ხორცის კექსები მწყრის კვერცხით
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის ფარში, 8 ცალი მწყრის კვერცხი (შეგიძლიათ, გამოიყენოთ ქათმის პატარა კვერცხებიც), 1 თავი (საშუალო ზომის) ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 100 გრამი ნებისმიერი სოკო, მარილი, სურნელოვანი პილპილი, 1 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, 1 ცალი ქათმის კვერცხი, 50 მილილიტრი ნაღები (10-პროცენტიანი შეიძლება უფრო ცხიმიანიც), 100 გრამი რბილი ყველი (ან – ჰოლანდიური), მწვანილი (სურვილისამებრ), 50 მილილიტრი ზეთი.
მომზადების წესი: ფარში შეიძლება ღორის ან საქონლის ხორცისაც იყოს (შერეულიც), მაგრამ, ქათმის უფრო მსუბუქია. ხახვი დაჭერით კუბიკებად, სტაფილო კი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე და ხახვი და სტაფილო ზეთში ერთად მოშუშეთ. მწყრის კვერცხი მოხარშეთ. ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. ცალკე მოშუშეთ სოკო. თასში მოათავსეთ ფარში, მოშუშული ბოსტნეული, სოკო, უყავით მარილი და პილპილი, 1 ცალი ქათმის უმი კვერცხი, ხმელი სუნელი, ნაღები და კარგად ამოურიეთ. მწყრის მოხარშული კვერცხი გაფცქვენით. ფარში გადაანაწილეთ „ტარტალეტკის“ მოზრდილ ფორმებში, შუაგულში მოათავსეთ კვერცხი და დააფინეთ ისევ ფარში (კვერცხი მთლიანად უნდა დაიფაროს). გააცხელეთ აირღუმელი 180 გრადუსზე და თქვენი „კექსები“ აცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში. სრულ მომზადებამდე 15 წუთით ადრე ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. ფანტასტიკური ვახშამი მზად არის.