როგორ ათამაშებდა სტალინი მოწინააღმდეგე ქვეყნების სპეცსამსახურებს
სტალინის გენიალობის ერთ-ერთი საბუთი მისი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და გლობალური, მასშტაბური აზროვნების უნარი იყო. ეს ადამიანი ყოველთვის წინ უსწრებდა დროს და თავისი უზარმაზარი, მართლაც უსაზღვრო ენერგიის წყალობით, მიჰყავდა ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით წინ, სულ ახალ-ახალი გამარჯვებისკენ. მას შემდეგ, რაც ლავრენტი ბერიამ ყველა ძალოვანი უწყება გააერთიანა და ჩაიბარა, ისედაც ბრწყინვალედ მომუშავე საგარეო დაზვერვა, კიდევ უფრო გააქტიურდა და ძვირფასი ინფორმაციების მიწოდება გააორმაგა. იმ მოვლენებიდან უკვე ოცდაათ წელზე მეტი (ლაპარაკია 1970 წელზე) გავიდა და ახლა შეიძლება, ბევრს სხვაგვარად მოეჩვენოს ის დღეები. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა სტალინის, ბერიასა და სხვების ნებისყოფა, ჭკუა და გამძლეობა, შესაძლოა, სამხედრო-პოლიტიკური ძალების განლაგება სხვაგვარი, ჩვენთვის არაკეთილსაიმედო ყოფილიყო იმ ვითარებაში. საქმე ისაა, რომ მაშინდელ ატმოსფეროში დიდი ბრიტანეთი ძალზედ რთულ სადაზვერვო-პოლიტიკურ თამაშს ეწეოდა, რომლის საბოლოო მიზანი გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ერთმანეთთან შეჯახება და აქედან გამომდინარე, საკუთარი მიზნების განხორციელება იყო. საამისოდ, ბრიტანეთის დაზვერვა დეზინფორმაციის ფართო კამპანიას ეწეოდა როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე გერმანიის მიმართ. სტალინი მშვენივრად ერკვეოდა ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ ჩახლართულ კომბინაციებში და ბერიას კონტრზომების შემუშავებისკენ მოუწოდებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლავრენტი ბერიას ძალისხმევით მოხერხდა ხუთი ბრიტანელის გადმობირება, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ საბჭოთა დაზვერვაზე – ეგრეთ წოდებული კემბრიჯის ხუთეული. მრავალი წლის შემდეგ ეს ადამიანები ბრიტანეთის სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის სტრუქტურაში მუშაობდნენ და განსაკუთრებით ძვირფას ინფორმაციებს გვაწვდიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, საბჭოთა დაზვერვა გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა ბრიტანეთისა და გერმანიის მიმართულებით. ასეთივე დატვირთვით გამოირჩეოდა ზემოხსენებული ქვეყნების დაზვერვაც ჩვენ მიმართაც. ხაზგასასმელია ისიც, რომ ლავრენტი ბერიას დაწინაურებამ და მის მიერ უმოკლეს დროში გაწეულმა სამუშაომ, სტალინს ლიტვინოვის გადაყენებისა და მის ადგილზე მოლოტოვის დანიშვნის შესაძლებლობა მისცა. როგორც დიპლომატი, ლიტვინოვი მაღალპროფესიულობით გამოირჩეოდა, თუმცა პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და, როგორც სტალინი აღნიშნავდა მასზე, „ორგანიზაციული კონტროლის“ უნარი აკლდა. სწორედ ასეთი მიშვებულობის გამო, საბჭოთა საგარეო საქმეთა უწყება უცხოეთისთვის მომუშავე აგენტურული ქსელით გადაიტვირთა და, დიდი ბელადის თქმით, ამ ქსელის დაშლა ლავრენტი ბერიას მოუხდა. საბჭოთა დაზვერვამ ბრიტანეთის დაზვერვაში მომუშავე აგენტისგან მიიღო ზესაიდუმლო ღონისძიებათა გეგმის ასლი, სადაც სხვადასხვა, თანამიმდევრულ პროვოკაციულ-დივერსიული მოქმედებების შედეგად, გერმანია-საბჭოთა კავშირი უნდა დატაკებოდა ერთმანეთს. ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები კი, ყოველნაირად შეუწყობდნენ ხელს ამ ომის, რაც შეიძლება, დიდი ხნით გაჭიანურებას.
