კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბერუჩაშვილი – ბერუჩევი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერუა. ამ საკუთარი სახელიდან ბევრი ქართული გვარ-სახელია ნაწარმოები.

ამავე ფუძით ნაწარმოები გვარებია ბერუაშვილი და ბერუკაშვილი.

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ, ბევრი ქართული გვარის დაბოლოება შეიცვალა, ანუ, „შვილისა“ და „ძეს“ ადგილი „ოვმა“ და „იევმა“ დაიკავა.

ანალოგიური რამ მოხდა ბერუჩაშვილთან დაკავშირებითაც. ეს გვარი ბერუჩევის სახითაც გვხვდება, რაც ქართული სინამდვილისთვის მიუღებელია. ამ გვარის წარმომადგენლები ქართველები არიან და, შეუძლიათ, აღიდგინონ მამაპაპური გვარი – ბერუჩაშვილი.

საქართველოში 290 ბერუჩაშვილი ცხოვრობს: გორში – 30, ონში – 27, თბილისში – 5. არიან სხვაგანაც.

43 ბერუჩევი: ონში –  18, ქუთაისში – 11, ჭიათურაში – 5. არიან სხვაგანაც.

ღრუბელაშვილი-ღრუბელაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ღრუბელა.

1721 წელს მოიხსენიება ბეჟანა ბაბუნაშვილის ყმა – ბერუა ღრუბელაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ღრუბელაძე.

საქართველოში 93 ღრუბელაშვილი ცხოვრობს: სამტრედიაში – 34, თბილისში – 33. საგარეჯოში – 7. არიან სხვაგანაც.

57 ღრუბელაძე.

ყელბერაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ყელბერა.

გადმოცემით, ეს სახელი შეურქმევიათ კაცისთვის, რომელსაც ყელზე ჩიყვის ამონაზარდი ჰქონია. მისი გვარი კი მაისურაძე ყოფილა.

1721 წელს ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა – იესე ყელბერაშვილი.

„1818 წელს ღოუბნელი ბეჟანა ყელბერაშვილი ნათლავს ვაჟიშვილს, გლახას. მიმრქმელი იყო ნინია გერმანოზიშვილის მეუღლე – მარიამი“.

საქართველოში 345 ყელბერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 176, თეთრი წყაროში – 130, რუსთავში – 22. არიან სხვაგანაც.

ჭვინტიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჭვინტია.

„ერტისელმა ჭვინტიაშვილმა 1820 წელს იქორწინა კუმისელი იმერლის, კილოსანის ბერის ასულ ნინოზე. თავსმდებნი ყოფილან კეთილშობილნი: ფრანგისტან თურქესტანოვი და ერტისში მცხოვრები პეტრე ყორღელიძე“.

საქართველოში 25 ჭვინტიაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 13, თბილისში – 2, მარნეულში – 2. არიან სხვაგანაც.

ღონენაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ღონენა.

დიდ დალეთში მოიხსენიება რევაზა ციციშვილის ყმა გიორგი ღონენაშვილი.

საქართველოში 38 ღონენაშვილი ცხოვრობს. გორში 13, თბილისში 11, რუსთავში 2. არიან სხვაგანაც.

ლარაძე

გვარის ფუძეა სიტყვა ლარი, რომელიც ქართულში სხვადასხვა მნიშვნელობით გვხვდება.

„ლარაძე – ციციშვილთა აზნაურიშვილი. შაჰნავაზმა იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს დაბრუნების პირობა მისცა“.

აზნაურიშვილი ლარაძე მოიხსენიება საციციანოს ყმების ნუსხაში; ხვედურეთში მას ორი კომლი ყმა ჰყავდა, ლუოვისხევში – შვიდი, ბისში – სამი, თხილნარში – ოთხი, იფუნევში კი – ერთი.

1721 წლის აღწერით, პაატა ლარაძე იყო მებატონე. მას ყმები ჰყავდა ყარაბულაღში.

სწორედ პაატა ლარაძისგან მომდინარეობს გვარი პაატაშვილი, ზურაბ ლარაძისგან – ზურაბიშვილი, ბიძინა ლარაძისგან – ბიძინაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ლარაშვილი.

საქართველოში 46 ლარაძე ცხოვრობს: თბილისში – 41, ყვარელში – 5.

ნაცარიშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა ნაცარი. ონის რაიონის სოფელ გლოლაში დაფიქსირებულია საკუთარი სახელი ნაცარა. ამ ფუძიდანაა წარმოშობილი გვარი – ნაცარაშვილი.

გვარმოდენილობით ამ ორ გვარს – ნაცარაშვილსა და ნაცარიშვილს საერთო არაფერი აქვს.

