პატიოსანი თაღლითი
რაფერტი პოკერის სათამაშო მაგიდას მიუჯდა. ამ კაზინოშიც ისე იყო ყველაფერი, როგორც სხვა დანარჩენში. ფეშენებელური და მდიდრული სათამაშო დაწესებულება ასევე, სუპერფეშენებელური ოტელის პირველ სართულზე იყო მოწყობილი. ლას-ვეგასში კაზინო ფულის შემოტანის მთავარ წყაროდ იყო მიჩნეული. აქ ყველანაირ მოთამაშეს ნახავდით. კაზინოს პერსონალი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა პოკერის მოთამაშეებს – ეს კატეგორია რისკის მაღალ ჯგუფს განეკუთვნებოდა.
რაფერტმა ბოლო ორმოცი დოლარი დადო და კარტი გაშალა. ოცი ქულა ჰქონდა, ანუ, მოგების საკმაოდ მაღალი შანსი. მაგრამ კრუპიემ კარტი გაშალა და... რაფერტიმ ამოიოხრა, კრუპიემ ფიშკები თავისკენ მიიხვეტა.
– ახალი შეკვრა მჭირდება. კარტის, რა თქმა უნდა.
– რა ხდება?! ეს შეკვრა ათი წუთის წინ გავხსენით.
– მე ვთქვი, რომ კარტის ახალი შეკვრა მჭირდება, და, კიდევ ახალი კრუპიეც, – კიდევ უფრო ხმამაღლა წარმოთქვა რაფერტმა. კრუპიემ შეწუხებულმა მიმოიხედა. გვერდითა მაგიდიდან რამდენიმე კაცმა გამოხედა. კრუპიემ ეს შენიშნა და დაიძაბა:
– სინიორ, აგებთ და ამიტომ გამოთქვამთ პრეტენზიებს? ჩვენთან მხოლოდ პატიოსნად ვთამაშობთ.
– მაშინ, მით უმეტეს, რა გაღელვებთ? კარტი არ მომწონს და ახალ შეკვრას ვითხოვ, რა არის აქ გაუგებარი?!
ხმაურზე კაზინოს მენეჯერი მივიდა. ტანდაბალი, მკაცრი გამომეტყველების კაცი.
– რა ხდება? – მიმართა კრუპიეს და რაფერტს შეხედა.
– ჭირვეულობს. სულ ახალი შეკვრა გავუხსენი, მაგრამ, მაინც ახალ შეკვრას ითხოვს. აგებს და აღარ იცის, რას დააბრალოს, – გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა კრუპიემ.
მენეჯერმა შეუბღვირა:
– ენა გააჩერე და კარტი გაშალე!
კრუპიემ კარტი მაგიდაზე გაშალა... მენეჯერი რაფერტს მიუბრუნდა, – კარტი სრულიად ახალია. არ მესმის, რა პრეტენზია გაქვთ?
– დროს ტყუილად კარგავთ. მე არ მომწონს კარტი და ვითხოვ ახალს – რა არის ამაში გაუგებარი? მგონი, კლიენტის სურვილი თქვენთვის მთავარი უნდა იყოს. თანაც, ეს ის დაწესებულებაა, სადაც ხმაურის ატეხა არ უყვართ, ხომ ასეა?
მენეჯერმა ამოიოხრა:
– კარგი, მოვიტანთ ახალ შეკვრას. კმაყოფილი ხართ?
რაფერტმა თავი გააქნია:
– არა.
– რა – „არა”? ეს რა ჭირვეულობაა?
– მე თქვენ არ გენდობით. არ მინდა კარტი თქვენი ყუთებიდან. მე მაქვს ნომერში სულ ახალი შეკვრა. აქვე ვიყიდე, ოტელის ფოიეში. ჩამოვატანინებ და იმით ვითამაშოთ.
მენეჯერმა გაიცინა:
– ხუმრობთ? შესანიშნავად იცით, რომ ეს შეუძლებელია.
– ვითომ რატომ? გეუბნებით, კარტი აქვე, თქვენი სასტუმროს ჰოლში, ჯიხურში ვიყიდე. მინდა, იმ კარტით ვითამაშო და კრუპიეც შემიცვალეთ.
– ჩვენ არ გვინახავს, როგორ იყიდეთ ის კარტი, ამიტომ, თქვენს პრეტენზიას ვერ გავითვალისწინებთ, – უთხრა კრუპიემ.
– მოკეტე! – შეუყვირა მენეჯერმა და ისევ ჭირვეულ მოთამაშეს მიუბრუნდა, – მისტერ რაფერტ, აქ პატიოსანი თანამშრომლები და პატიოსანი მოთამაშეები არიან. ხომ არავინ გაიძულათ, გეთამაშათ?..
რაფერტის ზურგს უკან სხვა მოთამაშეებმა დაიწყეს შეგროვება. რაფერტმა ირონიულად გაიღიმა და ხმას აუწია:
– მე არ გენდობით თქვენ... თქვენ არ მენდობით მე... რაღაც კონსენსუსამდე ხომ უნდა მივიდეთ?
– ნუ ყვირით, თუ შეიძლება, – მენეჯერმა დამფრთხალი მზერა მოავლო დარბაზს, – კონსენსუსამდე მივალთ. რამდენი წააგეთ?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
– დაგიბრუნებთ მაგ თანხას და მშვიდად დავშორდეთ ერთმანეთს. ჩვენ პატიოსნად ვთამაშობთ, მაგრამ, ხმაური არ გვჭირდება. ფულს დაგიბრუნებთ, თქვენ კი აქ აღარასოდეს დაბრუნდებით.
– სანახევროდ შევთანხმდით. მომისმინეთ, ჩვენ ერთად მივალთ ფოიეში ჯიხურთან და ერთად ვიყიდით კარტის ახალ შეკვრას. მერე ახალ კრუპიესთან ერთად ვითამაშებ – რევანში მჭირდება, ასე ვთქვათ... თქვენ ხომ პატიოსნად თამაშობთ? მეც პატიოსანი მოთამაშე ვარ, ჰოდა, ორივე დავრწმუნდებით ამაში.
მენეჯერმა მხრები აიჩეჩა:
– აზრს ვერ ვხედავ. გეუბნებით, ყველა კარტი ერთნაირია. ჩვენც მაგ ჯიხურში ვყიდულობთ კარტის შეკვრებს.
– მით უმეტეს, არ უნდა გქონდეთ პრობლემა. პატიოსნება და რეპუტაცია ხომ უმთავრესია, განსაკუთრებით, თქვენი ტიპის დაწესებულებისთვის.
მენეჯერი მიხვდა, რომ კლიენტმა ყველა გზა მოუჭრა. რაფერტმაც იგრძნო ეს, გაიღიმა და ფოიესკენ გაემართა.
– სად მიდიხართ? – უკან დაედევნა მენეჯერი.
– მხოლოდ და მხოლოდ კარტის საყიდლად... კარგია, რომ მომყვებით, ამას თქვენ თვალწინ გავაკეთებ.
– რა ღირს კარტი?
– ერთი დოლარი, სერ, – ლამაზსახიანმა გოგონამ რაფერტს კარტის შეკვრა გაუწოდა.
– ნახავთ? – მენეჯერს მიუბრუნდა რაფერტი.
– არა, რა მნიშვნელობა აქვს? – ხელები გაასავსავა მენეჯერმა.
– ძალიან კარგი. წავიდეთ, ვითამაშოთ.
– კრუპიე მე ვიქნები, პირადად, – მენეჯერი რაფერტს მიაჩერდა, – ოღონდ, პირობა თქვენც უნდა შეასრულოთ – აქ აღარასოდეს გნახავთ.
– ნუ ღელავთ, მაგ პირობას შევასრულებ, – დაუქნია თავი რაფერტმა.
მენეჯერმა პირადად მოჭრა კარტი და დაარიგა... მაგიდის გარშემო ცნობისმოყვარეები შეგროვდნენ. რაფერტმა ირგვლივ მიმოიხედა:
– ნახეთ რამდენი ადამიანი ადევნებს თვალს თამაშს? თაღლითობა გამორიცხულია, ახლა ჭეშმარიტად პატიოსანი თამაში იქნება.
... რაფერტმა ზუსტად ერთი საათი ითამაშა და 18 ათასი დოლარი მოიგო.
– დაკმაყოფილდით? – ჰკითხა მენეჯერმა და ამოიოხრა.
– დიახ... მაგრამ, მე კმაყოფილი იმით ვარ, რომ თქვენს პატიოსნებაში დავრწმუნდი, – მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა რაფერტმა.
მენეჯერს სერიოზულ ძალისხმევად დაუჯდა სიმშვიდის შენარჩუნება.
– ისე, თქვენ მაინც გაქვთ ჩემი ვალი, ერთი დოლარი, რომელიც კარტში გადავიხადე, მაგრამ, რადგან უკვე აღარ გამოდგება თამაშისთვის, გპატიობთ...
– აქ აღარასდროს დაბრუნდეთ, – გამოცრა მენეჯერმა და შებრუნდა.
რაფერტი თავაზიანად დაემშვიდობა, მონაგები გაანაღდა და ნომერში ავიდა. იქ, დიდ საწოლზე, ფეხმორთხმით იჯდა ის გოგონა, რომელმაც ჯიხურში კარტი მიჰყიდა რაფერტს, მშვიდად უსტვენდა და თან, უწვრილესი ფუნჯით, სწრაფად შრობადი საღებავით ახალი კარტის შეკვრაში, კარტებზე ფიგურებს ხატავდა, ანუ, მათი გადაკეთებით იყო დაკავებული.
– საყვარელო, როგორ არის საქმე? – ხელი დაუქნია რაფერტს.
– რამ ამოგიყვანა ნომერში? მენეჯერი რომ გამოგყოლოდა? თან, ჯიხურიც ცარიელი დატოვე...
– სულაც არა... ძველი გამყიდველი დაბრუნდა – ჩვენ ხომ მისი შესვენება გამოვიყენეთ. ფული მოიგე?
– რა თქმა უნდა – 18 ათასი დოლარი, შენი წყალობით და ჩემი პატიოსანი თამაშით.
ქალიშვილმა გადაიკისკისა:
– ვეგასში ეს მერამდენე კაზინოა?
– მეოთხე და, უკვე დროა, მოვუსვათ. აქაური კაზინოების მეპატრონეები ერთმანეთს კარგად იცნობენ, ხოლო ასეთი ამბები წრაფად ვრცელდება. ეგ კარტი კი მოაშორე... ღმერთო, რა გაუფრთხილებლობაა! სუზი, არ გესმის? მოაშორე-მეთქი ეგ კარტი! ფუნჯი და საღებავიც. ნუ დაგავიწყდება, რომ მე პატიოსანი მოთამაშე ვარ... რიოში გასეირნებაზე რას იტყოდი?..