– ძალიან ვერაგი, ჩახლართული და მათთვის მომგებიანი გეგმაა, – უთქვამს სტალინს ბერიასთვის, როდესაც მან ზესაიდუმლო გეგმა წარუდგინა დიდ ბელადს.
– დროა, ლიტვინოვის ლობირება მოვახდინოთ და ჩვენს დიპლომატებს მკაცრი, „რკინის სახის“ გავლების ტექნოლოგია შევასწავლოთ, – განავითარა თავისი აზრი სტალინმა და დასძინა:
– ვფიქრობ, დეკანოზოვი გერმანიაში ელჩობასთან ერთად, სახალხო კომისრის მოადგილედ უნდა დაინიშნოს, ხოლო ლიტვინოვის მაგიერ, მოლოტოვი უნდა დავსვათ.
როგორც მოგვიანებით ამ მომენტს პოსკრებიშევი იხსენებდა, სტალინმა პაუზა გააკეთა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი გააბოლა და დააბოლოვა: „ლიტვინოვს ხელი არ ახლოთ, ხოლო ყველა დანარჩენი, ვისაც თუნდაც მიზერული ბრალი მიუძღვის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ჩაფლავების მცდელობაში, გამოავლინეთ და უმკაცრესად დასაჯეთ“. ბერიამ, როგორც ყოველთვის, ენერგიულად მოჰკიდა ხელი საქმეს და სულ რაღაც ორ დღეში, რვაასამდე საბჭოთა დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი დააპატიმრეს. მათ მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში იბარებდნენ და შენობაშივე აპატიმრებდნენ, ბრალს იქვე უყენებდნენ და პირდაპირ „ლუბიანკაზე“ აგზავნიდნენ. თავად ლიტვინოვი მაისის დასაწყისში დაიბარა სტალინმა და შეხვედრაზე, რომელსაც ბერია და მოლოტოვიც ესწრებოდნენ, სასტიკად შეახურა:
– მე არასოდეს ვღალატობ პრინციპებს და მტკიცედ ვდგავარ ჩემს პოზიციებზე, თუმცა შენთან მიმართებაში, ვატყობ, სისუსტე შემპარვია, – აქ სტალინმა გააბოლა, დინჯად გაიარ-გამოიარა და განაგრძო, – მე კარგად მახსოვს შენი თავდადება, თუ გნებავთ, დიპლომატიური სიმამაცეც კი წარსულში, რამაც საკმაოდ დიდი გამარჯვებები მოგვიტანა. ალბათ, ამიტომ არ გაპატიმრებ, თუმცა კი ამას იმსახურებ – ლიტვინოვი ზეწარივით გაფითრებული, გაშეშებული იჯდა, ერთ წერტილში გაშტერებოდა თვალი და სახეზე ოფლის ნაკადულები ჩამოსდიოდა.
– გაიგე, რომ რაინდობისა და კეთილშობილების ხანა წარსულს ჩაბარდა და თუ სიმართლე გინდა, არც კი ყოფილა ოდესმე. რომელ რაინდობაზეა საუბარი, როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტრები ჩასაფრებულან და იმას ცდილობენ, როგორ ამოგვხადონ სული. შენი უწყება უცხოეთის საჯაშუშო ქსელების ფილიალადაა ქცეული და ნაცვლად იმისა, სწორი კადრები შეარჩიო, ბურჟუებთან გოლფის თამაშით ერთობი. კი, კარგია, დიპლომატიური ეტიკეტი და ისიც მშვენივრად მახსოვს, რა მშვენიერი მანევრით მოიშორე ტროცკი ჩემს სასარგებლოდ, მაგრამ ძველი დამსახურებისთვის ახალი დანაშაულის პატიება, არასწორად მიმაჩნია. თუმცა, ერთადერთ შემთხვევას ვუშვებ, გაპატიებ, არ გაპატიმრებ და მხოლოდ გათავისუფლებ...
