ტონი კროოსი – გერმანიის ნაკრების ლიდერი და „რეალის” ახალწვეული
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აქტუალური გახდა სატრანსფერო ციებ-ცხელება. ევროპული გრანდების ნადირობა ფეხბურთელებზე აქტიურ ფაზაში შევიდა და უკვე ცნობილია რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის შესახებ. ერთ-ერთი ასეთია გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ტონი კროოსის გადაბარგება მადრიდულ სუპერკლუბში – „რეალში”.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მსოფლიოს ჩემპიონის, ტონი კროოსის შესახებ.
* ტონი კროოსის დედა, ბრიგიტა კროოსი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჩემპიონი იყო ბადმინტონში.
* მამა, როლანდ კროოსი, ბავშვთა პროფესიონალი საფეხბურთო მწვრთნელია, რომელიც დღემდე ავარჯიშებს ბავშვებს.
* ტონის ჰყავს უმცროსი ძმა, ფელიქსი, ასევე ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ბრემენის „ვერდერში” ირიცხება.
* დიდი ხანია, ტონი კროოსი ჯესიკა ფაბერს ხვდება. გასულ ზაფხულს წყვილს ვაჟი – ლეონი ეყოლა.
* 24 წლის ასაკში ტონი კროოსს 50-მდე მატჩი აქვს ჩატარებული გერმანიის ნაკრებში.
* ტონის ორი ძაღლი ჰყავს: იული და ლენოქსი.
* მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად ტონი კროოსს შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მიაჩნია.
* ბავშვობაში ტონი კროოსი „ვერდერის” ფრანგ ნახევარმცველ იოან მიკუს ჰბაძავდა თამაშის სტილით.
* თავისუფალ დროს ტონი კროოსი პოკერის ან „სონი ფლეისთეიშენის” თამაშით ერთობა. მისი თქმით, რომ არა ოჯახი, ის გაცილებით მეტ დროს დაუთმობდა თამაშებს.
* თამაშის დღეს ტონი კროოსი მხოლოდ სპაგეტითა და ინდაურის ხორცით სადილობს.
* მადრიდში გადაბარგებამდე ტონი კროოსი საყვარელ ქალაქებად ლონდონსა და ბარსელონას ასახელებდა.
* გიუნტერ ნეტცერის, ული შტილიკეს, პაულ ბრაიტნერის, ბოდო ილგნერის, ბერნდ შუსტერის, კრისტოფ მეტცელდერის, მესუთ იოზილისა და სამი ხედირას შემდეგ, ტონი კროოსი მეცხრე გერმანელია ისტორიაში, რომელიც „რეალის” მაისურს მოირგებს.
* ტონი კროოსის პრეზენტაციაზე მადრიდული სუპერკლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ აწ გარდაცვლილი ლეგენდა, ალფრედო დისტეფანო, აღფრთოვანებული იქნებოდა ამ ტრანსფერით.