კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N29(708)

– როგორ?! – გულწრფელად გამიკვირდა, –  თქვენ გინდათ თქვათ, რომ ეს ერთი კაცი, თუ, როგორც თქვენ უწოდეთ – არსება, ამ ყველა სახელმწიფოს უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებმა ვერ მოიხელთეს?!. დაუჯერებელია... გამოცდილმა აგენტებმა თუ ვერაფერი გააწყვეს, მე, რომელსაც ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, რა უნდა შევძლო?!
– გიკვირთ, არა? – ეს ბუნებრივია, – კვლავ გამისწორა მზერა და ის ძალიან გულწრფელი მეჩვენა, – თუმცა, თხრობა არ დამიმთავრებია... ყურადღებით მომისმინეთ! მოკლედ, ის არსება არის ყველა სექტის დამფუძნებლის გამომზრდელი, მათი იდეოლოგიური სულისჩამდგმელი და მამამთავარი. მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ ამ სექტების მეთაურებმა იციან. ჩვენ კი მხოლოდ ვვარაუდობთ, რომ ეს ადგილი სადღაც შორეულ აღმოსავლეთში უნდა იყოს, ან მცირე აზიაში. ჩვენი გაერთიანება სულ ხუთი წლის წინ შეიქმნა ამ მოვლენასთან საბრძოლველად... მაგრამ, ყველა მცდელობა, რომელიც განვახორციელეთ, სრული კრახით დასრულდა. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ, რომ სექტების მამამთავარი, ანუ ქურუმი, ასე ვუწოდებთ დაშიფრულად მას, ფლობს გარკვეულ უნარს, რომლის მეშვეობითაც შეუძლია, მთლიანად შეცვალოს ადამიანის ფსიქიკა, მისი მოქმედების მოდელი და ნებისმიერი მათგანი მოიქციოს აბსოლუტური გავლენის ქვეშ. ეს შესაძლოა, იყოს ან ჰიპნოზის, ან რაიმე, ჩვენთვის უცნობი ნივთიერების ზემოქმედების შედეგი...
სისხლი ძარღვებში გამეყინა. ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის და საქმის არსი მთელი სიგრძე-სიგანით თვალწინ დამიდგა... აი, თურმე, რატომ ამირჩიეს მე! მე ხომ არც ჰიპნოზს ვექვემდებარებოდი და არც ქიმიური ნივთიერებები ახდენს გავლენას ჩემს ორგანიზმზე. დავიძაბე. მეგონა, ქვესკნელში უნდა ჩავსულიყავი თვით მთავარ ეშმასთან შესახვედრად... ამიტომ, ჩემდაუნებურად წამომცდა:
– ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან?!
მაგრამ სათვალიან მამაკაცს სანდომიანი ღიმილით გაეხსნა ბაგე და თბილად მითხრა:
– ნუ შეშინდებით, თქვენი ბედი თქვენს ხელთაა... არავინ არაფერს გაძალებთ.
„ნუ შეშინდებითო?“ – პირდაპირ ჩემს თავმოყვარეობაზე მიიტანა იერიში. ამან მართლაც გადამჭრელი როლი ითამაშა და, რაც შემეძლო, მშვიდად ვუთხარი:
– არაფრის მეშინია! განაგრძეთ, თუ შეიძლება.
მამაკაცმა უჯრა გამოსწია, ჰავანური სიგარების ყუთი ამოიღო, გახსნა და მაგიდაზე ჩემკენ მოაცურა.
– ეწევით?
– დიახ, მაგრამ, ამ კლინიკების გადამკიდეს, თვეზე მეტია, არ მომიწევია.
სათვალიანმა ოქროსფერი საკვნეტელა ამოიღო, სიგარას თავი ოსტატურად წააჭრა და სანთებელით მოუკიდა. ინებეთ, – მერე მე მომაწოდა ორივე ნივთი.
