შემდეგ გადამიყვანეს ფოთის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილედ ისევ საბაჟოს განხრით, კურატორად; 2011 წლის ბოლოს ცოტა ხანს მომიწია მუშაობა დასავლეთ საქართველოს საბაჟო სამსახურის უფროსად, საიდანაც გადმოვედი თბილისში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და  ვიმუშავე 2012 წლის ნოემბრამდე. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დავინიშნე საბაჟო დეპარტამენტის უფროსად; 2013 წლის აპრილიდან – სახელმწიფო აუდიტში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, საიდანაც დამაბრუნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში; აქედან მოხდა ჩემი დანიშვნა შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტზე. ამ რეგიონში მუშაობის გამოცდილება, როგორც გითხარით, უკვე მქონდა, თუმცა, გუბერნატორის პოზიციიდან რეგიონი ბევრად უფრო ახლოს და კარგად დავინახე.  როგორც იცით, სწორედ ამ პოზიციიდან  მოხდა ჩემი წარდგენა აქ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე. 

– თქვენი შრომის წიგნაკი ძალიან მრავალფეროვანია და  საკმაოდ ხშირად იცვლება თქვენი დისლოკაციის ადგილი. არის თუ არა ამ  პოსტზე თქვენი მოსვლა „გრძელვადიანი”, და რა შეიცვლება სასჯელაღსრულების სისტემაში თქვენი მინისტრობის დროს? 

– მე ვერ გეტყვით ვადებს. რამდენხნიანიც არ უნდა იყოს ჩემი მუშაობა აქ, მინდა გითხრათ, რომ საქმეს არ ვუღალატებ. მე მოვისმინე პრემიერის შეფასება ჩემი წინამორბედის,  სოზარ სუბარის საქმიანობის შესახებ.  სურვილი მაქვს, როცა ამ პოსტიდან წავალ,  იმაზე მეტი თუ არა, ნაკლები არ თქვას პრემიერმა. რაც შეეხება სისტემის მართვას, ვიცი, რომ ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ, მე სირთულეების არ მეშინია. ნებისმიერი ბარიერი შეიძლება დაძლიო თუ გყავს გუნდი. მე ამ გუნდს სულ მალე შევკრავ და ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად დავუდგებით წინ.  

– ციხეს თავისი წესები აქვს, დაწერილი თუ დაუწერელი. ამ სისტემის პირველ პირს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სჭირდება. ფიქრობთ, რომ გააართმევთ თავს იმ ყბადაღებულ სფეროს, რომელიც ჩაგაბარეს?

– მე ვიცი დაწერილი წესები, დაუწერელი ჩემთვის წესი არაა, თუმცა, ცოდნით აუცილებლად უნდა იცოდე. დაუწერელი მე ვიცი მორალური კოდექსი, რომელიც ცხოვრებაში  ძალიან ბევრჯერ დამიყენებია ყველა სხვა კოდექსზე წინ. მე ვიმუშავებ დაწერილი წესებით, ასე  უკეთესია.

– „მაყურებლები” გაიცანით?

– არა, არ გამიცნია (იცინის), არც მაინტერესებს ვინ არიან, და საერთოდ არიან თუ არა. ჩემი მიდგომა არის ასეთი: მე არ ვიცი,  ციხეში ვინ ვის აღიარებს, ვინ ვის უყურებს, „ლიდერი” ჰქვიათ მათ თუ „მაყურებლები”,  მაგრამ, იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ის ადამიანები ციხის მართვაში ვერ ჩაერევიან. სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ყველაგან  მართავს ადმინისტრაცია; თუ ვინმემ თვითონ გამოითალა კერპი და ვინმეს სახელზე ლოცულობს, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი. ხომ იცით  ჩვენი ამბავი – სადაც არ უნდა შეიკრიბოს სამი-ოთხი კაცი, ერთი ლიდერი ყველგანაა. საბავშვო ბაღშიც კი არიან გამოკვთილი ბავშვები, ლიდერებად რომ იქცევიან ხოლმე. მაგალითად, ჩემი შვილი, ელენიკო, 3 წლისაა და ისეთი აქტიური ხასიათი აქვს,  ბაღშიც და სახლშიც „მაყურებელივითაა”, შიგადაშიგ მის გამო შენიშვნებსაც კი  ვიღებთ (იცინის).  

–  ახალმა პოსტმა ცხოვრება გაგირთულათ?

–  დიახ, ვაღიარებ. ჩემი სამუშაო საათების გრაფიკმა ღამით ძალიან გვიანობამდე გადაიწია, მთლიანად მოვწყდი ოჯახს. მართალია, გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის დროიდან, როცა ასევე ბევრი საქმე იყო, ჩემი ოჯახი ამას მიეჩვია, მაგრამ ახლა მაინც განსაკუთრებული რეჟიმით მომიწევს ცხოვრება. ხანდახან კვირა ისე გადის, ბავშვს ვერ ვნახულობ, ასევე, ვერ ვნახულობ ფეხმძიმე მეუღლეს.

