კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ნიშნავს სქესობრივი აქტი რუსულ ენაში ცემას, ქართულში – ტყვედ აყვანას, ფრანგულში კი – სიყვარულის კეთებას

შსს-მ სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც, ჩვენს ქვეყანაში 2007 წლიდან 2014 წლის ივნისამდე 1 102 ძალადობის ფაქტი დაფიქსირებულა, რომლებშიც 2 223 პირი იღებდა მონაწილეობას. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1 010 ქალი და, სულ რაღაც, 117 მამაკაცი. ოჯახური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფიზიკური ძალადობა –  47,2 პროცენტი, მეორე ადგილს კი ფსიქოლოგიური ძალადობა იკავებს –  42,8 პროცენტიანი მაჩვენებლით. ოჯახური ძალადობის გამო 2014 წლის იანვარ-ივნისში სისხლის სამართლებრივი დევნა 310 პირის მიმართ განხორციელდა, მათგან 289 მამაკაცია, ხოლო 21 –  ქალი. მათგან დაზარალებულად ცნობილია 96 მამაკაცი და 372 ქალი. ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი თბილისში ყოფილა. რა პრობლემის არსებობაზე მიუთითებს ზემოხსენებული სტატისტიკა (იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება, რადგან ძალადობის მსხვერპლები, როგორც წესი, ნაკლებად მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს) და როგორ უნდა დავიცვათ თავი როგორც ქალების, ისე მამაკაცების მხრიდან ძალადობისგან, თემას ფისქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.

 

– რაზე მეტყველებს ოჯახური ძალადობის ასეთი მძიმე მაჩვენებელი?

– ცხადია, საკუთრივ ძალადობის ფაქტი მეტი იქნება, თუმცა ეს ციფრებიც საკმაოდ დიდია. რაღაც ნაწილი, ალბათ, იქნება სუფთა პათოლოგიური ხასიათის: გამომდინარე პათოლოგიური ეჭვიანობიდან თუ ამა თუ იმ ტიპის პათოლოგიური გადახრიდან; გარკვეული ნაწილი სოციოპათიაზე მიანიშნებს. სოციოპათია არ მიიჩნევა დაავადებად, მაგრამ ეს ხასიათობრივი დეფორმაციაა; რაღაც ნაწილმა, სავარაუდოდ, ძალადობა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა და იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ყოფითი სირთულეების გამო არიან წყობიდან გამოსულები, ჩხუბობენ და ეს სკანდალები შემდეგ იღებს ძალადობრივ ხასიათს. ანუ შედეგია იმ აგრესიისა, რომელსაც საფუძვლად აქვს ყოფითი სირთულეები.

– შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი არის ინდიკატორი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონისა? ხელს უწყობს მძიმე სოციალური ფონი ოჯახურ ძალადობას?

– რატომაც, არა?! საქმე ის არის, რომ საკუთრივ ძალადობა აგრესიის ფორმაა. აგრესიის ქვემდებარე მექანიზმი კი არის ამა თუ იმ საბაზო მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა, ფრუსტრაცია, იმედგაცრუება. წარმოიდგინეთ, ადამიანს არც სამსახური აქვს, არც პერსპექტივა. ფრუსტრირებულია ყველა მიმართულებით: ვერ დასაქმდა, ფული არ აქვს, რის გამოც, შესაძლოა, დაცინვის საგანი გახდა; ამიტომ რცხვენია თავის გამოყოფა და ასე შემდეგ. ამის საფუძველზე აგრესიის მუხტი იზრდება და პატარა ნაპერწკალმა შეიძლება, აგრესიის ხანძარი დაანთოს, როდესაც ასეთი მაღალი დოზით აქვს ადამიანს იმედგაცრუებები და მომატებული ფარული აგრესიის მდგომარეობა.

– თუმცა აქ ერთი ნიუანსია: ეს ფარული აგრესია თავს იჩენს სუსტის მიმართ, მათზე ძლიერ მამაკაცებთან ეს ნაპერწკალი აგრესიის ხანძარს ვერ ანთებს. ანუ, ვისაც ხელის შემობრუნება შეუძლია მათზე არ ცდილობენ განმუხტვას მოძალადეები, თავისზე სუსტები ურჩევნიათ? 

– ამ შემთხვევაში ისეთ პირებთან კი არ გვაქვს საქმე, რომლებსაც კონსტრუქციული აგრესია აქვთ, როდესაც აგრესია რაღაც პრობლემას წყვეტს, არამედ, ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც სუსტის დაჩაგვრა შეუძლიათ და ჯავრს სხვებზე იყრიან ხოლმე. ასეთებიც იქნებიან იმ სტატისტიკურ მონაცემებში. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ  ხშირად სუსტი სქესის წარმომადგენლები, ანუ ქალები მამაკაცებს, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, სჯობნიან იმ მხრივ, რომ დასაქმებულები არიან და ოჯახში შემომტანი, ანუ მარჩენალი შეიძლება, იყოს ქალი, კაცი კი – სარჩენი. ასეთ ვითარებაში მამაკაცი თითქოს ჯავრს იყრის.

– საკუთარი უნიათობის გამო?

–  დიახ, ასეთი მომენტიც იქნება, იმიტომ რომ, ასეთ შემთხვევაში, მამაკაცები თავს ცხოვრებისგან დაჩაგრულად მიიჩნევენ. ეს გარეგნულადაა ასეთი კაცი კმაყოფილი იმის გამო, რომ არჩენენ, მაგრამ შინაგანად შესაძლოა, განიცდიდეს, თუ რატომ უნდა იყოს ცოლის სარჩენი და ამ ჯავრს ცოლზე იყრიდეს. განტევების ვაცის მექანიზმი ძალიან გავრცელებულია ჩვენს ყოფიერებაში: როდესაც ერთზე არიან დაბოღმილები და მეორეზე იყრიან ჯავრს. საერთოდ, ჩვენი საზოგადოება არის გულის მოოხებისა და ჯავრის ამოყრის საზოგადოება. სიძულვილის ენაც აქედან მოდის. ხალხი იმითაა კმაყოფილი, რომ სააკაშვილს დააპატიმრებენ. რა თქმა უნდა, კარგია, თუ სამართალი იზეიმებს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი იმაზე კი არ არიან ორიენტირებულები, რომ ამით რაღაც პრობლემა გადაწყდება, არამედ ჯავრის ამოყრაზე. ანუ პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირება სხვაა და გულის მოოხებაზე ორიენტირება –  სხვა. ჩვენი საზოგადოება გულის მომოხებელი საზოგადოებაა და ესეც აგრესიის თავისებური ფორმაა, რომელიც შემდეგ აგრესიაში გადადის, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია ვერბალურ ძალადობასთან: დედის შეგინება, დაგინება, ლანძღვა და ასე შემდეგ ადვილად გადადის ფიზიკურ ძალადობაში.

– მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე ვერბალურად და იქნებ ახლა საპასუხოდ იმავეს იღებს?

– ცხადია, თვითონ სააკაშვილმა შექმნა ძალადობის მანქანა: ბიზნესმენებსა თუ საზოგადოებაზე, დევნილებსა თუ ჟურნალისტებზე. თან, ეს ყველაფერი ნაჩვენები იყო, ხალხი ამის მოწმეა და თუ უშუალოდ არ შეხებია, წარამარა ამას ხედავდა ტელევიზიით. ამას გარდა, სააკაშვილის მეტყველების მანერაც აგრესიული ხასიათის იყო. როდესაც აგრესიის ეს მუხტი ზევიდან ქვემოთ მიდის, მასებშიც ტრიალებს. ახლაც იგივე მდგომარეობაა, ბოღმის ნთხევის სიტუაციაში ვართ და დილის 7 საათზე ქუჩაში შეხვდები ადამიანებს, რომლებიც დაბოღმილები გიყვებიან, რა ნახეს წუხელ ტელევიზიით. ანუ თავიდანვე განწყობილები არიან აგრესიისა და ბოღმის ნთხევისთვის, ატმოსფერო დამუხტულია სიძულვილით, ბოღმით და აგრესიით. გავიხსენოთ ვაჟებისთვის დამახასიათებელი მიმართვის ფორმები, ყველა ერთმანეთს ეჭიმება, რაც შემდეგ თავს იჩენს ქალ-ვაჟთა და ოჯახურ ურთიერთობებში.

– ჩვენი კულტურა ისტორიულად, ტრადიციულად რამდენადაა მიდრეკილი ძალადობისადმი?

– ძალიან ძნელია ამაზე საუბარი, რადგან კულტურა ხომ ერთ დღეში არ ყალიბდება?! ის შედეგია საუკუნეების, ამიტომ ამაზე საუბარი ძალიან სპეკულაციური იქნება.

– ჩვენს ლიტერატურას რომ გადავხედოთ, ის ხომ ქმნის სტანდარტებს, სტერეოტიპებს?

– რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვით, რომ ქართველები გამოირჩეოდნენ ქალ-ვაჟთა და ოჯახში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ძალადობით. მაგალითად, რუსეთში ეს აშკარად ჩანს. რუსულ ენაში ტერმინი, რომელიც სქესობრივ აქტს ნიშნავს, მოდის ტერმინიდან „ხèòü“ ანუ ცემა. სქესობრივი აქტი გაიგივებულია ცემასთან; თუმცა ქართულიც არ არის შორს ამისგან, იგივე სიტყვა ქართულში მოდის ტყვედ აყვანიდან. ანუ სქესობრივი აქტი გაიგივებულია დატყვევებასთან და ქალს კაცი ექცევა, როგორც ტყვეს. ესეც თავისებურ აგრესიაზე მიუთითებს, მაშინ, როდესაც ფრანგულში ეს სიყვარულის კეთებას ნიშნავს. იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა, ამ ურთიერთობაში აგრესიის მუხტი იყოს, რადგან მამაკაცის დამოკიდებულება იყო ძალადობრივი, მოტაცების ფაქტის გათვალისწინებით, რაც ვაჟკაცობად მიიჩნეოდა. მოტაცებაც ძალადობაა, მართალია, სიყვარულის მოტივი ურევია, მაგრამ რა უფლება გაქვს, სხვა ადამიანი დაჩაგრო?! ამდენად, ეტყობა, ძალადობის ფორმები იყო, მაგრამ ქართულ რეალობაში რუსეთის მსგავსად ძალადობა ფაქტად არ არის მოცემული.

– თუ გულახდილად ვიტყვით, ჩვენი შუშანიკიც საკმაოდ ძალადობს, ვარსქენი შეიძლება, იმსახურებს, მაგრამ შუშანიკიც ძალადობის იმ ფორმებს იყენებს, რაც მის ხელთაა. იმავე „ვეფხისტყაოსანში“ ქალები საკმაოდ კაპასები არიან და არცთუ იშვიათად, ჭკუას არიგებენ კაცებს, რასაც პირადად მე, ძალიან მივესალმები.

– მაგრამ ოჯახური ძალადობა მაინც სხვა თემაა. ქალსა და მამაკაცს შორის ყოველთვის იყო და არის ომი. მას შემდეგ, რაც ბუნებამ გაყო ერთსქესიანი არსებები ქალად და კაცად, დიალექტიკა კი მოითხოვს ბრძოლას, ამ ორ სქესს შორისაც მუდმივი ბრძოლაა.

– და ვინც სჯობნის, ის ერევა?

– ჯერ მატრიარქატი იყო, მაგრამ მამაკაცებმა დაამხეს და პატრიარქატი დაამყარეს. კონკურენცია და ბრძოლა ერთმანეთთან ყოველთვის იყო, მაგრამ ოჯახი მაინც სულ სხვაა. ოჯახში ისინი დაქორწინებულები არიან.

– ანუ დაზავდნენ?

– ქორწინება წყვილია და ოჯახი, როდესაც მესამე პოზიციაც ჩნდება –  შვილი. რადგან ოჯახურ ძალადობაზე ვლაპარაკობთ, ოჯახი ისეთი ერთეულია, რომელიც ქორწინებაზე მეტია. შედარებით დიდი ხნის შექმნილია და ეს არ არის ქალსა და კაცს შორს უთრთიერთობა, ეს არის ოჯახური ურთიერთობა.

– ქალი რა პირობებში ყალიბდება მოძალადეთ. იგივე სქემაა, რაც მამაკაცების შემთხვევაში? ქალი რა ბოღმას ანთხევს?

– მოძალადე ქალის შემთხვევაშიც, ალბათ, ბევრი რამ იქნება ყოფასთან დაკავშირებული; იმასთან, რომ არსებობს თავდაცვითი აგრესია, რადგან, მას მუდმივი თავდაცვა უწევს, ბოლოს ამოუვა ყელში და ჩაარტყამს ნაჯახს. მეორე მექანიზმი შეიძლება, ის იყოს, რომ, თუ კაცი დაჩაგრულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ არჩენენ, ქალს შესაძლოა, აგრესია გაუჩნდეს იმის გამო, რომ მისი ქმარი ვერ შოულობს ფულს და სამსახურს. ამიტომ ეუბნებოდეს მას, არაფრის მაქნისი ხარო და ეს ვერბალური აგრესია გადავიდეს ფიზიკურში. არიან ფიზიკურად ძლიერი ქალები ან შეიძლება, შვილი მოიხმაროს, გადაიბიროს და გაალახვინოს მამამისი.

– მოძალადე ქალებისა და მამაკაცების ქცევას საერთო მექანიზმი ჰქონია: კაცი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. რატომ რჩებიან ქალები იქით სარჩენი კაცების ცოლებად, რომელიც, თან, საკაზმად, სცემს კიდეც ან, პირიქით, ცოლი სცემს ქმარს?

– ეს ნორმატივების ამბავიცაა. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ოჯახი არ უნდა დაინგრეს და ამ თავისი მოთმინებით ინარჩუნებს ოჯახს. თან, ქმრის შიშიც აქვს, თუ გაამჟღავნა და პოლიციაში დარეკა. თან, ოჯახის დანგრევა არ უნდა, ჯობია, მაინც ოჯახი ჰქონდეს. ფიქრობს, ამას რომ გავცილდე, მარტო უარესად ვიქნები ან, რომ გავთხოვდები, იქნებ ის ამაზე უარესი იყოსო. ქალებს აქვთ წარმოდგენა, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია, თუ მისი ქმარი აგრესიულია, ფიქრობს, რომ ყველა კაცი აგრესიულია.  ადამიანებზე მსჯელობს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და თუ გამოცდილებაში მწარე ტკივილები აქვს, სამყაროსაც ასე უყურებს. ამიტომ შიშობს, ამას რომ გავცილდე, შეიძლება, უარესს გადავეყაროო. ამას აძლიერებს სტერეოტიპები. საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტერეოტიპებს. მაგალითად, სტერეოტიპია, რომ კაცმა შეიძლება, მეგობრებთან ერთად იქეიფოს; რა კაცია, თუ არ სვამს; შეიძლება, ნაშები ჰყავდეს; რა კაცია, თუ ქალებში არ დადის. ქალისგან კი მოითხოვენ კდემამოსილებასა და პასიურობას. ქალს ნაკლები მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს, უნდა იჯდეს სახლში, იყოს ქმრის შემყურე და რასაც ქმარი ეტყვის, დაუჯეროს. არ დაკვირვებიხართ, რომ დამჯერეობა ძალიან მნიშვნელოვანია?! ხშირად გაიგონებთ ფრაზას: რატომ არ მიჯერებ, დამჯერე შვილი არ არის, ანუ დამჯერეობა და დამჯერეობის დარღვევა, სტერეოტიპების თვალსაზრისით, ითვლება ცუდ რამედ. მიიჩნევა, რომ რომელიღაც მხარე უნდა დომინირებდეს, ასეთი მხარე არის მამაკაცი, ოჯახის უფროსი, მეორე მხარე კი მას უნდა დაექვემდებაროს. ოჯახის უფროსი –  ასეთი სტერეოტიპი მამაკაცს ხელ-ფეხს უხსნის ძალადობისკენ და ამის ძირი შეიძლება, დავინახოთ სტერეოტიპებში და ეს სტერეოტიპები განმტკიცებულია საუკუნეების განმავლობაში. ძნელია ამის აღმოფხვრა ერთ ან ორ დღეში.

– რა დაამსხვრევს ამ სტერეოტიპებს?

– შეიძლება, დამსხვრევა არც არის საჭირო, შეცვლა, შერბილება და გამრავალფეროვნება,  უფრო მოქნილობა ურთიერთობებში. გავრცელებულია მოსაზრება: გინდა თუ არა, ჩემი აზრი სწორი უნდა იყოს, რადგან მე დომინანტური ვარ. დომინანტობის მოდელი, რომ სამყარო ორად იყოფა, როდესაც ერთი ბატონობს და მეორე დაქვემდებარებულია, არასწორია, მაგრამ მისი დამსხვრევა ძალიან ძნელია. ჯობია, ადამიანები მიიყვანო  ფორმულამდე: ამ საკითხში შენ უფრო კომპეტენტური ხარ, ამიტომ შენ გააკეთე, არ ჩაგერევი, ამ საკითხში მე ვერკვევი უკეთ და შენ ნუ ჩაერევი. საერთოდ, მსხვრევა, ნგრევა, ამოძირკვა არაფერს იძლევა. ჩვენთან რამდენი სააკაშვილი და ახალიც არ უნდა დაიჭირო, გგონიათ, ეს აღმოფხვრის ძალადობას?! ახალი მოძალადეები გამოჩნდებიან და არ გაგიკვირდეთ, რომ საქართველოში ახალი დიქტატურა, ერთპიროვნული მმართველობა აღმოცენდეს. ჩვენთან დომინანტობის ეთიკაა და არა თანაბრობის. თანაბრობა ძვალსა და რბილში არ გვაქვს, მაინც ბატონობა-დაქვემდებარების მოდელი გვაქვს გამჯდარი. მაგალითად, თამადობა კარგი ტრადიციაა, მაგრამ ესეც იმის გამოხატულებაა, რომ ერთი მართავს მთელ პროცესს, არადა, ჭამა-სმაა და თითქოს სპონტანური უნდა იყოს. რეალურად კი, თამადა გეტყვის, იცეკვე და უნდა იცეკვო; თამადა იტყვის, რაღაც მოვიწყინეთო და ვიღაცეები იმღერებენ. კარგი ტრადიციაა, მაგრამ დომინანტობაზეა აგებული.

– დასავლეთმა როგორ შეძლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ყველა დონეზე: ბიზენსშიც, სახელმწიფო-მოქალაქისა და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაშიც? ერთი ტიპის ფეოდალიზმის პერიოდი გავიარეთ, ღირებულებათა სისტემაც ერთი გვაქვს, არადა, ჩვენ ისევ სადო-მაზოხისტური ურთიერთობის დონეზე ვართ.

– ჩვენ ჩავრჩით ფეოდალურ მენტალიტეტში, იმიტომ რომ, კაპიტალიზმი არ გაგვივლია, სადაც ინდივიდუალიზმი ფასობს. თითოეული ინდივიდი იმიტომაა ღირებული, რომ თავისი აზრი აქვს. ეს ღირსებაა და არა ნაკლი, მაშინ, როდესაც ჩვენთან, თუ განსხვავებული აზრი გაქვს, ცუდი ხარ. დასავლეთმა დროის მეშვეობით დაძლია.

скачать dle 11.3