ექიმის რჩევები
კითხვა: მაწუხებს ჰაერის უკმარისობა. ხველა არ მაქვს, არც გაციებული ვარ. მაინტერესებს, რა დაავადების სიმპტომია ეს?
პასუხი: ჰაერის უკმარისობის მიზეზი, შესაძლებელია, იყოს სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება; გარდა ამისა, ეს ჩივილი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვეგეტონევროზული აგზნებადობის მატებითაც. მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც გასინჯვისა და გამოკვლევების საფუძველზე დაადგენს დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის დანიშნულებას ან გადაგამისამართებთ სპეციალისტთან.
კითხვა: 3 წლის გოგონა მყავს. უმი კარტოფილი უყვარს, ვაშლივით ჭამს. რას ნიშნავს ეს, რამის ნაკლებობაზე ხომ არ მიუთითებს?
პასუხი: მართალია, უმი კარტოფილი კალიუმის წყაროა და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; გარდა ამისა, ორგანიზმს ეხმარება შლაკების გამოტანაში, მაგრამ, ბავშვებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მისი გადამუშავება ძნელია, დიდი რაოდენობით მისი მიღება სასურველი არ არის; არის თუ არა ორგანიზმში რაიმე მიკროელემენტის დეფიციტი, ამისათვის უნდა მიმართოთ პედიატრს, შესაძლოა, დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზისა და კალიუმის განსაზღვრა.
კითხვა: ჩემი ქმარი გაკაწრა ძაღლმა და გაიკეთა 3 აცრა, ბოლო – 4 ივლისს. რამე გავლენას ხომ არ მოახდენს ჩემს დაორსულებაზე? თუ თავის შეკავებაა საჭირო?
პასუხი: ნუ ღელავთ, აცრა ორსულობის დადგომაზე ზეგავლენას არ მოახდენს.
კითხვა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიდან რომლებზე კეთდება აცრა?
პასუხი: კონტაქტამდე ვაქცინაცია წარმოადგენს ზოგიერთი სგგდ–ების (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს. ვაქცინაცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ რეკომენდებულია ყველა არაინფიცირებული, არავაქცინირებული პირისათვის, რომლებმაც სგგდ-ებზე გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას.
ადამიანის პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო კვადრივალენტური ვაქცინა (HPV ტიპი 6, 11, 16, 18) რეკომენდებულია ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენლისათვის, 9-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში. კვლევები სხვა სგგდ-ის ვაქცინაციის შესახებ ამჟამად მიმდინარეობს.
კითხვა: ადამიანიდან ადამიანზე თუ გადადის ცოფი და როგორ?
პასუხი: ცოფით ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება იშვიათია. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით მეორე ადამიანის დაზიანებული საფარველის ინფიცირების შედეგად, დასაშვებია ადამიანიდან ადამიანზე ჰიდროფობიის გავრცელება, რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობა.