რატომ გადაწყვიტეს ბათუმელმა „მაგარმა ბიჭებმა“ იპოლიტე ხვიჩიას გაშაყირება
კინოსტუდიიდან მსახიობები გადაღებაზე ბათუმში წავიდნენ. ბათუმი კი, მოგეხსენებათ, რაცაა – ზღვა, მზე და სიყვარული.
დილაადრიან მიაკივლა მატარებელმა აჭარას.
მზად არიან ბათუმელები, იპოლიტეს ელიან – იპოს... მათ სიყვარულის კერპს და უდიდეს აღმაფრენას. ყველა ცდილობს, როგორმე ხელი ჩამოართვას დიდ მსახიობს. ხელი ჩამოართვას რას ჰქვია, ისიც დიდი ბედნიერებაა, როგორმე ხელი თუ შეახო მის სამოსს და მერე იტრაბახებს: იპოს კოსტიუმზე ხელი მომიხვდაო.
ეს სიტუაციაა და ყველა ქალაქში არიან „მაგარი ბიჭები“. ბათუმის „მაგარმა ბიჭებმაც“ მოილაპარაკეს და „სხოდკაზე“ თქვეს: აბა, გავაშაყიროთო.
იპოლიტეს გაშაყირება თავიდანვე ფუძემორყეული რომ იყო, რა იცოდნენ?! ჩამოვიდა თუ არა მატარებლის კიბიდან იპოლიტე, ბათუმელი ბიჭები „საქმეს“ შეუდგნენ. მომენტიც დაიჭირეს. იპოლიტე ბაქანზე ჩამოვიდა, ყასიდად ამოიღო სიგარეტი და არხეინად გააბოლა.
ბათუმელთა „სქემა“ დაიწყო:
მოვიდა ერთი და:
– ბატონო იპოლიტე, მომიკიდეთ რაა... – მოიმარჯვა სიგარეტი.
იპოლიტემ მოუკიდა და დინჯად მიდის.
ახლა მეორე მიადგა:
– მომიკიდეთ, თუ შეიძლება, ბატონო იპოლიტე!
– ა, შვილო, მოუკიდე, მაგრამ სიგარეტი კლავს, კლავს... მოიგერია მეორეც, მაგრამ ჯერ სადაა?
– ბატონო იპოლიტე, თუ შეიძლება, მომიკიდეთ...
– ა, ბატონო, – აღარ ჩეიწვა ეს სიგარეტი, კაცო! – ჩაიქირქილა თავისებურად.
როგორც ლოგიკა გვეუბნება – ბათუმელებსაც შერცხვათ, მაგრამ ერთმა მაინც ვერ შეიკავა თავი, გამოვარდა, იპოლიტეს წინ შეტევაზე გადასული, ბომბით აფეთქებული ტანკივით „დაატორმუზა“, ჯიბიდან „ბტ“ დააძრო და ჰაერში ააგდო სიგარეტის ღერი. ღერმა დაიბზრიალა და ბიჭმა ტუჩებით დაიჭირა.
სასწრაფოდ გამოიღო პირიდან ხელის თითებით და კიდევ ერთხელ შეაბზრიალა:
– მომიკიდეთ, ბატონო იპოლიტე...
იპო მაგის ჩიტი იყო სწორედ! მდგომარეობა ელვისებურად შეაფასა:
– თქვენ ჟონგლიორი ხომ არ ხართ, ყმაწვილო? – ეკითხება ბიჭს.
– უჰ, – შერცხვა ბიჭს, – გამოიცანით, მე ჟონგლიორი ვარ.
– ასეა, ხომ? – თავისებურად ჩაიქირქილა იპოლიტემ, – ასეა, ხომ?
– დიახ, ასეა.
– აბა, ერთი კიდევ გააკეთე...
ბიჭი გადარევასაა, დამაფასაო – ისევ ააგდო სიგარეტი, ისევ დაიჭირა ტუჩებით და:
– მომიკიდეთ...
იპოლიტემ სიგარეტის უკვე ჩამწვარი ნამწვი (სოროკი) წკიპურტით გაისროლა ზღვის მხარეს.
– აბა, თუ მაგარი ხარ, დეეწიე და მოუკიდე!
***
... დიდხანს მიდიოდა გადაღება და ერთ დღეს, როცა იპო პლაჟზე მისეირნობდა, ზღვიდან კივილის ხმა მოესმა.
მოესმა და გავარდა.
ქალი ამოუყვანიათ ზღვიდან მაშველებს და ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ – ერთი-ორი, ერთი-ორი, ერთი...
ქალი გადარჩა, მაგრამ იპოლიტეს თავისი დაემართა.
ქალი ნახევრად წყალში ჰყავდათ და ისე უტარებდნენ „ამოქაჩვებს“ – საწყალიც ყრრ-ყრრ... ამოარწყევდა ხოლმე წყალს (გადარჩა).
იპოლიტეს უთქვამს – ამოიყვანეთ, კაცო, ეგ ქალი, ტრ...ით ნუ გყავთ წყალში, თუ არა მთელ ზღვას ამოტუმბავთო.
ასე ამბობენ... ალბათ, ასე იყო... გგონიათ, არ იქნებოდა?!
ისე კი... ღმერთო, გვიმრავლე ასეთი ხალხი საქართველოში.