რა შემთხვევაში და პირობებით აჩუქებს სახელმწიფო მიკროსაწარმოების შექმნის მსურველებს 5 000-5 000 ლარს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიზანიც საქართველოს ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნაა. პროგრამის თანახმად, საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5 000 ლარამდე თანხა, ზედაც, საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა მიკროსაწარმოს შესაქმნელად და განსავითარებლად. თუმცა ეს პროგრამაში შესული ერთადერთი ცვლილება არ არის: ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის მიზნით, მოიხსნა სესხის მოცულობის ზედა ზღვარი – 2 მილიონი აშშ დოლარი. ასევე, დაფინანსდება არა მხოლოდ დამწყები საწარმოების ხელშეწყობა, არამედ არსებულის გაფართოებაც. დაინტერესებულ მეწარმეებს უკვე შეუძლიათ, მიმართონ ბანკებს და ისარგებლონ სესხზე შეღავათიანი პირობებით, რათა მოახდინონ არსებული ბიზნესის გაფართოება ან გადაიარაღება.
რაც შეეხება მიკრობიზნესის წახალისებას: ამისთვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომლითაც 3 200 მეწარმის ხელშეწყობა იგეგმება საქართველოს ყველა რეგიონში. მთავრობა იმედოვნებს 4 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. დამწყებ მეწარმეებს სახელმწიფო 5 000 ლარის ოდენობის თანამონაწილეობრივ დაფინანსებას გამოუყოფს, ხოლო მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში, მაქსიმალური თანხა 15 000 ლარია. ფინანსური დახმარების მიმღების თანამონაწილეობრივი წილი 20 პროცენტია.
მოიტანს თუ არა ზემოთქმული ცვლილებები დაგეგმილ შედეგს და რა მიკრობიზნესის დაწყებაა შესაძლებელი 5 000 ლარად (როდესაც დამატებით 1 000 ლარი თავად გაქვს), – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასგან შევეცდებით.
– 20 მილიონი ლარის დახარჯვა, რაც გულისხმობს მსურველთა დახმარებას 5 000-5 000 ლარით მიკრობიზნესის ასაწყობად, რა სარგებელს მოუტანს ეკონომიკას და ამ თანხის მიმღებს?
– ზეპირად ვერ გეტყვით, რა ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს, მაგრამ იდეა ასეთია: სტარტაფი საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის და ძალიან მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი თანხა; ლაპარაკია იდეაზე, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სრულყოფილი ბიზნესიდეა მცირეოდენი აქტივი და მას სახელმწიფო მისცემს 5 000 ლარს ბიზნესის დასაწყებად. გაგახსენებთ, რომ ასეთი პროგრამა ინდოეთის ერთ-ერთ შტატში განხორციელდა, რის გამოც იდეის ავტორს ნობელის პრემიაც კი მიანიჭეს. ასევე, განხორციელდა ნეპალში, როდესაც ადამიანებს მისცეს მცირე და უმცირესი კრედიტები. საქართველოში ამას თავის დროზე ახორციელებდა „პროკრედიტბანკი“, თანხა იწყებოდა 500 ლარიდან. სხვათა შორის, ცუდად არ უმუშავია, ერთი ის იყო, რომ ადამიანები ამ თანხას ძირითადად ვაჭრობისთვის იყენებდნენ. ვერ ვიხსენებ, რომ სოფლის მეურნეობაში ან წარმოებაში გამოეყენებინოთ ეს სესხი. ეს ახალი მიდგომა კი გულისხმობს დამწყები ბიზნესის ხელშეწყობას, თუმცა უდანაკარგოდ მუშაობა რთულია. ამ თანხის რაღაც ნაწილი დაიკარგება, იმიტომ რომ, გამოუცდელი და გადახდისუუნარო ადამიანებს ჩაუვარდება ხელში, მაგრამ ხელისუფლება მცირე ბიზნესსაქმიანობის პროვოცირებას ახორციელებს.
– დაიკარგებაო, ამბობთ, მაგრამ რაღაც ბიზნესიდეა ხომ უნდა არსებობდეს ქაღალდზე დაწერილი?