 სამი წლის წინათ ერთი ლიტველი მოქალაქე გაუჩინარდა, – განაგრძო თხრობა, – იანის დრიზულისი. კარგი, კანონმორჩილი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ერთი წლის წინ რუსეთში გამოჩენილი „სახალხო ტაძრის“ დამფუძნებელი ვლად რიმსკი და ის გაუჩინარებული ლიტველი მოქალაქე – იანის დრიზულისი ერთი და იგივე პიროვნება გახლავთ, ოღონდ – შეცვლილი იმიჯითა და გვარ-სახელით. საკითხავია, სად იყო ის მთელი ორი წლის განმავლობაში... ან როგორ მოახერხა ერთმა ჩვეულებრივმა ლიტველმა მოქალაქემ, რომელიც მანამდე საკმაოდ ცუდად საუბრობდა რუსულად და არც ისე დიდი ჭკუითა და ნიჭიერებით გამოირჩეოდა, ერთ წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ადამიანის შემოკრება და „სახალხო ტაძრის“ სახელით ცნობილ სექტაში მათი გაერთიანება?!
– რა გასაკვირია, რომ მრავალმილიონიან რუსეთში ნახევარ მილიონამდე ბრიყვი იყოს?
სიგარის ბოლმა ყელი ამიწვა და ოდნავ ჩავახველე, – ამ საკითხის მოგვარება მარტივად შეიძლებოდა: ამ აფერისტის დაკავებით და მიმდევრების თვალწინ მისი კომპრომეტირებით.
– საქმე ასე მარტივად არ არის, – გაეღიმა სათვალიანს, რომლის არც სახელი ვიცოდი, არც გვარი და არც საქმიანობა, მაგრამ, რატომღაც, ის ჩემში ნდობას აღძრავდა, თუმცა, ჩემი ჭკუის პრაგმატული ნაწილი ნებას არ მაძლევდა, ბოლომდე მივნდობოდი. პაუზის შემდეგ კვლავ განაგრძო: – ეს რომ მარტო რუსეთს ეხებოდეს, კიდევ ჰო... მაგრამ, ეს ეპიდემია პლანეტის ზურგს მოედო. ამას წინათ ჩინეთში იყო მასობრივი სუიციდის რამდენიმე შემთხვევა – 10-მდე ადამიანმა თავი დაიწვა. ამ ამბიდან მოკლე ხანში კი 15-მდე ქალი და მამაკაცი რაღაც ნივთიერებით მოიწამლნენ და გარდაცვლილები იპოვეს. მათი გვამების გამოკვლევით დადგინდა, რომ სიკვდილს მშვიდად და უშფოთველად შეხვდნენ. როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთი და იმავე სექტის წევრები იყვნენ. აქ სექტის ჩინეთის მთავრობას ძალიან ეშინია, რადგან ძალიან დიდი და მრავალრიცხოვანი ძალაა, რომელიც მის დამფუძნებელს – იან ჩი დუნს უსიტყვოდ ემორჩილება. ხსენებული პიროვნება, წარმოშობით კორეელი, სეულის მოქალაქე, აგრეთვე ორი წლით იყო გაუჩინარებული ისე, რომ მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. როცა გამოჩნდა, რა თქმა უნდა – სხვა სახელითა და გვარით, იმდენი ადამიანის გადაბირება შეძლო, რომ ჩინეთის კომპარტიას რიცხობრივად ბევრად აღემატება... წარმოიდგინეთ,  სამ წელიწადში! იმ არსებას, ვინც ასეთი იდეოლოგები გამოჰყავს, სამყაროზე გავლენის მოპოვება აქვს გადაწყვეტილი.
– კი მაგრამ, მხრები ავიჩეჩე და თანამოსაუბრეს გაკვირვებით მივაჩერდი, – მე რა უნდა შევძლო, ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ?!
– თქვენ თუ შეიძლება, ასე ითქვას, დიდ ნიჭს ფლობთ: ჩვენ გამოვცადეთ ყველა ნივთიერება, რომელსაც კი მეცნიერება დღემდე იცნობს, მაგრამ თქვენს ორგანიზმსა და ფსიქიკაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოვახდინეთ. ასე რომ, ახლა მთელი იმედი თქვენზე გვაქვს დამყარებული...
– რა უნდა გავაკეთო?
– ამას კი, თუ თანამშრომლობაზე თანახმა იქნებით, ნაწილობრივი ინსტრუქციების სახით, თანდათანობით მოგაწვდით.
