სანქციებში გაჭყლეტილები
ვაჭრობა მომცრო დახლზე
რაკი დასავლეთმა რფ-ის მიმართ სანქციებს კბილი მოუსინჯა, რეაქცია არც ამ უკანასკნელმა დააგვიანა და გასულ კვირას რფ-ის პრეზიდენტმა განკარგულებაც გამოსცა, რის მიხედვითაც, რუსეთის ტერიტორიაზე სრულად აიკრძალა ევროკავშირიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან ხილისა და ბოსტნეულის, ზედაც, საკვები პროდუქტისა და ნედლეულის შეტანა (თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მთლად ყველა პროდუქტიც არ აუკრძალავთ).
მეორე მხრივ, საინტერესო ის არის, რომ, როგორც წესი, აქაც პატარები გაიჭყლიტნენ, რადგან, ევროკავშირის სწორედ არცთუ მსხვილი ქვეყნები ეწეოდნენ დიდ რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს, მსხვილ-მსხვილებს გაცილებით სარფიანი ტექნოლოგიური ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული. –
კერძოდ, რუსული მხარე ბრძანებს, რომ არანირი შეფერხება არ ელის იმ უცხოურ წარმოებებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზეა გახსნილი: ანუ ევროპული ფული მჭირდება, ვაშლები და პომიდვრები – არაო.
თუმცა, როგორც ჩანს, მსხალი და კომბოსტოც საჭიროა, ამიტომაც „როსსელხოზნადზორმა“ გაამხილა, რომ მთელი რიგი ლათინოამერიკული ქვეყნების დიპმისიებთან აპირებს შეხვედრას, რომ იმ ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი გაზარდოს. პრ. პუტინმა კი მთავრობას დაავალა, გამოაქვეყნოს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რის შემოტანაც ევროკავშირიდან რფ-ის ტერიტორიაზე მკაცრად აიკრძალა!
ამის ფონზე ჩვენი სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა გვახარა, რომ, შესაძლოა, რფ-ში ქართული სოფლის მეურნეობის ექსპორტი გაიზარდოსო. თავის მხრივ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა ამ განცხადებამ: რამეთუ ჩვენი ვაშლებიც ისევე უნდა დაიტანჯონ, როგორც პოლონური ვაშლები იტანჯებიან!
პირადად მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ჩვენს მინისტრს მაინცდამაინც ხმამაღლა არ უნდა ეთქვა, იქნებ ხელი მოვითბოთ ევროკავშირისთვის გამოცხადებლი რუსული აკრძალვითო (იმიტომ რომ, სავარაუდოდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ჩვენც მივეყოლებით ევროკავშირს ჩვენი კიტრებიანად) და, რაც მთავარია: თუ გავიხსენებთ, რომ, მას შემდეგ, რაც 2008-ში რფ-მ საფუძვლიანად დაგვნაყა, დასავლეთმა კი რუსეთთან ფრიად წარმატებული ვაჭრობა გააჩაღა, ვითომ რა დაშავდება, თუ ჩვენს პარტნიორებს მივბაძავთ და ერთ პატარა დახლზე ვაჭრობით ჩვენც ვიხეირებთ?!