რატომ დაემთხვა ირანისთვის ენეგრომატარებლებზე ემბარგოს მოხსნა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის განახლებას და რატომ აღმოჩნდება საქართველო გარდაუვლად ჩათრეული ამ ომში
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარება გამწვავდა, არის მსხვერპლი, თუმცა მხარეები ჯერჯერობით მხოლოდ საარტილერიო ცეცხლს სჯერდებიან. ამ ეტაპზე რთული სათქმელია, გადაიზრდება თუ არა დაპირისპირება ფართომასშტაბიან კონფლიქტში, მაგრამ საგულისხმოა, რომ სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სომხეთის სამხედრო შემწუხებელი რუსეთის შემწუხებელია, დაახლოებით, ანალოგიური შეთანხმება აქვს გაფორმებული აზერბაიჯანს თურქეთთან. რაც ყველაზე საინტერესოა, სომხეთი არ ესაზღვრება რუსეთს, აზერბაიჯანი მცირე მონაკვეთით – თურქეთს, ანუ ყველა გზა საქართველოზე გადის (ჩვენ ოთხივეს ვესაზღვრებით). რატომ დაიძაბა ყარაბაღის გარშემო, მაინცდამაინც, ახლა ვითარება, როდესაც დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირება პიკს აღწევს და როგორ შეეხება ის ჩვენს ქვეყანას, თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ვისი ინტერესი შეიძლება, ყოფილიყო მსოფლიოში არსებულ ფონზე ყარაბაღის კონფლიქტის გალღობა?
– ლოგიკურად რომ მივყვეთ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ იმ მიზეზებსა და მდგომარეობას, დიდი ალბათობით შეიძლება, ითქვას, რომ პროცესში ჩაბმულ მსხვილ მოთამაშეებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ სამხრეთკავკასიურ სივრცეში, ყველას შეიძლება, აძლევდეს ხელს ამ სიტუაციის გამწვავება. მსხვილ მოთამაშეებში ვგულისხმობ: რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, თურქეთს, ირანსაც კი, მაგრამ გააჩნია, ვინ რა დოზით იღებს ამაში მონაწილეობას. ლოგიკა გვკარნახობს, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემცირდეს, საინტერესო იქნებოდა კონფლიქტის ისეთი ახალი კერის შექმნა, რომელშიც რუსეთი იძულებული იქნება, ჩაებას. თუ ვიწინასწარმეტყველებთ, რომ ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება, რაც დღეს ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საინტერესო იქნებოდა მთლიანი ფრონტის შექმნა ერაყიდან მოყოლებული უკრაინამდე, სადაც რუსეთი რაღაც ფორმით იქნება ჩართული და რბილად რომ ვთქვათ, დისკომფორტი შეექმნება. აქვე უნდა გავიხსენოთ ირანის ნაწილობრივ შემორიგების ფაქტი.
– უკვე ხმამაღლა ითქვა, რომ ირანს ყველანაირი ემბარგო მოეხსნა ენერგომატარებლებზე.
– ირანისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ბევრად მომგებიანია, ვიდრე რუსეთთან თუნდაც, იმიტომ რომ, რუსეთი დღეს ვერ ეხმარება ირანს ირანული ენეგრომატარებლების ემბარგოს ლიკვიდაციაში. ამერიკის შეერთექული შტატებისა და დასავლეთის მიერ მოხსნილი სანქციებით კი, მას შეუძლია, თავისი ენერგომატარებლების გაყიდვა, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი კონკურენციის გაწევა საერთაშორისო სანავთობო თუ გაზის ბაზარზე და გაზისა და ნავთობის ექსპორტიორ ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნად გახდომა.
– ისე, რომ ამერიკას არ დასჭირდეს თავისი რეზერვების გახსნა.
– დიახ. მოკლედ, ირანისთვის ეს მიმართულება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე რუსეთის მიმართულება. თუ ამ შემთხვევაში იკვეთება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, ამავე დროს იკვეთება რუსეთის ინტერესებიც, იმიტომ რომ, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამხრეთ კავკასიაში იმავე ამერიკის მოკავშირე აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტის შექმნა, აქედან გამომდინარე კი, რაც მთავარია, თურქეთისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია სირიისა და ერაყის მოვლენების გამო. თურქეთს, ასევე, სერიოზული პრობლემები აქვს ქურთების საერთაშორისო მოძრაობის გაძლიერების გამო და მართალი რომ გითხრათ, არ სცხელა აზერბაიჯანისთვის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კონფლიქტის შემთხვევაში, თურქი მოხალისეების უზარმაზარი რაოდენობა იქნება აზერბაიჯანის მხარეს და არა მარტო ჩვეულებრივი მოხალისეების, არამედ სამხედრო პეციალისტებისაც. ამ თვალსაზრისით, რუსეთისთვისაც წამგებიანი არ იქნება ამ კონფლიქტის განახლება.