– გაგებით ეკიდება ამას?

– ხანდახან  ეკიდება გაგებით, თუ მის მდგომარეობას გავითვალისწინებთ; უმეტეს შემთხვევაში ჯერჯერობით ვერ მიგებს. რა ვქნა, ასე სჭირდება საქმეს. თუ ჩემ ირგვლივ ვინმეს უფლებები ირღვევა, ეს ჩემი მეუღლეა (იცინის). 

ნინო გედევანიშვილი:  ამ ბოლო დროს ჩვენთვის ვეღარ იცლის, სულ მენატრება მისი ნახვა. ძალიან  ცოტა დროს ატარებს სახლში. როცა ვურეკავ,  ხანდახან ტელეფონზეც ვერ მპასუხობს.

გიორგი მღებრიშვილი: მთავრობის სხდომაზე  თუ ვარ, ნინომ ეს  იცის და ძირითადად არ რეკავს; თუ დარეკა, ვხვდები, რომ რაღაც ხდება და მაშინვე ესემესს მაინც ვუგზავნი ხოლმე: „რამე სასწარაფო ხომ არ არის?” – ეს პასუხი არაა (იცინის)? 

– ისე არ ქნათ, რომ ბიჭის მამა სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში გახდეთ.

–  არ გამოვრიცხავ. ამიტომაცაა, რომ ნინომ დრო უნდა შეარჩიოს  კარგად.  ნინო ახლა შვებულებაშია და ეს ჩემთვის გახდა  თავსატეხი – როცა სამსახურშია და საქმეებითააა დატვირთული, დასარეკად ვერ იცლის, ახლა კი, სულ სახლშია და ეპატიება (იცინის).  ძველმოდურობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ, ტრადიციებს ვერ ვღალატობ  და გენდერული თანასწორობის დამცველად ვერ გამოვდგები,  ძალიან აქტიური რეჟიმის მქონე ცოლს ვერ შევეგუებოდი. რა თქმა უნდა,  ნინოს  კარიერაში ხელს  არ შევუშლი, მაგრამ, ვერც ჩემს პრინციპს ვუღალატებ.    

– ნინო, თქვენ სად მუშაობთ?

– მე პროფესიით ეკონომისტი ვარ და 19 წლიდან ვმუშაობ საბანკო სექტორში. ორი წელია,  „ლიბერთი ბანკში” ვმუშაობ, უსაფრთხოების დეპარტამენტში.

– ვინ ფულს იცავს, ვინ – პატიმრებს; ბატონო გიორგი,  კოლეგა გყოლიათ მეუღლე.

– ფინანსების დაცვა მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ, ადამიანების უფრო მნიშვნელოვანი და საპატიოა, ასე რომ, ჩემი „რანგი” ბევრად მაღალია.  

– თქვენი ოჯახური ისტორია როგორ დაიწყო?      

გიორგი მღებრიშვილი: ჩემი მეგობრის ოჯახში გავიცანით ერთმანეთი. ორ თვეში დავოჯახდით.  ძალიან ზუსტად მახსოვს, 39 წლის და 10 თვის ვიყავი – ამ ასაკში დავემშვიდობე  თავისუფლებას.

– ნინო, იოლად დაათმობინეთ 39 წლის და 10 თვის კაცს თავისუფლება?

– გიორგი ძალიან თბილი ადამიანი იყო, მოსიყვარულე. ბევრი არც მე მიფიქრია და არც მას, ძალიან მალე მივენდე, ყოველგვარი საქორწინო კონტრაქტის გარეშე.

გიორგი მღებრიშვილი: როცა ჩვენ შევუღლდით, ახალი წასული ვიყავი  სამუშაოდ  ფოთში. ნინო არ წამიყვანია თან.  ფაქტობრივად, გზაზე ვიყავი გაკრული – ორშაბათს წავიდოდი, პარასკევს თბილისში ვბრუნდებოდი და ამიტომაც, ხუმრობით „პარასკევა” დავარქვი, სამეგობროში დღემდე ვხუმრობთ ამაზე. ფაქტიობრივად ისე გამოვიდა, რომ თაფლობის თვე ცალკ-ცალკე  გავატარეთ, არც საქორწინო მოგზაურობა გვქონია. უკვე წასასვლელად ვემზადებოდით, ორ საათში თვითმფრინავი მიფრინავდა, მაგრამ,  ის მეგობარი, ვის ოჯახშიც გავიცანი ნინო, დაიჭირეს და ჩვენ აღარ წავედით პრაღაში,  ჩალაგებული ჩანთები ამოვალაგეთ – ასე გადაიდო ჩვენი საქორწინო მოგზაურობა.

– მინისტრის რანგში მყოფმა მაინც აუსრულეთ ცოლს ეს ოცნება.

ნინო გედევანიშვილი: ახლა ამაზე მით უმეტეს ვერ ვიოცნებებ, – სადღა სცალია მოგზაურობისთვის. ჩვენი საქორწინო მოგზაურობა გაურკვეველი ვადით გადადო.

