მაფიის შვილობილი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28-29(708)
– მიბრაზდები თამარ?
– არა. რატომ? – მხრები აიჩეჩა თამარმა.
– ბოდიშს გიხდი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა. ხომ მაპატიებ?
თამარმა შემრიგებლურად გაუღიმა მერაბს და უთხრა:
– თუ სახლში მიმაცილებ, მაშინ გაპატიებ.
თამარმა მორიგეობა გადააბარა და ლამაზმა წყვილმა გაჩახჩახებულ, ღამის გაგრაში გაისეირნა.
კოლონადასთან რომ მივიდნენ, თამარმა მერაბს უთხრა:
– კაფეში ხომ არ დავსხდეთ? ნაყინი მინდა.
– რომ შეგაგვიანდება, ქალბატონი მართა არ ინერვიულებს?
– დედას სამსახურიდან დავურეკე, დაგავაფრთხილე. იცის, რომ შენთან ერთად ვარ.
წყვილი ნაცნობ მაგიდას მიუჯდა და ნაყინი შეუკვეთა. უცებ, მერაბმა დაჟინებული მზერა იგრძნო და მარჯვნივ გაიხედა. ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით, ფიჭვნარში, სკამზე ზორბა მამაკაცი მარტოდმარტო იჯდა და წყვილს მისჩერებოდა. ბანჯგვლიან, დაკუნთულ ტანზე მეზღვაურის მოკლემკლავიანი მაისური შემოტმასნოდა, კისერზე კი უზარმაზარი დურბინდი ეკიდა.
დურბინდიანი თამარმაც შენიშნა და მერაბს უთხრა:
– ნუ უყურებ, მერაბ. თუ მთვრალია, მოვა, აგვიშარდება და საღამოს ჩაგვიმწარებს. ვერ იტანს, როცა მასაც უყურებენ.
თამარის სიტყვები მერაბს გულზე მოხვდა და ამაყად მიუგო:
– აგვიშარდება და ისეთ შარს მიიღებს, რომ აშარების სურვილი სამუდამოდ დაეკარგება.
– ნუ ცხარობ, მერაბ. გიჟია ეს საცოდავი და ყველა ერიდება.
– გიჟებისთვის საგიჟე არსებობს, – ინერციით თქვა მერაბმა.
– დიდი ხანია, არ ჩანდა და ალბათ, იწვა კიდეც. როგორც ეტყობა, გამოსულია. როცა გარეთაა, ჩამოიკიდებს დურბინდს, დადის და ამბობს, დომარის მკვლელს ვეძებო.
– დომარი ვინ იყო?
– დომარ ბუთბა. არ გსმენია, ცნობილი ქურდი იყო. სერგი რომ მოკლეს, იმ წელს მოკლეს ისიც თბილისში. იმ დომარის უმცროსი ძმაა და ლორიკი ჰქვია.
– ძმები ბუთბები... – ჩაილაპარაკა მერაბმა და თამარს უთხრა, – იმ მოკლულ ქურდს ტყუპისცალი ჰყავს და დაური ჰქვია. ხომ არ მეშლება?
– არ გეშლება. მართალი ხარ. დაურზე მსმენია, კაციჭამიააო და ახლა ციხეში ზის. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა დაურ ბუთბას სახელი ქუხდა მთელ აფხაზეთში.
– მართალი ხარ. ძალიან საშიში ბოროტმოქმედია, – უთხრა მერაბმა თამარს. ინსტინქტურად ფიჭვნარისკენ გაიხედა და ცარიელ სკამს მოჰკრა თვალი, რომელზეც დურბინდიანი ლორიკ ბუთბა უკვე აღარ იჯდა.
– ფიცხი ყოფილხარ, მერაბ, – გაუღიმა თამარმა.
– შენ რომ თქვი, საღამოს ჩაგვიმწარებსო, ცოტა გავცხარდი. აბა, მე რა ვიცოდი, თუ ავადმყოფი იყო.
– ერთი ამ ქალბატონს დამიხედეთ. რომ ჰკითხო, მთელი ცხოვრება ხელოვნებას უნდა მიუძღვნას და კაცებისკენ არც კი იხედება! – წამოიძახა თამარმა და ფიჭვნარში მოსეირნე წყვილს თვალი გააყოლა.
– ვისზე ამბობ, თამარ? – ჰკითხა მერაბმა.
– აი, ამ ტანწერწეტა, ქერა ქალბატონზე, – თამარმა მერაბი მარჯვნივ გაახედა.
– ვინ არის?
– ლია, ჩემი დეიდაშვილი.
– მსახიობია?
– როგორ მიხვდი? – გაოცდა თამარი. ლამაზია. მოხდენილად ჩაცმული, თან, ხელოვნებაც რომ ახსენე, ვიფიქრე, მსახიობი იქნება-მეთქი და გამოვიცანი, – გაეღიმა მერაბს.
– ლია! ლია! – დაუძახა თამარმა დეიდაშვილს.
– უხერხულია, თამარ, – თამარის შეჩერება სცადა მერაბმა, მაგრამ გვიან იყო.
ლია შემოტრიალდა და დეიდაშვილის დანახვაზე შეცბა. შემდეგ თავის კავალერს რაღაც უთხრა და უხერხული ღიმილით გაემართა მაგიდისკენ.
