ფლორის სამყაროში
კითხვა: ბინაში მაქვს „ფრთიანი“ პალმა. როგორ მოვუარო, რომ მცენარემ კარგად გაიხაროს?
პასუხი: პალმის ეს სახეობა ნელა იზრდება, მაგრამ, თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, ძალიან ლამაზ მცენარეს მიიღებთ. ზამთარში ის ყველაზე ნათელ ადგილზე გადაიტანეთ. სიჯანსაღისთვის მას კარგი განათება და კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, არა მწველი მზე. სწრაფად იზრდება 22-23 გრადუსზე, ზამთარში კი მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსია. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთარში, როცა ტემპერატურა და სინათლე ნაკლებია, მიწას შეშრობა აცადეთ და მცენარე შედარებით იშვიათად მორწყეთ. იმისათვის, რომ პალმამ სასურველი ფორმა არ დაკარგოს, ხშირი განიავება და ოდნავ ტენიანი ჰაერი სჭირდება. ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ნუ ეცდებით, რომ ამ მცენარემ იყვავილოს, რადგან „ფრთიანი“ პალმა ოთახის პირობებში ვერც ყვავილობს და ვერც ნაყოფს ისხამს.
კითხვა: როგორ ყვავილობს გრაფტოპეტალუმი?
პასუხი: ეს მომცრო, მკვრივი და ხორციანი მცენარე ყვავილობისას თავის ჩვეულებრივ ზომას რამდენჯერმე აჭარბებს. სქელი ფოთლები მკვრივ, ბორცვისებურ როზეტს ქმნის, რომელიც იშვიათად იზრდება რამდენიმე სანტიმეტრზე მაღალი, სიგანე კი ოდნავ მეტი აქვს; სამაგიეროდ, დიდი, კაშკაშა და თვალისმომჭრელი ყვავილები ამშვენებს. თუ სინათლე არ აკლია, იოლად ისხამს მუქ ვარდისფერ ყვავილებს. ყვავილობა რამდენიმე კვირას გრძელდება. როცა არ ყვავის, მცენარე უსახურია, ამიტომ, გირჩევთ, ფართო, დაბალ ქოთანში რამდენიმე ძირი ჩარგოთ, რომ აყვავებამდეც ლამაზი იყოს. მთელი წლის განმავლობაში მზის შუქი არ მოაკლოთ. ჰყოფნის ოთახის ტემპერატურა. გაზაფხულიდან ადრიან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ოღონდ, მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგი ცოტათი გამოაშრეთ. ეცადეთ, ზედმეტი წყალი არ მოგივიდეთ.
კითხვა: რა სიხშირით სჭირდება მორწყვა ამარილისს?
პასუხი: ამ მცენარის მშრალი ბოლქვები ქოთანში გამოაზამთრეთ. როცა ფესვების განვითარება დაიწყება, მცენარის მორწყვას შეუდექით. ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულის მიწურულს მორწყვა შეწყვიტეთ, ბოლქვი გააშრეთ და ფოთლები გაახმეთ. შემოდგომაზე მორწყვა განაახლეთ, რომ მცენარემ ზრდა დაიწყოს.
კითხვა: როგორ მოვუარო იუსტიციას?
პასუხი: უხვი ყვავილობისთვის მცენარე კაშკაშა სინათლეზე დადგით, ოღონდ, შუადღის მზეს მოარიდეთ. მისთვის მშვენიერია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ზამთრის მინიმალური ტემპერატურა კი 15 გრადუსია. ზამთარში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო აქტიური ზრდის პერიოდში უფრო უხვად მორწყეთ. ნიადაგი შუა გაზაფხულიდან ზაფხულის მიწურულამდე ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. თუ ახლა გასხლავთ მცენარეს, მოკლე და გაბუჩქული გაიზრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, 1 მეტრზე მეტსაც მიაღწიოს და საყრდენი დასჭირდეს. გირჩევთ, იუსტიცია დასავლეთის ფანჯარაზე დადგათ.