რატომ დააშორა შვილობილები ერთმანეთს თამარ ივერმა და როგორ გახდა ის სამი სხვადასხვა ეროვნების და-ძმის „დედა”
იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც ცხოველები ისე უყვარს, რომ მათზე საუბრისას თვალები უბრწყინდება და არ ბეზრდება საყვარელ არსებებზე ლაპარაკი. სწორედ ასეთია თამარ ივერი. როგორც თავად ამბობს, მას სახლში სამი შვილი ჰყავს: ულამაზესი სისი, გიჟმაჟი გუჩი და არისტოკრატი ჯინა. მართალია, მოუცლელობის გამო გუჩისთან და ჯინასთან განშორება უწევს ხოლმე, მაგრამ სისი უკვე ცხრა წლია, ყველგან დაჰყავს და მის გამო არაერთხელ უნერვიულია.
თამარ ივერი: ბავშვობიდან სულ მყავდა ცხოველები და ფრინველები. სოფლიდან ხან წიწილებს მოვარბენინებდი, ხან კატის კნუტებს. ისეთი პატარები იყვნენ კნუტები, „პიპეტკებით” ვაჭმევდი რძეს და ისე ვზრდიდი. ზაზუნებიც მყავდა, ბეღურებიც.. მოკლედ, რა აღარ მყოლია.
მაგალითად, როცა ნიუ-იორკში „მეტროპოლიტენ ოპერაში” ვმღეროდი, მაშინ წამოვიყვანე ჩემი ცუგა, სისიკა, რომელიც ცხრა წელია, ჩემ გვერდითაა. მეორე ძაღლი მყავს, ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის, ნამდვილი გიჟი, ფილმ „ნიღაბში” რომ ძაღლია, ზუსტად ისეთია და ნამდვილი გადარეული (იცინის). გუჩი ჰქვია და წარმოშობით ფრანგია. სახე ყავისფერი აქვს, თამბაქოსა და სიგარის ფერის ნაზავი – „ტაბაჩნი” ყავისფერია. უფრო სწორად, კონიაკის ფერის სახე აქვს. „გუჩის” მაღაზიაში რომ შეხვალთ, ამ ფერის არის ყველაფერი, ამ ფირმის სიმბოლოა და ჩემს გუჩისაც ამიტომ დავარქვი ეს სახელი. ერთი ქალისგან ვიყიდე, მაგრამ, ასეთი გიჟმაჟი თუ იქნებოდა, რას წარმოვიდგენდი (იცინის). მესამე მყავს ტაილანდელი ქალბატონი ჯინა – სიამის კატა. ასე რომ, სამი შვილი მყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ერთი შვილი ამერიკელია, მეორე – ფრანგი და მესამე ტაილანდელი (იცინის). ძალიან მიყვარს ცხოველები და ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, როცა ვხედავდი, ვინმე მათ უდიერად ეპყრობოდა, აწვალებდა ან სცემდა. დღესაც ასე ვარ. ალბათ იცით, რომ არის ქვეყნები, სადაც საერთოდ იკრძალება ცხოველის ქურქის ტარება და ბეწვის მოსასხამის ტარებაზეც კი უდიდესი ჯარიმაა.
– პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში გიხდება მოგზაურობა. სადაც მიდიხარ ყველგან თან დაგყავს შენი სამივე შვილობილი თუ დროებით გიწევს ხოლმე მათთან განშორება?
– სისი სულ ჩემ გვერდითაა; ფანტასტიკური ძაღლია, მშვიდი, ჭკვიანი და ყველგან დამყავს. ჩემოდნის ჩალაგებას რომ ვიწყებ, ის პირველი ხტება მასში. ვხუმრობ ხოლმე, ერთხელაც იქნება, ვერ დავინახავ, ჩავკეტავ და, თვითმფრინავის საბარგულში რომ აღმოჩნდება, მერე ისწავლის ჭკუას-მეთქი. სისიკო მულტიფუნქციურია – დაკეცე, ჩადე ჩანთაში და წადი სადაც გინდა, არ შეგაწუხებს (იცინის). თავისი ჩანთა აქვს, სადაც მაშინ ვსვამ, როცა სადმე მიმყავს და, შეუძლია, 6-7 საათი გასუსული იჯდეს და არ შეგაწუხოს. ერთადერთი წყალი უნდება ხოლმე, თორემ, არც ტუალეტს ითხოვს და არც ამოყვანას. ასე დავფრინავთ მე და სისიკო ერთად მშვიდად და კომფორტულად, როგორც გითხარით, არსებობს ქვეყნები, მაგალითად, შვედეთი, ავსტრალია, იაპონია და ინგლისი, სადაც ძალიან სიმკაცრეა და ცხოველის შეყვანა კი არა, ბეწვის მოსასხამის შეტანაც კი იკრძალება. ეს იმ შემთხვევაში, თუ დროებით ჩადიხარ, მაგრამ, თუ საცხოვრებლად, მაშინ სპეციალური პროცედურები უნდა გაიარო და დაარეგისტრირო შენი ცხოველი. ამიტომ მომიხდა სისისთან დროებით განშორება და მისი დატოვება დედაჩემთან, თორემ, ისე ყველგან ჩემ გვერდითაა. ჯინა დედაჩემთან ცხოვრობს, გუჩი კი ჩემი მეუღლის, რაულის სახლში ცხოვრობს სანზონაში. სამწუხაროდ, და-ძმები ერთად ვერ ცხოვრობენ, გაშვილებულები მყავს, მაგრამ, ერთად რომ შეიყრებიან, უნდა ნახოთ, რა დღეში არიან. ახლა სისი და ჯინა ერთად არიან და ტკბებიან ერთმანეთის სიყვარულით. სისიკო ჩემს ქორწილში უნდა გენახათ, როგორი გადაპრანჭული იყო, გვერდიდან არ მომცილებია, ჩემთან ერთად იჯდა „ლიმუზინში”, თეთრი „ბანწიკით” თავზე (იცინის). ზოგადად, პრანჭიაა და უხდება თავზე ქუდი და „ბანტები”. თან, იცის, რომ ლამაზი და საყვარელია და იფერებს (იცინის).
