კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გრანდიოზული აფერა ჩაატარა ქართველმა თაღლითმა ლეგენდარული გარინჩას დახმარებით

ცნობილი ქართველი თაღლითი ჯამბულ აქუბარდია, მეტსახლად „ესპანელი“, შავი სამყაროს ნამდვილი კოლორიტი იყო და მასზე დღემდე ლეგენდები დადის. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს მისი მდიდარი კრიმინალური ცხოვრებიდან.

მოტაცება ტალინში
ჯამბულ აქუბარდია 1919 წლის 4 აგვისტოს დაიბადა თბილისში. დედა გერმანისტი იყო, მამა კი – ესპანური ენის სპეციალისტი. ჯამბულმა ბავშვობიდანვე ადვილად აითვისა რამდენიმე უცხოური ენა და, 14 წლის ასაკში, ქართულისა და რუსულის გარდა, უაქცენტოდ ლაპარაკობდა გერმანულად, ესპანურად, ინგლისურად და ფრანგულად. მოგვიანებით კი აითვისა პორტუგალიური, ლათინური, ბერძნული, არაბული და სპარსული ენები.
1931 წელს აქუბარდიები მოსკოვში გადასახლდნენ, რადგან ჯამბულის მშობლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყეს მუშაობა. ჯამბულმა მოსკოვში დაამთავრა საშუალო სკოლა, 1940 წელს კი – უცხო ენათა ინსტიტუტი გერმანული ენის განხრით, რის შემდეგაც ის ესტონეთში გაამწესეს სკოლის მასწავლებლად, პარალელურად კი საბჭოთა დაზვერვის სათადარიგო, ეგრეთ წოდებული „დაკონსერვებული” მეკავშირის ფუნქცია დააკისრეს. აშკარა იყო, რომ სულ მალე ფაშისტური გერმანია ომს დაიწყებდა საბჭოეთის წინააღმდეგ და „ენკავედე“ კონსპირაციულ ქსელს ამზადებდა.
ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის შემდეგ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში არსებული ქსელი ჩავარდა და თერთმეტი საბჭოთა მზვერავი დააპატიმრეს. ჯამბული კი იმან გადაარჩინა, რომ სათადარიგო იყო და მას გამცემი არ იცნობდა. 1941 წლის დეკემბერში ჯამბულს მოსკოვიდან დაავალეს, რომ გამცემი აღმოეჩინა და, თუ ვერ დაატყვევებდა, მოეკლა. ქართველმა მზვერავმა წარმატებით შეასრულა ცენტრის დავალება: 1942 წლის იანვარში გამცემს მიაგნო და ჯერ დაატყვევა, შემდეგ კი პარტიზანებს მიუყვანა, რომლებიც ახლომდებარე ტყეებში იყვნენ დაბანაკებულები. მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსულმა სპეცჯგუფმა მოღალატეც და მისი გამტაცებელიც საბჭოეთის დედაქალაქში წაიყვანეს. მოღალატე დახვრიტეს, ჯამბული კი მოულოდნელად დააპატიმრეს და გულგრილობაში დასდეს ბრალი. პარადოქსი კი ის იყო, რომ მანამდე ის „წითელი ვარსკვლავის ორდენით” დააჯილდოვეს.
 „ესპანელი“
ჯამბულ აქუბარდიას 25 წელი ჰქონდა მისჯილი და სასჯელს ურალს იქით, ერთ-ერთ კოლონიაში იხდიდა. იქ ის თარჯიმნად მუშაობდა და ფაშისტების მხარეზე მებრძოლი და დატყვევებული ჯარისკაცების კურატორი იყო. 1946 წლის ივლისში ბანაკში პოლკოვნიკი პაბლო ზამორა მოიყვანეს, რომელიც დიქტატორ ფრანკოს ადიუტანტი იყო და ბერლინში, ჰიტლერის ბუნკერში აიყვანეს ტყვედ. ზამორა ჯერ „ლუბიანკაზე“ დაამუშავეს, შემდეგ კი გააციმბირეს. ჯამბული ზამორას დაუახლოვდა, მეგობრული კავშირი დაამყარა მასთან და თავისი მოადგილის თანამდებობაც კი მოუხერხა. სწორედ ზამორამ შეარქვა ჯამბულს „ესპანელი“ და ეს მეტსახელი მას სიცოცხლის ბოლომდე შერჩა.
პაბლო ზამორა გონებამახვილი პიროვნება აღმოჩნდა. რაც უნდა უცნაური იყოს, მას გერმანელი ფაშისტები თვალში არ მოსდიოდა და ჯამბულთან ერთად სისხლს უშრობდა მათ. ჯერ ერთი, ზამორა და ჯამბული ყველაზე რთულ სამუშაოს სწორედ ფაშისტებს ასრულებინებდნენ. გარდა ამისა, ორივე ბრწყინვალედ თამაშობდა ბანქოს და მაღალ დონეზეც თაღლითობდნენ. ამიტომ, ზამორა და აქუბარდია ერთად „ფცქვნიდნენ“ აზარტულ ფაშისტ ტყვეებს და ბოლო „პაიოკსაც“ უგებდნენ. მართალია, მთლიანად არ ართმევდნენ და მშივრებს არ ტოვებდნენ მათ, მაგრამ, ვალში აგდებდნენ და საკუთარ თავზე ჰყავდათ დამოკიდებული.
1953 წლის აპრილში, სტალინის გარდაცვალების მერე, აქუბარდია და ზამორა ციხიდან გაათავისუფლეს. პაბლო ესპანეთში გაუშვეს, ჯამბული კი ციმბირის ქალაქ ირკუტსკში დასახლდა, რადგან მას ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრების უფლება ათი წლით ჩამოართვეს. იმ პერიოდში ჯამბული 34 წლის იყო.
„ესპანელმა“ სკოლაში დაიწყო მუშაობა და ბავშვებს ფრანგულ ენას ასწავლიდა, პარალელურად კი თაღლითობას მიჰყო ხელი.
„მოსყიდული“ ფეოლა
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ იატაკქვეშ სათამაშო ბიზნესი, კერძოდ კი – ტოტალიზატორები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების მიწურულს შეიქმნა საბჭოთა კავშირში და მასში მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა. ამ ბიზნესში იყო ჩართული აქუბარდიაც და საკმაოდ დიდ ფულსაც შოულობდა. ამ ბიზნესს ებრაელ საქმოსნებთან ერთად ქართველი კანონიერი ქურდები, ეგრეთ წოდებული „მაზოვშჩიკები“ კურირებდნენ, რომელთა ძირითად ნაწილსაც იატაკქვეშა ბიზნესმენები შეადგენდნენ. ისინი დიდ ფსონებს ჩადიოდნენ და, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების შედეგები წინასწარ იყო შეთანხმებული, რის შედეგადაც ფანტასტიკური თანხები გროვდებოდა.
1965 წლის 4 ივლისს, მოსკოვში, ლუჟნიკის ცენტრალურ არენაზე, საბჭოთა კავშირისა და ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. იმ პერიოდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბრაზილიელები თავიანთი ვარსკვლავური შემადგენლობით ჩამოვიდნენ მოსკოვში, რა თქმა უნდა, პელესთან და გარინჩასთან ერთად. იატაკქვეშა ტოტალიზატორი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ თამაშისთვის. აზარტული, მდიდარი „მაზოვშჩიკები“ დიდ ფსონებს ჩამოდიოდნენ ბრაზილიაზე. „ესპანელმა“ ამ მატჩისთვის გრანდიოზული და საკმაოდ სახიფათო აფერა ჩაიფიქრა. ის ამ იატაკქვეშა ტოტალიზატორის ერთ-ერთ მესვეურთან, იაკობ ფელცმანთან მივიდა და უთხრა, რომ თუკი მილიონ მანეთს გადაიხდიდა, მაშინ ის ბრაზილიელებს მოისყიდდა და ტოტალიზატორს დიდი თანხა დარჩებოდა. ფელცმანი თავად იყო უმაღლესი კატეგორიის თაღლითი და ჯამბულს გარანტიები მოსთხოვა.
– თვით გარინჩა რომ მოგიყვანო და ფული აიღოს, დაიჯერებ ჩემს სიტყვას? – ჰკითხა „ესპანელმა“ იაკობს.
– რა თქმა უნდა, – მიუგო იაკობმა.
– მაშინ, ფული გაამზადე, – უთხრა „ესპანელმა“ ფელცმანს და დაამატა: – ხვალ დილით მოვიყვან მას და ფულსაც ჩავუთვლით.
