რის გამო სვამდა ნოდიკო ტატიშვილი ფსიქოტროპიულ წამლებს და რა შიშები დასჩემდა მას გარკვეული დროის განმავლობაში
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდი, მაგრამ, ნებისმიერ სირთულეს, წინააღმდეგობასა და განსაცდელს ყველა სხვადასხვაგვარად უმკლავდება. რა თქმა უნდა, ამ კუთხით გამონაკლისს არც ნოდიკო ტატიშვილი წარმოადგენს. მის ცხოვრებაშიც არაერთხელ ყოფილა რთული პერიოდები, თუმცა, დღეს, როგორც მის კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაში, სიმშვიდეა და ყველაფერი კარგად მიდის.
ნოდიკო ტატიშვილი: ჩემს ცხოვრებაში ძალიან ხშირად ყოფილა რთული პერიოდები. იმდენად მძიმე პერიოდები გვქონია მეც და ჩემს ოჯახსაც, რომ, შეიძლება, მკითხველისთვის წარმოუდგენელიც კი იყოს. ახლა ეს ყველაფერი დეტალებში რომ გავიხსენო, შეიძლება, ისევ ძალიან ცუდად გავხდე. მქონია ისეთი პერიოდი, როდესაც არაფერი არ მდომებია, არაფრის კეთება, მხოლოდ ჩემს სახლში ყოფნა მინდოდა. ფსიქოლოგისთვისაც მიმიმართავს, რომ ეშველა ჩემთვის და ფსიქოტროპიული წამლებიც დამილევია.
– ასე რთულად იყო საქმე?
– კი, ძალიან. თან, მარტოც ვერ ვახერხებდი ამ ყველაფერთან გამკლავებას. როცა ამას ვერ ახერხებ, ფსიქოლოგთან მისვლა ძალიან კარგი საშუალებაა. დაახლოებით ორი-სამი თვე ვიღებდი ფსიქოტროპიულ საშუალებებს, იმისთვის კი არა, რომ კარგად ვყოფილიყავი, უბრალოდ, მეხმარებოდა რაღაცეების გადალახვაში, ბევრი რამისთვის „ლაითად“ რომ შემეხედა. მაგრამ, ყველაზე მეტად დამეხმარნენ ის სასულიერო პირები, რომლებთანაც ვმეგობრობ – მათ სულ სხვა კუთხით დამანახვეს ყველაფერი. ამის შემდეგ დავიჯერე, რომ ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი და, თუ ამ კარგს სწორად გამოიყენებ, მერე ეს კარგი ძალიან დიდხანს გაგრძელდება. განსაცდელების გარეშე კი არ არსებობს ცხოვრება – ეს ყველამ იცის. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი განსაცდელები, რომლებიც კვადრატში იყო აყვანილი, საბოლოოდ კარგად დამთავრდა. მას მერე კიდევ ხდებოდა რაღაცეები, მაგრამ, ისეთი სერიოზული აღარ ყოფილა.
– რაში დაგეხმარა ამ ყველაფრის გადატანა?
– თუნდაც იმაში, რომ ამის მერე მიფიქრია: რა უნდა მოხდეს, რომ გამიკვირდეს; რა უნდა გავიგო ისეთი, რომ შოკში ჩავვარდე, განვიცადო? – ასეთი რამ აღარ არსებობს. ზოგჯერ განსაცდელები საჭიროა, აუცილებელი იმისთვის, რომ უკეთ ისწავლო ცხოვრება; როგორ გადალახო ბარიერები ისე, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახო. იმ დროს გვირაბის ბოლოს საერთოდ ვერ ვხედავდი სინათლეს. ძალიან ბნელოდა და საერთოდ არ ჩანდა სინათლის სხივი. თან, ეს არ გრძელდებოდა ცოტა ხანს. პირადად მე არ მეხებოდა, ჩემს ოჯახს ეხებოდა და ეს კიდევ უფრო რთული იყო ჩემთვის. როცა საკუთარ თავთან მართალი ხარ, არ დაგიმსახურებია ის, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, ვიღაცას უნდა შენი „წამოკიდება”, პრობლემების შექმნა, ცუდის გაკეთება, ახლა უკვე ძალიან მარტივია ჩემთვის, ეს ყველაფერი ცალ ყურში შევუშვა და მეორიდან გამოვუშვა. ადრე კი ამას ვერ ვაკეთებდი. მაშინ ყველაზე მძიმე და, თან, იმავდროულად, კარგი ის იყო, რომ შემოქმედებითად ძალიან ვიყავი დატვირთული. ეს რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერავინ და ვერაფერი მიშველიდა. საქმეც მქონდა, სისტემატურად მქონდა წარმატებები და დღემდე გრძელდება ეს გამონათებები.
– რა მოხდა მაშინ, როდესაც სინათლე დაინახე?
– სინათლე რომ დავინახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვერ დავიჯერე, მაგრამ, ბოლოს, როცა მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჩემს თავს მოვუწყვე დიდი გასეირნება ევროპაში. თან, ჩემი მეგობრები იყვნენ იქ, ჩემი დაბადების დღეც მოდიოდა და, მოკლედ, ორი წლის წინ დაბადების დღე აღვნიშნე რომში. მანამდე ვიყავი ბარსელონაში და სიმართლე რომ გითხრა, იქაც ცოტათი სიზმარში მეგონა თავი: ნუთუ ყველაფერმა გადაიარა?
– ზოგჯერ საკუთარი თავის განებივრება, საჩუქრების გაკეთება კარგია და აუცილებელიც.
– კი და, ეს მართლაც ის შემთხვევა იყო, როდესაც წავედი ისე, რომ არ მქონდა არანაირი საქმე. უბრალოდ, შემეძლო მევლო მუზეუმებში, მენახა ღირსშესანიშნაობები, დამესვენა და საკუთარი თავისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ჩამეტარებინა. იქიდან უფრო დამშვიდებული ჩამოვედი, თუმცა, შიშის მომენტი, რომ ვიღაც რაღაცას გართმევს, გედავება – რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც გამომყვა. დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და, მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მაინც ოჯახია, შენი მეგობრები და ის ადამიანები, ვისაც უყვარხარ. არ მინდა, მორალისტი გამოვიდე, მაგრამ, მგონია და მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, დააფასო ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უყვარხარ და მათი მხრიდან ამას გრძნობ. დიდი ხანია, მივხვდი, რომ, მთავარია, ოჯახის წევრები იყვნენ კარგად, ასევე, შენი გარემოცვა, მეგობრები. ვერც წარმოიდგენ, ზოგჯერ ისეთ ადამიანებზე მიფიქრია ან მინერვიულია, როცა რაღაც პრობლემა ჰქონიათ, რომ არც კი ვიცნობ კარგად. მთავარი მაინც კეთილდღეობაა და, მიხარია, რომ ეს აქვს დღეს ჩემს ოჯახს: კარგად ვართ, ერთად ვართ. ამ ყველაფერს კი ერთვის და თან ცხოვრების აზრს მაძლევს ის, რომ მიხარია ქუჩაში გასვლა და მიხარია, რომ, სადაც არ უნდა წავიდე, საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში, ყველგან სახლში ვგრძნობ თავს. ისეთი სითბოთი მხვდებიან, ვერც წარმომიდგენია, რომ სტუმარი ვარ. ევროპაშიც მაქვს ხოლმე გასტროლები და, თურმე, იქ მცხოვრები ქართველები უფრო მეტად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ვიდრე ეს ჩვენთან ხდება. ხალხის დადებითი დამოკიდებულება ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო და პრიზია.
– შენს ოჯახზე, მშობლებზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობ.
– გამიმართლა, რომ დედაჩემისა და მამაჩემის შვილი ვარ. ამით ბედნიერი და ამაყი ვარ. საოცარი მშობლები მყავს: თბილები, მოსიყვარულეები, გულისხმიერები. მე და ჩემი და მათ ურთიერთობაზე ხშირად ვიცინით. დაახლოებით 35 წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან და მათი სერიოზული ჩხუბი არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ მათი კინკლაობა, რაც ახლაც ხდება ხოლმე და ძალიან სასაცილოა. თან, ეს ყოფით რაღაცეებზე ხდება, მაგალითად, დედას არ მოეწონება მამას მიტანილი „მალინა“ და ამის გამო ხუთი წუთი ჩხუბობენ, ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ კი ერთმანეთს მიუსხდებიან, ჩართავენ ტელევიზორს, სვამენ ყავას და ეხუტებიან, ეფერებიან ერთმანეთს და მე და ჩემი და ამაზე ვიცინით.
– შენ როგორ ფიქრობ, ასეთივე მოსიყვარულე და გულისხმიერი მეუღლე იქნები?