– წამგებიანი არ იქნება თურქეთის გავლენის დასასუსტებლად სამხრეთ კავკასიაში?
– გითხარით, რომ თურქეთს არ სცხელა აზერბაიჯანის სამთავრობო დონეზე დასახმარებლად: თურქეთი ამერიკის მთავარი მოკავშირეა ამ რეგიონში და ნაწილობრივ გამოერთო ამ პროცესებს. თურქეთს სერიოზული პრობლემები აქვს ერაყში, ესე იგი, იქაც ჩართულია. რუსეთისთვის მომგებიანია, რომ უკრაინას ნაკლები ყურადღება მიექცევა და ძირითადი ყურადღება გადმოერთვება ამ რეგიონში. არის ამაში ლოგიკა?!
– რა თქმა უნდა. ვახტანგ გურულმა, ისტორიკოსმა, ძალიან საინტერესო მოსაზრება მითხრა ერთიოდე თვის წინათ: რუსეთი პასიურია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, რადგან ელის თურქეთისთვის ბევრი პრობლემის გაჩენას, მათ შორის, ქურთების მოძრაობის გაძლიერების სახით, რომ ყურადღება გადმოვიდეს აქეთ და შემდეგ ხელ-ფეხი გაეხსნება უკრაინის მიმართულებით გასააქტიურებლად. ისტორიულად რუსეთი ყოველთვის ამ სქემით მოქმედებსო.
– შევთანხმდეთ, რომ არსებობს მხარეები და არა მხოლოდ რუსეთი, რომელთაც სიტუაციის გამწვავება სხვა რეგიონში, რუსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, კავკასიაში, ხელს აძლევთ. მაგრამ მთავარი ნიუანსი ის არის, ვინ როგორ გამოიყენებს შექმნილ სიტუაციას. ინიციატორი ყოველთვის მომგებიან მდგომარეობაშია, იმიტომ რომ, ის ერთი ნაბიჯით წინაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოწყობილი პროვოკაცია ყოველთვის შეიძლება, შეუბრუნდეს პროვოკაციის მომწყობს. ამის მაგალითი მრავლადაა როგორც ამერიკის, ისე რუსეთის შემთხვევაში, როგორ დაუბრუნდათ უკან თავიანთივე მოწყობილი პროვოკაცია.
– ვის აქვს სარგებლის მიღების უფრო მეტი შანსი აზერბაიჯან-სომხეთის ომისგან?
– ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს უკეთესი შანსი აქვთ, მაგრამ, მეორე მხრივ, მართალია, შანსი მეტი აქვთ, სუფთა ტექნოლოგიური და მომზადების თვალზარისით, მაგრამ ისტორია გვარწმუნებს, რომ, მიუხედავად ასეთი უპირატესობებისა, ისლამურ სივრცეში მანევრი მაინც ჭირს და ამიტომ ორი სერიოზული მარცხიც იწვნიეს სხვადასხვა დროს. ამდენად, რთულია იმის პროგნოზი, როგორ განვითარდება მოვლენები და ცალსახად იმის თქმაც, თუ ვინ მოაწყო ეს პროვოკაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. შეიძლება, ეს იყოს ჩვეულებრივი ტრივიალური მიზეზი – ალიევი უბრალოდ დაიღალა ლოდინით, ის ხედავს, რომ სიტუაცია არ იცვლება. მიუხედავად ეკონომიკური, სამხედრო და ტექნიკური უპირატესობისა, რაც მას აქვს, ის ვერ ახერხებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამიტომ გადადგა ის ნაბიჯი, რასაც დგამს. თვითონ ეს ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და ამას მოწმობს ისიც, რომ ალიევმა ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის სხდომაზე. ასეთი აგდებული ეთნიკური შეფასებები მას აქამდე არ გაუკეთებია. ის, რომ რამდენიმე დღეში ერთმანეთს ხვდებიან აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები, მოწმობს, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულნი ამ კონფლიქტის გაღრმავებით. ისიც ყურადსაღებია, რომ მხარეებს არ დაუწყიათ სახმელეთო ოპერაცია: თუმცა აზერბაიჯანს აქვს ყველანაირი სამხედრო-ეკონომიკური მდგომარეობა, რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს ყოველგვარი მორიდების გარეშე. რა მიზანს მიაღწევს, მეორე საკითხია, მან ეს ოპერაცია არ დაიწყო, ესე იგი, ელოდება რეაქციებს მსოფლიოსგან.
