კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უჭირთ 9-10 წლის ქართველ მოზარდებს კითხვა და წაკითხულის გააზრება, შესაბამისად, უჭირთ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა და რატომ ვერ ახერხებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი მარტივი დავალებების შესრულებას

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს ქვეყნებში პერიოდულად ატარებს ორ ძირითად კვლევას: წიგნიერების შეფასებას 9-10 წლის ბავშვებში, რომლის მიზანია კითხვის უნარის შეფასება და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევა, რომლის მიზანიც 9-10 და 13-14 წლის ასაკში მოზარდების ცოდნის შეფასებაა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ჩვენი მოზარდების შედეგები საკმაოდ დაბალია და საშუალო ნიშნულს ქვემოთაა. 2006 წელს პირველი ტიპის კვლევაში პირველი ადგილი რუსეთის ფედერაციამ დაიკავა 565 ქულით, შემდეგი ადგილები კი გადაინაწილეს: ჰონკონგმა, კანადამ და სინგაპურმა, აშშ პირველი ოცეულის ბოლოსაა 540 ქულით; საქართველოს მოზარდები 471 ქულით რეიტინგული სიის ბოლო ათეულში მოხვდნენ.

მეორე ტიპის კვლევაში საქართველომ მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო და ქართველი ბავშვების შედეგები ამ კვლევაშიც ისეთივე არასახარბიელოა, როგორიც წიგნიერების პირველი ტიპის კვლევაში. საერთაშორისო კვლევების ანალიზსა და შეფასებაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამეტის ხელმძღვანელი ია კუტალაძე დაგვეხმარება.

– რამდენად მნიშვნელოვანი კვლევებია ეს და რა რაზე მეტყველებს ჩვენი მოზარდების მიერ ამ კვლევებში მიღებული დაბალი მაჩვენებლები?

– საქართველო 2006 წლიდან იღებს მონაწილეობას საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში. პირველი საგანმანათლებლო კვლევა, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ, იყო წიგნიერების საერთაშორისო კვლევა. ეს კვლევა ფოკუსირებულია 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარის შემოწმებაზე და, ასევე, იმ ფაქტორების შეფასებაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსწავლეთა წიგნიერებაზე. ესენია: ოჯახი, სადაც იზრდება ბავშვი; სკოლა, სადაც სწავლობს ბავშვი და უფრო გლობალური ფაქტორებიც: როგორია ქვეყანაში განათლების სისტემის ორგანიზაცია, დაფინასება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან კომპლექსური კვლევა, რომლის მიზანიც მხოლოდ მოსწავლეთა მიღწევების შეფასება და შედარება კი არ არის, არამედ იმ ფაქტორების გამოვლენაც, რომლებიც პოზიტიურად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე. ზოგადად, ასეთი კვლევების მიზანია სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება მთელ მსოფლიოში და ხშირად ამ კვლევებს იყენებენ, როგორც განათლების პოლიტიკის დაგეგმვის ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად.

– რატომ შეირჩევიან წიგნიერების კვლევისას, მაინცდამაინც, 9-10 წლის მოზარდები?

 – მოგახსენეთ, რომ წიგნიერების საერთაშორისო კვლევა პირველად 2006 წელს ჩატარდა 9-10 წლის მოზარდებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, რადგან 9-10 წელი არის კრიტიკული ასაკი, როდესაც ბავშვი უკვე დაუფლებული უნდა იყოს კითხვის ტექნიკას. ანუ ის უნდა კითხულობდეს თავისი ასაკის შესაბამის საინფორმაციო თუ ლიტერატურულ ტექსტებს; უნდა იგებდეს ამ ტექსტებს; უნდა შეეძლოს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოყვანილი ინფორმაციის ერთმანთთან დაკავშირება, გაანალიზება. რატომ არის ეს არსებითი საფეხური? იმიტომ რომ, ეს სასკოლო განათლების საძირკველია და თუ აქ პრობლემა ექმნება ბავშვს, თუნდაც, წაკითხულის გააზრების სფეროში, მას პრობლემები ექნება სწავლების მომდევნო საფეხურზეც. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ კვლევები ადასტურებს კავშირს მოზარდის კითხვის უნარსა და ანტისოციალურ ქცევას შორის. კითხვის უნარს უშუალო კავშირი აქვს ბავშვის არა მხოლოდ სააზროვნო პროცესებთან, არამედ მის პიროვნულ განვითარებასთან. კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ სოციალური, ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები კითხვის სირთულეებით გამოირჩევიან.

