როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც სასჯელს მეუღლის მკვლელობისთვის იხდიდა და საპატიმრო ახლახან დატოვა
რამდენიმე დღის წინ პატიმრობიდან გაათავისუფლეს 19 წლის ელენე ჯავახია, რომელიც სასჯელს მეუღლის მკვლელობისთვის იხდიდა.
ელენე 15 წლის გათხოვდა სკაიპით გაცნობილ ბიჭზე და მათი ერთთვიანი თანაცხოვრება ტრაგედიით დასრულდა – გოგონამ მეუღლეს სამზარეულოს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
როგორც ჯავახია განმარტავდა, გათხოვების შემდეგ მას ძველი მეგობარი ოჯახის დანგრევასა და ცოლად მოყვანას სთავაზობდა. ამიტომ მეუღლეებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე კამათი ხშირი იყო. ერთხელ კი, განაწყენებულმა ელენემ მშობლებთან დაბრუნება გადაწყვიტა, მეუღლემ კი ამის საშუალება არ მისცა, რასაც კამათი მოჰყვა, რომელიც, მისივე თქმით, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ჯავახიამ მეუღლეს გულმკერდის მარცხენა არეში ჭრილობა მიაყენა, რაც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
გოგონას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მაგრამ, არასრულწლოვნობის გამო, სასჯელი 10 წლამდე შეუმსუბუქდა.
ჯავახია ბრალდებას არ ეთანხმებოდა და აღნიშნავდა, რომ მკვლელობა ჩაიდინა თავდაცვის მიზნით, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და არა განზრახ; ამიტომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განაჩენი უცვლელი დარჩა.
ამ ამბის შემდეგ თითქმის ოთხი წელი გავიდა და ახალახან, შეწყალების შედეგად, ელენე ჯავახია საპატიმროდან გაათავისუფლეს.
– ელენე, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევთ?
– პროკურატურამ მე დამაბრალა, მაგრამ, ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ოფიციალურ საქმეშია შეთითხნილი: საქმეში არის გამოყენებული სამი დანა და „პოლის ჯოხი“, მაგრამ, არც ერთ დანაზე არ არის თითის ანაბეჭდი. ანაბეჭდები გააქრეს, რათა არ აღმოჩენილიყო, რომ მასზე ორივეს ანაბეჭდი იყო – ჩემიც და მისიც; რომ არ დადასტურებულიყო, მასაც ეჭირა დანა, ანაბეჭდები წაშალეს. საქმეში არ ჰქონდათ მტკიცებულება და ვერ მიმტკიცებდნენ განზრახ მკვლელობას, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც 15 წლით პატიმრობა მომისაჯეს.
მე დამნაშავე ვარ, რადგან მკვლელობა ჩავიდინე, მაგრამ, ეს იყო თავდაცვის მიზნით ჩადენილი და არა განზრახ მკვლელობა, როგორც დამაბრალეს. ეს სიმართლე არ არის.
ღმერთმა განსაჯოს მტყუანი და მართალი. ვინც ჩემ მიმართ შესცოდა, მე მისთვის მიმიტევებია.
იმ პატიმრებს, ვის გვერდითაც მე ვიყავი; ადმინისტრაციას, რომელმაც შვილივით მიმიღო და აღმზარდა და რაც მთავარია, ეკა ბესელიასა და კომისიის ყველა წევრს ვუხდი მადლობას.
– რამდენი ხანია, რაც გაგათავისუფლეს?
– 31 ივლისს გამათავისუფლეს, შეწყალებით.
– პატიმრობაში რამდენ ხანს იყავით?
– 3 წელი და 10 თვე.
– 15 წლის გოგონასთვის, ალბათ, ძალიან რთული იყო პატიმრობასთან შეგუება.
– კი, ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით, მშობლებთან და და-ძმებთან განშორება, მაგრამ, ადმინისტრაციაც და პატიმრებიც, ყველა მეხმარებოდა ამ ტკივილის გადატანაში. ყველა საკუთარი შვილივით მექცეოდა. არც ძალადობა ყოფილა და არც არაფერი მსგავსი. ქალთა დაწესებულებაში ასეთი რამეები არ ხდება.
– როგორც ვიცი, საპატიმროში გამართულ ღონისძიებებში იღებდი მონაწილეობას.
– ბოლო ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. როცა გავიგეთ, რომ რობერტ სტურუა მოდიოდა და ჯულიეტა უნდა მეთამაშა, უარი არ მითქვამს. სონეტი უნდა წამეკითხა და მეცეკვა.
– ჯულიეტას როლი, ალბათ, იმიტომ, მოგცეს, რომ ძალიან ლამაზი გოგონა ხარ...
– არა, უბრალოდ, ყველაზე პატარა ვიყავი და, თან, საბალეტო სკოლა მაქვს დამთავრებული.
– შენს თამაშს თეატრიდან რამე გამოხმაურება ხომ არ მოჰყოლია, ან, შენ ხომ არ გეგმავ ამ გზის გაყოლას?
–თეატრში დამპატიჟეს. ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება. ამაზე არ მიფიქრია.
– ახლა, როცა უკვე თავისუფალი ხარ, რას აპირებ, რა გეგმები გაქვს?
– კონკრეტული გეგმები არ მაქვს. ალბათ, დიდი დრო დამჭირდება ჩამოყალიბებისთვის.
– რა შეცვალა ამ ფაქტმა და საპატიმროში გატარებულმა წლებმა შენში?
– მივმართავ პატარა გოგონებს: არ იჩქაროთ გათხოვება! სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად გაიცანით ის ადამიანი. ჯერ სწავლას მიხედეთ, კარიერა აიწყვეთ და გათხოვებაზე შემდეგ იფიქრეთ!
მშობლიური ოჯახი არაჩვეულებრივი რამ არის. როგორც ოჯახი გაგიგებს და გვერდში დაგიდგება, ისე სხვა ვერასდროს შეძლებს. მადლობა ჩემს ოჯახს გვერდზე დგომისა და სიყვარულისთვის.
და, კიდევ ჩემს საუკეთესო მეგობარს – ნინო ბერუაშვილს, რომელიც იქ დავტოვე და გული მწყდება.