რატომ იწვა ოთო ბერიშვილი ღამით შუა გზაზე და რა გვარისაა ის სინამდვილეში
ოთო ბერიშვილი ქართველებისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერალია. ის დიდ სცენაზე 2012 წელს გამოჩნდა „საქართველოს ვარსკვლავში“. მისი სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც თინეიჯერებში, ასევე ნებისმიერი ასაკის მსმენელებში. ის ამ პოპულარობას დღესაც ინარჩუნებს. ოთო თბილისში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, სიმღერა ბავშვობიდან მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა მის ცხოვრებაში და ეს არ იყო მხოლოდ ჰობი – ეს სულიდან მოდიოდა. მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა, რაც ჟურნალ „თბილისელებს“ არ გამოპარვია. ჩვენი რესპონდენტი სწორედ ოთო ბერიშვილი და მისი მეუღლე, ანასტასია იოსელიანია.
– ოთო, მოგვიყევი შენს შესახებ.
ოთო: 25 წელია, თბილისში ვცხოვრობ, ანუ დაბადებიდან. მყავს სამი ძმა. ბაბუამ მიმიყვანა ვოკალის მასწავლებელთან. მისი ინიცატივით დავიწყე სიმღერა. გვარიც ბაბუასი მაქვს, დედაჩემის მამის – გვარის გაგრძელების მიზნით. სინამდვილეში, ვარ აკობია. სახელიც ბაბუასი მქვია. მყავს მეუღლე და ველოდებით ბავშვს.
– მოდი, თქვენი ურთიერთობის დასაწყისზე ვისაუბროთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ანასტასია: ვარ ჟურნალისტი და იმ პერიოდში, ვმუშაობდი რადიო „საქართველოს ხმაში“. მუსიკალური გადაცემის წამყვანი ვიყავი. ეს ის პერიოდი იყო ოთო განსაკუთრებული პოპულარობით რომ სარგებლობდა. მისი სიმღერა მქონდა მოსმენილი, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი. ოთო შემთხვევით, სტუდიასთან გამაცნო ჩემმა მეგობარმა. ეს იყო უბრალოდ გაცნობა, წამიერი. იქიდან დაიწყო ყველაფერი და ძალიან მალე განვითარდა ჩვენი ურთიერთობაც. არ გვქონია რომანტიკული სიყვარულის ისტორია, არც სერენადები უმღერია ოთოს ჩემთვის და არც გული დაუნთია. პირიქით, ყოველთვის ვჩხუბობდით (იცინის).
ოთო: ანასტასია რომ გავიცანი, მაშინვე გავიფიქრე, ეს გოგო ჩემი უნდა გახდეს-მეთქი და ავასრულე კიდეც. ყველაფერი მართლა უცებ მოხდა. სერენადებს არ ვუმღეროდი იმიტომ, რომ ანასტასიას ბებიის მეშინოდა (იცინის). სულ ვემალებოდით.
ანასტასია: ერთადერთი შვილიშვილი ვარ და ბებიას არავისთვის ვემეტებოდი (იცინის). ახლა, რა თქმა უნდა, ძალაინ უყვარს და დიდ პატივს სცემს ოთოს. რომ ვთქვა, რამე შეიცვალა ქორწინების შემდეგ-მეთქი, მოგატყუებთ. შეყვარებულობის პერიოდშიც სულ ერთად ვიყავით, ერთად ვისვენებდით, ყველგან ერთად დავდიოდით. განსხვავება ისაა, რომ ახლა ერთ სახლში ვცხოვრობთ.