– თუ ამ თანხას გადასცემენ ბანკებს კრედიტის გასაცემად, მაშინ ჩათვალეთ, რომ ბანკები ამ კრედიტებს ვერ გასცემენ, იმიტომ რომ, ბანკები ამ ადამიანებს მოსთხოვენ ბიზნესგეგმას, გირაოს, უზრუნველყოფას, ანუ ჩვეულებრივი საბანკო პროცესი იქნება. მეორე მხრივ, თუ ამას გრანტის სახე ექნება, ანუ აჩუქებენ, ჩათვალეთ, რომ ისიც დაკარგული იქნება, იმიტომ რომ, ფულს ჩუქნი და უკან აღარ აბრუნებს. მესამე მხრივ – ალბათ, რაღაც ფონდი შეიქმნება, ცეკავშირის მსგავსი ორგანიზაცია. თუ შეიქმნება ურთიერთდაფინანსების კოოპერატივები და კოოპერატივების მოძრაობას გავაძლიერებთ, აგრარული მუშაკები თუ გაერთიანდებიან, რომ თანხებიც გააერთიანონ და ხარჯებიც ერთად გასწიონ, ეს იქნება საკმაოდ კარგი საქმე. როგორც ვიცი, ეგრეთ წოდებულ ინოვაციებსა და „ნოუ-ჰაუებზე“ ცალკეა გამოყოფილი თანხა, წარმოების ხელშეწყობაზე – ცალკე, „აწარმოე საქართველოში“ პროექტს ცალკე ბიუჯეტი აქვს და ეს 5 000-ლარიანი პროგრამაც ახალია.
– 5 000 ლარი არის საკმარისი რაღაც მიკრობიზნესის დასაწყებად.
– როგორ, არა?! ბევრი ისეთი მცირე ბიზნესია, რომლისთვისაც 5 000 ლარი კარგი თანხაა.
– კერძოდ?
– იქნება ეს თონე, პლასტიკური დანა-ჩანგლის წარმოება, ყუთების წარმოება და ასე შემდეგ. დასაწყებად ეს საკმარისი თანხაა. თან, რაღაც იმ ადამიანსაც ხომ აქვს? საქმეს მხოლოდ სესხით არავინ იწყებს. ვთქვათ, ბიზნესის დაწყება ჯდება 10 000, ადამიანი ფიქრობს, 5 000-ს მე დავდებ, 5 000-ს სესხს ავიღებ. ამ შემთხვევაში ამ თანხას მისცემს სახელმწიფო. ამ თანხის ჩადება შეიძლება ვაჭრობაში, სარეკლამო საქმეში, წიგნის გამოცემაში, რა თქმა უნდა, 5 000 ლარი კარგი თანხაა. ან იქნებ რაღაც საქონლის შეძენა სჭირდება ადამიანს?! იქნებ ღუმელის შეძენა უნდა, იქნებ – ახალი დანადგარის?!
– ანუ გადასაიარაღებლად გამოიყენოს თანხა?
– დიახ, გადაიარღებისთვის, საბრუნავი სახსრების შევსებისთვის… პროდუქციის, მაგალითად, მატყლის შეძენისთვის. ანუ ამ ტიპის ბიზნესებისთვის ეს საკმარისი თანხაა.
– სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს საშუალო და მსხვილი ბიზნესის დასაწყებად 2-3-პროცენტიანი სესხების გაცემის პროგრამა. მაგრამ, რეალურად, ეს არის 13-პროცენტიანი სესხი, საიდანაც ბანკის წილი 10-11 პროცენტია, ანუ ყველაზე მეტად ისევ ბანკები იხეირებენ ამ პროგრამით. მეორე მხრივ, ისინი კრედიტებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ხსნიან მაღალი რისკებით, რომლებსაც აზღვევენ ამ მაღალი პროცენტებით. ამ პროგრამის შემთხვევაში რისკი ხომ მინიმალურია? გარანტორი სახელმწიფოა, მაინც 10-11 პროცენტს რატომ უტოვებენ ბანკებს? ვითომ მოგება აკლიათ?
– წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა დააზიანებდა საბანკო სექტორში კონკურენციას. თუ მთავრობა თვითონ გასცემდა იაფიან კრედიტებს, ის იქნებოდა ბანკების კონკურენტი და შეარყევდა მთელ საბანკო სისტემას.
– აგროკრედიტებზე ვიტყვი, რადგან ის უკვე განხორციელდა: ჩვენი ბანკების მიერ გაცემული კრედიტების ნაწილში აგროკრედიტების წილი საკმაოდ დაბალია. რა ასეთი მომაკვდინებელი იქნებოდა ბანკებისთვის ამ კონკრეტულ სფეროში მისთვის სახელმწიფოს მიერ გაწეული კონკურენცია?
