რა აკავშირებს ბუბა კიკაბიძეს პეტრე პირველთან და დედა ტერეზასთან
საკმარისია, ახსენო სახელი – ბუბა, რომ მაშინვე გახსენდება ის ფილმები და სიმღერები, რითაც ის გაიცნო ქართულმა და არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ. მან მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრი იშრომა, იწვალა და, ისევე, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, მასაც ჰქონდა იღბლიანი და უიღბლო პერიოდები; ვიღაცას მოსწონდა და ვიღაცას არ მოსწონდა; ვიღაცა, ნებსით თუ უნებლიეთ, გულსაც სტკენდა, ზოგჯერ საშინელ ჭორსაც უგონებდა, მაგრამ ის მაინც იდგა სცენაზე და ამ ადამინებისთვისაც მღეროდა.
ახლა კი გთავაზობთ მისი ცხოვრების დღიურებს, საიდანაც რამდენიმე გვერდი სპეციალურად ამოვარდნილია...
ბუბას, როგორც მომღერლის კარიერა 1959 წლიდან იწყება, აი, იქიდან, მისი თაობის ბიჭები ქუჩაში და სადარბაზოებში რომ გროვდებოდნენ და გიტარით ხელში ლამაზ სიმღერებს მღეროდნენ. ერთხელ მეგობარმა სამედიცინო ინსტიტუტში თვითმოქმედი ანსამბლის რეპეტიციებზე მოსასმენად წაიყვანა. ბიჭს მიკროფონის დანახვაზე ლამის ჭკუა გადაეკეტა და მისი ხელში დაჭერის დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა. დედის მხრიდან (ბაგრატიონთა შტო) გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით. ძია ჯანოს, ჯანო ბაგრატიონის ჯაზ-ორკესტრი უკვე განთქმული იყო, სადაც ბუბას დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონიც მღეროდა. მართალია, ბუბა კულისებში გაიზარდა და სიმღერა მისთვის უცხო ხილი არ იყო, მაგრამ მომღერლობაზე სერიოზულად არასდროს უფიქრია, ყველაზე მეტად ხატვა იზიდავდა. იმ დღიდან კი, როცა მეგობარმა სამედიცინო ინსტიტუტში წაიყვანა, ქუჩაში აღარავის უნახავს. პირველად პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იმღერა, სადაც შემთხვევით მოხვდა ბიძაშვილის, უმცროსი ჯანო ბაგრატიონის ნაცვლად: მაშინ ჯანო მოსკოვში სტუდენტურ ფესტივალზე ავად გახდა და ბუბას სთხოვა, ჩემ მაგივრად შენ წადიო. მოსკოვში წასვლა მეგობრისგან ნათხოვარი პიჯაკითა და შარვლით მოუწია და მას მერე ესტრადაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაბარებაც შემთხვევითი იყო. მერე ფილარმონიის ორკესტრ „რეროში” ძია ჯანომ მიიყვანა, მაგრამ, ხრინწიანი ხმა დაუწუნეს. ფილარომინიის საბჭოდან, სადაც ბუბას ხმა დაუწუნეს, სულ ცოტა ხანში, ერთ-ერთმა დაურეკა და სთხოვა, მის ჯგუფს რუსეთში წაჰყოლოდა იმ პირობით, თუ სხვა გვარით გამოვიდოდა და ამას დირექცია არ გაიგებდა. მაშინ დედამ ურჩია, ბაგრატიონების გვარით გამოსულიყო. ბუბას პირველი გასტროლიც შედგა, აფიშებზე კი „ვახტანგ კიკაბიძის” ნაცვლად, „ვახტანგ ბაგრატიონი” ეწერა. იქიდან დაბრუნებული, ინსტიტუტიდან უკვე გარიცხული იყო. მალე ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსაბლ „დიელოში” გადავიდა და მაშინ მოიარა უცხოეთის ბევრი ქვეყანა მასთან ერთად, როცა ეს ძალიან რთული იყო. იმ პერიოდში, ქართველების ახლად აღმოჩენილმა „ბითლზმა” განაპირობა ის, რომ საქართველოშიც შეიქმნა ანსამბლი „ორერა,” რომლის ხელმძღვანელიც რობერტ ბარძიმაშვილი იყო და დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა პროფესიულ სცენაზე. პირველი სიმღერა არ ახსენდება, მაგრამ, ახსოვს, რომელმა სიმღერამ გადაწყვიტა მისი „ორერაში” და, საერთოდ, ესტრადაზე ყოფნა – ეს იყო ცაბაძის „უკანასკნელი მეფაიტონე” და, მიხვდა, რომ აწი მხოლოდ ამ ჟანრში უნდა ემღერა.