– უარი რომ ვთქვა? – დავინტერესდი და რატომღაც გულში გამეცინა, რადგან უარის თქმა არც მიფიქრია... მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება რაღაც უჩვეულო, ფანტასტიკურ თავგადასავალზე ვოცნებობდი და არასოდეს მესმოდა იმ კაცების, ვინც ცხოვრების ექსტრემალურ შეცვლას შიშით შეჰყურებს.
– უარი რომ თქვათ... – სათვალიანი ჩაფიქრდა, – ჩვენი მეგობრები (თვალით იმ ორი პერსონისკენ მიმანიშნა) ჩაგსვამენ თვითმფრინავში და სწორედ იმ გზით გაგისტუმრებენ, რომლითაც აქ ჩამობრძანდით. ეს იქნება და ეს!
– თუ დაგთანხმდით?
– მაშინ ურთიერთნდობის საფუძველზე, ერთ-ერთი ჩვენგანი გახდებით და გაივლით ერთწლიან უმძიმეს წვრთნას მხოლოდ ჩვენთვის ცნობილ ადგილებში. თუმცა, ვადა მცირეა, მაგრამ დრო არ ითმენს... ერთი წლის მერე კი გარკვეული მისია დაგეკისრებათ, რომლის დამთავრების შემდეგ, ჩიტივით თავისუფალი იქნებით და, როგორც აღგითქვით – ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფილი.
– მერე, რომ გადავიფიქრო? – მაინც არ ვეშვებოდი.
სათვალიანმა ოდნავ მოჭუტა თვალები, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, გადმოიხარა და მკაცრი სახით მითხრა:
– ეს ორივესთვის ცუდი იქნება – ჩვენ წევრს დავკარგავთ, თქვენ – თავისუფლებას მანამ, სანამ ქურუმს არ გავანეიტრალებთ!
მივხვდი, სახუმაროდ მართლა არ მქონდა საქმე. ხანში შესული მამაკაცი კი განაგრძობდა:
– უნდა ხვდებოდეთ, რომ ძალიან სერიოზულ საქმეში ყოფთ თავს. აქ მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესზე როდია საუბარი... გლობალური მასშტაბის პრობლემაა, ამიტომ ჯობია, ახლავე გაერკვიეთ და პასუხი დაუყოვნებლივ გვითხარით, რადგან თქვენ უკვე იცით ყველაფერი, რაც საჭიროა.
– გასაგებია! – ჩავილაპარაკე და ფანჯრის მიღმა მივმართე მზერა, საიდანაც მწვანე ქალაქის შენობების სახურავები მოჩანდა.
ჩემ წინ გზა ორად იტოტებოდა – ერთი მხრივ, უინტერესო, უსახური, სიმშვიდის ბილიკი მიიკლაკნებოდა; მეორე მხრივ კი – საინტერესო, თრილერის მსგავსი ცხოვრება, რომელიც მოკლებული არ იყო ხიფათს და აზარტს... ეს კი მგლისთვის დამახასიათებელი ყოფაა... მეც მამაკაცი ვიყავი, გაბედული, თავგადასავლების მაძიებელი, რისკისმოყვარული და ამიტომ, მეორე გზა ავირჩიე. პასუხი დინჯად, აუღელვებლად მოვახსენე:
– თანახმა ვარ!
შემელოტებული მამაკაცი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, სათვალე ხელით გაისწორა და კმაყოფილებით ჩაილაპარაკა:
– ძალიან კარგი! სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ახლა, უპირველესად, შინ უნდა დარეკოთ და ოჯახის წევრებს უთხრათ, რომ ევროპაში რჩებით სამუშაოდ და პერიოდულად აუცილებლად შეეხმიანებით, – სათვალიანს ღიმი გაუკრთა, – ეს არავის გააკვირვებს, რადგან აქ ჩამოსული, უკან თითქმის აღარავინ ბრუნდება. ხვალ დილიდან კონტრაქტს მოვაწერთ ხელს, რომლის თანახმადაც გარკვეული ვალდებულებები დაგვეკისრება ორივე მხარეს. კონტრაქტი იქ დარჩება, „ფესიქიუთის“, ანუ „დევნის“ ჯგუფის შტაბ-ბინაში. მე კი ამ ჯგუფის რუსული ხაზის ხელმძღვანელი კარლ შეფერი გახლავართ! – ამ სიტყვებით მამაკაცი ფეხზე წამოდგა. მეც, რა თქმა უნდა, მას მივბაძე. მან მისი ჯგუფის სახელწოდებაც მითხრა და საკუთარი სახელი და გვარიც. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უკვე სრულიად მენდობოდა. ამიტომ, როცა კარლ შეფერის გამოწვდილ ხელს მარჯვენა შევაგებე, მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა და მეც ისევე გადავეშვი თავით მასში, როგორც ბავშვობაში – ჩქარ და მღვრიე მდინარეში, როცა ბიჭები საბანაოდ ვიპარებოდით ხოლმე.