ლიტვინოვმა ტროცკისტული ოპოზიციის დამხობაში უდიდესი როლი შეასრულა. სწორედ მან გაახმოვანა დიდი ბელადის სიმართლე საერთაშორისო ასპარეზზე, რაც სტალინმაც არ დაუვიწყა და ამიტომაც დაინდო. დათრგუნულმა ლიტვინოვმა კრემლი დატოვა და სახლში გაემგზავრა. ეს საუბარი 3 მაისს შედგა, 4-ში კი ლიტვინოვი, მოლოტოვს, ბერიას, მალენკოვსა და დეკანოზოვს ეახლა, რათა თანამშრომლებისთვის უწყების ახალი ხელმძღვანელი წარედგინა და მისთვის საქმეები გადაებარებინა. ლიტვინოვის გათავისუფლებას უარყოფითად შეხვდნენ ბრიტანეთსა და საფრანგეთში, ჰიტლერი კი აღტაცებული იყო და საგარეო საქმეთა მინისტრს – რიბენტროპს დიპლომატიური ნიადაგის ზონდაჟი დაავალა საბჭოთა საგარეო უწყების ახალ ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგვიანებით სადაზვერვო ცნობებიდან შევიტყვე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი შეკრიბა და შეშფოთებით ილაპარაკა ამ ცვლილების შესახებ: „სტალინი, – ამბობდა ბრიტანელი პრემიერი, – აშკარად ჰიტლერთან დაახლოებას ცდილობს. თუ ეს ასეა, მაშინ მთელი ჩვენი გეგმები (იგულისხმება ზემოხსენებული სადაზვერვო-დივერსიული გეგმა) წყალში გვეყრება. თუ ისინი „დაძმობილდნენ“, მაშინ მორიგდებიან კიდეც და არაა გამორიცხული, ერთობლივი ძალებითაც შეგვავიწროვონ“.
ბრიტანელების შეშფოთება, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებული არ ყოფილა, რადგან სტალინი ბრწყინვალედ გრძნობდა, საიდან უბერავდა ქარი. უბრალოდ, ის ამ სტიქიის უკან შეტრიალებას ცდილობდა. ჰიტლერის ბრძანების საფუძველზე, რიბენტროპმა გრაფ შულენბერგს (გერმანიის ელჩი მოსკოვში) დაავალა მოლოტოვთან შეხვედრა და სტალინის აზრის გაგება გერმანიასთან სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების შესახებ. აშკარა იყო, რომ ჰიტლერი რაღაცას შეეშფოთებინა და სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა. საქმე ისაა, რომ საბჭოთა დაზვერვის მიერ ოსტატურად შედგენილი დეზინფორმაცია, რომელშიც ბრიტანული წყაროებიც იყვნენ ჩართული, ჰიტლერს საბჭოთა კავშირ-ბრიტანეთის საიდუმლო კავშირის დამყარებაზე აუწყებდნენ, რაც გერმანელ დიქტატორს არანაირად არ აწყობდა.
– სტალინი ეშმაკურ მანევრს მიმართავს, – ამბობდა ფიურერი ერთ-ერთ თათბირზე, – პრობრიტანელი ლიტვინოვის გათავისუფლებით, მას ჩვენი ყურადღების მოდუნება სურს და ბრიტანელებთან ერთად ჩვენთან საომრად ემზადება.
სინამდვილეში კი, სტალინს დროის მოგება უნდოდა და ასეთი „უტკა“ იმიტომ შეუცურა ფაშისტებს, რომ ბრიტანეთის ვერაგობაში დარწმუნებულიყვნენ და ჩვენზე თავდასხმაზე აღარ ეფიქრათ. ანუ, საბჭოთა დაზვერვამ იგივე ოპერაცია ჩაატარა, რასაც ბრიტანელები ცდილობდნენ, ოღონდ, მათგან განსხვავებით, წარმატებულად და რაც მთავარია, გერმანია წამოეგო ანკესზე.
ჰიტლერი, რომელიც ჩვენი დაზვერვის მიერ ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ჩვენს სამხედრო სიძლიერეში დარწმუნდა (ლაპარაკია ჩვენი ჯარების სიძლიერის გადაჭარბებულ პოტენციალზე, რომელიც სხვადასხვა საშუალებით შეუცურეს გერმანულ დაზვერვას), შეეცადა, ჩვენთან „დამეგობრებას“ და დიპლომატიური ურთიერთობები გააძლიერა. მოგვიანებით, ჩვენმა ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, ჰიტლერს ომი 4 წლით, ან თუნდაც 2 წლით ადრე, ესე იგი 1937 ან 1939 წელს რომ დაეწყო, შედარებით წარმატებულად წარმართავდაო. არადა, ის, რაც ყველაზე მეტად გვაწყობდა, ანუ დროის მოგება, შემოგვთავაზა თავად ჰიტლერმა. 20 მაისს, შულენბერგი შეხვდა მოლოტოვს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, პოტიომკინს. ამ შეხვედრაზე გერმანიის ელჩმა ზოგადად მეგობრობაზე ისაუბრა და მხოლოდ შეხვედრის დასასრულს ჩააგდო სიტყვა მეგობრული ხელშეკრულების დადების შესახებ. გერმანელი დიპლომატის გაცილებისთანავე, მოლოტოვი სტალინს ეახლა და მოახსენა: კობა, მგონი, ისინი წამოეგნენ, გრაფი ჩვენ შორის მეგობრობაზე ჭიკჭიკებდა (ასეთი სტილით ხშირად საუბრობდნენ ხოლმე სტალინი და მოლოტოვი ერთმანეთში) და აშკარაა, რომ იგი ამას საკუთარი ნებით არ იტყოდა“.