ნაცარიშვილი, ცხოვრებისეული პირობების გამო, ხელოვნურადაა გამოგონილი და ამ გვარს დადიანების ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოსთან მივყავართ.

აჭარის მიდამოებში, კერძოდ კი, ქობულეთის მაღალმთიან სოფელ ხინოში, საუკუნეების წინათ სამეგრელოდან დადიანები გადასახლებულან. გვარში დღემდეა შემორჩენილი გადმოცემა: ჯემალ დადიანმა ხუნდებით წამებას ვერ გაუძლო, ტყეში გადაიკარგა და სოფელ ხინოდან 80 კილომეტრზე იპოვეს ნაცარში ამოგანგლული. მას ალამბარელებმა (სოფელია) ჯერ ნაცარა შეარქვეს, ხოლო, როცა ოჯახი შექმნა, დადიანის ნაცარიშვილად მონათლეს. ასე რომ, სწორედ დადიანის გვარმა დაუდო სათავე ნაცარიშვილის გვარს. ამ მცირერიცხოვანი გვარის წინაპრები დადიანები იყვნენ.

საქართველოში 37 ნაცარიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 22, თბილისში – 10, ბათუმში – 5.

ბასიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბასილი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და სამეფოს ნიშნავს. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი ბასი, რომელიც ძველი ქართული წყაროების ეთნონიმს – ბასს, ბესს უკავშირდება.

საკუთარი სახელი ბასია გვხვდება რაჭაში, სოფელ ჭიორაში, ერთ-ერთ ისტორიულ საბუთში.

ამავე ძირისაა გვარები: ბასიაშვილი, ბასიკაშვილი, ბასილაშვილი, ბასელაშვილი, ბასიშვილი და ბასილია.

საქართველოში 533 ბასიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 382, კასპში – 98, რუსთავში – 30. არიან სხვაგანაც.

ნანავა 

1904 წელს ნაესაკაოში მცხოვრები ნანავები აზნაურები იყვნენ. 

გვარის ფუძეა ნანა, რომელსაც რამდენიმე სახის დატვირთვა აქვს. საბასთან ეს არის საამო, სანდომი – ნანა (ნანინა), ბავშვის მოსაფერებელი სახელია და შესაძლოა, ის ბოლომდე შერჩეს ადამიანს. აღმოსავლეთ საქართველოში მამაკაცის საკუთარ სახელად მოიხსენიება: ნანაია, ნანე, ნანი, ნანია, ნანო, ნანობა. დასავლეთ საქართველოში მამაკაცის სახელებად დაფიქსირებულია ნანაია, ნანეტა, ნანი, ნანო, ნანუჩა, ნანია, ნანილა და სხვა. ასევე, ქალთა სახელებია: ნანა, ნანაი, ნანალუ, ნანამზე, ნანატა, ნანატრი, ნანაღო, ნანზი, ნანსი და სხვა. 

საკუთარი სახელიდან ნანა, ნაწარმოებია ქართული გვარები: ნანავა, ნანაშვილი, ნანაძე, ნანდოშვილი, ნანეიშვილი, ნანეტაშვილი, ნანიაშვილი (ნანიევი), ნანიტაშვილი, ნანიშვილი, ნანობაშვილი, ნანოშვილი, ნანუაშვილი. 

ნანაშვილი, ნანიაშვილი, ნანეიშვილი, ნანავა – სადადიანო აზნაური, ანუ აზნაურული საგვარეულოებია. 

სანანაო არის უბნები ახალ აბასთუმანსა და ყულშკარში. ნანანუ კი, ტყეა უფალკარში. 

საქართველოში 1 612 ნანავა ცხოვრობს. ზუგდიდში – 572, მარტვილში – 367, თბილისში – 161, არიან სხვაგანაც. 

კოკოზაშვილი-კოკოზოვი 

კოკოზა საკუთარი სახელია, ის დასდებია საფუძვლად კოკოზაურ-კოკოზაშვილთა გვარს. „1634-1653 წლებში გარდატენში მცხოვრები კოკოზაურის მამული ნოდარ ციციშვილმა დაანება გორელ ადიბეგ და გაბრიელ ანდრონიკაშვილებს“. 

„გარდატენში მცხოვრები კოკოზაშვილის მამული ჯავახიშვილის ასულ მარიხმა მიჰყიდა გორელ მანდატურთუხუცესს, თაყა ანდრონიკაშვილს“ (1634-1653 წლები). 

კოკოზოვები ყოფილი კოკოზაშვილები არიან. 

გვხვდება გვარი კოკოზასშვილი, კოკოზაური. 

საქართველოში 453 კოკოზაშვილი ცხოვრობს. ქარელში – 152, თბილისში – 98, თიანეთში – 85, არიან სხვაგანაც. 

35 – კოკოზოვი: წალკაში – 31, თბილისში – 4. 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3