– მინისტრის რეგალიამ  სახლში შეცვალა თქვენი მეუღლე?

– არა, საერთოდ არ შეცვლილა.  ცდილობს, რომ სახლში არ მოიტანოს იმ სამსახურის სირთულე, რაც, ბუნებრივია, რომ აქვს მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.  სახლში არაა  ძნელად ასატანი; უყვარს, როცა  ყველაფერი წესრიგშია  და ასე ხვდება კიდეც.  თვითონაც გამოსდის რაღაცეების კეთება – მარტო ცხოვრება კაცს ბევრ რამეს ასწავლის, თუმცა, ახლა ყველაფრისგან გათავისუფლებული გვყავს, სახლში ძირითადად ფინანსთა მინისტრის როლი აქვს (იცინის).

გიორგი მღებრიშვილი: პრობაციის არ დაგავიწყდეს.

– სახლში ვინ გყავთ „გამოასაწორებელი”?  

გიორგი მღებრიშვილი: ცელქი ელენე.  თავისუფლად თუ მიუშვი, ვეღარ გააჩერებ. სახლში ჯერჯერობით დისბალანსი გვაქვს, მაგრამ, ახლა ბიჭი გაჩნდება და სქესთა ბალანსიც გვექნება დაცული.  არის  ოჯახში თემები, რომლებიც ჩემ გარეშე არ უნდა გადაწყდეს და ამისთვის ყოველთვის გამოვნახავ დროს. კაცი ოჯახისთვის თუ  ვერ მოიცლის, ის ვერც ვერაფრისთვის მოიცლის და ვერც ვერაფერს გააკეთებს კარგად. 

– სად ცხოვრობთ და თქვენი ქონებრივი დეკლარაცია როგორ „გამოიყურებება”?

– ჩვენ ვცხოვრობთ დიდუბეში, ჩემი მშობლების სახლში. ხშირად ვართ  საბურთალოზე,  ნინოს კუთვნილ  სახლში. ეს სახლებია ჩვენი ქონება.  ორივე სახლი  მანამდე არსებობდა, სანამ მე საერთოდ დავიწყებდი მუშაობას. ბავშვობა მაქვს გატარებული დიღომში – მე, დედა, მამა და ჩემი ძმა ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით.  ახლა კოჯორში, მეგობრის აგარაკზე ვართ  დაბანაკებულები;  ხვალ ნინო და ბავშვი ასევე მეგობართან მიდიან გრიგოლეთში – ასე, მეგობრებში დასვენებით იაფად გამოვდივარ.      

– რას ვერ ელევით, თქვენი მინისტრული გრაფიკის მიუხედავად?

–  მეგობრებს –  მათ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ და მათგან დიდ მუხტს ვიღებ. ახლა სანატრელი გამიხდა ის დრო, რომელსაც მათთან ერთად ვატარებდი.  ადრე ძალიან აქტიური სპორტული ცხოვრება მქონდა – კალათბურთზე დავდიოდი, მაგრამ ახლა ამისთვისაც აღარ მცალია.  წლებთან ერთად, ისე დავიხუნძლე პასუხისმგებლობებით, ეს გატაცებებიც გაქრა. შემეძლო, უაზროდ მეყურებინა კალათბურთისთვის. ახლა ეს ღელვები გამქრალი მაქვს. ისე ჩაიარა მსოფლიო ჩემპიონატმა, ბავშვობიდან გერმანიის ფანმა მხოლოდ ნახევარფინალსა და ფინალს ვუყურე. 

 – თქვენი ძველი გატაცებებით თუ ვიმსჯელებთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კარგ სპორტულ ღონისძიებებს უნდა ველოდოთ?

– რატომაც არა, ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველასთვის აუცილებელია. სპორტის მინისტრთან ერთად, მაქვს გეგმები – არასრულწოვანთა დაწესებულებში ადრეც იყო სპორტული ტურნირების პროგრამები და ახლაც გაგრძელდება.  ჯერ მხოლოდ ქალების დაწესებულებაში ვიყავი – რობერტ სტურუას დაბადების დღესთან დაკავშირებით პატიმარმა ქალებმა წარმოდგენა დადგეს. იმ დღეს დაემთხვა პრეზიდენტის შეწყალების აქტი და ხუთი ქალი სრულად გათავისუფლდა სასჯელიდან. ჩემი  პირველივე ვიზიტი  ქალთა დაწესებულებაში პოზიტიური გამოვიდა – ხუთ ქალს ჩავკიდე ხელი და წამოვიყვანე. გზა კი  მოვიჭერი – ყოველ მისვლაზე ხუთ ქალს იქიდან ვერ წამოვიყვან (იცინის), თუმცა, ჩემი მინისტრობის დროს  ყველაფერი გაკეთედება იმისთვის, რომ  პატიმრებმა  თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ.    

скачать dle 11.3