რა თანხას ინახავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი ანაბარზე და როგორ დააგროვა ნაღდ ფულად 80 000 აშშ დოლარი
აწ უკვე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი 1984 წლის 14 მარტსაა დაბადებული თბილისში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. მისი შრომითი საქმიანობა 2008 წელს იწყება „გლობალავტოსპეცტექნიკაში“, თავის მიერვე დაფუძნებულში, სადაც 2010 წლამდე დირექტორადაც მუშაობდა. იმავდროულად, ზუსტად იმავე წლებში, გახლდათ Smart way group-ის დირექტორის მოადგილე და დამფუძნებელიც; 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის მარტამდე PHILIPS Lighting-ის გაყიდვების მენეჯმენტში გადაინაცვლა პოლონეთის ქალაქ პილაში, 2011 წლის მარტიდან აგვისტომდე კი ავსტრიაში, კერძოდ, ვენაში, ERCO Lighting-ის გაყიდვების მენეჯმენტში; 2011 წლის იანვარში კიდევ ერთი შპს „კომპიქსი“ დააფუძნა, რომლის დირექტორის მოადგილედაც 2012 წლის ივლისამდე იმუშავა; 2012 წლის ივლისიდან დეკემბრამდე კი დირექტორადაც დაწინაურდა. 2012 წლის მაის-სექტემბერში შპს „პარტნიორის“ დირექტორის მოადგილეც იყო (დამფუძნებლობასთან ერთად); ხოლო სექტემბრიდან „პარტნიორის“ დირექტორიც გახდა. 2012 წლის დეკემბერში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2013 წლის აპრილამდე იმუშავა. სულ ბოლოს, ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე, ბ-ნი შავლიაშვილი საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ. ოჯახის წევრებად მიუთითა: 1982 წედს დაბადებული მეუღლე თათია იოსავა და სამი შვილი – 2003 წელს დაბადებული მარიამი, 2005 წელს დაბადებული ირაკლი და 2013 წელს დაბადებული დემეტრე. იმხანად შავლიაშვილების ოჯახის კუთვნილ ქონებას წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი თბილისში, გოძიაშვილის პირველ შესახვევში (214 კვ. მ. ფართობის), რომელიც თათია იოსავას ეკუთვნოდა. დავით შავლიაშვილს კი „თი ბი სი ბანკის“ ანაბარზე ჰქონდა 17 074 აშშ დოლარი; ნაღდ ფულად კი, დეკლარაციის შევსების დროს – 80 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას: დავით შავლიაშვილი, 2012 წლის მონაცემებით, იყო შპს „პარტნიორის“ დამფუძნებელი, თუმცა შემოსავალი არ მიუღია, სამაგიეროდ, ამ შპს-ის დირექტორის მოადგილეობამ 2012 წელს 10 000 ლარი მოუტანა, დირექტორობამ კი, იმავე წელს, 30 747 ლარი; ასევე, იყო შპს „გლობალავტოსპეცტექნიკის“ დამფუძნებელი და დირექტორი, თუმცა ამ საქმიანობას მისთვის 2012 წელს არანაირი შემოსავალი არ მოუტანია, ისევე, როგორც შპს „სითის“ დირექტორობასა და პარტნიორობას. 2012 წლის დეკემბერში დავით შავლიაშვილმა, როგორც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსმა, 843 ლარი აიღო.
2012 წელს დავით შავლიაშვილს სესხიც აუღია – 19 630 ლარის ოდენობით. შვილების, მარიამისა და ირაკლის სწავლის საფასური კი 2 520 ფუნტი დასჯდომია.
2014 წელსაც იმავე ამპლუაში შეავსო დეკლარაცია. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა, თუმცა თათია იოსავა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის გარდა ფლობს საცხოვრებელ სახლს კეკელიძის ქუჩაზე (58 კვ. მ. ფართობის) და მიწის ნაკვეთს წყნეთში (1 163 კვ. მ. ფართობის), ოღონდ, ნინო კვარაცხელიასთან ერთად. დავით შავლიაშვილს კვლავ აქვს ანაბარი „თი ბი სი-ში“, რომელზეც 17 628 აშშ დოლარი ერიცხება; ასევე, არ შეცვლილა მის ხელთ არსებული ნაღდი ფულის ოდენობაც – მას კვლავ 80 000 აშშ დოლარი აქვს, თუმცა ამჯერად მხოლოდ შპს „სითის“ პარტნიორია. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში დავით შავლიაშვილმა, როგორც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსმა, 16 144 ლარი აიღო; როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ – 41 342 ლარი, შვილების სწავლა კი კვლავაც 2 520 ფუნტი დასჯდომია.