ოთო: აქვე, მინდა, მოგიყვეთ ერთი კურიოზი, რომელიც ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში გადაგვხდა. ერთხლაც, ძალიან ვიჩხუბეთ და ვერა და ვერ შევირიგე ანასტასია. გაუტკბა გაბუტვის პერიოდი (იცინის). ამიტომ, გადავწყვიტე, რაიმე ისეთი მომეფიქრებინა, რაც აიძულებდა, შემრიგებოდა. მეგობრებთან ერთად მოვდიოდი, ღამე იყო. ყველასგან მოულოდნელად, გავწექი შუა გზაზე და ვეუბნები ანასტასიას, სანამ არ შემირიგდები, აქედან არ ავდგები-მეთქი. მას ეგონა, ვეხუმრებოდი და პასუხიც არ დააყოვნა, იწექი მერეო. მე იმედი მქონდა, რომ მანქანები გვერდს ამივლიდნენ. აბა, მართლა ხომ არ გადამივლიდნენ?! ამ ფიქრებში ვარ და ერთი მანქანაც პირდაპირ ჩემკენ დიდი სიჩქარით მოდის. ამ დროს მესმის ანასტასიას ხმა, ოღონდ ადექი და გირიგდებიო. მეც გახარებული წამოვხტი, აღარ ვიცოდი სიხარულისგან რა გამეკეთებინა. საფრთხემ რომ ჩაიარა, ანასტასია მომიბრუნდა და მითხრა, მოგატყუეო (იცინის). ბოლოს მაინც შევირიგე.
ანასტასია: საერთოდ, ყველამ იცის, რომ გზაზე გადასვლისა და მანქანების მეშინია, სპეციალრად გააკეთა.
– როგორც ყველა ახალშეუღლებული წყვილი, თუ კამათობთ ხოლმე?
– კი, თან ხშირად. ერთი წელი გახდება მალე, რაც დავქორწინდით. წელს გავიდა 4 წელი ერთმანეთის გაცნობიდან. სულ ვკამათობთ.
ოთო: რა ვქნათ, ასეთები ვართ, არ შეგვიძლია, მხოლოდ თბილი სიტყვები ვუთხრათ ერთმანეთს. ისეც ნუ გაიგებთ, თითქოს მტრები ვიყოთ (იცინის). ძალიან გვიყვარს ერთმანეთი
– ელოდებით შვილს, ოთო რა განცდა გაქვს, როგორც მომავალ მამას?
– თავიდან, რომ გავიგე, ანასტასია ფეხმძიმედ იყო, დიდად ვერ გამოვხატე ჩემი ემოცია. უბრალოდ, გამიხარდა და მეტი არაფერი
ანასტასია: იტყუება! ოთო ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდიდან ოცნებობდა მამობაზე. სულ მეუბნებოდა, ალბათ, შოკში ჩავვარდები, რომ გავიგებ, მამა უნდა გავხდეო. მართლაც, ისეთი სახე მიიღო, რომ ვუთხარი, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, გაშეშდა. შემეშინდა, რამე არ მოსვლოდა და კინაღამ ვუთხარი, მოგატყუე-მეთქი (იცინის).
– რამდენი თვის ფეხმძიმე ხარ და თუ არ არის საიდუმლო გვითხარით ბავშვის სქესი.
– ხუთი თვის ფეხმძიმე ვარ, გოგოს ველოდებით.
ოთო: გოგოს მამა გავხდები.
– რას არქმევთ პატარა გოგონას?
– სახელი შერჩეული გვაქვს, თუმცა ჯერ არ ვამბობთ. ერთ ადამიანს სიურპრიზს ვუმზადებთ.
– ანასტასია, რთულია იყო ოთოს მეუღლე?
ანასტასია: არა, უბრალოდ, იყო პერიოდი, როცა რაღაცეები არ მომწონდა. მაგალითად, ოთოს „ფეისბუქში” რომ შევდიოდი, 30 გოგო მხვდებოდა დამატებული და უამრავი წერილი. ახლა შევეჩვიე და რეაქცია აღარ მაქვს. მიხარია, რომ გავივლით და გვცნობენ, ბევრ თბილ სიტყვას გვეუბნებიან. მე მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ ოთო ბერიშვილი ჩემი ქმარია.
– ოთო, მახსოვს, „საქართველოს ვარსკვლავში“ სიმღერა მიუძღვენი ანასტასიას. რაიმე ისტორია ხომ არ უკავშირდება ამ ფაქტს?
