მარტივი და სასარგებლო
ზღაპრული ფარდა
ძალიან ლამაზი და ეფექტური აქსესუარია. მაგრამ მის შესაქმნელად საკმაოდ ბევრი პოლიეთილენის, ფიგურულძირიანი ბოთლი და ანკესზე დასამაგრებელი ძუა დაგჭირდებათ. დახედეთ სურათებს. „მასალა“ ნელ-ნელა დაამზადეთ და დაიგროვეთ. ამისთვის ბოთლი ძირში, ყვავილის ფორმამდე შემოჭერით და, სიმეტრიულად, თანაბარ ზომაზე, თითო ყვავილზე ორივე მხრიდან ორ-ორი ფოთოლი ჩაჩხვლიტეთ, რომ ძუა გაატაროთ და აკინძოთ. ასეთი დეკორატიული ფარდა ძალიან ლამაზია ბართან, სტუდიის ტიპის ბინაში, თანაც, საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია.
ლამაზი, ორიგინალური სამაჯური
ეს ორიგინალური და თანამედროვე სამაჯური ჩვეულებრივი ელვა-შესაკრავებისგან მზადდება (ეგრეთ წოდებული „ზმეიკებისგან”), მთავარია, ელვა-შესაკრავს „კბილები“ ლითონის ჰქონდეს – ვერცხლისფერი ან ოქროსფერი და დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგრძის უნდა იყოს. გახსენით „ზმეიკა“ შუაზე, გაყავით ორად და შემდეგ სათითაოდ დაახვიეთ ლოკოკინისებურად, როგორც სურათზეა. გააჩნია, რა სისქის სამაჯური გინდათ. უმჯობესია, ბევრი იყოს – 4-5 ცალი „ზმეიკა“ გეყოფათ. ნემსით და ძაფით კარგად შეკარით „ლოკოკინები“ და მერე ერთმანეთზე ასიმეტრიულად მიამაგრეთ. ამავე პრინციპით ააწყობთ ყელსაბამსაც.
ყელსაბამის შემთხვევაში, „ლოკოკინები“ ერთ გრძელ ელვაზე ან აბრეშუმის ლენტზე აკინძეთ, რომ შესაკრავად ადვილი იყოს. დახედეთ სურათს და მოგეწონებათ.