ადამი და ევა
ფაქიზი... მამაკაცი
მამაკაცის ემოციური ფონი, ერთი შეხედვით კი ჩანს ძლიერი, მაგრამ, სინამდვილეში, ძალიან მყიფეა. კაცი ქალზე უფრო ხშირად ვარდება დეპრესიაში, კარგავს საკუთარი თავის პატივისცემას და უჭირს, აქტიურად განაგრძოს ცხოვრება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალმა კაცს სასათბურე პირობები შეუქმნას და გაანებივროს; პირიქით, არ აარიდოთ პასუხისმგებლობასა და ყოველდღიურ საზრუნავს, უბრალოდ, გააკეთეთ ისე, რომ გაუძლიერდეს საკუთარი თავის რწმენა; დაიჯეროს, რომ ის მართლაც მთავარია და ბევრი რამ შეუძლია. ქალები ხშირად უშვებენ შეცდომას, როცა ფიქრობენ, რომ მამაკაცისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა მომგებიანი ვარიანტია მათთვის. ეს სულაც არ არის ასე. კაცი ნელ-ნელა კარგავს ინტერესს ყველაფერი ყოფითის მიმართ და, მერე, როცა თქვენ დაიღლებით და მოსთხოვთ, რომ მანაც გააკეთოს რამე ან გაბრაზდება, ან თავს ვერაფერს მოაბამს. კაცმა უნდა იგრძნოს ოჯახში თავისი მნიშვნელობაც და თავისი წილი პასუხისმგებლობაც. დაავალეთ კონკრეტული საქმე და უთხარით, რომ მას ეს უკეთესად გამოუვა, ვიდრე თქვენ; შეახსენეთ, რომ კაცია და პასუხისმგებლობაც მამაკაცის შესაფერისი უნდა ჰქონდეს. მისი სული ფაქიზია, მაგრამ, მან უნდა იცოდეს, რომ ბუნებამ დიდი ფიზიკური ძალით იმიტომ დააჯილდოვა, რომ დაძლიოს პრობლემები და გაუფრთხილდეს თავის პარტნიორ ქალბატონს, რომელმაც მას პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს.
ფსიქოლოგია და ოჯახი
ეჭვიანი პარტნიორი სერიოზული პრობლემაა. მართალია, ამბობენ, ეჭვი სიყვარულის თანმხლები და მისი განუყოფელი ნაწილიაო, მაგრამ ეჭვს თავისი მიზეზები და საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. ფაქტია ის, რომ ეჭვიან ადამიანებს ძალიან დაბალი თვითშეფასების კრიტერიუმი აქვთ. მათ არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, მომხიბვლელობის, წარმატებულობის... ფსიქოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უფრო ბევრი ეჭვიანი პერფექტონისტებში გვხვდება. ინტელექტუალური მონაცემები აქ არაფერ შუაშია. ის ადამიანი, რომელიც მეტისმეტად ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან ყველაფერში, ადვილად ექვემდებარება ეჭვიანობას. „ხუთოსნის“ სინდრომი ძალიან საშიშია; იმიტომ კი არა, რომ მან შეიძლება გამოგფიტოს და სასიცოცხლო ენერგია წაგართვას. პრობლემა ისაა, რომ ეჭვიც ადვილად მოგერევათ. შეცდომის უფლება აქვს ყველას, მათ შორის თქვენც და თქვენს პარტნიორსაც. ოჯახი და სიყვარული პატიებას, მოთმენასა და დათმობას გულისხმობს. ერთი შანსი რომ ყველას უნდა მისცე, ესეც აქსიომაა – სხვანაირად, არათუ ოჯახს, ელემენტარულ ურთიერთობასაც ვერ ააწყობ.
თუ ქალი ცოტათი ფსიქოლოგია, ეს ძალიან კარგია, რადგან, ადვილად მიხვდება, რომ ეჭვზე მაღლა უნდა დადგეს ისევ და ისევ თავისი ოჯახის სასიკეთოდ და, ასევე, პატივი სცეს საკუთარ თავს ზუსტად ისეთს, როგორიც ის რეალურად არის...
ნუ ლაპარაკობ, გააკეთე!
სად არის წარმატების საიდუმლო?! როგორ უნდა მიაღწიო დასახულ მიზანს, რაც ნებისმიერ ადამიანში იწვევს სიხარულის, ბედნიერების განცდას?! იქნებ, არსებობს რამე ფორმულა?! ირგვლივ ხომ ისეთი კონკურენციაა, რომ არც თქვენივე სქესის წარმომადგენლები გინდობენ და არც ისინი, ვინც, წესით, ხელისგულზე უნდა გატარებდნენ.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი, ინდივიდუალური წარმატების ფორმულა აქვს და პირადი „მეთოდიკის“ გარეშე არაფერი გამოვა; თან, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რომ რაღაცას მიაღწიო, რადგან, არც ამის გარეშე იქნება სასურველი შედეგი. მოეშვები? მაშინვე ჩაგისაფრდება პრობლემა თუ წინააღმდეგობა. როცა რიმე პროექტს, საქმეს ჰკიდებთ ხელს ან მიზანს ისახავთ, თუნდაც განსაკუთრებული არაფერი იყოს, თქვენ მასზე მაქსიმალური ძალისხმევა უნდა დახარჯოთ, რადგან, არ არსებობს პატარა და დიდი საქმე, პატარა და დიდი წარმატება.
