განრისხებული მამაკაცები
ვიეტნამური გამოცდილებით
ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, თვალშისაცემად იმატა მამაკაცთა მხრიდან ქალებზე ძალადობის ფაქტებმა, თვით მკვლელობების ჩათვლით. ამას წინათ უარესიც მოხდა: სიმამრმა სიძე მოკლა, რომელიც მის ქალიშვილზე პერმანენტულად ძალადობდა. მეორე მხრივ, ის ახლახან იყო გამოსული ციხიდან, სადაც სასჯელს მეორე ქალიშვილის მოძალადე ქმრის მკვლელობის გამო იხდიდა.
რაკი ძალადობა უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროც სემინარს სემინარზე აწყობს, ოღონდ ამას ჯერჯერობით შედეგზე არ უმოქმედია. თუმცა, თუ გულზე ხელს დავიდებთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლი ქალი არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის გამოვლინებისთანავე.
ასეა თუ ისე, თუკი ჩვენთან ცოლზე გაბრაზებას ცოლზევე ან პარტნიორზე ანთხევენ, სულ სხვა გზით წავიდა ვიეტნამელი მამაკაცი, რომელმაც ცოლის დასჯის ასეთი ხერხი აირჩია: მან თავისი სასქესო ორგანო, არც მეტი, არც ნაკლები, მოიჭრა და არხში გადააგდო! ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, მაგრამ, არხში გადაგდებულის – ვეღარ.
ვიეტნამელმა ექიმებს აუხსნა, რომ ცხელ გულზე ცოლის დასასჯელად სხვა ვერაფერი მოიფიქრა. ხოლო, თუ ჩვენს რეალობაში არსებულ ცოლსა და პარტნიორ ქალზე გაბრაზებულ მამაკაცთა ოდენობას გავიხსენებთ და მათ მიერ დაზარალებულ და დახოცილ ქალებს, ვფიქრობ, ამ მიმართულებით სტატისტიკის გასაუმჯობესებლად, ვითომ ურიგო იქნებოდა, თუკი ჩვენებური განრისხებულებიც რისხვისგან გასათავისუფლებლად ვიეტნამურ გზას აირჩევდნენ?!