ვის გაურთულა ირმა ინაშვილმა ცხოვრება და ვისი სული უყვარს მას 15 წელი
მის მიმართ საზოგადოებრივი აზრი განსხავებულია და ეს არცაა გასაკვირი – ირმა ინაშვილმა ამქვეყნად იმდენის ცხოვრება შეცვალა და, თანაც, თავიდან ბოლომდე, რომ სხვაგვარად ვერც იქნება. დიდი ხანი არაა, რაც ქართული პოლიტიკის მძიმე კულისებს „ოფიციალურად” ეზიარა, თუმცა მანამდე იყო მისი აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება – აფხაზეთი, ჭუბერის გზა, „ობიექტივი”. დღეს უკვე პარტიის გენერალური მდივანია და ამბობს, რომ ახალ რეგალიას ის არ შეუცვლია; ისიც კარგად ახსოვს, როგორ გაიარა ეს გზა და, ისიც, თუ ვინ იდგა ამ გზაზე მის გვერდით. როგორია ირმა ინაშვილის ცხოვრება კადრს მიღმა, ვინ არის ადამიანი, ვინც 15 წელია, მის გზას იზიარებს და რას ებრძვის და თრგუნავს ის, ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელთან საუბარიც მისი ხმაურიანი პოლიტიკური დებიუტით დავიწყეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ თვითმმართველობის არჩევნებზე შედგა.
ირმა ინაშვილი: ყველა ჟურნალისტი, რომელსაც აქტიურად უწევდა მუშაობა პოლიტიკურ თემებზე, თავადაც იყო მონაწილე იმ პოლიტიკური პროცესებისა, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა 90-იანი წლებიდან; შესაბამისად, მეც, როგორც ერთ-ერთი მათგანი, ამ პროცესებში ვმონაწილეობდი როგორც ამსახველი. პოლიტიკური პროცესების მონაწილე გავხდი ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც შეიქმნა ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი” და პირდაპირ დავიწყეთ იმ დანაშაულების მხილება, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, არამედ, სამოქალაქო, საზოგადოებრივი მოძრაობა. ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც იღებდა იმ მოცემულობას, რომელიც არსებობდა, იღებდა კეთილდღეობას, სამსახურს, კარგ პირობებს; ისინი კი, ვინც ამ ფართო ტრასას გავემიჯნეთ, ვიყავით შევიწროებული ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ავირჩიეთ ვიწრო ბილიკი, გავიარეთ რთული გზა, მივიღეთ დიდი გამოცდილება, რაც მე ძალიან გამომადგება მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაში. მე ვიცი, რომ ახლა ჩემი ყველა განცხადება აღიქმება არა როგორც ირმა ინაშვილის, არამედ, როგორც პოლიტიკური პარტიის – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” განცხადება. როცა მე ამ პარტიის გენერალური მდივანი ვხდებოდი, ვთქვი, რომ არ ვიქნები სტანდარტული გენერალური მდივანი, სტანდარტული ფრაზეოლოგიითა და სტანდარტული ქმედებებით და დღემდე ვასრულებ სიტყვას, სულ ვცდილობ, ვებრძოლო ჩემში მანკიერებას, მოვერიო და დავთრგუნო. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არ ვარ გამოსწორებული, ჩემში ბევრი ნაკლი და ვნებაა, არ მინდა, ჩავვარდე ამპარტავნებაში; ვცდილობ, არ მომეწონოს საკუთარი თავი და არ ვიფიქრო, რომ სხვაზე უკეთესი ვარ. ყოველდღიურად ისევ ისე ვხვდები უამრავ ადამიანს, როგორც ვხვდებოდი ადრე; უამრავი თემაა გადასაწყვეტი, რომელთა გადაჭრაც, თუ შეგვიძლია, არავის დახმარებაზე არ ვამბობთ უარს. შეფის როლში მკაცრი ვარ, მაგრამ ჩემგან არ გარბიან და, იმასაც ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ იმ ადამიანებს, ვინც უკვე წლებია, ჩემთან ერთად არიან.