სტალინს არაფერი უპასუხია, მხოლოდ თავი გააქნია, გააბოლა და პოსკრებიშევი იხმო, ჩაის მოტანა უბრძანა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჭიქა სანახევროდ გამოცალა, დაიწყო:. „დარწმუნებული ვარ, ნამდვილად წამოეგნენ და ნახე, თუ ხვალ-ზეგ უფრო დაჟინებით არ გვთხოვონ „დამეგობრება“. შენ და შენებმა ერთი-ორჯერ სიტყვა ბანზე აუგდეთ, მაგრამ არ გადაამეტოთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაჰყევით „სამეგობრო“ შეთანხმებაზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ასეთი შეთანხმება მიღწეული გვექნება. მე, რა თქმა უნდა, ამწუთსვე თანახმა ვარ, მაგრამ არ შეიძლება, გავიშიფრებით. შეიძლება, ჰიტლერი მიგვიხვდეს მანევრს და ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. გარდა ამისა, შენების მეშვეობით, დიპლომატიურ კორპუსში ინფორმაციამ გაჟონოს ჩვენი მომავალი მეგობრის თაობაზე და ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ ფრანკო-ბრიტანელები. ვფიქრობ, ისინიც შეეცდებიან ჩვენთან „დამეგობრებას“ და აქედან მხოლოდ ჩვენ ვიხეირებთ“. მართლაც, მოსკოვში მყოფ დიპლომატებს შორის საბჭოთა კავშირ-გერმანიის მომავალი კავშირის შესახებ ხმა გავრცელდა, რაზეც სასწრაფო რეაგირება მოახდინეს ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა და თავ-თავიანთ ქვეყნებში დაშიფრული დეპეშები დააგზავნეს. მთელი ზაფხული, როგორც გერმანია, ასევე ბრიტანეთი და საფრანგეთი საბჭოთა კავშირის თავის მხარეს გადაბირებას ცდილობდნენ, სტალინი კი ლავირებდა და პარალელურად, „წითელი არმიის“ ფორსირებულ მოდერნიზაციას ახორციელებდა.
23 აგვისტოს მოსკოვში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოაჰიმ ფონ რიბენტროპი ჩავიდა, რომელსაც აეროპორტში მოლოტოვი დახვდა. პარალელურად კი, ლენინგრადის გავლით, დედაქალაქს ანგლო-ფრანგული მისიებიც ეწვივნენ, რომელთანაც ვოროშილოვი აწარმოებდა მოლაპარაკებებს. რიბენტროპს მხოლოდ სტალინი და მოლოტოვი შეხვდნენ პირისპირ, მოილაპარაკეს და ღამის 2 საათზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ათწლიან ნეიტრალიტეტს ითვალისწინებდა. ეს დოკუმენტი „თავდაუსხმელობის პაქტის“ სახელით შევიდა ისტორიაში და მას რიბენტროპმა და მოლოტოვმა მოაწერეს ხელი. რიბენტროპი აეროპორტში მოლოტოვმა გააცილა და უკან დაბრუნებული სტალინს პირდაპირ კაბინეტში ეახლა, რომელიც უკვე ელოდა. მოლოტოვის დანახვისთანავე, დიდმა ბელადმა ორი ბოკალი შამპანურით შეავსო, ერთი მოლოტოვს გაუწოდა და წარმოთქვა: „მაინც წამოეგნენ და ეს ჩვენთვის დიდი წარმატებაა. რა თქმა უნდა, არა მგონია, რომ ჰიტლერი ათი წლით შევაჩეროთ. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ წინააღმდეგ 2 წელიწადი არაფერს მოიმოქმედებს, რაც არცთუ ისე ცოტაა“. შემდეგ მან საგარეო საქმეთა კომისარს სასმისი სასმისზე მიუჭახუნა და ბოლომდე გამოსცალა.
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით