კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აწამებდა და სცემდა ქართველ სამხედრო ტყვეებს ჯავაში ედუარდ კოკოევი და როგორ აიფეთქა თავი მძიმედ დაჭრილ ნათლულთან ერთად მტრის ალყაში ტყვიების გარეშე დარჩენილმა ალეკო ონიანმა

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულია 170 სამხედრო მოსამსახურე, მათგან 23 ოფიცერი, 136 კაპრალი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი. ერთი სამხედრო მოსამსახურე დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 51 სამხედრო მოსამსახურეა ამოცნობილი დნმ-ის ანალიზის შედეგად. დაღუპულები საძმო სასაფლაოზე განისვენებენ, რომელიც ომში დამარცხებულმა მთავრსარდალმა საზეიმოდ გახსნა.

ომმა 155 მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა 2 234 მოქალაქე, მათ შორის – 1 964 სამხედრო მოსამსახურე. ომის მიმდინარეობისთანავე რუსულ-ოსური პროპაგანდისტული მანქანა ავრცელებდა ინფორმაციას 2 000 დაღუპული 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის შესახებ, 2008 წლის 28 აგვისტოს ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ „გენერალურმა პროკურორმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია 1 692 დაღუპულისა და 1 500 დაჭრილის შესახებ. თუმცა იმავე წლის 5 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ განაცხადა, რომ დოკუმენტურად დადასტურდა მხოლოდ 134 მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა  და მოუწოდა ოსურ მხარეს, შეეწყვიტა ამ თემით სპეკულაცია.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსურ მხარეს დღემდე არ წარმოუდგენია დაღუპულთა სრული სია, ისინი რუსულ მხარესთან უნისონში სდებენ ბრალს ქართულ მხარეს „ოსების გენოციდში“. ამასთან, ცხინვალში არ უშვებენ უცხოელ დამკვირვებლებს, რის მიზანიც, სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსული სამხედრო კვალის წაშლის მცდელობაა: დანგრეული შენობების დათვალიერება ნათლად დაადასტურებს, თუ რომელი მხრიდან შეტევამ დაანგრია ქალაქი.

 

ომის პრელუდია

მართალია, როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე ნაწილობრივ ცივილიზებული დასავლეთი ბრალს სდებს ოფიციალურ თბილისს სამხედრო მოქმედებების დაწყებაში, თუმცა თავად რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები ცხადყოფს, რომ არანაკლები გაცხოველებითა და მიზანმიმართულად ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის როგორც ოფიციალური მოსკოვი, ისე ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება. შევეცდებით, აღვადგინოთ 2008 წლის აგვისტოს ომის მოკლე ქრონოლოგია, რომელსაც უკვე ეწოდა 5-დღიანი ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო. 

2008 წლის ივლისში სააგენტო „როსბალტი“ აქვეყნებს აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრის“ მერაბ ქიშმარიას ინტერვიუს, რომელშიც ის ამბობს: „… ქართველებს ესმით, რომ აფხაზეთში მათ საქმე ექნებათ რუსეთთან. მათ აქ არავინ მოეფერება. აფხაზურ არმიას ამზადებენ რუსი სამხედროები და ამჯერად, თუ ქართველები ზღვარს გადმოვლენ, ჩვენ მივალთ ქუთაისამდე.“

ივლისშივე მიმართა ედუარდ კოკოევმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს თხოვნით, შეეყვანა ჯარები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში და რუსული პრესის ფურცლებიდან დაიმუქრა: „თუ ქართული მხარე განაგრძობს აგრესიულ მოქმედებებს, გავცემ არა მხოლოდ საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანებას, არამედ შეტევაზე გადასვლისაც. ამას არ დავჯერდები და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, წინ გავუძღვები იმ დანაყოფებს, რომლებიც გადავლენ შეტევაზე.“ იმავე პერიოდში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე კოლესნიკოვმა კი გაგვაფრთხილა: „თქვენ ცეცხლს ეთამაშებით, ამერიკა ვერ გიშველით. ფეხზე დავაყენებთ მთელ ჩრდილოეთ კავკასიას, მთელ რუსეთს, უბრალოდ გადაგივლიან და თქვენგან არაფერი დარჩება.“

ცხელი აგვისტო

2008 წლის პირველ აგვისტოს დასრულდა რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2008“, რომლის სასწავლო სცენარი შემდეგ ზედმიწევნით განახორციელა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ზუსტად იმავე პერიოდში დასრულდა თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე „ნატოს“ სამხედრო წვრთნებიც, რომელიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებდა. 2008 წლის 2 აგვისტოს ედუარდ კოკოევმა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები მზად არიან, დაეხმარონ ოს ძმებს“. ვლადიკავკაზში კი ჩატარდა მიტინგი „სამხრეთ ოსეთის“ მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში დაადასტურა დიმიტრი მედოევმა. თავის მხრივ, კოკოევმა, „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, დაადასტურა, რომ  ჩრდილოეთ ოსეთში უკვე ჩავიდა 300 მოხალისე და რომ, საერთო ჯამში, ელიან 2 000 ადამიანს. ხოლო ქართული „მედიანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეგრეთ წოდებული შს მინისტრი მიხეილ მინძაევი დაიმუქრა ქართული ქალაქების დაბომბვით. „ჩვენ იერიშს მივიტანთ ქართულ ქალაქებზე, ჩვენ შეჩვეულები ვართ დაბომბვებს, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე, ამიტომ, როდესაც ერთი-ორი ბომბი ჩამოცვივდება, თქვენი პრეზიდენტი, რომელიც გასცემს ცხინვალის დაბომბვის ბრძანებას, მიიღებს იმავეს რუსთაველის პროსპექტზე.“ მინძაევმა დააზუსტა, რომ დარტყმები განხორციელდებოდა: „ქალაქებზე გორსა და ქარელზე და ერთ-ერთ საკურორტო ზონაზე.“

6 აგვისტოს რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დონის კაზაკები მზად არიან ქართული აგრესიისგან „სამხრეთ ოსეთის“ დასაცავად. რუსეთის კაზაკთა კავშირის უმაღლესმა ატამანმა, რუსეთის სახელმწიფო „დუმის“ დეპუტატმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ  მხარდამჭერი დეპეშა გაუგზავნა „პრეზიდენტ“ კოკოევს. დონის კაზაკების ატამანმა ნიკოლაი კოზიცინმა კი განაცხადა, რომ ცხინვალში მათ შეუძლიათ, გაგზავნონ მრავალწლიანი საბრძოლო გამოცდილების მქონე 10 000-დან 15 000 ადამიანი.

1-დან 7 აგვისტომდე პერიოდში ორმხრივი სროლები განახლდა, რის შედეგადაც კონფლიქტის ზონაში დაიჭრა 11 ქართველი მშვიდობისმყოფელი, რომელთაგან ორი შალვა ტრაპაიძე და ვიტალი ტაკიძე დაიღუპნენ 7 აგვისტოს, შუადღეს. სამწუხაროდ, ეს ფაქტი  ვერ მოხვდა  ევროკავშირის კომისიის ოფიციალურ დასკვნაში, თუმცა რუსი მშვიდობისმყოფელების დაღუპვა ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ მიიჩნია ლეგიტიმურ საფუძვლად რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში ჩასაბმელად.

არანაკლებ საინტერესოა კრიტიკულ დღეებში ოფიციალურ პირთა გადაადგილებები: 4 აგვისტოს რფ-ის პრეზიდენტი მედვედევი 10-დღიან შვებულებაში გავიდა; 5 აგვისტოს შვებულებიდან საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი; 6 აგვისტოს უცხოურ შვებულებიდან საქართველოში, ასევე, დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი; 7 აგვისტოს, დილით, რფ-ის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი პეკინში ჩავიდა; 7 აგვისტოს, შუადღეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაიფიქრა პეკინში გაფრენა.

7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი გასცემს ბრძანებას „რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავების შესახებ“, რის საფუძველზეც საქართველოს შეიარაღებული ძალები მოყვანილნი იქნებიან საბრძოლო მზადყოფნაში და დაიწყებენ გადაადგილებებს თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებიდან ცხინვალის რეგიონის მიმართულებით.

7 აგვისტოს ღამით, 11-ის ნახევარზე, სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში გენერალი მამუკა ყურაშვილი საზოგადოებას აუწყებს ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციის დაწყების შესახებ. მოგვიანებით კი განმარტავს, რომ ეს განცხადება გააკეთა თვითნებურად და საკუთარი ინიციატივით და ამით გარდაუვალ დახოცვას გადაარჩინა კონფლიქტის რეგიონის მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობა.

8 აგვისტოს ლაწყებისთანავე ქართულმა არტილერიამ ცხინვალის შემოგარენზე მიიტანა შტურმი, დაახლოებით, ღამის 4-ის ნახევარზე ქალაქის შტურმი დაიწყო ტანკებით...

მეორე მხრიდან

ევროკავშირის კომისიამ თავის დასკვნაში ცალსახად არ მიუთითა, იმყოფებოდა თუ არა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონაში ან მის სიახლოვეს, თუმცა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული მასალები ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა ომის დაწყებამდე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო შესაბამის პოზიციებზე. მეტიც – საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალში ჩავიდა რუს ჟურნალისტთა (39 ადამიანი) ჯგუფი, საინფორმაციო ომის ეფექტიანად წარმოებისთვის.

2008 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც რუსი კორესპონდენტი აღწერს ცხინვალში იმ დროისთვის არსებულ ვითარებას: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბარანკევიჩი ყურმილში ყვიროდა: „ქართულმა სამხედროებმა თითქმის დაიკავეს ქალაქი. ჩვენ ველით დახმარებას! თუ ქალაქში არ შემოვა რუსული სამხედრო კოლონა, ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო ღალატი რუსეთის არმიის ისტორიაში! … დაგვეხმარეთ!!!“

2008 წლის 3 სექტემბრის „კრასნაია ზვეზდაში“კაპიტანი დენის სიდრისტი იხსენებს: „ჩვენ ვიმყოფებოდით სწავლებაზე. 7 აგვისტოს მოვიდა ბრძანება, რომ უნდა დავძრულიყავით ცხინვალისკენ. ჩავედით და დავბინავდით. 8 აგვისტოს ისეთი ძალით დაგვარტყეს, რომ ბევრი დაიბნა კიდეც. ვიცოდით, რომ ქართველები რაღაცას ამზადებდნენ, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო, რაც ვნახეთ. შუაღამის შემდეგ ქალაქზე მასირებული შეტევა დაიწყო.“

„გაზეტა იუგა“ წერდა: „სამშვიდობო ბატალიონის პოლიტხელმძღვანელი, უფროსი ლეიტენანტი ზალიმ გეგრაევი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხი აქვს დაზიანებული, გამართული დგას: „მთელ თვეს ვიყავით სწავლებაზე იმ მიდამოებში. სწავლება დამთავრდა, მაგრამ ჩვენ მაინც არ გამოვყავდით. ბოლოს, მოვიდა ბრძანება, დავძრულიყავით ცხინვალისკენ. 8 აგვისტოს ჩვენ ვიდექით ქალაქის წინ და ველოდით შემდგომ ბრძანებებს. ვერც ვიფიქრებდი, რომ ასეთ რამეს ვნახავდი.“

გაზეთი „იუჟნაია ოსეტია“ 2009 წლის 7 მარტს წერდა: „იმ პერიოდისთვის რესპუბლიკის მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმყოფებოდა ბუნკერში, პარლამენტის შენობის სარდაფში, სადაც მართვის შტაბი იყო განთავსებული. ელოდებოდნენ პრეზიდენტ კოკოითის, რომელიც (იგულისხმება 2008 წლის 7 აგვისტო) ჯავის რაიონში იყო წასული რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე.“

„იძულება მშვიდობისათვის“

„კომრსანტ.რუ“ აქვეყნებს გენერალ-ლეიტენანტ ანატოლი ბარანკევიჩის ინტერვიუს, რომელიც ყვება: „10 აგვისტო იყო. ჯავაში ჩავედი და ვხედავ ასეთ სურათს: მიწაზე აგდია წელს ზემოთ შიშველი ქართველი ტყვე, ხელები ზურგს უკან ისე მაგრად აქვს შეკრული, რომ კიდურები გალურჯებია. თვალები არ უჩამს, ისე აქვს სახე დასიებული. მას სამხედროები სცემდნენ. მე ვუთხარი: რას აკეთებთ, თქვენ ხომ მთის ხალხი ხართ, ტყვის ცემა დაუშვებელია, მას ხელები აქვს შეკრული. სამხედროები შეცბნენ და ბოდიში მოიხადეს. ვუბრძანე, გამოეძახათ ვინმე, რომ წაეყვანათ ტყვე ქართველი. მას გაუხსნეს ხელები,  მაშინვე საიდანღაც გაჩნდა კოკოითი. მიხვდა, რაც მოხდა, მიირბინა ტყვესთან და დაუწყო ფეხებით ცემა.“

2009 წლის იანვარში კი ინტერნეტში გაჩნდა გიორგი ანწუხელიძის სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. 

ელუარდ კოკოევი, ასევე, პირადად იღებდა მონაწილეობას დიდი ლიახვის ხეობაში ქართველების სახლების განადგურებაში. 15 აგვისტოს რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობდა: „იქ (დიდი ლიახვის ხეობა), ფაქტობრივად, ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული. ჩვენ იქ არავის შეშვებას არ ვაპირებთ.“

22 აგვისტოს „კომსომოლსკაია პრავდას“ მოჰყავს ვინმე მაიორის სიტყვები: „მოროდიორობას ვებრძვით, ამის იქით ქართული ანკლავია. მებრძოლები იქიდან მოათრევენ ყველაფერს, რის წამოღებაც შეიძლება. მოჰყავთ საქონელიც.“

იმავე გამოცემასთან ეგერთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს: „ომი აღარ დაიწყება, ჩვენ ცუდი საქმე გავაკეთეთ. ქართველები აქ ვეღარ დაბრუნდებიან, ჩვენ ყველა მათი სახლი დავწვით.“

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს მოწინააღმდეგის მიერ გაუპატიურებისა და ასაკოვანი მშვიდობიანი მოსახლეების ტყვედ აყვანის ფაქტები, რომლებსაც შემდეგ ოს სამხედრო ტყვეებზე ცვლიდნენ.

შინდისის გმირები

2008 წლის 11 აგვისტოს საღამოს 5 საათზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკან დახევის ბრძანება გასცა. სხვებთან ერთად უკან იხევდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული. სოფელ შინდისთან ისინი უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული. მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება. ქართულ ოცეულს მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ესროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან.  ჩვიდმეტმა ქართველმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწია და გმირულად დაიღუპა.

რუსული მოტომსროლელი ასეული სოფელ შინდისში ამ შეტაკებამდე 2 საათით ადრე შევიდა და ძველი რკინიგზის სადგურთან ჩასაფრდნენ. შეიარაღებაში ჰქონდათ: ჯავშანტრანსპორტიორები, ტყვიამფრქვევები და ტანკები, რომლებზეც ქართული დროშები ფრიალებდა. სენაკის ბატალიონს ჩასაფრებულებმა პირველი და ბოლო მანქანა აუფეთქეს და გასასვლელები ჩაუკეტეს. ქართველი მეომრები დაიფანტნენ. ჩასაფრების მორიგი მსხვერპლი მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული გახდა: ისინი არ გაქცეულან და მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ.

ქართველებს მხოლოდ ავტომატები და ხელყუმბარები ჰქონდათ, რუსებს – მძიმე ტექნიკაც უმაგრებდა ზურგს. შინდისელები ყვებიან, რომ ქართველებმა უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლეს: ორმხრივი სროლა საათსა და 20 წუთს გრძელდებოდა. ბოლო 10-15 წუთს მხოლოდ ცალმხრივი სროლა ისმოდა. ქართველებს ტყვიები გაუთავდათ…

უმეტესობა დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა, მხოლოდ ერთი სამხედრო მოსამსახურე – ალეკო ონიანი გადარჩენილიყო უვნებლად. მას მუხლზე ესვენა მძიმედ დაჭრილი ნათლული – რომან ზოიძე. ალეკომ დაიყვირა: ვინც ცოცხალი ხართ და გესმით ჩემი, მტერს არ ჩაბარდეთ, ჩემამდე მოდით და თავი ავიფეთქოთ. დაჭრილებმა დაუყვირეს, რომ გაქცეულიყო და ამბავი მაინც გაეტანა. ნათლულიც ამას ეხვეწებოდა… ალეკო ონიანი არ გაქცეულა: ხმამაღლა თქვა, „მამაო, ჩვენო“, დაჭრილებიც აჰყვნენ. გულში ჩაიკრა ნათლული და თავი აიფეთქა.

12 ქართველი სამხედრო ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე უგონოდ მყოფი დაჭრილი შინდისელებმა ტყეში გადამალეს.

რუსი ჯარისკაცი, ვინმე საშა დროზდოვი რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ყვება: „ცხინვალში ვიყავით, როდესაც შეგვატყობინეს, რომ ცხინვალის გასასვლელთან, ერთ-ერთ სოფელში, ჩვენს ბატალიონს დამატებითი რაზმი ესააჭიროებოდა. მივიღეთ ბრძანება და ნახევარ საათში მივედით ადგილზე 70-კაციანი ჯგუფი. რას ვხედავთ – ქართველები ჩვენებს თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ, უკვე ბევრი რუსი ჯარისკაცი იყო დაჭრილი და დაღუპული. მათმა მეთაურმა უთხრა ჩვენს მეთაურს: არ ვიცი, ადამიანები არიან თუ ქაჯები, უკვე ერთი საათია, ასეთ დღეში ვართო. ჩვენ ჩავებით ბრძოლაში, ყველაფერი დამთავრდა და როგორც გავიგეთ 17 კაცი გვებრძოდა.“

P. S. ზოგი ლოგინში კვდება, ღრმად მოხუცი და მძიმე ავადმყოფი; ზოგსაც, უბედური შემთხვევა იმსხვერპლებს საკმაოდ ახალგაზრდას; ზოგ ცოცხალს საკუთარი ჩრდილის ეშინია; ვიღაცას ტყვია ზურგში ხვდება; ერთეულები სამშობლოსთვის იღუპებიან…  თავგანწირვას აზრი ყოველთვის აქვს, მაშინაც კი, როდესაც არა მხოლოდ ბრძოლას, ომსაც კი აგებ. ოღონდ ისტორია აუცილებლად დაარქმევს თავის სახელს იმ სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელებს, რომლებმაც დაღუპულების უანგარო თავგანწირვა არა სახელმწიფოს, არამედ – საკუთარ სკამებს მოახმარეს!

 

скачать dle 11.3