უსექსოდ პლაჟზე
ანუ შემცდარი
ჩვენ არ ვიცით, რატომ გაირბინა შავმა კატამ ეკონომიკის მინისტრსა და ტურიზმის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს შორის, თუმცა, მოარული ხმებით, ირიბად ამ საქმეში განხეთქილების ვაშლის როლი „კაზანტიპმა“, უფრო ზუსტად, ბ-ნი სიგუას მიერ „კაზანტიპის” ჩატარება-არჩატარების გამო გამართულმა სიტყვიერ შეხლა-შემოხლებში გამოთქმულმა მოსაზრებებმა შეასრულა.
უფრო მეტიც, მისი ერთი გამონათქვამის გამო თვით ეკონომიკის მინისტრმა მოუბოდიშა საზოგადოებას, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბ-ნმა სიგუამ „კაზანტიპის” მოწინააღმდეგე ქალბატონს ჰკითხა, ჰქონია თუ არა სექსი პლაჟზე და შემდგომ დაუზუსტა, რომ თავად ჰქონია და არაფერი განსაკუთრებულიც არ უგრძნია. –
ბ-ნმა სიგუამ პოსტფაქტუმ ისიც გაგვიმხილა, რომ მინისტრს მისთვის არაერთხელ მიუცია შენიშვნა („ის სხვანაირია, მე – სხვანაიარი, ის კონსერვატორია, მე – არა“, ვითომ ყველაფერში დამნაშავე სექსია პლაჟზე?!) და განმარტა, რომ არათუ ხელმძღვანელს, შეუთავსებლობის გამო თვით მეორე ნახევარსაც კი დასცილდა. „თუ პრობლემა არის ხელმძღვანელთან და შეუთავსებლობა, ალბათ, ეს ადამიანები უნდა დაშორდნენ. გიორგი კვირიკაშვილი კი არა, ცოლი მყავს ორი შვილით და არ ვართ ერთად და მეგობრები ვართ.“
მე არ შევუდგები იმის ახსნას, რომ ჩინოვნიკის საჯარო ქცევა-მეტყველებას კავშირი არ აქვს კონსერვატორობა-ლიბერალობასთან, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბ-ნ სიგუას მაინც გაუმართლა, რადგან „კაზანტიპის” ვიცეპრეზიდენტობა შესთავაზეს და მისი ანაზღაურება (წელიწადში 100 000 ევრო) ჯიბეში ჩაისვამს მის ჩინოვნიკურ ხელფასს, ასე რომ, მართალია, სკამზე აღარ არის, მაგრამ თავი მაინც ქუდში აქვს. –
დამშვიდობებისას მან სევდიანად შენიშნა: „მე მეგონა, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსი იყო და, თუ არ არის და შევცდი, კი ბატონო, ვაღიარებ რომ შევცდი.“ მეტი არაფერში შემცდარიყავით, გიორგი ბატონო! –