– რომელი რომელს იწვევს? თუ ასოციალური ქცევა აქვს ბავშვს, კითხვას ვერ სწავლობს და წაკითხულს ვერ იაზრებს, თუ ანტისოციალური ხდება მისი ქცევა, როდესაც ვერ ახერხებს კითხვას და წაკითხულის გააზრებას?

– როდესაც ბავშვს აქვს სირთულეები კითხვაში, უჭირს სწავლა, წაკითხულის გააზრება და ასე შემდეგ, საკუთარი თავის დამკვიდრებას, დიდი ალბათობით, ცდილობს ანტისოციალური ქცევით, აგრესიულობით, განსხვავებული მოქმედებით. ამიტომაც ამბობენ ხშირად, რომ წიგნიერება პიროვნული განვითარების საძირკველია. მაგრამ ბავშვი, რაც უფრო მეტს კითხულობს, იაზრებს, იღებს ინფორმაციას, ეს მის პიროვნულ განვითარებასაც უწყობს ხელს. ამით იმის თქმა მინდა, რომ წიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სწავლა-სწავლების პროცესისთვის, ისე მოზარდის პიროვნული განვითარებისთვის.

– და, როგორც ჩანს, საზოგადოების უსაფრთხოებისთვისაც.

– რა თქმა უნდა, რადგან ძალიან ხშირად ამბობენ, რომ წიგნიერი ადამიანების სიჭარბე საზოგადოებაში საზოგადოების კეითლდღეობის წინაპირობაცაა. საგანმანათლებლო სისტემაზე, ასევე, აისახება თვითონ საზოგადოების დამოკიდებულებაც წიგნიერი ადამიანისადმი, თუ როგორ არის დაფასებული წიგნიერი ადამიანი კონკრეტულ საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ფაქტორიც, იმიტომ რომ, ბავშვისთვის კითხვის პირველი მასწავლებელი მაინც მშობელია.

– იმ ასაკში მშობელი ჯერ კიდევ უდიდესი ავტორიტეტია შვილისთვის.

– დიახ და, გარდა ამისა, ბავშვისთვის მშობელი არის ერთგვარი მოდელი. ის უყურებს, რას აკეთებს მშობელი და, თუ მშობელი ხშირად კითხულობს და ბავშვი ამას აკვირდება, მასაც უჩნდება ეს ინტერესი. მით უმეტეს, თუ მშობელი უკითხავს მას, ესაუბრება წაკითხულზე, შეურჩევს საინტერესო საბავშვო ლიტერატურას და მასთან ერთად განიხილავს სიუჟეტს, გმირის ხასიათს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და, ასევე, ხელს უწყობს კითხვის ელემენტარული უნარების ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში. ბავშვს, რომელიც ასეთ ოჯახში იზრდება, როგორც კვლევა აჩვენებს, გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს დაწყებით საფეხურზევე, თუნდაც, წიგნიერების კვლევაში წაკითხულის გააზრების უნარის შეფასებისას.

– გასაგებია, რომ ეს კომპონენტი, კითხვის უნარი, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს 9-10 წლის მოზარდებს ამ კომპონენტში საკმაოდ დაბალი შედეგი აქვთ. რამდენად სავალალოა ეს მაჩვენებელი?

– 2006 წლის კვლევით, შედეგი საკმაოდ მოკრძალებული გვქონდა. კვლევაში 45 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ჩვენ რეიტინგული სიის ბოლო მეოთხედში ვიყავით, თუმცა აუცილებლად ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ჩვენ ეს შედეგი არსებითად გავაუმჯობესეთ.

– მაგრამ მაინც საშუალოზე დაბალი გვაქვს.

– მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საშუალო შედეგზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს 2011 წლის მონაცემებითაც, ჩვენ საერთო შედეგი მაინც გავაუმჯობესეთ, რადგან პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა. თუმცა ეს არ არის ის შედეგი, რითაც ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგან საქმე ეხება მართლაც უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უნარს და მოსწავლეთა წიგნიერების გაუმჯობესებაზე ზრუნვა სისტემური და ქმედითი ღონისძებების დაგეგმვას საჭიროებს.