გოგოებმა ერთმანეთი გადაკოცნეს. თამარმა კი გამომცდელად უთხრა ლიას:
– აკი ხელოვნებაზე ვარ გადამკვდარი და კაცებს არ ვხვდებიო? ვინ არის ეგ ვაჟბატონი?
– მერაბ მხეიძეა. ჩვენი დასის ახალი წევრი. თბილისელია და სამუშაოდ სოხუმის თეატრში გაანაწილეს, – მიუგო ლიამ.
– დეიდაჩემმა თუ იცის, ასე გვიან რომ დასეირნობ ფიჭვნარში უცხო კაცთან ერთად?
ლიამ პასუხს თავი აარიდა და თამარს აღტაცებით უთხრა:
– „რომეო და ჯულიეტას” ვდგამთ და ჯულიეტაზე დამამტკიცა რეჟისორმა.
– ეგ, ალბათ, რომეოა, ხომ? – თავით ანიშნა თამარმა ლიას თბილისელ მსახიობზე.
– როგორ მიხვდი? – გულუბრყვილოდ იკითხა ლიამ, რადგან ვერ მიხვდა თამარის ირონიას.
– არ ეტყობა, რომ? – ირონიულად გაეცინა თამარს, – ისეთი შეყვარებული თვალებით გიყურებს, როგორც რომეო ჯულიეტას.
– მიყურებს და მიყუროს. რა გინდა მერე? ასე გვიან, შენ თვითონ რას აკეთებ აქ? გგონია, არ ვიცი, რომ ყოველდღე ამ კაფეში ხართ? მთელი გაგრა ლაპარაკობს – თამარ ანჩაბაძეს შეყვარებული მილიციელი ესტუმრა თბილისიდანო, – მიაყარა დეიდაშვილს გაწიწმატებულმა ლიამ.
– რას სულელობ, ლია? – წამოწითლდა თამარი.
– გოგოებო, ნუ ჩხუბობთ, – თქვა მერაბმა. მოღიმარი სახით ფეხზე წამოდგა. ლიას ხელზე ეამბორა და წარუდგა:
– მაიორი მერაბ გამრეკელი.
ლია მოიხიბლა მერაბის გალანტურობით. გაუღიმა და მიუგო:
– მსახიობი ლია კანდელაკი.
– დაბრძანდით, ლია, – მერაბმა სკამი გამოუწია მსახიობ გოგონას, – მე კი თქვენს მეგობარს მოვიპატიჟებ.
მერაბ მხეიძე მარტოხელა ტირიფივით იდგა ფიჭვნარში, ადგილიდან არ იძროდა და მოწყენილი იყურებოდა კაფესკენ. გამრეკელმა ის მაგიდასთან მიიყვანა და თამარს წარუდგინა:
– გაიცანი, თამარ ეს სიმპათიური ახალგაზრდა, მსახიობი მერაბ მხეიძეა.
– თამარ ანჩაბაძე, – ფეხზე წამოუდგომლად ხელი გაუწოდა ახალმოსულს თამარმა.
ჩხეიძემ მაიორს მიბაძა. თამარს ხელზე ეამბორა და უთხრა:
– მსახიობი მერაბ მხეიძე, – და გამრეკელის პირდაპირ დაჯდა.
მიმტანმა ნაყინი მოიტანა და იკითხა:
– კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?1
– თუ შეიძლება, ერთი ბოთლი შამპანური მოგვიტანეთ, – შეუკვეთა თამარმა და მიმტანი რომ წავიდა, თქვა:
– ჩვენი შეხვედრა აღვნიშნოთ.
შემდგომში, როდესაც ეს ლამაზი წყვილები დაქორწინდნენ და ოჯახებით ერთმანეთთან სტუმრობდნენ ხოლმე, ყოველთვის იხსენებდნენ ამ მშვენიერ საღამოს.
ლამაზი ოთხეული კაფედან რომ გამოვიდა, შუაღამეს ნახევარი საათი აკლდა. ორმა მერაბმა ლია და თამარი სახლში მიიყვანეს. გამრეკელმა კი მხეიძეს სოხუმში გამგზავრება არ დაანება და ასთამურ შამბას სახლში წაიყვანა.
– უხერხულია, მერაბ. ასე გვიან, უცხო ადამიანთან სტუმრობა, – მორცხვობდა ლიას კავალერი.
– სტუმარი ღვთისაა, ხომ გაგიგონია? – ძია ასთამური კი ღვთისნიერი კაცია.
– თანაც, ხვალ დილით რეპეტიციაზე უნდა ვიყო თეატრში, – გვიანი სტუმრობისგან თავის დაღწევას ცდილობდა მხეიძე.
– მიხვალ კიდეც. შენ და ლია ერთად გაემგზავრებით. შედი, შედი... ძია ასთამური უნდა გაგაცნო, – მაიორმა მსახიობს ეზოს კარი გაუღო და წინ გაატარა.
ასთამურ შამბას გულწრფელად გაუხარდა მერაბ მხეიძის სტუმრობა. დილით კი მან და მისმა შვილობილმა ავტობუსამდე მიაცილეს სტუმარი. ასთამური გამოემშვიდობა მსახიობს და უთხრა:
– ხშირად მესტუმრე ხოლმე, შვილო. ლიასთან ერთად მოდი. თქვენს პრემიერას აუცილებლად დავესწრები.
