ოდესღაც, დემოკრატიის შუქურაში
ანუ „მზე იტირებს და ჩაქრება“
და, თუმცა ის დროც იყო, მის ერთ სიტყვაზე ქალაქებიც რომ შენდებოდნენ, დღეს მას ბრალი წაუყენეს – , რასაც ოთხიოდ აშშ-ელი სენატორი გამოეხმაურა და ყოფილი პრეზიდენტის, ერთ დროს დემოკრატიის შუქურად რომ უხმობდნენ, დაკავება სასტიკად აკრძალეს („სიყვარულთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შუქურასთან თამაში სასტიკად აკრძალულიაო“). ჩვეულებისამებრ შეშფოთებულმა ევროკავშირელმა ჩინოვნიკებმა სიფრთხილისა და კანონის უზენაესობისკენ მოგვიწოდეს (კაცმა რომ თქვას, ურიგო არ იქნებოდა, თუკი იმავესკენ, სახელდობრ, კანონის უზენაესობისკენ აშშ-ელ სენატორებსაც მოუწოდებდნენ, თორემ ალაგ-ალაგ დემოკრატიასავით გამოგვივა).
რაც მთავარია, ამ ამბავს თავად ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა და გაგავაფრთხილა, ჩვენ რა, სამართალდამცველი ორგანოები გააფრთხილა, რომ მისი დაკავებით არა მარტო მას, არამედ, დაიჭერენ „ნატოს“, ევროკავშირს, ევროპის ცივილიზებულ ნაწილს და მათ ლიდერებს (აი, მესმის თვითშეფასება! – ). ბოლოს კი დაბეჭდა: „ღარიბაშვილის მთავრობას თუ ევროპის რისხვის მიღება უნდა, დამიჭირონ!“
ეს ემოცია ხეირიანად არც კი გაგვსვლოდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებული ძირითადი შენიშვნები გამოაქვეყნა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების საკითხს ეთმობა, კერძოდ, როგორებიცაა: სამოქალაქო პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება, უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა და ქონების ჩამორთმევის შემთხვევები. ზედაც, ახლანდელ ხელისუფლებას ობიექტურ გამოიძებაში პასიურობა დაუწუნა: „კომიტეტი შეშფოთებულია იმ ნელი წინსვლით, რომელიც წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათ პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით მიმდინარეობს.“ ისიც ურჩია, რომ „გამოძიება უფრო მძიმე მუხლებით უნდა წარიმართოს, ვიდრე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა, რადგან ჩადენილი დანაშაულებები შესაძლოა კვალიფიცირდეს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.“
თუ ამ დასკვნით ვიმსჯელებთ (და გამოვრიცხავთ „ნაციონალურ“ ლოგიკას, რომ გაეროც პუტინის ადკვეთას ასრულებს), სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის იმედები იმის შესახებ, რომ „მზე იტირებს და ჩაქრება“, გადამეტებულია.