მატჩამდე ორი დღით ადრე, 2 ივლისის საღამოს, ელეგანტურად ჩაცმულმა ჯამბულ აქუბარდიამ ლუჟნიკის სტადიონზე შეაღწია და, როდესაც ბრაზილიელმა ვარსკვლავებმა წინასამატჩო ვარჯიში დაასრულეს, „ესპანელმა“ გარინჩა გვერდით გაიხმო და გამართული პორტუგალიურით უთხრა:
– სეუ მანუელ, ჩემი ბედი თქვენს ხელთაა და, თუ არ დამეხმარებით, თავს მოვიკლავ.
გარინჩა ძალიან უბრალო, გულისხმიერი ადამიანი იყო და შეწუხდა. მან „ესპანელს“ ჰკითხა:
– რაშია საქმე, რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
აქუბარდიას თვალები აუცრემლდა და მიუგო:
– ჩვენში ტრადიციაა, როცა ცოლი მოგყავს, ქალის მამას დიდი თანხა უნდა გადაუხადო, რომ გამოგატანოს. ამას ჩვენებურად „მოსყიდვა” ეწოდება. თუმცა, მარტო ფული არ კმარა,  მომსყიდველი ცნობილი პიროვნება უნდა იყოს.  მე ცოლის მოყვანა მინდა. ჩემს სიმამრს, სეუ (ბატონი) ვისენტეს, მილიონ მანეთს ვუხდი და შევპირდი, რომ ამ თანხას მას ლეგენდარული გარინჩა მიუტანს. შეგიძლიათ, დამეხმაროთ და ხვალ, დილის 10 საათზე, სეუ ვისენტეს ფული გადასცეთ?
გარინჩა არც კი შეყოყმანებულა, ისე დათანხმდა „ესპანელს.“ ჯამბული და გარინჩა 3 ივლისს სასტუმრო „ინტურისტების“ შესასვლელთან შეხვდნენ ერთმანეთს. ჯამბულმა ის „პობედაში“ ჩასვა და თავის „მამასთან“, სინამდვილეში კი ფელცმანთან მიიყვანა.
ფელცმანისთვის პირველი შოკი ის იყო, რომ გარინჩა მივიდა მასთან. მანუელი მას მიესალმა და „ესპანელის“ მიერ წინასწარ ნასწავლი ფრაზა უთხრა:
– სეუ იაკობ, სეუ ვისენტეს მოსასყიდი მილიონი მანეთის წასაღებად მოვედი და, გთხოვთ, ფული გადმომცეთ.
ფელცმანს საკუთარმა თარჯიმანმა გადაუთარგმნა. იაკობმა გარინჩას ასმანეთიანების  დასტები პატარა ჩემოდანში ჩაუწყო და გაატანა. „ესპანელი“ და გარინჩა კვლავ „პობედაში“ ჩასხდნენ და მაიაკოვსკის ქუჩაზე მივიდნენ, სადაც ლეგენდარულმა ბრაზილიელმა სეუ ვისენტეს მილიონი მანეთი გადასცა. შემდეგ კი ჯამბულთან და მის „საცოლესთან“ ერთად სურათი გადაიღო და სასტუმროში დაბრუნდა.
„სასიმამრო” და „საცოლე” „ესპანელის“ „პაძელნიკი“ აფერისტები იყვნენ. სეუ ვინსენტე კი იმიტომ უწოდეს სასიმამროს, რომ ფელცმანს ჰგონებოდა, რომ თითქოს ეს მილიონი მანეთი ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელის, ვინსენტე ფეოლასთვის იყო განკუთვნილი.
აფერამ ბრწყინვალედ ჩაიარა და „ესპანელი“ და მისი „პაძელნიკები“ ამ ფანტასტიკური თანხით მიიმალნენ. ბრაზილიამ კი საბჭოეთი 5:0 დაამარცხა და ფელცმანს დიდი ფულის გადახდა მოუწია. „ესპანელზე“, რა თქმა უნდა, ნადირობა გამოცხადდა, მაგრამ ის ვერ მოიხელთეს. 1966 წელს კი თავად აქუბარდია ქურდების თანხლებით შეხვდა „გადაგდებულ“ ფელცმანს და ისინი შერიგდნენ...
იატაკქვეშა ბიზნესმენმა ქურდების წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა და „ესპანელს“ ეს ფული შერჩა. თუმცა, სავარაუდოდ, მან ქურდებიც გაიყვანა წილში...


P. S. ჯამბულ აქუბარდია 1989 წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალაქ სოჭში...

скачать dle 11.3