***
აეროპორტიდან 45-წუთიანი მგზავრობის შემდეგ მიხაილ კირსანოვმა, „ნისანი“ აკადემიკოს სახაროვის ქუჩაზე, მრავალსართულიანი შენობის წინ გააჩერა. მოვედით, – მითხრა და პირველი გადავიდა მანქანიდან. მეც გადავყევი. მანქანა დისტანციური მართვის მოწყობილობის ღილაკით ჩაკეტა და გასაღები საკმაოდ შორიდან გადმომიგდო. გარეული კატასავით მოქნილი და სწრაფი ხართ, – ჩაიღიმა მიხაილმა და კორპუსის სადარბაზოში შემიძღვა. თუმცა, კატასთან შედარება არ მეამა, რადგან კატებს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, მაგრამ არაფერი მითქვამს, ისე შევყევი ლიფტში, სადაც კარგად შევათვალიერე ჩემი დამხვდური: ასაკით ასე, 37-40 წლის იქნებოდა; საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა, წარმოსადეგი, ჩემზე ოდნავ მაღალი, ცისფერი თვალებითა და მუქი წაბლისფერი, შეჭაღარავებული თმით; პროპორციული ნაკვთები, გაშლილი მხარ-ბეჭი, ჩამოქნილი თითები და ლარივით სწორი ფეხები – ყველაფერი მის კეთილშობილურ წარმოშობაზე მეტყველებდა. ლონდონში, სადაც ბოლო თვე გავატარეთ, მასზე ხუმრობანარევი ინფორმაციაც მომაწოდეს – მიხაილ კირსანოვი რაღაც იატაკქვეშა კლუბის წევრი ყოფილა, რომელშიც მხოლოდ თავადური წარმოშობის მამაკაცები ერთიანდებიან. წარმოვიდგინე, რომ ეს ერთგვარი არისტოკრატიული ერთობა თუ კლუბი იყო, სადაც ხელოვნებასა და პოლიტიკაზე დარბაისლურად საუბრობდნენ. ძველი თავადებივით დახვეწილად ვახშმობდნენ, თანაც ძველი დროის ხათრით – სანთლების შუქზე. ხანაც ნამდვილი თავადური ნადირობითაც იქცევდნენ თავს. მოკლედ, ჩემ წინ გარდასულ საუკუნეთა ნამდვილი გადმონაშთი, კეთილშობილი რაინდი იდგა, რომელთა მსგავსს ხშირად „შეხვდებოდით“ ორი საუკუნის წინანდელ სასიყვარულო რომანებში.
მოკლედ, მიხაილ კირსანოვი მომეწონა. ალბათ, იმასაც მოვეწონე, რადგან, როცა ამათვალ-ჩამათვალიერა, კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა სუფთად გაპარსულ სახეზე.
– აი, თქვენი თავშესაფარიც, – მე-7 სართულზე შეაღო რკინის, ყავისფრად შეღებილი კარი და საკმაოდ კომფორტულ ბინაში შევაბიჯეთ, – აქ სამი ოთახია: მისაღები და ორი საძინებელი, პლუს – დიდი სამზარეულო. ყველაფერს იპოვით, რაც დაგჭირდებათ.
ფანჯარასთან მივედი და მოსკოვის სანახებს გადავავლე თვალი – მოშორებით კრემლის კოშკებსა და ოქროსფერ გუმბათებს ჩამავალი მზის სხივები მოწითალო ალს უკიდებდა. მიხაილმა ბარის გასაღები გადაატრიალა და კონიაკის ბოთლს წაავლო ხელი, მერე ვიტრინის შუშა გასწია და ორი მუცელგამობერილი ჭიქა გამოიღო.
