ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ქუთაისში ინგლისელი სტუმრები, და-ძმა უორდროპები იყვნენ ინგლისიდან ახალი ჩამოსულები. ერთ ოჯახში ერთი თავადიშვილი გააცნეს, ლიფლიფა მოლაპარაკე და ცოტათი ჭკუაზედ მწყრალი.
თავადიშვილმა გაცნობისთანავე, ერთიმეორეზე მიახალა კითხვები:
– საიდან ბრძანდებით, როდის მობრძანდით, სად მიბრძანდებით, როგორა ბრძანდებით?
მარჯორი უორდროპი ერთბაშად ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდა თავადიშვილი: ის კი გაიგო, საქმე ჩემს მგზავრობას შეეხებაო და თავის მხრივ, შეეკითხა მას.
– დასაბამით? (ესე იგი, დასაბამიდან, თავიდან მოგიყვეთ ჩემი მოგზაურობის ამბავიო)
განაწყენებულმა თავადიშვილმა იქვე მდგომ აკაკის შესჩივლა:
– ხომ არ გაგიჟებულა, მეუბნება, დასაბმელი ხარო.
– მაგას რომ არ ეთქვა, განა მე კი არ ვიცოდი, – უთხრა აკაკიმ.
***
აკაკის ერთმა ქალმა მიუძღვნა მშვენივრად მოქარგული ბალიში, შესაფერისი წარწერით. საჩუქარი პოეტს ძალიან ესიამოვნა და ღიმილით თქვა:
– ჰეი-ჰეი, ბექირ-ბეი, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, „მაღვიძარა“ საათებს მიგზავნიდნენ, ახლა კი ბალიშებს მიგზავნიან – დაწექ და დაიძინეო.
***
– ქართლოსია, – მითხრა ნოდარ დუმბაძემ, – ვიცი, გიჭირს, შვილები გყავს სარჩენი, ჰონორარს მოგცემ, თუ გინდა, მარა აგი ლექსი არ ვარგა და ვერ დაგიბეჭდავ.
მეც გავჯიუტდი, გინდა თუ არა, დაბეჭდე-მეთქი (არადა, მართლა არ იყო ცუდი ლექსი).
– წადი, ცნობა მომიტანე, რომ ნორმალური ხარ და დაგიბეჭდავ, – მომიშორა ნოდარმა.
წავედი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შევედი ავლიპ ზურაბიშვილთან.
– ოოო... ჩანტლაძეს გაუმარჯოს! – მომესალმა პროფესორი. მეც არ ვიუარე... ცნობა მომცა, რომ ნორმალური ვარ – ქვას გახეთქავდა, ისეთი.
რედაქციაში გამოვიქეცი. ნოდარი პარტკომის კრებას ატარებდა. მაგიდაზე დავუდე ცნობა. დიდხანს კითხულობდა, ბოლოს ამომხედა და მითხრა: „წადი ახლა და ის ცნობა მომიტანე, რომ ვინც ეს ცნობა მოგცა, ისიც ნორმალურია“.
(ქართლოს კასრაძის ნაამბობიდან)