– ხშირად წერ სოციალურ ქსელში ცხოველებზე და გამოხატავ მათ მიმართ სიყვარულს. ხოლო, თუ ვინმემ ნაწამები ცხოველის სურათი დადო, ამაზე შენი კომენტარები საკმაოდ მკაცრია.
– მართალი ხართ, ძალიან მიყვარს ცხოველები და მათზე ხშირად ვწერ ხოლმე სოციალურ ქსელში. ძალიან განვიცდი, როცა ნაწამები ცხოველის ფოტოს ვნახავ და, ამაზე რომ ჩემი აზრი არ გამოვთქვა, გამიჭირდება. წარმოიდგინეთ, როგორი არაადამიანი უნდა იყო, ცხოველი რომ აწამო! ისიც ხომ სულიერია? რადგან ენა არ აქვს, ვერ ლაპარაკობს და ვერ გიჩივლებს, ამის გამო უნდა აწამო და დაასისხლიანო?! პირდაპირ, სიტყვას ვერ ვპოულობ, რაც ასეთ ადამიანს უნდა უწოდო კაცმა.
– ძალიან მობილიზებული ხარ და საკმაოდ კარგად უვლი შენს ცხოველებს. დავიჯერო, არასდროს გაპარულან სახლიდან და არ დაკარგულან?
– როგორ არა! ისე მანერვიულა სისიმ, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. პატარა რომ იყო, სახლიდან გამექცა ვენაში. ცენტრალური ქუჩაა, სადაც მანქანების ნაკადი არ წყდება და ისეთი ამბავია, ძაღლს კი არა, ადამიანს უჭირს ერთი მხარიდან მეორე მხარეს გადასვლა. მოკლედ, სისიკომ არც აცია, არც აცხელა და ეს ქუჩა ყელმოღერებულმა გადაჭრა მანქანების გრიალში. ბედისწერა იყო თუ ღმერთის წყალობა, ვერ გეტყვით, მაგრამ, მადლობა უფალს, მშვიდობით გადაკვეთა ეს საგიჟეთი ქუჩა და ცოცხალი გადარჩა, თორემ, რამე რომ დამართნოდა, ხომ გადავირეოდი? ვიღაც ავსტრიელმა გოგონამ დაიჭირა და გადმომიყვანა. ისე ჩავიკარი გულში შეშინებულმა, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან (იცინის). მაშინ 2-3 თვის იყო, დაგორავდა საყვარლად და, არც კი უფიქრია, რა შეიძლებოდა მოსვლოდა, ახლა კი უკვე დიდი გოგოა და იცის, რომ არ უნდა მანერვიულოს. თან, მაშინ სახლიდან არ გამყავდა, სულ ხელში მეჭირა და, არ იცოდა, თუ არსებობდა ასეთი „ურჩხული” – მანქანა, რომელსაც, შეიძლებოდა, დაერტყა. აი, გუჩი კი ძალიან ცელქია, უყვარს მოძრაობა, სეირნობა, გიჟმაჟობა, თავგადასავლები. თავნებაა და ორჯერ გამექცა ქუჩაში. სახლიდან არ ვუშვებდი მარტო. კერძო სახლი მაქვს, სტუმრები მყავდა და გადი-გამოდიოდნენ. ეტყობა, კარი დარჩათ ღია, გუჩიმაც დრო იხელთა, სტკუცა თავი და გავარდა. სამი დღე ვეძებეთ, შევყარეთ მთელი უბანი და, რადგან ვერ ვიპოვეთ, ჩავთვალეთ, რომ დაიკარგა და გამოვიგლოვეთ. მახსოვს, გამოვაკარით კიდეც ქუჩაში გუჩის სურათები წარწერით: „დაიკარგა ძვირად ღირებული ძაღლი, წითელი პლაშჩით!” (იცინის). მეოთხე დღეს ბავშვებმა მოგვიყვანეს – სადღაც უპოვიათ. უნდა გენახათ, ეს ძვირფასი ინგლისური პლაშჩი, რაც ეცვა, როგორი დაფლეთილ-დაფხრეწილი ჰქონდა და მაზუთებ-ბენზინებში იყო ამოგუნგლული. ვერ გეტყვით, იჩხუბა თუ ინერვიულა და იგორავა, მაგრამ, ფაქტია, გაუბედურებული მომიყვანეს.
– იცი, რა მაინტერესებს? არისტოკრატი ჯინა, გიჟი გუჩი და ჭკვიანი სისი, როგორი და-ძმა არიან, ერთმანეთს როგორ ეგუებიან?
– გადასარევად. სისი ძალიან მოსიყვარულე ძაღლია, ჯინაც საკმაოდ თბილია და იცის დედმამიშვილობა, მაგრამ, აი, გუჩის ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი და ამიტომაც გავაშვილეთ (იცინის). თუ გაბრაზდა, შეუძლია, დაეტაკოს სისიკოს და გაგლიჯოს. ამიტომ, რადგან, ერთად ვერ რიგდებიან, დავაშორეთ.