– მადლობა, ძია ასთამურ. აუცილებლად გესტუმრებით. ნახვამდის... – ხელი დაუქნია მერაბ მხეიძემ გამცილებლებს და სადგურისკენ მიმავალ ავტობუსში ავიდა, სადაც ლიას უნდა შეხვედროდა.
მეტყევე და მილიციელი სახლში შებრუნდნენ. ასთამურმა კედელზე ჩამოკიდებულ შვილის სურათს ცრემლიანი მზერა შეავლო და თქვა:
– რა კარგია ახალგაზრდობა. სიყვარული, სიხარული, სიცოცხლე. რა იქნებოდა, რომ ჩემს სერგისაც ღირსებოდა ეს ბედნიერება.
მასპინძლის სიტყვებზე მერაბს გააჟრჟოლა. მაიორს სულს უშფოთებდა გოლიათი მეტყევის ტრაგედია. მას მთელი არსებით სურდა, თავის მხსნელს დახმარებოდა. პესკასელთან შეხვედრის შემდეგ კი მიხვდა, რომ სერგის მკვლელობის საქმის გახსნა ძალიან რთული იყო. მაიორი აბსოლუტურად ეთანხმებოდა კაპიტან პესკასელს იმაში, რომ ბევრი რამ შემთხვევაზე იყო დამოკიდებული. ანუ, ბოროტმოქმედებს ახალი დანაშაული უნდა ჩაედინათ და მილიცია ამგვარად გასულიყო მათ კვალზე.
ასთამურმა ცრემლები შეიმშრალა და მერაბს ჰკითხა:
– რა ქენი, შვილო, შეხვდი ნესტორს?
– შევხვდი და ყველაფერი დაწვრილებით გამაცნო. ბევრი სამუშაოა. თბილისში რომ დავბრუნდები, ვალიკო ჟღენტს ვთხოვ, მეც ჩამრთოს გამოძიებაში. თავს არ დავზოგავ, რომ სერგის მკვლელებს მივაგნო, – უთხრა მერაბმა ასთამურს.
– ესე იგი, იმედი არსებობს.
უიმედო საქმე არ არსებობს. ნებისმიერი დანაშაულის გახსნა შეიძლება. სერგის მკვლელები აუცილებლად გამოჩნდებიან და დავიჭერთ.
– ღმერთმა გისმინოს, შვილო. იქნებ გაგიმართლოს და მათ თვალებში ჩამახედო, – უთხრა ასთამურმა მერაბს. შემდეგ სალაპარაკო თემა შეცვალა და შვილობილს ჰკითხა:
– მოგეწონა ლია? ხომ კარგი გოგოა?
– მშვენიერი. ლია და თამარი ძალიან გვანან ერთმანეთს.
– არც შენი სეხნიაა დასაწუნი. კარგი ვაჟკაცია. გული მიგრძნობს, რომ დანათესავდებით და მერე გაიხსენე ეს სიტყვები, – გაუღიმა ასთამურმა მერაბს.
მერაბ გამრეკელს მართლაც ხშირად ახსენდებოდა ასთამურ შამბას ეს სიტყვები და თვალწინ ყოველთვის ამ გოლიათის უზომო სევდით სავსე თვალები წარმოუდგებოდა ხოლმე.
ქუჩიდან საზარელი კივილის ხმა მოისმა. ჯერ სამი ქალი კიოდა. შემდეგ მათ სხვებიც შეუერთდნენ და უბედურების მაუწყებელი ხმა არემარეს მოედო.
– ჯამბულ ეზუხბაია გარდაიცვალა, – დამაჯერებლად თქვა ასთამურმა. სინანულით თავი გააქნია და დაამატა, – ლოგინად იყო ჩავარდნილი. შარშან დათვს შეება ტყეში შიშველი ხელებით და ხანჯლით მოკლა. თვითონ კი ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და ვერ დგებოდა. კარგი ვაჟკაცი იყო და აფსუსია მისი სიკვდილი. შენ რომ სოხუმში იყავი გუშინ წასული, მასთან გადავედი და მთელი დღე გავჩერდი. ღმერთმა აცხონოს.
– ტიტე, ტიტეეე, – გაჰკიოდნენ ქალები.
ასთამურ შამბას მიტკლისფერი დაედო და მიაყურადა. შემდეგ ფეხზე წამოიჭრა და ფანჯარასთან მივარდა. გაიხედა, თავში ხელები წაიშინა. იღრიალა: ტიტე კალანდია დაღუპულაო და გარეთ გავარდა...
მერაბი ასთამურს უკან გაჰყვა.
ქუჩაში უამრავი ხალხი გამოსულიყო და ყველანი კალანდიების კარმიდამოსკენ მირბოდნენ. კალანდიები ორი ეზოს მოშორებით ცხოვრობდნენ და საზარელი კივილიც იქიდან მოდიოდა.
მერაბი ატირებულ ასთამურს წამოეწია, მხარზე ხელი მოხვია და ჰკითხა:
– რა მოხდა, ძია ასთამურ?
– ტიტე კალანდია დაიღუპა. სულ ბავშვი იყო საცოდავი. იურიდიულზე სწავლობდა დაუსწრებლად, თან მილიციაში მუშაობდა, – ამოისლუკუნა მეტყევემ.
„რიგითი კალანდია“, – გაახსენდა მერაბს კაპიტან პესკასელის სიტყვები და ნორჩი მილიციელის სახე წარმოუდგა თვალწინ, რომელიც წინა დღით გაგრაში ნახა. „ნუთუ ეს ჭკვიანთვალება, ცოცხალი ბიჭი დაიღუპა? ნეტავ, რა დაემართა?“ – ფიქრობდა მაიორი და გული ცუდი წინათგრძნობით ევსებოდა.
მერაბის წინათგრძნობა გამართლდა. ერთმანეთში მოსაუბრე მეზობლებისგან გამრეკელმა შეიტყო, რომ ტიტე კალანდია მოკლული უპოვიათ ყოფილი საკონსერვო ქარხნის ეზოში.
– ამ დილით ბავშვები თამაშობდნენ თურმე იქ და მათ უნახავთ უბედური ტიტე. მილიციას უთქვამს, ტყვია აქვსო თავში ნასროლიო, – ტირილით უთხრა შუახნის მამაკაცმა ასთამურ შამბას, რომელიც უკვე აღარ ტიროდა და მრისხანე სახით ისმენდა ტიტე კალანდიას ამბავს. ბოლოს კი ზიზღნარევი სახით მიუგო:
– ცოცხლად უნდა აკუწო ამ ბოროტების ჩამდენი და მისი დამპალი ხორცი ტურებს შეაჭამო.
– უბედურო ტიტე! – აღმოხდა შუახნის მამაკაცს. თავში ხელები წაიშინა და კალანდიების ეზოში შევიდა.
მერაბმა ასთამურს ხელკავი გამოსდო. გვერდით გაიყვანა და უთხრა:
– ძია ასთამურ შემთხვევის ადგილზე უნდა წავიდე. ბოდიში, რომ მარტო გტოვებ, მაგრამ გული მიგრძნობს, ასეა საჭირო.
– წადი, შვილო. მეც წავალ სახლში. აღარ შემიძლია აქ გაჩერება. ამ უბედურებას ვერ ვუყურებ.
– მიგაცილებ და წავალ.
– არა. არ მინდა. შენ წადი, – უთხრა ასთამურმა მერაბს, მიტოვებული საკონსერვო ქარხნის ადგილმდებარეობა აუხსნა და სახლისკენ გაემართა.
მაიორი გამრეკელი იმ დროს მივიდა მკვლელობის ადგილზე, როცა პროზექტურის სანიტრებმა საკაცეზე დაწვენილი ნორჩი რიგითი „პაზიკში“ შეაცურეს.
შემთხვევის ადგილი ფორმიანი და უფორმო მილიციელებით იყო სავსე. მერაბმა შორიდანვე შენიშნა კაპიტანი პესკასელი, რომელიც მაღალჩინოსან მილიციელებს ელაპარაკებოდა. მაღალჩინოსნებში კი მერაბმა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსი შეიცნო. დაჭრილი გამრეკელი ორივე მათგანმა მოინახულა გაგრის საავადმყოფოში.
სამმართველოს უფროსს უკიდურესი შეშფოთება აღბეჭდოდა სახეზე. მინისტრი კი პირქუში სახით უსმენდა ნესტორ პესკასელს და კაპიტანმა რომ ლაპარაკი დაასრულა, მინისტრმა თანამშრომლების გასაგონად მრისხანე ხმით რუსულ ენაზე თქვა:
– უმოკლეს დროში მოძებნეთ ეს ნაძირალა მკვლელი, რომ საკადრისად დავსაჯოთ. ეს საქმე პირად კონტროლზე ამყავს და ყოველი სიახლე დაუყოვნებლივ შემატყობინეთ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, – შემდეგ მილიციის სამმართველოს უფროსს მიუბრუნდა:
– მთელი პირადი შემადგენლობის მობილიზაცია მოახდინეთ და დაუყოვნებლივ შეუდექით საქმეს.
– არის, ამხანაგო გენერალო! – გამოეჯგიმა სამმართველოს უფროსი მინისტრს, რომელიც „ვოლგით“ გაემგზავრა სოხუმში.
სამმართველოს უფროსმა პესკასელი იხმო და თავისი მანქანით წაიყვანა. მერაბს რომ ჩაუარეს, კაპიტანმა ნაბიჯი შეანელა და მაიორს უთხრა:
– ძალიან ბევრი საქმე მაქვს. პოლკოვნიკს უნდა გავყვე. მერე გნახავ და დაგელაპარაკები. ბოდიში.
მილიციელები შემთხვევის ადგილს ტოვებდნენ. მერაბ გამრეკელი კი მინისტრის ფრაზას აანალიზებდა, რომელმაც თქვა, ეს ნაძირალა მკვლელი მოძებნეთო. „ესე იგი, მკვლელის ვინაობა დადგენილია“, – გაიფიქრა მაიორმა და ამ დროს გულბათ მარგიანმა მას მხარზე ხელი დაადო.