ოთო: ყველა ჩემი სიმღერა ანასტასიას ეძღვნება. მაშინ დაშორებულები ვიყავით, სცენაზეც ისე გავედი, არაფრის სურვილი არ მქონდა. „გუშინ გნახე“ – ეს სიმღერაც იმიტომ ვიმღერე. საერთოდ, სიმღერას რომ ვწერ, ყოველთვის ვუთანხმდები ჩემს მეგობარს, ბინგოს. თუ ის მეტყვის, კარგია, ესე იგი, მართლაც კარგია. მაგრამ, როცა გადავწყვიტე, ამ სიმღერით გავსულიყავი, დავურეკე ანასტასიას და ვთხოვე, ერთი წუთით მოესმინა. მისი აზრი მაინტერესებდა, მოეწონდა და მეც ვიმღერე.
ანასტასია: ეს სიმღერა ოთოს შემოქმედებისგან განსხვავებულია და როდესაც მომასმენინა, ვუწინასწარმეტყველე, რომ წარმატებას მოუტანდა. ასეც მოხდა, სადაც მივდივართ, ყველგან ამას ამღერებენ.
– თუ გამოარჩევდი რომელიმე სიმღერას შენი შემოქმედებიდან?
ოთო: კი, მაქვს ასეთი, ჩემი სიმღერები მართალია, ძირითადად სიყვარულზეა და თითქმის, ყველა დეპრესიის დროს მაქვს დაწერილი (იცინის), მაგრამ, გამოვარჩევ ერთს – „მთვრალ კაცს.“ ეს სიმღერა არ არის ცნობილი. მისი შინაარსიც განსხვავებულია დანარჩენებისგან.
– ოთო, როგორი ბავშვი იყავი?
– ძალაინ ცელქი და მოუსვენარი. არ მიყვარდა სწავლა, დამრიგებელსაც არ ვუყუვარდი დიდად (იცინის), სამაგიეროდ, დირექტორი იყო კეთილგანწყობილი, რადგან სიმღერა კარგად გამომდიოდა და ყოველთვის სხვადასხვა დიპლომით ვბრუნდებოდი სკოლაში კონკურსებიდან. სკოლაც სიმღერამ დამამთავრებინა (იცინის).
– რა არის შენთვის მუსიკა?
– ყველაფერი: საჭმელი, სასმელი, ჰაერი. ყოველდღე ვმღერი, სხვაგვარად არ შემიძლია.
ანასტასია: შეიძლება, არ ჭამოს, მაგრამ იმღეროს (იცინის).
– ოთო, ცოტა გადახვევას გავაკეთებ და გკითხავ, რა ხდება შენს კარიერაში?
ოთო: სიახლეა ის, რომ შევქმენი ბენდი და ერთად ვაგრძელებთ სიმღერას. ვმღერით იმიტომ, რომ მოგვწონს და არა იმისთვის, რომ ვიყოთ პოპულარულები. ჩვენი რამდენიმე სიმღერა უკვე ცნობილია მსმენელისთვის. სამომავლოდ, ვგეგმავთ კონცერტის ჩატარებას, თუმცა ეს დროის საკითხია.
– რატომ აღარ მიიღე სხვა კონკურსში მონაწილეობა. ეს ერთგვარი იმედგაცრუება ხომ არ იყო?
– „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობის სურვილიც არ ყოფილა ჩემი. მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ნათესავების დაჟინებული თხოვნით გავედი. იმედგაცრუება არა, უბრალოდ, ვიცი, ჩემი შესაძლებლობები. იმისთვის, რომ ვიმღერო, საჭიროდ არ მიმაჩნია კონკურსიდან კონკურსში მივიღო მონაწილეობა.
ანასტასია: ოთოს არ უყვარს თავის ქება, არც ის, სხვა რომ აქებს, არც პოპულარობა ხიბლავს. ყველას ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ „საქართველოს ვარსკვლავში“ გასულიყო.
– ბოლოს, რას მოყვებოდი ისეთს, რასაც შენი მსმენელი „თბილისელებიდან“ გაიგებს...
ოთო: რამდენიმე დღის უკან, დანის ტარების გამო, 200 ლარით დამაჯარიმეს. არ იფიქროთ, რადგანაც ცივ იარაღს ვატარებ, კაცის მკვლელი ვარ (იცინის). უბრალოდ, ბავშვობიდან მიყვარს დანების შეგროვება და ტარება. რაც ამეკრძალა და ძალიან მწყდება გული.