– ეს არის მომავალი თაობა, რომელმაც ხელში უნდა აიღოს ქვეყნის მართვა და თუ დაბალი ინტელექტუალური მონაცემების ადამიანური რესურსი გვეყოლა, გასაგებია, რომ, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების დონეც დაბალი იქნება.

– სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ სასკოლო განათლების პრობლემა. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მომავალ თაობაზეა საუბარი და ამ მომავალი თაობის კეთილდღეობა და ზოგადად, ქვეყნის განვითარება მათ წიგნიერებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

– ერთია წიგნიერების კვლევა, მაგრამ მეორე საერთაშორისო კვლევა ეხებოდა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნას 9-10 და 13-14 ასაკობრივ ჯგუფებში.

– ამ კვლევაშიც ჩვენ ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა: 2007 და 2011 წლებში კვლევის დიზაინი ანალოგიურია წიგნიერების კვლევის დიზაინისა. ამ კვლევაში 2007 წელს გვქონდა კიდევ უფრო ცუდი შედეგი, ვიდრე წიგნიერების კვლევაში: დიდი იყო იმ მოსწაველეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ძალიან მარტივი, დაბალი საფეხურისთვის განკუთვნილი დავალებების გადაწყვეტა უჭირდათ მათემატიკაში ან ბუნებისმეტყველებაში. ყველაზე დაბალი შედეგი იყო ბუნებისმეტყველებაში. 2011 წელს ამ შემთხვევაშიც პოზიტიური ტენდენციაა, იმ გაგებით, რომ შედეგები გაუმჯობესდა თითქმის ყველა კომპონენტში: მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველებაშიც და მათემატიკაშიც, მერვე კლასში კი –  მხოლოდ მათემატიკაში, ანუ, თუ ამ კვლევების გადასახედიდან შევაფასებთ, საბუნებისმეტყველო საგნების  სწავლა-სწავლება ჩვენი სასკოლო განათლების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაწილია.

– ცხრილებში მივაქციე ყურადღება, რომ ტაივანი და სინგაპური სტაბილურად ინაწილებს პირველ-მეორე ადგილებს 9-10 და 13-14 წლის მოზარდებში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაში.

– გითხარით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების პრიორიტეტები და ღირებულებები: თუ საზოგადოება აფასებს წიგნიერ ადამიანს და ეს ინეტერსი გამოკვეთილია, სასკოლო განთლებაზეც აისახება. აზიურ ქვეყნებში, რომლებიც ყველა კვლევაში ლიდერობენ, იმდენად პრიორიტეტულია ტექნოლოგიური პროგრესი, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაზე და მათ მართლაც საუკეთესო შედეგი აქვთ ყველა საერთაშორისო კვლევაში და ზოგიერთ ქვეყანაში კი მოსწავლეთა მეოთხედი უმაღლესი საფეხურის, ანუ ყველაზე რთულ დავალებას წყვეტს.

– ჩვენ ირანთან ერთად ვართ. მე ირანს იმიტომ ვახსენებ, რომ ის იზოლირებული სახელმწიფოა, თორემ არაფერს ვუწუნებ.

– შედარებისას ძალიან ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა: ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, განათლების სისტემის დაფინანსებას და ასე შემდეგ. ამ კვლევაში მონაწილეობას იღებენ ქვეყნები, რომელთა განათლების სისტემა ძალიან მნიშვნელოვნად ფინანსდება და ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ისეთივე მწირი დაფინანსება აქვთ განათლების სისტემის, როგორც ჩვენ ან კიდევ უფრო ნაკლები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მწირი დაფინანსების პირობებშიც კი განათლების სისტემაში ზუსტად უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. 

– იაპონია სტაბილურადაა მეოთხე ადგილზე და რუსეთის ფედერაცია უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმიტომ ვადარებ, რომ აშშ, როგორც სახელმწიფო, აშკარად უსწრებს რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, თუმცა ადამიანური რესურსით რუსეთი უკეთ გამოიყურება.