– წამოდი, მერაბ, ნათლია ასთამურთან მიგიყვან. გაგრის მილიციაში საგანგებო ოპერატიული თათბირია დანიშნული ნახევარ საათში და უნდა დავესწრო.
მერაბი თვითონაც გააგნებდა გზას, მაგრამ ტიტე კალანდიას საქმის პირველადი მოკვლევის დეტალები აინტერესებდა და მარგიანს მანქანაში ჩაუჯდა.
გულბათმა მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და გამწარებულმა შეიგინა:
– ვიტია ტარკილის ბოზი დედაც... რა ბიჭი მოგვიკლა. ხელში თუ ჩამივარდა, ცოცხლად გავატყავებ!
– მკვლელი ტარკილია? – გაუკვირდა მერაბს.
– ეგ არის, ეგ ნაძირალა, – ლამის ღრიალებდა გულბათი.
– საიდან იცი?
– ჯონდო სარიას არ შეეშლებოდა. გამორიცხულია. სუპერექსპერტია და რომ იტყვის, წყალი არ გაუვა.
ჯონდო სარია ის ექსპერტ-კრიმინალისტი იყო, რომელიც წინა დღით სანიტარ „შოპენს“ დასცინოდა და რუბენ ჩოჩიანის მკვლელობის ადგილზე მოკვლევა ჩაატარა.
– გულბათ, დამშვიდდი და მითხარი, ტარკილზე როგორ გავიდა სარია? – ჰკითხა მერაბმა მარგიანს.
– ელემენტარული ლოგიკით. საცოდავი კალანდიაც იმ იარაღითაა მოკლული, რომლითაც რუბენ ჩოჩიანი. ჯონდო ამას ტყვიის გულებითა და გილზებით მიხვდა. სამ დღეში ბალისტიკის პასუხი იქნება და ეს ოფიციალურადაც დადასტურდება, – რაც შეეძლო, მშვიდად თქვა გულბათმა. შემდეგ კი ერთბაშად აფეთქდა, – ტარკილო, შენი დედაც... შენს სისხლს დავლევ და ცოცხლად გაგატყავებ, თუკი ხელში ჩამივარდი.
– ამ საქმესაც პესკასელი იძიებს?
– კი. ნესტორს დააწერა სამმართველოს უფროსმა. სარიამ რომ ტყვიების იდენტურობა დაადგინა, უფროსმა მას უთხრა, – ჩოჩიანის და კალანდიას საქმეები გააერთიანეო. თავისი მანქანითაც ამიტომ წაიყვანა. გზაში დეტალებზე ილაპარაკებენ.
– პირველადი მოკვლევის სხვა დეტალებზე რა იცი?
– საცოდავ ტიტეს ორი გამჭოლი ჭრილობა აქვს კეფაში. გილზები და ტყვიის გულები სარიამ იპოვა. როგორც ჯონდო ამბობს, ოთხი-ოთხ-ნახევარი მეტრიდანაა ნასროლი. ქვევიდან – ზევით და ტანმორჩილმა ესროლაო. პათანატომმა კი თქვა, ღამის თორმეტსა და პირველ საათს შორისაა მოკლულიო.
– მკვლელობის ადგილი კალანდიას ტერიტორია იყო?
– არა. თანაც საცოდავი ტიტე საღამოს ცხრა საათზე გამოიცვალა. როგორც გაგრის მილიციის ბიჭები ამბობენ, ტიტე ათის თხუთმეტ წუთზე დაბრუნებულა განყოფილებაში და იარაღი ჩაუბარებია. დაახლოებით ორმოცდახუთი წუთი სამორიგეოში გაჩერებულა და წასულა.
– ორი-სამი საათის მერე კი მოკლეს.
– კი. მასეა.
– საინტერესოა, ამ დროის განმავლობაში სად იყო, რას აკეთებდა და მკვლელობის ადგილზე როგორ აღმოჩნდა?
– ვიტალი ტარკილმა შეიტყუა ან, სულაც, ძალით, პისტოლეტის მუქარით მიიყვანა.
– ტარკილს ტიტეს მკვლელობის რა მოტივი უნდა ჰქონოდა?
– პირდაპირი. ტიტე და ვიტია ტარკილი კლასელები იყვნენ და დინარა მჟავიას გამო წლების განმავლობაში ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდათ. ხშირად ჩხუბობდნენ ამის გამო და სასკოლო ბანკეტზე ერთმანეთს ცხვირ-პირიც კი დაალეწეს. მახსოვს, „გაგრიფშში“ ქეიფობდნენ. მაშინ მე და სერგი ჯერ კიდევ გაგრის მილიციაში ვმუშაობდით. იმ ღამესაც ერთად ვმორიგეობდით და რესტორნიდან რომ დარეკეს, ჩხუბიაო, ერთად მივედით. სხვათა შორის, მოჩხუბრები სერგიმ გააშველა. ტიტე და სერგი მეზობლები იყვნენ და კონფლიქტი მშვიდობიანად ამიტომ დასრულდა, თორემ, წესით, ისინი მილიციაში უნდა წაგვეყვანა. მეტიც, მე და სერგი, სერგის თხოვნით, მთელი ღამე „გაგრიფშთან“ ვიდექით და მოქეიფეებს ვდარაჯობდით, რომ კვლავ არ ეჩხუბათ. შარშან დინარა და ტიტე დაქორწინდნენ და დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს ამ საცოდავმა გოგომ. როგორ ელოდა შვილს ტიტე... ასე ამბობდა, ერთი სული მაქვს, ჩემს პატარას ხელში როდის დავიჭერო. ვიტია ტარკილმა კი, იმ ჯუჯამ, ტიტე სიცოცხლეს გამოასალმა.
– ტარკილი ტანდაბალია?
– ტანდაბალია, მაგისი დედაც... მაგისი მოკლულია. ხომ გითხარი, ჯონდომ თქვა, ქვევიდან ზევითაა ტყვიები წასული და ტანდაბალმა ესროლაო. ტარკილია მკვლელი. წყალი არ გაუვა ამას, – თქვა გულბათმა, მანქანა ქუჩის თავში გააჩერა და დაამატა, – აქ მოვტრიალდები, მერაბ. შეხედე, რამდენი ხალხია შეგროვილი. ვერ გავალ და არც მინდა იქ მისვლა. ბოდიში... ცოტა ფეხით მოგიწევს გავლა. მე კი თათბირზე უნდა გავიქცე, ათ წუთში იწყება.
– გულბათ, მაინც უსაქმოდ ვარ და თუ რამეში გამოგადგებით, არ მოგერიდოს და მითხარი. თანაც, ძალიან მაინტერესებს, რას იზამთ და თუ რამე ახალი გამოჩნდა, იქნებ შემატყობინო.
– შევთანხმდით, – გულბათმა ხელი ჩამოართვა მანქანიდან გადასულ მერაბს. გამოემშვიდობა და წავიდა.
მერაბმა სწრაფად გაიარა მგლოვიარე ხალხით გაჭედილი ქუჩა. სახლში რომ შევიდა, თვალებდაწითლებულმა ასთამურმა მას უთხრა:
– დინარამ იმშობიარა და ტიტეს ვაჟი შეეძინა. ტიტე დაარქვეს.
– ღმერთმა გაუზარდოს, ბედნიერი და დღეგრძელი უმყოფოს, – ნაღვლიანი ღიმილით მიუგო მერაბმა მასპინძელს და ჰკითხა:
– თქვენ როგორ ხართ, ძია ასთამურ. დღეს ბევრი ინერვიულეთ.
– ახლა ცოტა დავმშვიდდი. ბავშვის დაბადებამ გამახარა და ცოტა გულზე მომეშვა. შენ რა ქენი. გაარკვიე რამე?
– საცოდავი ტიტე, ახლა პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უკეთდება. ორი ტყვია აქვს კეფაში მოხვედრილი. ღამის თორმეტსა და პირველ საათს შორისაა მოკლული. მთელი მილიცია ფეხზე დგას. აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც იქ იყო და ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.
– დინარა მოთქვამდა, – სახლში რომ არ მოვიდა, გულმა ცუდი მიგრძნოო. თურმე კინოში უნდა წასულიყვნენ და ელოდებოდა. წინა დღით თერთმეტსაათიან სეანსზე ორი ბილეთი აუღია საცოდავ ტიტეს, – უთხრა მერაბს ასთამურმა და იკითხა, – ვინ და რატომ გაიმეტა, ნეტავ, ტიტე.
– ვინმე ვიტალი ტარკილს ეძებენ?
– ვის? ვიტია ტარკილს? – იკითხა ასთამურმა.
– დიახ. ეჭვი აქვთ, რომ მკვლელი სწორედ ისაა.
– მაგას ვერ დავიჯერებ, – თავი გააქნია მეტყევემ, – ვიტია კი იყო ცოტა ჩქარი ბიჭი და სკოლის დროს მას და ტიტეს დინარას გამო ჩხუბიც მოსდიოდათ, მაგრამ, მერე შერიგდნენ. არა, არ მგონია, რომ ვიტიას ეს ჩაედინოს.
– ასე რატომ ფიქრობთ?
– გულბოროტი არ იყო და იმიტომ. მართალია, უცებ აფეთქება იცოდა, მაგრამ უცებვე მშვიდდებოდა. მამამისივით იყო. მას კი კარგად ვიცნობდი. გაგრის „დინამოში“ ათი ნომრით თამაშობდა ფეხბურთს. თბილისში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ფეხი მოიტეხა. მერე გალოთდა და ჯერ ფეხბურთს დაანება თავი, შემდეგ კი სასმელმა დაახრჩო. ვიტია მაშინ პატარა იყო. დედამისი მალე გათხოვდა და ვიტია ამის გამო სახლიდან გაიქცა. ბოლოს სარემონტოში მუშაობდა მექანიკოსად და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. არა... ვერ დავიჯერებ, რომ ვიტიამ ტიტე მოკლა.
– გუშინ დილით ვიტია ტარკილის ოთახში ერთი ბანდიტი იპოვეს მოკლული და ისიც ვიტალი ტარკილს ბრალდება.
– რას მელაპარაკები?! – გაოცდა ასთამური.
– ის მოკლული ბანდიტი კი, მე რომ დამჭრა, იმისი ბიძაშვილია.
