ვის დააყაჩაღებინა ქალმა მანქანებით მოვაჭრე საყვარელი და ვის მისცა მან „ნაკოლი” კონსპირაციულ ბინაზე
46 წლის ვალერი ა-ოვმა დაყაჩაღების ფაქტის შესახებ, რომლის მსხვერპლიც ის გახდა, თავად შეატყობინა სამართალდამცველებს. დაზარალებულის განცხადების მიხედვით, დროებით ნაქირავებ ბინაში მას თავს დაესხა ორი ნიღბიანი მამაკაცი, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გასტაცეს 6 500 ლარი და პირადი ნივთები. ვალერი ა-ოვის თქმით, ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელები მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ – მამაკაცს სახისა და თავის არეში აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დარტყმით ჰქონდა მიყენებული. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ჭრილობები მძიმე კატეგორიის დაზიანებას მიეკუთვნებოდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. დაზარალებული აცხადებდა, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს, რომელიც მის ბინაში მოხდა, ერთ-ერთ თავდამსხმელს სახიდან მოსძვრა ნიღაბი, რომლის ასაღებად ის აღარ მიბრუნებულა და სწორედ მაშინ დაინახა დაზარალებულმა თავდამსხმელის სახე – ის იყო 24-25 წლის შავგვრემანი ახალგაზრდა, თვალის ახლოს კი წითელი „ტყლიპი” ჰქონდა.
საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ ვალერი ა-ოვი ავტომანქანებით ვაჭრობდა. შესაბამისად გადამოწმდა ის წრე, რომელთანაც ის იყო დაკავშირებული. ბინა, რომელშიც დაზარალებული ცხოვრობდა, მას დაყაჩაღებამდე სამი თვით ადრე ჰქონდა დაქირავებული. მისივე განცხადებით, სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამ ბინის არსებობა და სწორედ ეს აღმოჩნდა გამოძიებისთვის მთავარი ხელმოსაჭიდი ფაქტორი. შეკითხვას, თუ რატომ დაესხნენ მამაკაცს თავს იმ ბინაში, სადაც ის დროებით იმყოფებოდა და არა ბინაში, სადაც მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ოჯახთან ერთად, მოგვიანებით, გამოძიების მსვლელობისას გაეცა პასუხი, რასაც კრიმინალური ფაქტის გახსნაც მოჰყვა.
როგორც ვალერი ა-ოვისგან სამართლადამცველებისთვის გახდა ცნობილი, იმ ღამეს, როდესაც მის ბინაში ორი თავდამსხმელი შევიდა, მასთან სახლში იმყოფებოდა დაზარალებულის ნაცნობი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მან სამი თვის წინ ავტომობილი „მაზდა” მიჰყიდა. ვალერი ა-ოვის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში იმ ქალთან ინტიმური კავშირი ჰქონდა და კონფიდენციალური ბინაც ამის გამო იქირავა. როგორც გამოძიებამ გაარკვია, თავდამსხმელები სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც 26 წლის ჯენიფერ შ-შვილი ბინიდან ერთი საათით გავიდა და კარი ღია დატოვა იმ მიზეზით, რომ უკან დაბრუნებულს მამაკაცი არ გაეძღვიძებინა და კარი თავად გაეღო.
ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „ჯენის წასვლიდან ნახევარი საათი იყო გასული. საწოლზე მიმძინებოდა. თვალი ხმაურზე გავახილე და დავინახე, რომ თავს ორი ნიღბიანი მადგა. ერთმა საწოლიდან წამომაგდო და მიყვირა – ფული, ოქრო, ყველაფერი სასწრაფოდ მოგვეცი, რაც გაქვსო. მე ვუთხარი, ეს ბინა ნაქირავები მაქვს, აქ არც ფულია და არც არაფერი-მეთქი. ამის თქმა იყო და, მეორე თავდამსხმელმა თავში იარაღის ტარი ჩამარტყა, მერე საწოლიდან გადმომაგდეს და ხან ფეხებით, ხან მუშტებით, სასტიკად მცემეს. ორჯერ იარაღი მომადეს შუბლზე – თავს ნუ მოიკლავ ფულისთვისო, – მითხრეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა, რომელიც უფრო აგრესიული იყო, ყელიდან ოქროს ჯაჭვი ჩამომგლიჯა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი მაწამეს. 6 500 ლარი მქონდა სახლში და მივეცი ის ფული. ხელს გააყოლეს ჩემი პირადი ნივთები – ორი ოქროს ბეჭედი და საათი. უკვე გადიოდნენ ბინიდან, როდესაც ერთ-ერთს ნიღაბი ჩამოუვარდა და დავინახე სახეზე, თვალთან, ეგრეთ წოდებული „ტყლიპი” ჰქონდა. ის უკან აღარ მობრუნებულა, ნიღაბი იქვე დატოვა და ორივე მიიმალა. როცა ერთ საათში ჯენიც დაბრუნდა, მე უკვე გამოძახებული მყავდა პოლიცია.“
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ვალერი ა-ოვის ყოფილი კლიენტისა და მეგობარი ქალის, ჯენიფერ შ-შვილის ძმა წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი ის აზარტული თამაშების დიდი მოყვარული გახდა და, როგორც სამართლადამცველებისთვის გახდა ცნობილი, იმ დღეებში, როცა ვალერი ა-ოვი დააყაჩაღეს, მას წაგებული ფული ჰქონდა ჩასაბარებელი. მალხაზ შ-შვილი გარეგნული მონაცემებით ძალიან ჰგავდა დაზარალებულის მიერ აღწერილ თავდამსხმელს – მას თვალთან ჰქონდა დიდი ზომის მოწითალო ლაქა, რომლითაც დაიმახსოვრა ვალერი ა-ოვმა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით დადგინდა ისიც, რომ ჯენი შ-შვილმა ამ ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე გაქურდა ირანელი მოქალაქე, რომელთანაც ასევე სქესობრივი კავშირი ჰქონდა. ირანელმა ისე დატოვა საქართველო, რომ კუთვნილი ნივთების დაბრუნება ვერ შეძლო, თუმცა ამის შესახებ ახალგაზრდა ქალის მეზობლებისთვის გახდა ცნობილი. მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ, სამართალდამცველებმა დააკავეს ჯენი შ-შვილი, რომელმაც თავიდან უარყო ბრალდება, თუმცა, შემდეგ აღიარა, რომ ძმას „ნაკოლი” თავად მისცა. და-ძმამ მალხაზ შ-შვილის მეგობართან ერთად დაგეგმა ყაჩაღური თვადასხმის ყველა დეტალი; ამასთან, მათ ჰქონდათ სარეზერვო გეგმაც იმ შემთხვევისთვის, თუ ბინაში უკან მობრუნებულ ჯენის კარი დაკეტილი დახვდებოდა. ამიტომ მან აივანზე გასასვლელი კარიც ღია დატოვა.
სამართალდამცველებმა მალხაზ შ-შვილი სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ წაგებული ფულის ჩაბარების დრო ეწურებოდა, როცა დამ „ძუნწი” საყვარლის დაყაჩაღება თავად შესთავაზა. დანაშაულის პირველი ვერსია იყო ძარცვის ინსცენირება: ჯენის მამაკაცისთვის სასმელში ძილის წამალი უნდა ჩაეყარა და დაძინებული გაეძარცვა, თუმცა, საბოლოოდ, და-ძმა მამაკაცის დაყაჩაღებაზე შეთანხმდა იმ მოტივით, რომ ძარცვის ინსცენირება გამოძიებას ახალგაზრდა ქალის კვალზე უფრო იოლად გაიყვანდა, ვიდრე მისი დაყაჩაღება.
სასამართლომ ჯენი შ-შვილი დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მალხაზ შ-შვილსა და მის მეგობარს, რომლის ბინიდანაც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ფულის ნაწილი და დაზარალებულის კუთვნილი ნივთები ამოიღეს.