– რუსეთის შედეგი წიგნიერების კვლევაში კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაში. წიგნიერების კვლევაში რუსეთი სარეიტინგო სიის ლიდერია და, ასევე, კარგი შედეგი აქვს მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების სწავლებაშიც. სხვათა შორის, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც: ესტონეთს აქვს ძალიან კარგი შედეგი, ლიტვას, ლატვიას, უკრაინასაც ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვს. როდესაც შედარებით ანალიზს ვაკეთებთ, მაინცდამაინც, სინგაპურისა და ამერიკის მაგალითები არ გამოგვადგება, უპრიანია, იმ სივრცეს შევედაროთ, საიდანაც ბოლო პერიოდში მოდის ეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა. კვლევები მოწმობს, რომ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა შეძლეს თავიანთი საგანმანათლებლო სისტემების იმგვარად გარდაქმნა და განვითარება, რომ მოსწავლეთა მიღწევების კარგი შედეგი აქვთ. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომლებსაც ხედავთ რეიტინგული სიის სათავეში სწორედ ასეთი კვლევის საფუძვლიანი ანალიზით და ამ კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციებითა და რეფორმებით მიაღწია ძალიან მაღალ შედეგს.

– მგონია, რომ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც განათლების პოპულარობას უშლის ხელს –  კავშირი განათლების დონესა და წარმატების მიღწევას შორის. როგორ ფიქრობთ, არის საქართველოში კარგი განათლება, წიგნიერება, გონიერება, ინტელექტი იმის გარანტია, რომ დასაქმდები და რეალიზდები?

– მე შემიძლია მხოლოდ ვარაუდებზე ვისაუბრო, მაგრამ ერთი ასეთი ინფორმაციის მოწოდება შემიძლია: კვლევებით, დასაქმებული მშობლების შვილები უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე დაუსაქმებელი მშობლების შვილები. მაგალითად, ბავშვი, რომლის ორივე მშობელი მუშაობს, უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე ბავშვი, რომლის მხოლოდ ერთი მშობელი მუშაობს. ყველაზე ცუდი შედეგი კი აქვს ბავშვს, რომლის არც ერთი მშობელი არ მუშაობს. ანუ დასაქმების ფაქტორი თავისთავად აისახება, ისევე, როგორც მშობელთა განათლება. როდესაც ბავშვს ორივე მშობელი ჰყავს უმაღლესი განათლებით, კვლევა ადასტურებს, რომ მას უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე იმ ბავშვს, რომელთა მშობლებსაც საშუალო განათლება აქვთ. თუმცა მოსწავლეთა მიღწევებზე არა ერთი, არამედ ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.

– გასაგებია, რომ დაბალი გვაქვს საშუალო მაჩვენებელი საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელზე, მაგრამ, კვლევის მიხედვით, რა რაოდენობის ბავშვმა აჩვენა უმაღლესი შედეგი?

– 1-დან 3 პროცენტამდე.

– შევადაროთ სხვების მაჩვენებლებს.

– იმ ქვეყნებში, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, ცხადია,  უფრო მეტია და რიგ შემთხვევაში, მოსწავლეთა 40 პროცენტი და ნახევარიც კი სძლევს უმაღლესი საფეხურისთვის განკუთვნილ დავალებებს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდია პროცენტული რაოდენობა იმ ბავშვების, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციებს ვერ ავლენს და ძალიან მარტივი დავალებების გადაწყვეტაც უჭირს. მინიმალური კომპეტენციით სკოლამ უნდა უზრუნველყოს ყველა მოსწავლე, ამიტომ ეს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა. ნიჭიერი ბავშვები, რა თქმა უნდა,  არსებობენ, ჩვენ სასკოლო განათლების სისტემის პრობლემებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ბავშვები პერმანენტულად იმარჯვებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში. თუმცა ეს ერთეულებია და სასკოლო სისტემა ამ ერთეულებზე ვერ იქნება ორიენტირებული. სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული ყველა მოსწავლის საბაზო კომპეტენციებით აღჭურვაზე ისე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებასთან გამკლავება გაუადვილდეთ, არ შეექმნათ პრობლემები სწავლების მომდევნო საფეხურზე და, თუნდაც, დასაქმების პრობლემა.

скачать dle 11.3