ციფრების პრესტიჟული კომბინაცია
ევროკავშირისკენ – ახალი სანომრე ნიშნებით
თუმცა, მაგალითად, პატრულს არასწორად პარკირებული ავტომანქანის მიერ ჩაკეტილი მძღოლის დახმარების ფუნქცია ჩამოართვეს (ამით დაზარალებულმა მოქალაქემ თავად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემაო – არ მკითხოთ, როგორო, იმიტომ რომ, ჩემი ფანტაზია ამდენს ვერ სწვდება – ), უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, რომ სექტემბრიდან ახალი სანომრე ნიშნები გვექნება, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არა.
ერთი ისაა, შს მინისტრის მოადგილემ დაგვამშვიდა, რომ ახალი სანომრე ნიშნების აღება 6 წლის განმავლობაში შეგვიძლია (სამგზის დიდება!). ზედაც, დაგვარიგა, რაკი სადაგი, ანუ სერიული ნომრის ფასი 35 ლარია, მოქალაქეს შეუძლია, თადარიგი წინასწარ დაიჭიროს და ყოველდღე თითო ლარი გადაიხადოს (დაზოგვის ასეთ გენიალურ ხერხს დაუხმარებლად და მხოლოდ საკუთარი რუხი ნივთიერების იმედად, აბა, როგორ გავიაზრებდით?!).
აი, პრესტიჟული ნომრების მსურველებს კი (ტერმინი ჩემი არ არის, შს მინისტრის მოადგილეს დავესესხე) ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ: 500-დან 10 000 ლარამდე. თუმცა სინათლე აქაც ჩანს გვირაბის ბოლოს: „თუ მოქალაქეს შეძენილი აქვს 500-ლარიანი პრესტიჟული ნომერი და ამის შემდეგ გადაწყვეტს, აიღოს სხვა პრესტიჟული ნომერი, რომელიც, მაგალითად, 700 ლარი ღირს, ის იხდის მხოლოდ სხვაობას, 200 ლარს და ნომრის დაბეჭდვის ღირებულებას, 35 ლარს. ხოლო ოჯახის წევრს შეუძლია, მის საკუთრებაში არსებული პრესტიჟული ნომერი სხვა წევრს უფასოდ გადასცეს (დავმშვიდდი, თუკი შთამომავლობას პრესტიჟულ ნომერს მემკვიდრეობით გადავცემ – ). პირადად ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ციფრთა კომბინაცია პრესტიჟული ან არაპრესტიჟული იყოს, მაგრამ, რაკი მსურველები არიან, მე რომ მკითხოთ, ასეთებს 10 000-ზე მეტიც უნდა დაუფასო.
ასეა თუ ისე, განგვიმარტეს, რომ „ეს არის ევროპული სტანდარტის ნომრები“, ძველი ნომრები კი 18 წელია, მოქმედებს (არადა, მცხეთის ჯვარი 15 საუკუნეა, დგას – ) და ვერანაირ საერთაშორისო სტანდარტს ვერ უძლებსო. ანუ ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირებას დაუკავშირდა, რაც ბადებს კითხვას: ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ ძველი სანომრე ნიშნები გვეღობება?!