– სუბსიდირება ხდება პროცენტის, მეტი არაფერი. რისკის ნაწილის თავის თავზე აღება უწევს სახელმწიფოს, როგორც თქვენ ბრძანეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა სხვა გზით ამის განხორციელება. მთავრობას არ აქვს უფლება, დაკავდეს კრედიტების გაცემით და ბანკს გვერდს ვერ ავუვლით.
– მე არ ვამბობ, რომ გვერდი უნდა აევლოთ ბანკისთვის, მაგრამ 5 პროცენტი არ ეყოფოდა?
– ბანკს აქვს თავისი ხარჯები და მთავრობა ვერ იქნება თავისი საბანკო სისტემის კონკურენტი. ბანკი კრედიტს გასცემს 13 პროცენტად და ამის 10 პროცენტს მეწარმეს უფინანსებს სახელმწიფო.
– თუკი აგროკრედიტი შედიოდა ბანკების პროდუქტებში, არც ერთი ქართული ბანკი არ გასცემს სესხებს სტარტაფისთვის და როგორ გაუწევდა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბანკს კონკურენციას? მას არ აქვს ასეთი პროდუქტი?
– აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, მთავრობა კლიენტურას წაართმევდა ბანკს, არამედ იმაზე, რომ ბაზარზე დომპინგურ ფასებს დააგდებდა საქონელზე, ამ შემთხვევაში – ფულზე.
– ჩემთვის მაინც გაუგებარია, ხალხი რომ ღატაკდება, ისეთ ქვეყანაში ბანკები მდიდრდებიან.
– მე რომ მკითხონ, ბანკები ხუთჯერ მეტად უნდა იბეგრებოდნენ. ამ ქვეყანაში ბანკები სასაცილო მოგებას აჩვენებენ, მაშინ, როდესაც მათი მოგება ბევრად მეტია. მაგრამ იმედნად დიდ ხარჯს აჩვენებენ, რომ ეს არის ტრაგედია. გაცილებით მეტ ხარჯს აჩვენებენ და ჩვენი და ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებენ რემონტებს, იღებენ ბონუსებს, პრემიებს, დიდ ხელფასებს და ბიზნესებსაც კი ჩვენს ხარჯზე აკეთებენ. მათ რეალური მოგება უნდა აჩვენონ და ყველაფერი ხარჯებში არ უნდა გაატარონ.
– თქვით, რომ მსგავსი პროგრამა ინდოეთსა და ნეპალში განხორციელდა, იდეის ავტორისთვის მხოლოდ ნობელის პრემიის მინჭიებით დასრულდა, თუ იმ ქვეყნებმა, რომლებშიც განხორციელდა, რეალური ეკონომიკური შედეგიც მიიღეს?
– ასეთმა პროგრამამ სიღარიბეს გაადარჩინა ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა. ოღონდ იქ ბანკების მეშვეობით არ განხორციელებულა ეს პროექტი. აგროსექტორში დასაქმებული ადამიანებისგან ჯგუფი შეიქმნა და იმ კოოპერაციამ გაანაწილა ის ფული. ამით გადარჩა მოსახლეობა: ვიღაცამ საკერავი ან საქსოვი მანქანა შეიძინა, ვიღაცამ თონე ააშენა. ჩვენს შემთხვევაშიც გამართლებული იქნება, თუ კოოპერატივების შექმნას შეუწყობს ხელს მთავრობა და ბანკების მეშვეობით არ გასცემს თანხას.
– როდესაც 5 000- 5 000 ლარის ჩუქებაზეა ლაპარაკი, ბანკებიდან როგორ გასცემენ?
– მით უმეტეს, კოოპერატივს უნდა აჩუქონ, რომ მან გამოიყენოს. საერთოდ, ნაჩუქარ თანხას არასდროს მოაქვს შედეგი. გრანტი რთული მექანიზმია, ამიტომ ვფიქრობ, გრანტი პირდაპირ ჩუქებას არ ნიშნავს.
– ჩვენთან უკვე განხორციელდა სოფლის მეურნეობის 700-მილიონიანი ფონდის პროგრამა, რა ეკონომიკური ეფექტი მოიტანა სახელმწიფოს მიერ თანხის გაღებამ ვაუჩერებში, სუბსიდიებში?
– ჰქონდა ეკონომიკური ეფექტი, იმიტომ რომ, მაგალითად, წელს შავი ყურძნის სფეროში სუბსიდია აღარ ხორციელდება, ამ მიმართულებამ ამოისუნქთა ამით. დიდ როლი შეასრულა იმან, რომ გაიზარდა ექსპორტი. ყურძნისა და ვაზის ბიზნესში ბევრი რამ დარეგულირდა, თუმცა ბევრი რამ დასარეგულირებელი დარჩა. მიზანი იყო კეთილშობილური, მაგრამ ეფექტი უნდა ყოფილიყო ხუთჯერ მეტი. ვფიქრობ, ძირფესვიანად უნდა გადაკეთდეს ეს სქემა, აგრარული სფეროს დაფინასების სქემა უნდა შეიცვალოს, გამკაცრდეს და იმავდროულად მკაფიოდ გამოხატული მიზანი უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ფულის გადაყრა და მიაჩვევს ადამიანებს არაფერში ფულის მიღებას.
– თუ აქვს მთავრობას, თქვენ ხშირად ხვდებით ფინანსთა მინისტრს სხვა ექსპერტებთან ერთალ, განვითარების ერთიანი გრძელვადიანი გეგმა? განხორციელებული და განსახორციელებელი პროგრამები ერთიან კონტექსტში გააზრებული? დათვლილია, რა კონკრეტულ შედეგს მოიტანს კონკრეტული ოდენობის თანხების დახარჯვა?
– პროგრამაში ზოგადი ჩანაწერია. გაკეთებულია დაახლოებითი გათვლები. მაგრამ, სტრატეგიაში არ დევს გათვლა, რომ, მაგალითად, 10 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქტი უნდა იყოს ამდენი და ამდენი. მოსახლეობის ერთ სულზე ამ ღონისძიებებმა უნდა გაზარდოს მთლიანი შიგა პროდუქტი ამ და ამ თანხამდე.
– რუსეთი პირველი სექტემბრიდან აჩერებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულებას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთში შესული პროდუქცია დაიბეგრება საბაჟო გადასახადით. ეს კი რუს მომხმარებელს გაუძვირებს ქართულ პროდუქტს. აღმოჩნდა, რომ ქართული მხარეც აპირებს საბაჟო ბარიერის დაწესებას. არ შეიძლებოდა, რომ ცალმხრივად შეგვენარჩუნებინა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი?
– აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს ჯერ არ განხორციელებულა, ორმხრივი ხელშეკრულებიდან რუსეთი ჯერჯერობით არ გასულა. ვფიქრობ, არც უნდა გავიდეს, რადგან ამით რუსული კომპანიები და რუსეთი უფრო დაზარალდება, ვიდრე საქართველო. საქართველოში გაცილებით მეტი საქონელი შემოდის რუსეთიდან, ვიდრე საქართველოდან გადის რუსეთში; მეორე – მნიშვნელოვანია, რომ, როგორც კი რუსეთი დაიწყებს გასვლას ამ ხელშეკრულებიდან, აუცილებლად დადგება რუსულ და რუსეთიდან შემომავალ პროდუქციაზე ფასის გაზრდის საკითხი. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, როგორც კი რუსეთი გავა ამ ხელშეკრულებიდან, საქართველო მაშინვე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ WTO-ს წევრები, იძულებული იქნება, რუსეთიდან შემომავალი საქონლიდან საბაჟო გადასახადის დაბეგვრით თავი დაიცვას.
– თავი დაიცვა, ძალიან ხმამაღალი გამონათქვამი მგონია, არ ჯობია, მოქალაქეები დაიცვას პროდუქციის გაძვირებისგან?
– საქართველომ საპასუხო რეაქცია უნდა გამოხატოს, თუ საქართველო ადეკვატურ ბარიერებს გაუკეთებს, რუსეთი წაგებული დარჩება.
– წაგებული დარჩება ჩვენი მომხმარებელიც, რომელსაც გაუძვირდება რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია. თუ სახელმწიფო ასეთი პრინციპულია, მაშინ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, როგორც მას აქვს ჩვენდამი დაწესებული?
– რუსეთიდან შემოსული პროდუქცია 8-14 პროცენტით გაძვირდება და უფრო დაცული იქნება იგივე ქართული რძისა და წვენის წარმოება. ორი მხარეა: ქართველი მწარმოებელი და ქართველი მომხმარებელი. მაგალითად, ამ ღონისძიებით ქართული რძის პროდუქციის წარმოება უფრო განვითარდება.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან წარმოებული რძის პროდუქტების დიდი ნაწილი რძის პროდუქტი არ არის თავისი შემადგენლობით, ვერაფრით ვიქნები ასეთი თაღლითური ადგილობრივი წარმოების გულშემატკივარი.