***
„ორერაში” მისვლამდე (1965 წელს) კინოში ვიყავი მიპატიჟებული – კოლია სანიშვილმა გადამიღო ფილმში „შეხვედრა მთაში”. მაშინ „დიელოში” ვმღეროდი. ასეთი პირობა წავუყენე: თუ ჩემს მეგობრებსაც გადაიღებთ, დავრჩები, ისე ჯგუფს ვერ გავაჩერებ-მეთქი. ასე რომ, მაგ ფილმში „დიელოც” არის. კინემატოგრაფია ძალიან მიყვარს და, რადგან გადამიღეს, მეგონა, ჩემი კინოკარიერა დაიწყებოდა, მაგრამ, ამ სურათის მერე ოთხი წელი არსად მიღებდნენ. ოთხი წლის შემდეგ კი მოსკოვიდან დამიკავშირდნენ დანელიას დავალებით. გიორგი დანელია „არ დაიდარდოს” იღებს, თბილისში ჩამოვდივართ და, გვინდა, როლზე გაგსინჯოთო, – მეუბნებიან. მერე დამირეკეს, დანელია უკვე თბილისშია, სასტუმრო „საქართველოში” გაჩერდა და, იქნებ ხვალ, ამა და ამ საათზე მოხვიდეთო. დღეს რომ იხსენებს გია, ისეთი სასაცილო ვყოფილვარ – ვიღაც მაღალი, გამხდარი, მხრებში მოხრილი ბიჭი შემოვიდა გახეხილი ჯინსებით, პირში სიგარეტგაჩრილიო... არადა, სცენარში ბენჟამენი სულ სხვანაირი იყო – სქელი, წითური თმით... აბსოლუტურად არ ვგავდი მის გმირს. რომ შევედი ნომერში და დანელია დავინახე, არ მომეწონა. იქვე ჩამოვჯექი. მეუბნება: აბა, დაიყვირეო. კაცო, როგორ უნდა დავიყვირო, ხალხს სძინავს, ადრეა; იცით რა, თუ გინდათ, გადამიღეთ, თუ არა და, წავალ, არ მცალია-მეთქი. მე და გია უკვე 30 წელზე მეტია, ვმეგობრობთ და ვიცი, ძალიან არ უყვარს, როცა ეუბნებიან, როლზე ეს აიყვანე, ის გასინჯეო. აუცილებლად თვითონ უნდა მოძებნოს. ვერიკოს უთქვამს ჩემზე – ერთი კარგი ბიჭია და გასინჯეო. ამათ, თურმე, უკვე ერთი მსახიობი ჰყავდათ გასინჯული რუსეთში და არ მოსწონებიათ, არადა, მოსამზადებელი პერიოდი მთავრდებოდა – მაშინ ყველაფერი გათვლილი იყო, თანხებთან დაკავშირებული. ცუდ ხასიათზე იყო. მკითხა, საღამოს რას აკეთებო. მე ვუთხარი, რეპეტიცია მაქვს და მერე არაფერს-მეთქი. საღამოს ჭიაურელებთან ვახშამზე წავედით. ასე დამათრევდა ხან სად, ხან – სად. დაინიშნა გადაღებები. მაგ დროს თურქეთში მივდიოდით ბიჭები გასტროლებზე. წავედით, დარწმუნებული იმაში, რომ დამიძახებდნენ. ცოტა ხანში გადამავიწყდა კიდეც, რადგან, გრანდიზოული კონცერტები გვქონდა. ერთ დღესაც, იქ დამიკავშირდნენ და მთხოვეს – ჩამოდი, ფილმზე დამტკიცებული ხარო. აი, აქიდან დაიწყო ჩემი კინოკარიერა. დანელიას ოთხ სურათში ვითამაშე. ხშირად მეკითხებიან, რა უფრო გირჩევნიათ, კინო თუ სიმღერაო და, მე ვპასუხობ, სიმღერა-მეთქი, იმიტომ რომ, უფილმოდ ცხოვრება შემიძლია, სიმღერის გარეშე კი – არა.
