რატომ იყო თაკო დოლაბერიძესთან ერთად პარიზში გატარებული დღეები ჯაბა ქარსელაძისთვის დიდი ზეიმი და რა სიურპრიზებს უწყობდნენ ისინი ერთმანეთს
მომღერალი ჯაბა ქარსელაძე და ივენთ-მენეჯერი, თაკო დოლაბერიძე, წლებია მეგობრობენ. ერთმანეთი 12 წლის წინ გაიცნეს და მას შემდეგ თავს ერთად ძალიან კომფორტულად გრძნობენ. მართალია, ჯაბა უკვე რამდენიმე წელია, უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ ამას მათი მეგობრისთვის ხელი არ შეუშლია. ცოტა ხნის წინ ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. რამდენიმე დაუვიწყარი დღე ერთად გაატარეს და თბილისში ერთად დაბრუნდნენ.
თაკო: დაახლოებით 12 წლის წინ მივედი სახლში ნატო დუმბაძესთან და იქ გავიცანი ბუკა და ჯაბა. მაშინ ვნახე პირველად პატარა მომღერალი – ჯაბა ქარსელაძე, რომელიც მას შემდეგ ერთი წელი აღარ მინახავს. მეორედ ბაკურიანში შევხვდით ცეცხლაძეების სასტუმროში. მას შემდეგ კი დღემდე, ვმეგობრობთ. რამდენი წელია, ჯაბა წასულია, მაგრამ ურთიერთობა მაინც არ გაგვიწყვეტია. არ არსებობს, პარიზში ჩავიდე და არ ვნახო. ამ ჩასვლაზე კი მთლად ჯაბასთან ვიყავი სახლში. იმდენად კარგი დრო გავატარეთ ერთად, რომ ეს ზაფხული ყველაზე კარგი ზაფხულია ჩემთვის, თუკი სადმე ვყოფილვარ. კი ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ჯაბა ძალიან კარგი მასპინძელია.
ჯაბა: რაც პარიზში გადავედი, ბევრი დამპირდა სტუმრად ჩამოვალო, მაგრამ თითქმის არავინ შეასრულა პირობა. დედაჩემი იყო ჩამოსული ცოტა ხნის წინ და მერე – თაკო, რომელმაც დანაპირები შემისრულა. მეგობრებში, თაკო ერთადერთია, ვინც პირობა შეასრულა. ვგიჟდები თაკოზე, ძალიან მიყვარს. ძალიან გამილამაზა ის რამდენიმე დღე, რომელიც პარიზში ერთად გავატარეთ. ერთმანეთზე ვზრუნავდით.
თაკო: ჯაბა ამზადებდა საჭმელს, მე ვრეცხავდი. ისეთ გემრიელ რაღაცეებს აკეთებდა, გადავწყვიტე, მეორედ რომ ჩავალ, აუცილებლად მასწავლოს. მიუხედავად იმის, რომ გემრიელ საჭმელებს მივირთმევდი, 3 კილო დაკლებული ჩამოვედი თბილისში.
ჯაბა: იმდენად მიყვარს ეს ადამიანი, რომ მის გამო მთელი კვირა სპორტი გავაცდინე. ისე კარგი დრო გავატარეთ და ისე შევეწყვეთ ერთმანეთს, ერთხელაც არ წავსულვარ ვარჯიშზე. თაკოსთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი ზეიმი იყო, მინდა, კიდევ ბევრჯერ ჩამოვიდეს ჩემთან სტუმრად.
თაკო: სულ 4 დღე ვიყავი, რაც მართლა არ მეყო.
ჯაბა: აი, მე თბილისში რომ ჩამოვდივარ, თაკო ყოველთვის სიურპრიზს მიკეთებს. ერთხელ ჩინური ახალი წელი მომიწყო „თუ საიდში,” წელს კი „ვან საიდის” პრეზენტაცია ჩემს დაბადების დღეს დაამთხვია.
– ჯაბა, შენ რა სიურპრიზებს უკეთებ თაკოს?
– ერთადერთი, რაც შევძელი, თაკოს პარიზი ცოტა სხვა კუთხით დავანახვე.