– ახლა მე გაგიმასპინძლდები, ალექსანდრ... მერე თვითონ იქნებით ჩემი მასპინძელი, როცა აქაურობასთან „ადაპტირდებით“. სხვათა შორის, ბარში, „ნაპოლეონის“ გარდა, შოტლანდიური ვისკიც არის, ფრანგული შამპანურიც და რუსული სახელგანთქმული არაყიც. ამაზე მე თვითონ ვიზრუნე თუმცა, ჩვენთვის ბევრი სმა მიზანშეწონილი არ არის, – მიხაილმა ბოთლი გახსნა, კონიაკით ჭიქების ერთი მესამედი შეავსო, მერე ჭიქის ფეხი ორ თითს შუა, ხელისგულში მოიქცია, მეორე კი მე გამომიწოდა.
– ჩემთვის მსგავსი ინსტრუქცია არ მოუციათ, – გამეღიმა და არომატული სასმელი მოვსვი.
– ეს იმიტომ, რომ როგორც ვიცი, სიმთვრალის შეგრძნება თქვენთვის უცხოა.
ყური მოვიყრუე და მეორე ყლუპი მოვსვი.
– დღეს დაისვენებთ... ხვალ ნასტია კოვალენკო გეწვევათ; „კოსმოპოისკის“ თანამშრომელია. ეს ორგანიზაცია ამ საქმეში „ფესიქიუთთან“ თანამშრომლობს. თავისი ინტერესები აქვთ. მოკლედ, მისი ინსტრუქციები და დახმარება დაგჭირდებათ.
– „კოსმოპოისკი“?! – გავიკვირვე, – პირველად მესმის.
– დიახ... ისინი ლურჯკომბინეზონიანი ხალხია, კოსმოსურ მოვლენებს იკვლევენ.
გულიანად გამეცინა.
– სად – სექტები და სად – უცხოპლანეტელები?!
– ნუ იცინით, – სერიოზული სახე გაუხდა კირსანოვს, – მათ ქურუმი აინტერესებთ, რადგან ამ სექტების მამამთავრის არადედამიწურ წარმოშობაზე ეჭვობენ.
– მერე თქვენ ეს სისულელე გჯერათ? – გამეცინა კვლავ და, როცა მიხაილის სერიოზულ გამოხედვას წავაწყდი, სიცილის გრიმასა სწრაფადვე ავილაგე სახიდან და დავაყოლე: –  თუმცა, როგორც მასწავლიდნენ, „არაფერი გაიკვირვო!“
– ჰოდა, ასეც მოიქეცი!
სხვა რომ ყოფილიყო, იქნებ უხეშად მეთქვა კიდეც, თქვენგან ჭკუის სწავლება არ მჭირდება-მეთქი, მაგრამ მიხაილ კირსანოვის კეთილშობილურ პერსონას ვერ შევკადრე. ოღონდ ეგ იყო, უსიამოვნოდ შემეჭმუხნა შუბლი. კირსანოვი მიმიხვდა:
– კარგი, ნუ მიწყენთ! ეს, უბრალოდ, მეგობრული რეპლიკა იყო.
– ესე იგი, უკვე მეგობრები ვართ.
– რა თქმა უნდა, მე უკვე მეგობრად გთვლი, – შენობით ფორმაზე გადავიდა მიხაილი. მეც მივბაძე:
– ასე იყოს, მიხაილ!
კირსანოვი ერთი საათის შემდეგ წავიდა... მე კი ტელევიზორის პულტი მოვიმარჯვე, დივანზე ფეხმორთხმით დავჯექი და ფიქრმა წამიღო:
ერთი წელი ცოტა დრო არ იყო, უნდა ითქვას, რომ ეს წელიწადი ყველაზე ხანგრძლივად მომეჩვენა ჩემი განვლილი ცხოვრების ეტაპებს შორის. ჯერ საფრანგეთის სამხრეთ პროვინციებში გავდიოდი 6-თვიან სპეცმომზადებას. მერე სკანდინავიური ცივი ქარების ქვეყანაში მიკრეს თავი. შვედეთის პატარა ქალაქ იუკასიერვისში, რომელიც პოლარული წრიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული და სადაც 6 თვის განმავლობაში უმკაცრესი თოვლიანი ზამთარი მძვინვარებს, საბრძოლო ხელოვნებას ვეუფლებოდი. სხვათა შორის, ტულუზაში ფარიკაობის გაკვეთილებიც ჩამიტარეს, ეს კი ყურადღების კონცენტრაციისა და მოწინააღმდეგის დარტყმების მყისიერი მოგერიების ჩვევების გამომუშავებისთვის ყველაზე კარგი მეთოდი ყოფილა. ყველა ეს ვარჯიში თუ სავარჯიშოები ინგლისურისა და რუსულის სრულყოფილი დაუფლების მიზნით – უკვე აუტანლად მეჩვენებოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მომავალში მელოდა.
შვედეთის პატარა ქალაქ იუკასიერვისისგან ოდნავ მოშორებით, გასაიდუმლოებულ ბაზაში მწვრთნიდნენ. ზამთარი იყო და თოვლით გადათეთრებული არემარის მეტს ვერაფერს ვხედავდი. ბაზა, ერთგვარი სპორტკლუბი იყო, რომელიც თითქმის მიწისქვეშ მდებარეობდა, რადგან მიწის ზემოთ მხოლოდ ადმინისტრაციული ნაგებობა თუ კორპუსი მოჩანდა. დარბაზში, სადაც მავარჯიშებდნენ, ფანჯრის ნასახი არ იყო, მხოლოდ ხელოვნური, საკმაოდ მჭახე განათება მჭრიდა თვალს, რადგან ირგვლივ ყველაფერი თეთრად შეეღებათ. იქვე, პატარა ოთახში მეძინა და გარეთ იშვიათად გამოვდიოდი. იქ ჩასვლიდან 2 თვეც არ იყო გასული, რომ ღამის თუ დილის 5 საათზე გამაღვიძეს. წინა საღამოს ნავარჯიშევს მკვდარივით მეძინა, როცა ჩემი ინსტრუქტორი, ანუ მასტერი, როგორც მე ვეძახდი და ვიღაც 40-იოდე წლის კაცი დამადგნენ თავზე. ეს აისმენი კერკ ვერსტინგია! – წარმომიდგინა მასტერმა ნიკოლასმა ის უცნობი. ცოტა გამიკვირდა, რადგან სიტყვა „აისმენმა“, რომელიც სიტყვასიტყვით „ყინულის კაცს“ ნიშნავს, დამაბნია. ვერ მივხვდი, რა პროფესიისა და ვინ იყო კერკ ვერსტინგი. გარეთ ღამეში, მთვარის მკრთალ შუქზე, ბრილიანტის გაბნეული ნამსხვრევებივით ბრწყინავდა თოვლის კრისტალები. ყინვა, ალბათ, – 35 გრადუსი მაინც იქნებოდა. ყველაზე მეტად კი აისმენის შილიფმა ჩაცმულობამ გამაკვირდა, რომელსაც მხოლოდ ერთი სვიტერი, არცთუ სქელი ქსოვილის შარვალი და  თხელლანჩიანი ფეხსაცმელი ეცვა. მანქანაში ჩავსხედით და დაახლოებით ნახევარ საათს ვიარეთ ცარიელ, მოყინულ გზაზე. ბოლოს განათებულ შენობას მივუახლოვდით. მომეჩვენა, რომ ნაგებობას ყველაფერი შუშის ჰქონდა და შიგნიდან ანათებდა. „ყინულის სასტუმრო!“ – გამიელვა თავში და უარესად დავიძაბე – აქ რატომ მომიყვანეს-მეთქი. კერკ ვერსტინგმა თამამად შეაბიჯა სასტუმროში და ჩვენც უკან მივყევით. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა; სხვადასხვა ფერის განათებაზე ჯადოსნურად ელავდა ავეჯი, სახელდახელოდ გამოთლილი ქანდაკებები, იატაკი... ბროლისგან დამზადებულივით ლიცლიცებდა ჭაღები, ჭიქები, ბარები... ყველაფერი ზღაპრულად ლამაზი იყო. თუმცა, ცხვირ-პირი ამეწვა სიცივისგან. დიდი იმედი მქონდა, რომ ბართან მიმიყვანდნენ და ყინულის სქელი ჭიქიდან ერთ-ორ ყლუპ არომატულ სასმელს გადავყლურწავდი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა – აისმენმა და ნიკოლასმა ბარს გვერდი აუარეს და სასტუმროს სიღრმეში შეაბიჯეს. მეც მივყევი... ხელების ფშვნეტით. პატარ-პატარა ნომრებს ჩავუარეთ და ყინულის ფართო კარს მივადექით. აისმენმა კარი შეაღო და სახტად დავრჩი – ყინულისკედლებიან აუზში ცისფრად ლივლივებდა წყალი. კერკმა ის ერთადერთი სვიტერი გაიძრო, შარვალი და ფეხსაცმელიც მიაყოლა და, ჩემდა გასაკვირად, ყინულის აუზში ჩასრიალდა. წყალი მხრებამდე სწვდებოდა. ახოვანი კაცი იყო, დაკუნთული. ჩემმა ინსტრუქტორმა იქვე, კედლიდან ტემპერატურის მოგრძო საზომი ჩამოხსნა და წყალში ჩადო. საზომი რამდენიმე წუთში უკან ამოსწია და სახესთან მომიტანა – ნიშნული +1-სა და +2-ს შორის იდგა.
– რა ხდება, ნიკოლას? – ვკითხე.
– ალექს, – სერიოზული სახით შემომხედა ჩემმა ინსტრუქტორმა, რომელიც მაშინ გაუთავებელი ვარჯიშების გამო ძალიან მაღიზიანებდა, ახლა კი, მოსკოვში, მენატრებოდა კიდეც, – შენ ახლა უნიკალურ მოვლენას აკვირდები!
– რას გულისხმობ? – ვკითხე ოდნავ დაძაბულმა, – მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ყინულიან წყალში ცურავენ, ეგრეთ წოდებული, მორჟები.
ნიკოლასს ისე გაეღიმა, თითქოს პატარა ბიჭის გულუბრყვილო სიტყვები მოესმინოს. მერე ღიმილი სწრაფად ჩამოირეცხა სახიდან და მითხრა:
– +2 გრადუს ტემპერატურის წყალში გაუნძრევლად მყოფ ადამიანს ორგანიზმის გადაცივება ეწყება, სისხლძარღვები შევიწროებას იწყებს და 6 წუთში კვდება. მისტერ ვერსტინგს კი შეუძლია, 50 წუთიც გაძლოს... ასე რომ, ეს უნიკალური მოვლენაა და მინდა, ნახო.
– 50 წუთი აქ უნდა ვიდგე?! – სახეზე სასოწარკვეთა გამომეხატა, – მართალია, ჩემზე ანესთეზია და ჰიპნოზი არ მოქმედებს, მაგრამ, მერწმუნეთ, სიცივის შეგრძნება მაქვს, თანაც, მგონი მოჭარბებულადაც.
– დიახ, ეს თავიდან შევამჩნიე. ამიტომაც მივიჩნიე, საჭიროდ რომ საგანგებო წვრთნის სისტემაში ყინულის აბაზანებიც ჩამერთო.
– რაო?! – ცოტა დამაკლდა, რომ იქიდან არ გამოვიქეცი, მაგრამ მერე, ჩემი კონტრაქტი გამახსენდა ბერლინის შტაბ-ბინაში რომ ინახება და ფეხებით ადგილს დავეყინე.
– კი მაგრამ, რა საჭიროა ეს „პოლარული აბაზანები“, ციმბირში ხომ არ უნდა წავიდე?!
– შესაძლოა, ასეც მოგიწიოს... მაგრამ მანამდე, კერკს დააკვირდი, ის უკვე 15 წუთია, რაც გაუნძრევლად დგას.
აისმენს განცვიფრებით მივაშტერდი, მას სახეზე სრული სიმშვიდე ეხატა და ოდნავი ირონიაც შევამჩნიე. ალბათ, შემატყო, ყინულიან წყალს არაამქვეყნიური შიშით რომ ვუყურებდი. ოდნავ გავბრაზდი საკუთარ თავსა და კერკზეც, ამიტომ გადაჭრით წარმოვთქვი:
– თქვენი ნებაა, ნიკოლას! ბოლოს და ბოლოს, თუ ჩაძირული „ტიტანიკის“ წყალში მოტივტივე მგზავრივით გაყინვა დავიწყე, ხომ ამომათრევთ წყლიდან?! თუმცა, ფილტვების ანთება გარანტირებული მექნება!
– ნუ წუხხარ, – ნიკოლასმა პირველად გამიღიმა იმ დღეს, – ახლა მდინარე ტურნე-ელგას წყალში „ჭყუმპალაობა“ არ მოგიწევს... ჯერ ფსიქოლოგიური მომზადება უნდა გაიარო და დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით მხოლოდ.
შვებით ამოვისუნთქავდი, სიცივისგან ფილტვები რომ არ მქონოდა დაჭიმული.
– იქნებ საკმარისია, – მივმართე კერკ ვერსტინგს, რომელიც ხმისამოუღებლად იდგა წყალში და რატომღაც მითიურ ტანტალოსს მაგონებდა. – თუმცა მგონია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ ხართ.
– კარგი, ამოდით, საკმარისია, – სთხოვა ჩემმა ინსტრუქტორმაც და აისმენი ნელ-ნელა, თეთრი დათვივით ამობობღდა ყინულის იატაკზე, იქვე ჩამოკიდებული პირსახოცი ჩამოხსნა და ტანის დაზელა დაიწყო.
– არ გცივათ? – ვკითხე თანაგრძნობით.
კერკმა ნიკოლასს გადახედა და ორივეს ჩაეცინა.
– ასეთ დროს მხოლოდ სიცხეს ვგრძნობ... მცხელა, მეგობარო! შენც ამასვე იგრძნობ, როცა ყინულს მიეჩვევი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და გასაკვირი ამაში არაფერია. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ეს უნარი დაბადებიდან არ დამყოლია.
– წარმოუდგენელია! – ჩავილაპარაკე გაოგნებულმა.
– ამაში წარმოუდგენელი არაფერია... სპეციალური ფსიქოლოგიური მომზადება და ვარჯიში – სულ ეს არის მთელი ჯადოქრობა.
– ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მთავარია, თვითონ ირწმუნოს ამის შესახებ, – სიტყვა ჩამოართვა ნიკოლასმა. აისმენმა კვლავ განაგრძო:
– როცა ყინულიან წყალში ეშვები, გრძნობ, როგორ ებრძვის ორგანიზმი გადაციებას; ტვინი განგაშის სიგნალების ნაცვლად, და ეს სპეციალური მომზადების შემდეგ მოდის, ორგანიზმის გადასარჩენად ამუშავდება და სხეული მისი კარნახით თვითონ იწყებს სითბოს გადანაწილებას მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოებისკენ.
– ნუთუ ეს ყველაფერი იმიტომ უნდა გავიარო, რომ ოდნავ მცივანა ვარ?! – ნირწამხდარმა გადავხედე ყინულის არტახებში მოქცეულ კამკამა წყალს და შევამჩნიე, რომ ფეხის თითებს ვეღარ ვგრძნობდი. ნიკოლასის ნაცვლად კერკ ვერსტინგმა გამცა პასუხი:
– თუ სამთვიანი წვრთნის შემდეგ იმას მიღწევ, რომ ყინულიან წყალში 15 წუთს მაინც გაძლო, ყველა ქრონიკულ, მათ შორის – გულის დაავადებას სამუდამოდ დაემშვიდობები; თავს ჯანსაღად და მხნედ იგრძნობ, სურდო და გრიპი არასდროს შეგაწუხებს და, რაც მთავარია, ყინულიანი წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ისეთ სითბოს იგრძნობ, თავი რიოს პლაჟზე გეგონება ისეთი სიხარული დაგეუფლება, რომლის მსგავსიც არასდროს განგიცდია – ეს გრძნობა კი საკუთარი თავის სრულ ფლობასა და სტიქიაზე გამარჯვების შეუდარებელ შეგრძნებას მოაქვს.


გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3