ახალგაზრდები ძალიან ადვილად ამბობენ სიტყვას – „ვარსკვლავი.” ვარსკვლავი რომ ხარ, უნდა ანათებდე კიდეც. ჩემი ვარსკვლავი მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „როსიას” წინ დადეს, რომელსაც „ვარსკვლავების მოედანი” ჰქვია. ჩემამდე არც ერთი ქართველის ვარსკვლავი იქ არ ყოფილა. მერე ნანი ბრეგვაძეს გაუხსნეს. თბილისში რომ ჩამოვედი; იმ დღეს სინათლე ჩაქრა. ჩემმა მეუღლემ მითხრა, ვარსკვლავი თუ ხარ, რატომ არ ანათებო. ვარსკვლავი ის არის, ვისაც ყოფითი პრობლემები არ აქვს, ვისაც საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს, შვიდ-შვიდი მასაჟისტი, თან მარაოს რომ უნიავებენ... არ შეიძლება, თვითონ იძახო, ვარსკვლავი ვარო. ყოველთვის მერიდება ამის თქმა, მაგრამ, იმაზე დიდი ბედნიერება რა არის, როცა ხალხს უყვარხარ. არის ასეთი წიგნი, მსოფლიო ენციკლოპედია – „ვინ ვინ არის”, რომელშიც მსოფლიოს განთქმული ადამიანები არიან შესული. მე 1994 წლიდან ვარ ამ წიგნში. მიღებული მაქვს საერთაშორისო ორდენი, წმინდა კონსტანტინე დიდის რაინდული ოქროს ჯვარი; ეს ორდენი პირველად რუსეთში პეტრე პირველმა მიიღო, შემდეგ ტრეტიაკოვმა, კოსმონავტმა ლეონოვმა და მე მივიღეთ; ასევე, მიღებული მაქვს ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საეკლესიო საერთაშორისო ორდენი, რომელიც უკრაინაში მე და დედა ტერეზას მოგვცეს, რომელსაც აწერია: „ზა პრეუმნოჟენიე დობრა ნა ზემლე” – „ქვეყნად სიკეთის გამრავლებისთვის”; მომცეს ლეონიდ უტიოსოვის პირველი პრიზიც, რომელიც სპეციალურად სიმღერისთვის დაწესდა და მას წელიწადში ერთხელ ანიჭებენ. რომ მაძლევდნენ, ვკითხე, ამდენი თქვენი მომღერალი გყავთ და ქართველს რატომ აძლევთ-მეთქი. ჩვენ ასე გადავწყვიტეთო, – მიპასუხეს. ასე რომ, ვარ თუ არა ვარსკვლავი, ხალხმა თქვას, მე არ ვიცი... ვცდილობ, ქუჩაში ნაკლებად გავიდე – არ მიყვარს, რომ მიყურებენ. სასიამოვნოა, მაგრამ, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ის დრო მახსენდება, როცა სხვა ახალგაზრდობა იყო. ქუჩაში ფიზიკურად თუ სულიერად ლამაზი ხალხი დადიოდა, ახლა ქალაქში ამ სახეებს ვერ ვხედავ. ვინმე რომ დაგეჯახოს, ბოდიშს არ მოგიხდის, ისე განაგრძობს გზას. მაშინ დიდი და პატარა იცოდნენ და გაშეშებული თვალები არ ჰქონდათ...
სოლოლაკში გავიზარდე და, ყოველთვის ვიცოდით, ჩვენი უბნის გოგოებს ვინ ჰყავდათ მოარშიყე ბიჭები. რომ ვიცოდით, ჩვენი უბნის გოგოსთან დადიოდა, იმას ხელს არავინ ახლებდა, მაგრამ, იმანაც იცოდა, რამე რომ ეწყენინებინა გოგოსთვის, შეიძლებოდა, შუაზე გაეხიათ ცემით. ყველა მაინც ბავშვობიდან მოვდივართ, ყველა ქუჩაში გაზრდილები ვართ და ყველა კარგი კაცი გამოვედით. უმამოდ ვიზრდებოდით, ყველას დაღუპული გვყავდა მამა, ჩვენი დედები კი ოცდაოთხი საათი შრომობდნენ, რათა პურის ფული ეშოვათ და შვილები გამოეკვებათ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს იყო ჩხუბი, ისიც – გოგოს გამო. ნარკომანი არ იყო ქალაქში. ერთხელ მითხრეს, დიდუბეში ერთი ნარკომანი ცხოვრობს, ვასიკო ჰქვიაო. მე და ჩემს მეგობრებს დაგვაინტერესა – გვეგონა, ან სამი თავი ჰქონდა, ან ხუთი ხელი. არ ვიცოდით, რა იყო ნარკომანი. დანას არავინ ატარებდა ჯიბით, იარაღზე აღარ ვლაპარაკობ. თუ ჩხუბობდნენ, ხელით ჩხუბობდნენ. ჩვენი უბედურება რა არის, იცით? ცუდს ძალიან ჩქარა ვითვისებთ, გვგონია, რომ ვიღაცას უნდა გავასწროთ ამაში. ახალგაზრდები დღეს მიუხედავები არიან.
***
ვერტმფრენის მართვა რთული საქმეა. მე დავფრინავდი ვერტმფრენით, რომელსაც ორმაგი მოწყობილობა ჰქონდა, სასწავლო იყო და გვერდით პილოტი მეჯდა ხოლმე, მაგრამ ის კადრში არ ჩანდა. სხვათა შორის, მასაც ვალიკო ერქვა. ჩვენი ხრიკები გვქონდა. შინაქოში ვცხოვრობდით. აზერბაიჯანში საზამთროების სეზონი როცა იყო, მე და ვალიკო დილით ჩავსხდებოდით ამ ვერტმფრენში და 15 წუთში აზერბაიჯანში ვიყავით, საზამთროებს მოვიპარავდით და მაშინვე უკან ვბრუნდებოდით. მთელი სოფელი გველოდებოდა. ისე, არაა ჩემი საქმე, თორემ, რომ დამჭირდეს, „სლესარობასაც” ვისწავლი, თან, ამის გამოცდილებაც მაქვს – მე და ჩემი ძმაკაცები ენგელსის ქუჩაზე, რუსული სკოლის მშენებლობაზე, ორი თვე ვმუშაობდით, ფული რომ მოგვეგროვებინა და მერე ზღვაზე წავსულიყავით. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და რამე ხომ უნდა მესწავლა?! სკოლა რომ დავამთავრე, კინოსტუდიაში მულტიპლიკაციაში დავიწყე მუშაობა – ხატვა მეხერხებოდა (დღესაც რაღაცეებს ვხატავ ხოლმე), მაგრამ, აღარ მომეწონა იქ მუშაობა და წამოვედი.