– თქვენი წარმატებული პოლიტიკური დებიუტი სკანდალური ისტორიებისა და იმიჯის ხარჯზე მოვიდა. გიღირდათ ამად ეს ყველაფერი?
– მე არ ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ღირდა და რა – არა, მე ვმოქმედებდი ჩემი მსოფლმხედველობიდან, სინდისიდან, ჟურნალისტური მოვალეობიდან გამომდინარე; არც იმაზე მიფიქრია, რომ ერთ მშვენიერ დღეს პარტიის გენერალური მდივანი გავხდებოდი, თუმცა, ის კი ვიცოდი, რომ შავი პერიოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დამთავრდებოდა. სულ ვფიქრობ, რომ, შეიძლებოდა, ის კადრები ნებისმიერი სხვა ჟურნალისტის ხელში აღმოჩენილიყო. ღმერთის წყალობით, მოხდა ის, რაც მოხდა. სიმართლე გითხრათ, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ კვლავ წავიდოდი ოპოზიციაში, რაც დაკავშირებულია „ქართული ოცნების” არაერთ არასწორ გადაწყვეტილებასთან, როგორც საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, ასევე, კონკრეტულ თემებზე, თუნდაც საყდრისზე, სადაც ჩვენ და ხელისუფლებას დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები გვაქვს.
– თუმცა, თქვენი ოპოზიციის ამბავს ბევრი უყურებს სკეპტიკურად.
– ვიცი, ბევრჯერ მსმენია ჩემი სატელიტობის შესახებ, ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია. დიახ, ის ჩემი მეგობარია და ჩვენ არ დავმეგობრებულვართ გუშინ, ან გუშინწინ, ჩვენ დავმეგობრდით მრავალი წლის წინ; ჩემი უფროსი მეგობარია მისი სიმამრი – თამაზ თამაზაშვილი, რომელიც აფხაზეთის ომში გავიცანი. მიმაჩნია, რომ მის წინაშე ვალში ვარ – ბევრი ჩემი კოლეგა და უახლოესი მეგობარი გადაარჩინა აფხაზეთის ომში. ისიც ბევრჯერ მსმენია, რომ ორი მილიონი ავიღე; რომ ბიძინა ივანიშვილმა ბინა მიყიდა პარიზში; ახლა გავიგე, რომ კაკაოს ბიზნესი მქონია. კაკაო საერთოდ არ მიყვარს, არც ბიზნესი მაქვს არანაირი, თუმცა, რომც მქონდეს, არც ეს იქნებოდა დანაშაული. არც ბინა უჩუქებიათ პარიზში, მაგრამ, გამიხარდებოდა რომ ეჩუქებინათ. ერთ გადაცემაში მკითხეს, რას ინატრებო და, არაფერს-მეთქი, ვუპასუხე; მერე გამახსენდა, რომ, წლებია, ეზოიან სახლზე ვოცნებობ და ამას ვერ მივაღწიე. თუ ავიღე ეს ორი მილიონი, ერთ სახლს ვერ ვიყიდდი და ისევ დიდ დიღომში ვიცხოვრებდი?! მატერიალური თვალსაზრისით, ჩემთვის ამ ორ წელიწადში არაფერი შეცვლილა: ისევ ‘„ობიექტივში” ვმუშაობდი, ისევ არ იყო რეკლამა, გვქონდა ფინასური კრიზისი და ვერ ვახერხებდი ამ ტელევიზიის განვითარებას. როცა ახალი ხელისუფლება მოდიოდა, ვფიქრობდი, ვიმუშავებ ჩემს ტელევიზიაში, გავაკეთებ ორ-სამ სტუდიას, შევქმნი კარგ არხს, მაგრამ, არ მომეცა ამის საშუალება. სარეკლამო სივრცე ისევ მონოპოლიზებული იყო, სამინისტროებს სოციალური რეკლამები ისევ „რუსთავი 2-ში” მიჰქონდათ. ჩვენ ბევრჯერ ვიდექით დახურვის საფრთხის წინაშე. ახლა ჩვენმა პარტიამ მიიღო დაფინასება, მე მექნება ხელფასი და როგორმე ჩავეტევი ამ 850 ლარში. მე არ მაქვს გადაჭარბებული მოთხოვნები; არ მიყვარს ზედმეტი, უსარგებლო ნივთები და განსაკუთრებული კომფორტი; არ ვგიჟდები ბრენდებზე; ყოველთვის ჩვეულებრივად ვცხოვრობდი, თუმცა, ის წლებიც მახსოვს, როცა საჭმლის ფული არ მქონდა – ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლები და ცრემლები მომდის, როცა ის ყველაფერი მახსენდება. მეც შემეძლო ამ რთულ წლებზე უარის თქმა – მემუშავა რომელიმე ტელევიზიაში, შემეცვალა ჩემი აზრები და ვყოფილიყავი იმ რეჟიმის მსახური, მაგრამ ეს ვერ გავაკეთე. მე ვაკეთებდი ყველაფერს ჩემი ოჯახის გადასარჩენად და ჩემი შვილების გამოსაკვებად. 2007-2008 წლებში, იმის გამო, რომ არ მქონდა საკვები, გადასხმის სისტემაზე შემაერთეს, რომ ორგანიზმს საჭირო ვიტამინები მიეღო. ეს არავინ იცოდა, არავინ ფიქრობდა, რომ იყო ქვეყანაში ჟურნალისტი, დაპირისპირებული ამხელა სისტემასთან და, მას, უბრალოდ, შია. მაშინ ჩემი შვილები, დაჩი და ნინო, პატარები იყვნენ – 6-7 წლის. წარმოიდგინეთ დედის განცდები, როცა შვილებისთვის საკვები არ აქვს. დღეს, როცა ჩემთან ოფისში მოდიან მოქალაქეები, მაშინვე ვხვდები, ვინმეს შვილების გამოკვების საშუალება თუ არ აქვს და თქმაც არ მჭირდება – პირველ ყოვლისა, ასეთ ადამიანებს ვეხმარები როგორც შემიძლია. მე არ მავიწყდება, ვინ ვიყავი, რა გზა გავიარე; არც ის მავიწყდება, ვინ მეხმარებოდა იმ მძიმე წლებში და რამდენი მეგობარი მოდიოდა ჩემთან, რომ პური და საკვები მოეტანა. მათი რიცხვი ძალიან ცოტა იყო, ჩამოსათვლელად ხუთი თითიც მეყოფა. მე დღესაც მესმის მათი – ყველას ეშინოდა ჩემთან ურთიერთობის, ყველა გამირბოდა, რომ რაიმე პროვოკაცია არ მოეწყოთ მათთვის. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ გავერიდე ბევრ ჩემს მეგობარსა და ნათესავს – არ მინდოდა, ზიანი მიეყენებინათ მათთვის ჩემ გამო. ბავშვებს ელემენტარული რამ ხომ სჭირდებოდათ? ოჯახზე ხომ უნდა მეზრუნა? დავიწყე მძივების ასხმა და მაღაზიებში ჩაბარება. გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო. ამით მცირე შემოსავალი მქონდა. რომ არა ჩემი მეუღლე, რომელიც ძალიან ერთგულად და ღირსეულად მედგა გვერდში, ამას, ალბათ, ვერ გადავიტანდი. თუ ცოლი და ქმარი თანამოაზრეები არ არიან, თუ ოჯახი ერთი აზრით და მსოფლმხედველობით არ სუნთქვას, არ მესმის, ის ოჯახი რა ოჯახია?! ჩემი მეუღლე იყო ყველა იმ გადაწყვეტილების თანამოაზრე, რომლებსაც მე ვიღებდი.
– იცოდა იმ სკანდალური კადრების არსებობა, რისი გახმაურებაც იმ პერიოდში დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული და რასაც ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა?
– მან იცოდა ყველაფერი და ჩემთან ერთად იყო მზად იმ სირთულეებისთვის, რისი გადატანაც ჩვენ მოგვიხდა. ზოგადად, ჩემი მეუღლე ძალიან არაპოლიტიზებული ადამიანია, ის პროფესიით მხატვარია და თავისი სამყარო აქვს – არც პოლიტიკის კულისები აინტერესებს და არც პოლიტიკური ასპარეზი. არასდროს დაინტერესდება იმით, ვინ ვისზე რას ამბობს. კახა და ბავშვები ჩემი თანამოაზრეები არიან, ოღონდ, ჩემს ბანაკში ვერ „გადმოვიბირე” (იცინის). წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამომიცხადეს, ჩვენ არც ერთ შოუში არ მოვალთ და საჯაროდ არ გამოვჩნდებითო. მე მომეწონა მათი პოზიცია. არ მიყვარს, როცა მეუღლები ერთმანეთის სამსახურებრივ საქმეებში აქტიურად ერევიან. კახა არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენ უკვე თხუთმეტი წელია, ერთად ვართ. როცა შენ გვერდით არის ადამიანი, ვისაც ჭეშმარიტად უყვარხარ, ეს დიდი ბედნიერებაა. ყველა ადამიანისთვის მთავარი სიმდიდრე მაინც ისაა, როცა ჯერ სულებს უყვართ ერთმანეთი და მერე – ხორცს. ბავშვები და მთავარი ოჯახური საზრუნავები კახაზე მაქვს მინდობილი და გადაბარებული. ბავშვებისთვის, როგორც ამბობენ, კარგი დედა ვარ. მინდა, მათ მივცე მთავარი გეზი – მიიღონ კარგი განათლება. არ მაქვს იმის დრო, რომ მათ სადილები მოვუმზადო და გავუშვა სკოლაში; შუადღეს თუ გამოვნახავ ხოლმე დროს, რომ შვილები ვნახო.
– გაურთულეთ მათ ცხოვრება?
– კი, გავურთულე ცხოვრება მათაც და საკუთარ თავსაც. 2012 წლის სექტემბრის შემდეგ შევიძინე პირადი მტრები – დააკავეს არაერთი ადამიანი, რომლებსაც ჰყვათ ოჯახის წევრები, ნათესავები, ვინც ჩემი პირადი მტრები არიან. როგორ შეიძლებოდა, ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება უფრო კომფორტული გამხდარიყო?! მე მზად ვიყავი ამისთვის, როცა კადრებს ვავრცელებდი, რადგან, ვიცოდი, რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა. ახლა ამ მტრებს სულ „ვგრძნობ”. ვგრძნობ მათი განცხადებებით, პათოსით, მუქარით, რომ, ადრე თუ გვიან, უნდა გამანეიტრალონ, მაგრამ, მე არაფრის მეშინია.
– როგორია ცხოვრება კადრს მიღმა?
– ჩვეულებრივი, წყნარი. ჩემი გონება ისეთი დაღლილია, ყველაზე დიდ კომფორტს სიჩუმე მიქმნის. გარედან ვჩანვარ ხმაურიანი, თორემ, სინამდვილეში ძალიან მშვიდი და წყნარი ვარ სახლშიც და მეგობრებთან ურთიერთობაშიც. მე და ჩემს მეუღლეს კამათი და ხმამაღალი ჩხუბი არ მოგვსვლია. ყველას, ვინც მე მიცნობს, ეცინება, როცა აბობოქრებულს მხედავს თოქ-შოუებსა თუ საჯარო გამოსვლებში. მკაცრი, შეუპოვარი და შემტევი ვარ იქ, სადაც ვიცი, რომ არასწორად იქცევიან და უსამართლობა ხდება. შემიძლია, ცარიელი ხელებით მთები დავანგრიო. ცხოვრებაში კი ძალიან სენტიმენტალური ვარ, დღემდე ვტირი „რომაულ არდადეგებზე”, რაც ვიღაცამ, შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოს. ეს სენტიმენტები, საბედნიეროდ, დღემდე მაქვს შემორჩენილი. ყოფითი თემებითა და წვრილმანებით თავს არ ვიღლი; ვწუხვარ, რომ არ მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება, რომ ვერ ვატარებ დროს ჩემს შვილებთან ერთად. 20 წელია, არ დამისვენია. მთელი დღე ისეთი დაძაბული შეხვედრები მაქვს, რაც გვიანობამდე გრძელდება, რომ, ზოგჯერ მიჩნდება სურვილი, სადღაც გავიქცე, მარტო გამოვიკეტო და ვიკეტები ჩემს სამუშაო ოთახში, სადაც მაქვს ნაჩუქარი „იამაჰა”. როცა ვუკრავ „იამაჰაზე”, ეს არის ჩემი ყველაზე კარგი დასვენება. მიყვარს მუსიკა, სულ მინდოდა, რომ კომპოზიტორი გამოვსულიყავი, მაგრამ, როცა ძალიან პატარამ ვნახე, თუ როგორ დაიჭირეს ჩარგალში ნაზი შამანაური, რომელიც ჩემი ნათესავი იყო, ეს ჩემთვის აღმოჩნდა შოკი, რამაც შეცვალა ყველაფერი – მძლია ჟურნალისტიკამ და ბავშვობის სურვილი ვერ ავისრულე.
– ცოტა შორს წაგეღოთ ის „იამახა“, სამსახურზე უკეთეს გარემოში.
– სამსახურიდან შორს ვერ წავალ. აქედან რომ გავიდე, ვიცი, ვიღაცას დავჭირდები და ათ წუთში უკან უნდა მოვბრუნდე. ერთი „იამაჰა” სახლშიც მაქვს, მაგრამ, სახლში მე არ ვარ, ხელმარჯვეობასთან მწყრალად ნამდვილად არ გახლავართ. უმაგრესი კულინარი ვარ, გემრიელობების გაკეთება შემიძლია, თუმცა ეს მხოლოდ დღესასწაულებზე ხდება. ზოგჯერ ჟინჟილების გასაკეთებლად ვპოულობ დროს – მიყვარს ჟინჟილები. ახლა ის ჩემი შემოსავლის წყარო აღარაა, მაგრამ, მეგობრებს ვჩუქნი ხოლმე ჩემს ჟინჟილებს და მეც ძირითადად ჩემი ხელით გაკეთებული აქსესუარები მიკეთია.
– ახლა, ჟურნალისტიკას შელეულს, არ გენატრებათ ის, რასაც ამდენი წელი მიუძღვენით?
– არა, არ მენატრება. მიმაჩნია, რომ დავიხარჯე, გამოვიყენე ჩემი ძალები, შევასრულე რამდენიმე საეტაპო ჟურნალისტური საქმე, მათ შორის მაშინ, როცა 22 წლის ვიყავი და აფხაზეთის ომში წავედი. ჩემი წარსულიდან ყველაზე ხშირად ჭუბერის გზა მახსენდება. სამწუხაროდ, მაშინ ბევრი მამაკაცი ჟურნალისტი ვერ მიდიოდა იქ და ძირითადად ქალებმა ავწიეთ ეს ტვირთი. ისტორიას შემორჩა ბევრი კადრი, რომელიც გადაღებულია ჩემი და ჩემი მეგობრის მიერ, მათ შორისაა ჭუბერის კადრებიც. ჩვენ ორასი კილომეტრი გამოვიარეთ ფეხით. ყველას ჰგონია, რომ კარგი, კეთილი და თავადდებულია, მაგრამ, როცა ასეთ რთულ განზომილებაში ხვდები, საშუალება გეძლევა, შეიცნო საკუთარი თავი, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. იმდენი ცუდი და სისუსტე ვიპოვე ჩემს თავში, იმდენი რამ შემხვდა იმ გზაზე, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი და რაც აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც ყველაზე მძიმე დღეებში და წლებში ძალიან ბევრჯერ გამომადგა.