– ზუსტად ასეთი ვიქნები, თუმცა, დედაჩემს რომ ჰკითხო, ჩემისთანა ჯიუტი, მომთხოვნი და ფიცხი დედამიწის ზურგზე არავინ უნახავს, მე კი ამას ვერ ვატყობ საკუთარ თავს. ყველას გვაქვს ჩვენი პრინციპები, უბრალოდ, ამ ყველაფერთან ერთად, პედანტი ვარ, გართულება მაქვს რაღაცეებზე, ანუ არის რაღაც, რაც მინდა, რომ ზუსტად ისე იყოს, როგორც მე მინდა და არა ისე, როგორც დედას, მამას, დას ან მეგობარს. დედაჩემი ჩემზე პედანტია და ხანდახან ვეუბნები: დედა, იქნებ, ფსიქოლოგს მიმართო, რომ დაგეხმაროს? ამას იმიტომ ვეუბნები, რომ, რასაც ოჯახში ვერავინ ხედავს, ხედავს დედაჩემი. დღეში რამდენჯერმე ალაგებს სახლს. ბოლო პერიოდში იმდენჯერ ვუყიდე მტვერსასრუტი, აღარც კი მახსოვს – „მატორი“ ვერ უძლებს და ეწვება. დილითაც მესმის მტვერსასრუტის ხმა, შუადღითაც, საღამოს და გვიანაც, თუ რამეს შენიშნავს იატაკზე. მტვერსასრუტების კოლექცია გვაქვს სახლში და ახლა დავემუქრე, რომ აღარ ვუყიდი. ჩემს ოთახსაც ხუთასჯერ ალაგებს, პერანგებს ამზადებს, კიდებს. ვეუბნები, დაანებე ამას თავი, მე როგორც დავდე, ისე იყოს-მეთქი, მაგრამ მაინც ჩუმად შედის და ასწორებს.
– რა უნდა იცოდეს შენმა მომავალმა ცოლმა?
– უნდა იცოდეს ძალიან გემრიელი კერძების კეთება; სამოსს რაც შეეხება, ყოველთვის უნდა მქონდეს წესრიგში. პრინციპში, ჩემი ბრალიც არის ყველაფერი. დედას ვეუბნები, ეს გამიმზადე კონცერტისთვის-მეთქი, მაგრამ, სანამ სახლიდან გავალ, სხვა რამის ჩაცმა მინდება და მერე ამაზე გვაქვს კამათი – რატომ ადრე არ მითხარიო.
– თან, შოპოჰოლიკი ხარ.
– ადრე არ ვიყავი, ახლა ვარ. იმხელა გარდერობი მაქვს, მეორეს ყიდვას ვაპირებ – ერთ კარადაში აღარ ეტევა ჩემი ტანსაცმელი. მაგრამ, ყველაფერი წესრიგშია, შემიძლია, ხელი შევყო და ჩავიცვა.
– რას აქცევ სამოსის ყიდვისას ყურადღებას?
– პრაქტიკულობას და ხარისხს. მირჩევნია, უფრო მეტი თანხა გადავიხადო, მაგრამ, ვიცოდე, რომ დიდხანს გამიძლებს, რადგან, ფეხსაცმელს ორ კვირაში ვცვეთ, ტანსაცმელსაც – ძალიან მალე. სცენაზეც მიყვარს უფრო სადა, მაგრამ, ეფექტური და გამორჩეული სამოსის ჩაცმა. შეიძლება, ოტკუტიური არა, მაგრამ კარგი შესახედი იყოს. ბრენდებზე ერთი პერიოდი მქონდა გართულება. როცა ჩემი და ცხოვრობდა ლონდონში, მთელი წელი ვაგროვებდი თანხას, იმ დიდი თანხით ჩავდიოდი და, თუ რომელიმე ბრენდის სახელი მქონდა გაგონილი, იმ მაღაზიაში შევდიოდი, ოღონდ, ხამურად არ ვყიდულობდი, ვარჩევდი.
– როგორ არის იმ გოგოს ამბავი, მასთან ურთიერთობა რომ გსიამოვნებს?
– კარგად არის ყველაფერი. პირად ცხოვრებაშიც სიწყნარე, სიმშვიდე და სტაბილურობაა, ისევე, როგორც ყველა მხრივ. შემოქმედების თვალსაზრისითაც ნაყოფიერად დაიწყო ეს წელი – ოქტომბერში ან 5 ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეზე, მეორე ალბომის პრეზენტაციას ვგეგმავ და, შეიძლება, კონცერტიც დავამთხვიო. მანუჩარ მანჯავიძეა ჩემი ახალი ალბომის მუსიკალური დირექტორი და პროდიუსერი, ქართული ტექსტებიც მისი იქნება; ორი უცხოური სიმღერის ტექსტი დამიწერა უცხოელმა ავტორმა. გიორგი კიკალიშვილმა გადაიღო სიმღერაზე ვიდეო, რომელშიც გოგოლა მონაწილეობს – სექტემბერში „რუსთავი 2-ზე“ იქნება პრემიერა. კონცერტამდე კი მეორე კლიპის პრეზენტაციასაც ვაპირებ.