– უყურე შენ... – თქვა მეტყევემ, – რა საქმე უნდა ჰქონოდა ბანდიტებთან?
– არ ვიცი, ძია ასთამურ. ეძებენ და ჯერჯერობით არსად ჩანს.
– უცნაურია, – მხრები აიჩეჩა მეტყევემ, – ოთხი დღის წინ „პრიჩალზე“ ვნახე საღამოს. მოვიდა, გადამეხვია, მომიკითხა და სხვათა შორის, ისიც მითხრა, – ტიტეს რომ ბავშვი შეეძინება, უნდა მოვუნათლოო.
– ბავშვი უნდა მოვუნათლოო?
– კი. ასე მითხრა.
– მარტო იყო?
– მე რომ მელაპარაკა, მარტო იყო. კატერში ბადეებს ალაგებდა და ისიც კი ვუთხარი, „რიბნადზორმა“ არ დაგიჭიროს-მეთქი.
– სად მიდიოდა?
– „პრიჩალიდან“ ერთ კილომეტრში ერთი ადგილია, „სკალებს“ ვეძახით. იქ წყალქვეშა რიფებია და ბევრი ჯიშიანი თევზი იცის. სიღრმეც პატარაა. სულ რაღაც ათი მეტრი და სწორედ იქ მივდივარო, მითხრა.
– ვისთან ერთად მიდიოდა, არ უთქვამს?
– არა, შვილო. არც მას უთქვამს და არც მე მიკითხავს. მარტო ბადეებს ვერ ჩაყრიდა და ერთი კაცი მაინც დასჭირდებოდა.
მერაბი წამით ჩაფიქრდა. შემდეგ კი მეტყევეს უთხრა:
– ძია ასთამურ, შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– გისმენ, შვილო.
– რაც ახლა მითხარი და საერთოდ, ჩვენი ამ საუბრის შესახებ არავის მოუყვე. ერთი აზრი მომივიდა თავში და დროზე ადრე არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს.
– კარგი, გასაგებია.
– შეიძლება, თქვენი დახმარებაც დამჭირდეს, ძია ასთამურ.
– მიმსახურე, როგორც გინდა.
– შევთანხმდით, – უთხრა მერაბმა ასთამურს, მან კი ჰკითხა:
– ხომ არ ისადილებ, მერაბ?
– არა, ძია ასთამურ. თქვენი ნებართვით, ცოტა ხანს წამოვწვები და დავისვენებ.
– დაისვენე, შვილო, დაისვენე. მე ხელს არ შეგიშლი და კალანდიებთან გადავალ. მთელი კუთხე იქაა და მეც მივალ. თანაც, ალბათ, საცოდავ ტიტესაც მოასვენებენ სულ მალე.
ასთამური წავიდა. მერაბი კი ტახტზე წამოწვა და ჩაფიქრდა.
მაიორს თავიდანვე არ სჯეროდა, რომ მკვლელი ოცი წლის ტარკილი იყო. ამის შესახებ პესკასელსაც უთხრა და კაპიტანი ნაწილობრივ დაეთანხმა კიდეც. მერაბის აზრით, ამ საქმეებში მესამე პირიც ფიგურირებდა და სწორედ ეს უხილავი არსება იყო ყველაფრის შემოქმედი.
გამრეკელის ვერსიით, რუბენ ჩოჩიანი და ტიტე კალანდია ამ უხილავმა არსებამ მოკლა და ისეთი ილუზია შექმნა, რომ თითქოს ეს მკვლელობები ტარკილმა ჩაიდინა. თუ ეს მართლაც ასე იყო, თვით ტარკილიც უნდა მოეკლა და გაექრო, რათა მილიციას გაქცეული ჰგონებოდა და მასზე ძებნა გამოეცხადებინა.
„გამოძიების ცრუ კვალზე გაშვებას – აი, რას ცდილობს ეს ფანტომი და თითქმის გამოუვიდა კიდეც. მთელი მილიცია ტარკილს ეძებს. ნამდვილი დამნაშავე კი კვალს თუ არ შლის, ფსკერზე ხომ მაინც წევს და ეჭვგარეშეა, – ფიქრობდა მერაბი, – სწორედ ფსკერი უნდა შევამოწმო. გამორიცხული არაა, რომ მოკლული, ფეხებზე სიმძიმეგამობმული ვიტალი ტარკილი „სკალებთან“ ფსკერზე წევს, მას კი ჯიშიანი თევზები ჭამენ და დანაშაულის კვალს შლიან. ხვალვე უნდა გადავამოწმო ეს ვერსია და ამაში ძია ასთამური უნდა დამეხმაროს. კატერი და საყვინთავი მოწყობილობაა საშოვნელი“.
დაღლილ მერაბს ტახტზე დაეძინა.
ერთი საათიც არ გასულა, რომ მაიორი ქალების საზარელმა კივილმა და მამაკაცების განწირულმა ღრიალ-გოდებამ გამოაღვიძა.
„ტიტე კალანდია მოასვენეს“, – გაიფიქრა მერაბმა და არც შემცდარა. ნორჩი რიგითი მუხის შავ კუბოში ჩასვენებული მიასვენეს თავის სახლში გაგრის მილიციის თანამშრომლებმა და ხალიჩაგადაფარებულ ტახტზე დაასვენეს...