– რა მოცემულობაში უნდა ამოქმედდეს ის სამხედრო შეთანხმებები, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვს, შესაბამისად, რუსეთსა და თურქეთთან? რა დონემდე უნდა გამწვავდეს ვითარება?
– როდესაც რომელიმე მხარეს შეექმნება სამხედრო საფრთხე. თუ, მაგალითად, აზერბაიჯანმა პირდაპირ ყარაბაღზე განახორციელა შეტევა, რუსეთს ხელები აქვს შეკრული თავისივე ხელშეკრულებით, რომელიც სომხეთთან დადო: რუსეთს უფლება აქვს, დაიცვას სომხეთი, თუ თვითონ სომხეთს შეექმნება სარფთხე და არა ყარაბაღს. რასაკვირველია, რუსეთი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ფორმით, თუმცა სომხეთის მომარაგება რუსეთს ძალიან გაუჭირდება ირანის შეცვლილი პოლიტიკის გამოც. სომხეთი ირანის ტერიტორიიდან იღებდა სამხედრო შეიარაღებას.
– რუსეთი არ ესაზღვრება სომხეთს, აზერბაიჯანი მხოლოდ მცირე მონაკვეთით – თურქეთს, სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს ოთხივესთან უშუალო და საფუძვლიანი საზღვარი.
– აი, ამას ვამბობ. სომხეთი დღეს შეიარაღებას იღებს ასეთი გზით: გემებით ირანის პორტ ენზელამდე, იქიდან რკინიგზით – სომხეთის მიმართულებით. ეს არის ხარჯიანი და რთული გზა, მაგრამ სხვა გამოსავალი რუსეთს არ ჰქონდა. დღეს უცნობია, მისცემს თუ არა ისევ ირანი რუსეთს ამის საშუალებას. თუ თვითონ სომხეთს შეექმნა საფრთხე, ამ შემთხვევაში, რუსეთს გაეხსნება ხელი და აუცილებლად მოინდომებს საქართველოს ტერიტორიის გავლით დაეხმაროს სომხეთს. ეს იქნება საქართველოს ტერიტორიის შუაზე გაჭრა. მე ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს, მაგრამ, თუ მხოლოდ ყარაბაღს შეექმნა საფრთხე, მაშინ რუსეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
– თურქეთი როგორ დაეხმარება აზერბაიჯანს? უშუალო საზღვარი არც მათ აქვთ.
– ვთქვი, რომ თურქეთს არ სცხელა სამთავრობო დონეზე აზერბაიჯანის დასახმარებლად, მაგარმ თურქეთის სამხედრო პოტენციალის ნაწილობრივ გამოყენება მოხდება. რუსეთმა ძალიან ცუდი მაგალითი მისცა დანარჩენ მსოფლიოს აი, ამ ტიპის ქმედებებისა, როდესაც ვითომ მოხალისეების მეშვეობით ახდენს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას, შემდეგ იქ ფეხს იკიდებს და თავის რეჟიმს ამყარებს. ეს გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ჩაიდინა საქართველოში და ამას მსოფლიომ ყურადღება არ მიაქცია და ახლა მსოფლიო ძალიან მწვავედ განიცდის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც იგივე სცენარით მოქმედებს რუსეთიც. თურქეთსაც შეუძლია იმავეს გაკეთება სომხეთის მიმართ, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანული ტერიტორია – ნახიჩევანი არის სომხეთსა და თურქეთს შორის. თურქეთს შეუძლია, თავისი მოხალისეებით გაძეძგოს ის და სომხეთს ზურგიდან შეუქმნას პრობლემა. ასე რომ, დაპირისპირებას ვერანაირად ვერ აუვლიან გვერდს თურქეთი და რუსეთი, თუ ყარაბაღის ომი გახურდა.
– მოხალისეები ერთი თემაა, მაგრამ თურქეთს შეიარაღებით აზერბაიჯანის დახმარება ხომ გაუჭირდება?
– შეიარაღებაზე ლაპარაკი არ არის. ფინანსების მიწოდება, დახმარება ძალიან მაღალ დონეზე იქნება. მე არ ვვარაუდობ სამხედრო დაპირისპირებას სომხეთთან თურქეთის დროშის ქვეშ, თორემ ყველა სხვა ტიპის დახმარება იქნება. აზერბაიჯანის ავიაციის 80 პროცენტზე ისხდებიან თურქი მფრინავები, ავიაცია კი აზერბაიჯანს სერიოზული რაოდენობით ჰყავს დღეს. განსაკუთრებით, მოიერიშე ვერტმფერენები. ავიაციის როლი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან ყარაბაღში ისეთი რელიეფია, თუ რომელიმე მხარის ბატონობა შედგა ჰაერში, ჩათვალეთ, რომ ტერიტორია დაკავებული აქვს.
– ჩვენ რა როლი გვაქვს, გარდა იმისა, რომ ოთხივე ჩვენს მეზობელს სჭირდება ჩვენი ტერიტორია?
– ჩვენ ძალიან მძიმე როლი გვაქვს, იმიტომ რომ, ნებისმიერ ვარიანტში, ჩვენ აღმოვჩნდებით ამ ომში ჩათრეულები როგორც ჰუმანიტარული, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთი რამ აუცილებლად მოხდება: ეს არის ლტოლვილების ნაკადი საქართველოს ტერიტორიაზე. თან, ორივე მხრიდან, შესაბამისად, რეგიონში დამთავრდება ყოველგვარი ეკონომიკური აქტივობა თუ ინვესტიციები. მესამე – საქართველოს ტერიტორია შეიძლება, იქცეს დივერსიული ქმედებების ასპარეზად ორივე მხრიდან: სომხებმა შეიძლება, შეუტიონ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ აზერბაიჯანულ-თურქული ენერგომატარებლების დერეფნებს და აზერბაიჯანელებმა შეუტიონ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ რუსეთ-სომხეთის ენერგომატარებლების დერფანს. ყველაზე მთავარი: შესაძლოა, რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს სულ არ მოერიდოს, შემოიჭრას საქართველოს ტერიტორიაზე, რომ დაეხმაროს სომხეთს. ის, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოში „ნატოს“ გარკვეული კონტინგენტის შემოყვანის შესახებ, მაფიქრებინებს, რომ რომელიღაც კაბინეტში განიხილეს ამ ომის სავარაუდო სცენარი, შესაბამისად, რუსეთის შესაძლო შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად.
– მოკავშირის სტატუსის მონიჭებაც ამას უკავშირდება?
– 2008 წელს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების აქ ყოფნა მხოლოდ იმით კი არ იყო განპირობებული, რომ საქართველოს ჯარი გაეცნოთ, არამედ – იმით, რომ 2008 წლის აპრილში საერთაშორისო კონფერენციაზე პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ, თუ „ნატომ“ დაიწყო გაფართოება აღმოსავლეთისკენ და საქართველო და უკრიანა აღმოჩნდებიან „ნატოში“, რუსეთი იძულებული გახდება, აღიაროს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, უკრაინამ კი შეწყვიტოს თავისი არსებობა: აღმოსავლეთი უკრაინა გახდეს რუსეთის ნაწილი, დასავლეთი – ევროპის ნაწილი. ამან განაპირობა დიდწილად ამერიკელი სამხედროების ყოფნა 2008 წელს, მაშინ ჩვენ შესაბამისი დოკუმენტი არ გვქონდა და ამერიკა, მით უმეტეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული უუხეშესი შეცდომების გამო, გაერიდა ამ კონფლიქტს. დღეს სხვანაირი სიტუაციაა, მოკავშირის სტატუსი ავალდებულებს აშშ-ს დაცვის განსაკუთრებული მექანიზმის შექმნას მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის მიმართ. ეს მოკოვშიც კარგად იციან. ვიმეორებ, ამიტომ მიჭირს იმის თქმა, ვინ არის ამ არეულობის ინსპირატორი, მაგრამ, ვინც სიტუაიცას უკეთ გამოიყენებს, ის იქნება გამარჯვებული. ასევე, შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად მოიქცევიან სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი პოლიტიკური ელიტები.
– „ნატოს“ ან ამერიკის სამხედრო კონტინგენტის საქართველოში შესაძლო განთავსება არის უსაფრთხოების გარანტია?
– უსაფრთხოების ხარისხს ასწევს უბრალოდ. როდესაც ვლაპარაკობ მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეზე, პასუხად მესმის უსაფუძვლო ქილიკი, მაგრამ დღეს მსოფლიო გადანაწილება მიმდინარეობს, ახალი სახელმწიფოები წარმოიქმნება და ეს გაგრძელდება, ახალი სახელმწიფოების შექმნის მცდელობაა ევროპაშიც: კოსოვოთი დაწყებული და უკრაინით დამთავრებული. ამას თან სდევს ენერგომატარებლებისა და ფინანსების სერიოზული გადანაწილება. ყველაფერი არის ლოკალური ან მსხვილი საომარი კონფლიქტების წინაპირობა, ამიტომაც ვფიქრობ, ამის საფრთხე ძალიან მაღალია. საქართველოში „ნატოს“ კონტინგენტის ყოფნა ხიფათს არ აგვაცილებს, მაგრამ შეამცირებს.