კიდევ, არსებობს რამდენიმე „ოქროს წესი“, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ: კბილები დააჭირეთ ენას და არასდროს ილაპარაკოთ იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა; რამე ჩაიფიქრეთ?! – იმუშავეთ და არ ილაპარაკოთ; არ უღალატოთ თქვენს ოცნებას და არ დათმოთ პოზიციები. თავიდანვე იმოქმედეთ რწმენით – ყველაფერი გამოვა!
P. S. ეს იმ ქალებს, ვისაც საკუთარი თავის რწმენა აკლია...
სწორი სტრატეგია!
ქალის ცრემლების დანახვაზე მამაკაცების დიდი უმრავლესობა „ლბება“ და „ტყდება“; მათი პრინციპულობა, სიჯიუტე და სიმკაცრე სადღაც ქრება და ისინი დათმობაზე მიდიან. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ატირებულ ქალს ისინი ჭკუიდან გადაჰყავს, აცოფებს, ანუ, აუცილებელია სწორი სტრატეგია და „ოქროს შუალედი“, ზედმეტი რომ არ მოგივიდეს.
მაინც, როგორ ქალებს აფასებენ კაცები? – ამის ცოდნა ისევ სწორი სტრატეგიის შემუშავებისთვის არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირი გემოვნება არა აქვს, მაგრამ, რაღაც საერთო ნიშან-თვისებები არსებობს. მაგალითად, ყველა კაცს უნდა, გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელიც მისი მეგობრების დანახვისას ან სტუმრობისას არ მოიღუშება; ყურადღებით მოუსმენს, რაზე საუბრობენ მამაკაცები (ბრძენი მამაკაცები) და ხშირად გაუღიმებს. მერე რა, თუ ისინი ხშირად ძალიან სასაცილოები არიან. თუ გინდათ, მათი გული მოიგოთ, გააკეთეთ ის, რაც საჭიროა და არა ის, რისი გაკეთების სურვილიც გაქვთ. შეიკავეთ თავი საკუთარი აზრის გამოთქმისგან. თუ მამაკაცისგან რაიმე ინფორმაციის მიღება გაინტერესებთ, „გამოკითხვა“ ფრთხილად და უმტკივნეულოდ უნდა ჩაატაროთ, მით უფრო, როცა ეს ინფორმაცია კონკრეტული მამაკაცის პირად ცხოვრებას, მისი ხასიათის ნიუანსებსა და წარსულს ეხება. მამაკაცების უმეტესობა ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. მათ უყვართ ლიდერის პოზიციაზე ყოფნა და თქვენი სტრატეგიაც აქეთკენ მიმართეთ, ანუ, აგრძნობინეთ თავი ლიდერად, თუნდაც ლიდერის არც ერთი თვისება არ გააჩნდეს... დიახ, თქვენი სტრატეგია თამაშზე უნდა ააწყოთ.
მატერიალური ბედნიერება
ცხოვრებაში არჩევნის გაკეთება ხშირად გვიწევს. იმისთვის, რომ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობა სრულფასოვანი იყოს, აუცილებელია, ერთმანეთისთვის მისაღები ვიყოთ... რა თქმა უნდა, სიყვარული, ურთიერთგაგება და პატივისცემაც აუცილებელია. თუმცა, ეს კიდევ არ არის ყველაფერი. მაგალითად, ბევრი ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობა შეუძლებელია მატერიალური კეთილდღეობის გარეშე. ქორწინება ვერაფრით ვერ იქნება ბედნიერი, თუ მამაკაცი ფინანსურად ძლიერი არ არის, არ აქვს შემოსავალი და, შესაბამისად, აკლია თავდაჯერებულობა. თუნდაც ოჯახი სრულად იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი და ამას ახერხებდეს ცოლი, წყვილს შორის ურთიერთობა ვერ იქნება ჯანსაღი და სრულფასოვანი. მამაკაცი ბუნებით მონადირეა. როცა „მომპოვებელი“ ცოლია, ის ამ ფუნქციას კარგავს და, თავისდაუნებურად, ითრგუნება. კაცის კომპლექსები კი ქალისაზე გაცილებით მძიმეა. შეიძლება, ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ კაცმა ნებაყოფლობით დათმო პოზიციები და მეორე პლანზე გადავიდა, მაგრამ, რეალობა სხვაა. ის მომავალში აუცილებლად გამოავლენს აგრესიას რაღაც ფორმით. ანუ, სრული ბედნიერებისთვის მამაკაცს ჰაერივით სჭირდება ფინანსური დამოუკიდებლობა და მან ეს როგორმე უნდა მოახერხოს!