მერაბი ტახტზე წამოჯდა და გააჟრჟოლა. შემდეგ ჩაიცვა. ეზოში ჩავიდა და უკანა კარით ორღობეში ამოჰყო თავი. ვიწრო ქუჩებით იარა, მთავარ გამზირზე დაეშვა და ზღვისკენ გაემართა.
უკაცრიელ ნაპირზე განმარტოებულმა მაიორმა სამიოდე საათი დაჰყო ზღვის პირას. მზე რომ ჩავიდა, ადგა და ნელი ნაბიჯებით გამოემართა უკან. სახლში რომ დაბრუნდა, მასპინძელი შინ დახვდა და ასთამურმა შვილობილს უთხრა:
– ამ უბედურებას გაერიდე, შვილო?
– დიახ, ძია ასთამურ. ტიტე რომ მოასვენეს ვეღარ გავუძელი და ზღვის პირას ჩავედი.
– მართა და თამარი იყვნენ სამძიმარზე და გიკითხეს. ერთ კვირაში თამარის დაბადების დღეა და დაპატიჟებული ხარ. თუმცა, მანამდე თვითონ ნახავ და გეტყვის, – უთხრა ასთამურმა მერაბს.
– ძია ასთამურ, ხომ არ იცით, ვის კატერზე ტვირთავდა ტარკილი ბადეს? ხომ არ გეცნო კატერი? – ჰკითხა მაიორმა მასპინძელს.
– ვფიქრობ, რომ იქირავა. კატერებს „პრიჩალზე” აქირავებენ. გადაიხდი ათ მანეთს და მთელი დღე შენია. ოღონდ ბენზინი უნდა ჩაასხა.
– კატერის გამქირავებელს რა ჰქვია?
– სლავკა ბაბახანიდი. ბერძენია. ძველი მეზღვაური.
– ესე იგი, ეგ სლავკა ბაბახანიდი ტარკილის მეგზურს ნახავდა?
– წესით, კი.
– ძია ასთამურ, შეგიძლია, ხვალ დილით სლავკა ბაბახანიდი მანახვო?
– როგორ არ შემიძლია. სლავკა იქვე ცხოვრობს და თითქმის არასოდეს ტოვებს იქაურობას.
– ძია ასთამურ, ხვალ დილისთვის საყვინთავ მოწყობილობას ვერსად ვიშოვით?
– რად გინდა?
– სკალებთან უნდა ჩავყვინთო და ვიტალი ტარკილის გვამი მოვძებნო. ეჭვი მაქვს, ის მოკლეს და ზღვაში გადააგდეს.
– მასე რატომ ფიქრობ?
– იმიტომ, ძია ასთამურ, თავიდანვე არ მჯეროდა, რომ ტარკილმა მოკლა მხეცი რუბენ ჩოჩიანი. დღეს კი თქვენც არ დაიჯერეთ, რომ ტიტე ვიტალი ტარკილმა მოკლა. არა და ჩოჩიანიც და ტიტე კალანდიაც ერთი ადამიანის მოკლულია. თუ ტარკილი მკვლელი არ არის, მაშინ მკვლელი სულ სხვა ვინმეა და ამ სხვას უნდა, რომ ყველას ტარკილი ეგონოს მკვლელი. თუ ეს ასეა, მაშინ ტარკილიც მოკლულია. გვამი კი გადამალული. თქვენ რომ პრიჩალზე ტარკილთან შეხვედრის შესახებ მომიყევით, მაშინ მომივიდა თავში ტარკილის სკალების ფსკერზე მოძებნის იდეა და საყვინთავი მოწყობილობაც ამიტომ მჭირდება. თან, თქვენც უნდა დამეხმაროთ და სკალებზე გამომყვეთ.
– ჭკვიანურია. დიდი შანსია, რომ ყველაფერი სწორედ მასე იყოს. სკალებზე გამოგყვები და საყვინთავ მოწყობილობასაც მოგცემ. ჩემს სერგის უყვარდა ყვინთვა და აკვალანგის სრული კომპლექტიც შეიძინა. ყველაფერი შენახული მაქვს. ჟანგბადის ბალონებიც სავსეა და ორი საათი თავისუფლად გაძლებ წყალქვეშ. ყვინთვა თუ იცი?
– აკვალანგით არასდროს ჩამიყვინთავს. ძნელია?
– სულაც არა. იქვე აგიხსნი და შეძლებ.
– მაშინ, რაც შეიძლება, ადრე წავიდეთ სკალებზე. არ მინდა, ვინმემ დაგვინახოს. მანამდე კი ბაბახანიდს მინდა, გავესაუბრო.
– დილის ხუთ საათზე წავიდეთ. სლავკაც მაგ დროს იღვიძებს და რომ მივალთ, ფეხზე დაგვხვდება. შეიძლება, ისიც წავიყვანოთ, თუ, რა თქმა უნდა, შენ ისურვებ. გამოცდილი მეზღვაურია და დაგვეხმარება.
– თანახმა ვარ. თუ, რა თქმა უნდა, ისიც დაგვთანხმდება.
– მე მგონი, უარს არ გვეტყვის, – თქვა მეტყევემ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში