რატომ არ ნერვიულობდა თაკო ოქროპირიძე „ახალი ხმის” ბოლო დღეს სცენაზე და რატომ გადაიზარდა მომენტალურად მისი სტრესი ბედნიერებაში
მომღერალი თაკო ოქროპირიძე ივლისში დედაა გახდა. აქტიური ფეხმძიმობა პატარა გაბრიელის გაჩენით დამთავრდა. ჩვენი რესპონდენტი უკვე წლებია, „ავტორადიოს” წამყვანია. ბავშვობიდან მღერის და უყვარს თავისი საქმე. ის ფართო საზოგადოებამ პროექტ „ახალი ხმით” გაიცნო და უამრავი გულშემატკივარიც გაიჩინა.
თაკო ოქროპირიძე: 19 ივლისს, გამთენიისას, 3-ის ნახევარზე, დავით გაგუას კლინიკაში, უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით, ვიმშობიარე. ისეთი ყურადღებიანია მთელი გუნდი, რომ მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მათ, გვერდში დგომისთვის.
– მშობიარობას ოჯახის წევრებიდან დაესწრო ვინმე?
– მშობიარობას ჩემი დედამთილი დაესწრო და დედასავით მედგა გვერდში. შიგადაშიგ მომდიოდა ხმები, რომ მეუღლესაც უნდოდა შემოსვლა, მაგრამ ვერ ბედავდა.
– როგორი შეგრძნებაა დედობა?
– არც ერთ ქართულ ლექსიკონში ამის ახსნისთვის სიტყვები არ მოიძებნება. ვერ შევაფასებ.
– პატარას რა დაარქვით?
– მამა გაბრიელის სახელი დავარქვით. ის გაბრიელ ბოლქვაძეა, რომელიც 4 კილო და 53 სანტიმეტრი დაიბადა.
– საკმაოდ აქტიური ფეხმძიმე იყავი.
– კი, ბოლომდე ვიმუშავე და აგვისტოს პირველ კვირას, უკან ვბრუნდები სამსახურში.
– სიმღერას რაც შეეხება.
– სიმღერას რაც შეეხება, ამ ამბავში ყველაზე მეტად ჩემი ქმარი აქტიურობს. ასეთი აქტიური მეუღლე, არ ვიცი კიდევ თუ ჰყავს ვინმეს. სულ მეუბნებიან, რომ ამა თუ იმ პროექტში მივიღო მონაწილეობა. ვინმე თუ დამიკავშირდა კონცერტზე გასვლასთან დაკავშირებით და უარი ვუთხარი, ბრაზობს. ძალიან უნდა, რომ ვიმღერო. ამ ეტაპზე კონცერტის გამო ბავშვს ნამდვილად ვერ დავტოვებ მარტო. სექტემბრიდან კი, უკვე მეც ჩავერთვები.
– მეუღლემ ხელი იმაშიც შეგიწყო, რომ სანერვიულო ბედნიერებაში გადაგიზარდა. პროექტ „ახალი ხმიდან” გამოთიშვას და იმ დღესვე გათხოვებას ვგულისხმობ.
– ვიცოდი, რომ ეს იმ დღეს მოხდებოდა. სცენაზე მართლა არ ვნერვიულობდი, რადგან მანამდეც არ მაკლდა „ახალ ხმაში” ნერვიულობა.
– შენი და მაია დარსმელიძის უთანხმოების შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო. პროექტის შემდეგ თუ გქონდა ურთიერთობა მასთან?
– მაიასთან შეხება პროექტის შუა ნაწილიდან გავწყვიტე და არც „ახალი ხმის” დასრულების შემდეგ მქონია მასთან ურთიერთობა – არც სიტყვიერი და არც პროფესიული.
– ისევ გაბრიელს დავუბრუნდები. ვის ჰგავს?
– გაბრიელი დაიბადა თუ არა, ერთხმად აღნიშნეს: ქერა მამა დაიბადაო. ზედ გამოჭრილი მამაა, ძალიან ჰგავს.
– გილოცავ, კიდევ ერთხელ და ბედნიერ დედობას გისურვებ!