თაკო: ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მეგონა, კარგად ვიცნობ პარიზს, მაგრამ ისეთ ადგილებში მატარა, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ. სხვანაირად შევიგრძენი ამჯერად ყველაფერი და დრო გავატარე. ერთადერთი პრობლემა გვქონდა, მე დილის 7 საათზე ვიღვიძებდი, ჯაბა კი – 12-ზე.
ჯაბა: ღამის 4 საათზეც რომ დაგვეძინა, 7-ზე მაინც ფეხზე იყო. პირველ დღეს რომ ასე ადრე ადგა, მივხვდი, შარში ვიყავი და ერთი რაღაც მოვიფიქრე, რაც თაკომაც არ იცის. ტელეფონზე საათს ორი საათით უკან ვწევდი. 7-ზე რომ იღვიძებდა, ვეუბნებოდი, თაკო ჯერ 5 საათია-მეთქი. სხვანაირად ვერ გავქაჩავდი, რადგან 8-საათიან ძილს ვარ მიჩვეული.
– მოკლედ, კარგად გაერთეთ.
– კი, ძალიან, ერთმანეთს მართლა კომფორტს ვუქმნიდით. ბოლო დღეს ძალიან მაგარ ადგილას ვიყავით, კაბარეში. იქ ჩვენი მეგობარია, უნიჭიერესი მომღერალი – ელგა ფორჩხიძე, რომელიც ადრე საქართველოში მოღვაწეობდა. თან, იმ პერიოდში ნინა იყო ჩამოსული, იასენიასთან ერთად. მოკლედ, ყველამ ერთად მართლა ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ვიმღერეთ კიდეც, ვიცეკვეთ და თითქოს უცებ, საქართველოში აღმოვჩნდით. ძალიან მეამაყებოდა, რომ ამდენ ლამაზ მანდილოსანთან ერთად ვიყავი, ალბათ, შურდათ კიდეც ჩემი.
თაკო: იმდენად კარგად ვგრძნობდი ის დღეები თავს ჯაბასთან ერთად, თბილისში გამოსამგზავრებლად რომ ვემზადებოდით და ბარგს ვალაგებდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარ სახლს ვტოვებდი.
ჯაბა: თაკო, სანამ ჩემთან ჩამოვიდოდა, პორტუგალიაში იყო და ძალიან ლამაზი სუვენირი ჩამომიტანა. კედელზე დავკიდე და ძალიან მოუხდა. თან, როცა მას შევხედავ, ავტომატურად თაკო გამახსენდება. მიყვარს გულით ნაყიდი საჩუქრები.
– თბილისში ერთად დაბრუნდით. აქ თუ ხვდებით ხშირად ერთმანეთს?
თაკო: თითქმის ყოველდღე. თუ არ დავურეკე, მერე მეჩხუბება, სხვებში გამცვალეო?
ჯაბა: ეს ხომ ცნობილია, რომ მე ეჭვიანი მეგობარი ვარ. ძალიან მიყვარს ყურადღება, თუმცა ვცდილობ ანალოგიურად მეც დიდი ყურადღება დავუთმო მათ. საერთოდ, უცხოეთში წასვლამ ძალიან ბევრი რამ დამანახვა: ვინ არის ჩემი ნამდვილი მეგობარი, ვის შესტკივა გული და ასე შემდეგ. მირჩევნია, მყავდეს ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მეგობრები, ვიდრე ბევრი. ყველას მეგობარი, ხომ იცით, არავის მეგობარი არ არის. „ფეისბუქში” სულ 500 მეგობარი მყავს და 500-ივეს ვიცნობ, უცხო არავინაა.
– თაკო, ვიცი, რომ ძალიან მეგობრული ადამიანი ხარ.
თაკო: ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.
ჯაბა: პარიზში უცებ 2 000 ქართველი მეგობარი აღმოაჩინა, უბრალოდ, პატივი მცა და არ ნახა, თორემ ვეღარც მოვკრავდი თვალს.
თაკო: მეგობრების სიმრავლე, ალბათ, ბავშვობიდან მოდის. 3 სკოლაში ვსწავლობდი, თან უამრავ რაღაცაზე დავდიოდი, სულ აქტიური ვიყავი, პასიურად არასდროს ვყოფილვარ. მერე კი ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გავიცანი. ძალიან ბევრი საქმიანი ურთიერთობა კი მეგობრობაში გადაიზადრა. თუმცა, წლებმა და გამოცდილებამ დისტანცია მასწავლა. მქონდა პერიოდი, როცა შემეძლო, ყველასთან მემეგობრა, მაგრამ მერე მივხვდი, ასე არ შეიძლებოდა. ძალიან ბევრი სხვადასხვა ეროვნების მეგობარი მყავს: უკრაინელები, რუსები და ასე შემდეგ. განსაკუთრებით გამოვყოფ ქურთებს, რომლებიც სასწაულად მეგობრულები არიან, ქართველებთან მოახლოებული ტიპები არიან ნამდვილად.
ჯაბა: თაკო საოცარი ადამიანია. ვხედავ, თავის გარშემო რამდენ კარგ საქმეს აკეთებს მეგობრებისთვის. ყველას ვუსურვებდი, რომ თაკოსნაირი მეგობარი ცხოვრებაში ერთი მაინც ჰყოლოდეს. მე მართლა ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია.
– თაკო, არ შემიძლია, არ ვახსენო, შენი ერთი ძალიან მაგარი თვისება, ნებისყოფა. ნებისყოფის წყალობით, ვიზუალურად ძალიან შეიცვალე და კილოგრამები უკან მოიტოვე.
ჯაბა: ნახევარი ადამიანი გახდა.
თაკო: თუ გადაწყვეტ, რომ ეს ოპერაცია გაიკეთო, ცხოვრების რეჟიმი აბსოლუტურად უნდა შეცვალო თავიდან ბოლომდე. რასაც ექიმი გეტყვის, ის უნდა გააკეთო. იყო პერიოდი როცა დედაჩემი მეხვეწებოდა, ოპერაცია გაიკეთეო, რასაც სულ უარყოფითად ვიღებდი, თითქოს ვუკადრისობდი. ვისაც ჩემი ვიზუალი არ მოსწონს, გაიაროს-მეთქი. დიეტოლოგი არ დამიტოვებია, რომ არ ვყოფილიყავი, ექსტრასენსთანაც კი დავდიოდი, მაგრამ იქიდან პირდაპირ რესტორანში მივდიოდი. ალბათ, ოპერაციის გაკეთება მაშინ გადავწყვიტე, ცოტა გონზე რომ მოვედი. ცუდად არ გავმხდარვარ, მაგრამ შევატყვე, რომ სიარული მიჭირდა, რაღაც ამტკივდა, ფეხი გამისივდა და უკვე მივხვდი, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. ჩავფრინდი ექიმთან კონსულტაციაზე, გამესაუბრა და ოპერაციის დღე დავნიშნეთ. ყველას ვურჩევ, ვისაც სჭირდება ეს ოპერაცია, აუცილებლად გაიკეთოს, რადგან უპირველესად, ეს ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. ახლა ვფიქრობ, იმხელა წონის, ან როგორ დავდიოდი, ან როგორ ვიყავი საერთოდ. კარგი ჩაცმის პრობლემა არ მქონდა – არ მაინტერესებდა, მიხდებოდა თუ არ მიხდებოდა, თუ მინდოდა ვიცვამდი. სამაგიეროდ, რა დამემართა, სასურველ წონას რომ მივაღწიე, ახლა ვფიქრობ: ეს რომ ჩავიცვა მომიხდება? ჩემს თავზე მეცინება, 200 კილო ვიყავი ლამის და მაშინ ვიცვამდი, რაც მინდოდა და ახლა რა დამემართა?!
– ინტერვიუს დასასრულს, ისევ პარიზსა და თქვენს მეგობრობას დავუბრუნდები. ჯაბა, ვიცი, რომ აგვისტოში ბრუნდება უკან, მაგრამ შენ როდის გეგმავ კვლავ ესტუმრო მას?
თაკო: ძალიან მინდა წასვლა, რაც შეიძლება, მალე.