ვის შეცდომებს იღებდა საკუთარ თავზე ნინი წიკლაური და რა სიტუაციებმა და სირთულეებმა გამოაწრთო და გააძლიერა ის
მაყურებელმა ნინი წიკლაური ჯერ კიდევ წლების წინ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო. მას შემდეგ ნინის მუსიკალური კარიერა მუდმივად ვითარდებოდა, იზრდებოდა და კიდევ უფრო იხვეწებოდა. ახლახან კი, პროექტში „ორი ვარსკვლავი“, მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა მისი არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭი, არაერთხელ მოისმინა მისი ძლიერი და ლამაზი ხმა. ამაჟამად ნინი რამდენიმე სიმღერაზე მუშაობს, ერთს ანრი ჯოხაძე უკეთებს. გარდა ამისა, მას ზაზა წურწუმიამ რამდენიმე სიმღერა აჩუქა და მათ ჩაწერას უახლოეს მომავალში გეგმავს.
ნინი წიკლაური: არ მიყვარს ზაფხული, ზამთარი მირჩევნია. ალბათ იმიტომ, რომ ზამთარი აბალანსებს ჩემს შინაგან სიმხურვალეს. ჩემი წლევანდელი ზაფხული სხვა ზაფხულებთან შედარებით, განსხვავებულია, რადგან სამსახურებრივ წვაში ვარ და ვერც ვგრძნობ, ისე გადის დრო. თან, პარალელურად, კლუბებში ვმღერი, რაღაც რეკლამებს ვახმოვანებ, სულ დატვირთული ვარ. ამიტომ, დიდად არ განვიცდი, რომ შვებულება ვადაზე ადრე მაქვს გამოყენებული. ჩემი შვებულება „ორმა ვარსკვლავმა“ შეიწირა. თუმცა, ამად ნამდვილად ღირდა. ასეთ დროს, თითოეულ ბგერაზე გიწევს მუშაობა, თან არაპროფესიონალთან ერთად სიმღერა, კიდევ უფრო გაათმაგებული შავი სამუშაოა. ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობდი, ოღონდ დუეტი შემდგარიყო. მე და ანრი ხშირად ვსაუბრობთ და ანრი მეუბნებოდა: ზოგჯერ მგონია, ეს პროექტი შენთვის გაკეთდაო. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პროექტში, როგორც მონაწილე, ისე არ ვიყავი, გამოჩნდა ჩემი შესაძლებლობების ის მხარე, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი. თუნდაც ის, რომ სხვა პროექტებში პატარა ვიყავი, ახლა უკვე გავიზარდე, სხვა ფაზაში გადავედი და ეს ფართო მასებისთვის არ იყო ცნობილი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიტორი შემხვდა და მითხრა ასეთი რამ: აქამდე სულ უცხოურ ენაზე რომ მღეროდი, ყველა ამბობდა: ნინი საქართველოში შემთხვევით დაიბადა, ამერიკაში რომ ყოფილიყო, უფრო კარგად წავიდოდა წინ. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის ფაქტი, ასე კარგად რომ მღერი ქართულ სიმღერებსო. გაოგნებული დავრჩი. ჩემთვის „ჰერიო ბიჭებოს“ შესრულება არ იყო „აი-ია“ და ფაფის ჭამა, პირველად ვიმღერე ცხოვრებაში მსგავსი სიმღერა. თუნდაც „დვალეთის წვიმა“ „ეგარის“ ბიჭებთან რომ შევასრულე და ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს. პირველად, რეპეტიციაზე რომ ვიმღერე, „ეგარის“ ბიჭებმა მითხრეს: რა მაგრად მღერი, შენ იმღერე მარტო, ჩვენ არ ვართ საჭიროო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ჩემთვის გაკეთდა. თან, ძალიან ბევრი რამ შემეცვალა. კონცერტების ხარისხმა აიწია. მიღებებზე, პომპეზურ საღამოებზე ხშირად მიმღერია, მაგრამ ახლა ქართული სიმღერის, რომანსების საღამოებზე, სადაც ვერასდროს წარმოვიდგენდი თავს, ხშირად მეძახიან. ბევრი მსმენელი მომემატა, რაც ძალიან მიხარია.
– ასეთ პროექტებში მონაწილეობა საკმაოდ სტრესულია.
– კი, რადგან ორმაგად ვნერვიულობდი – ის ადამიანი ჩემზე იყო დამოკიდებული. ამიტომ ვცდილობდი, მისი შეცდომაც საკუთარ თავზე ამეღო. რის გამოც ძალიან ხშირად მიწევდა საკუთარ თავზე ბევრი რამის აღება. შეიძლება, რაღაც შეშლოდა და მე უნდა გამომესწორებინა.
– შენც ფიქრობ, რომ საქართველოში არ უნდა დაბადებულიყავი და შენი ადგილი სხვაგან არის?
– საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი, ასეთი დაცენტრილი არ ვიქნებოდი. იქ ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, აქ – არა. ეს დაცენტრილობა მე ბევრ რამეში მეხმარება, თუნდაც სიტუაციებში, სცენაზე ხომ მეხმარება და მეხმარება. ამის საშუალებით რაღაცეებს ადვილად გადავალაგ-გადმოვალაგებ ხოლმე. სცენას უხდება ცოტა ხულიგნობა, ცოტა დაცენტრილობა. ცხოვრებაში უფრო მეტად სიწყნარეში დასვენება მიყვარს. ეს, შეიძლება, ჩემი რეჟიმის ბრალია, რადგან ბევრს ვმუშაობ. ბევრჯერ მითქვამს: მოდი, არ წავიდეთ ხალხმრავლობაში, სიმყუდროვეში ვიყოთ-მეთქი და უკვირთ, რადგან წარმოუდგენიათ, რომ მე სულ თავდაყირა უნდა ვიდგე. არადა, არ არის ასე. სცენაზე სულ სხვა რაღაც მემართება: უფრო თავისუფალი ვხდები, გამჭვირვალე, ყოველდღიურობიდან გამოვდივარ და ჩონჩხი ვრჩები. სავარაუდოდ, იმ თვისებებს ვამჟღავნებ, რაც შინაგანად მაქვს. ყველანაირ კომპლექსს ვიხსნი – ყველას გვაქვს ჩაკეტილი, „გრუზინული“ კომპლექსები, მეც მაქვს ერთი-ორი.
– როგორც მახსოვს, ადრე გქონდა შემოთავაზება უცხოეთში წასვლაზე.
– მქონდა რამდენჯერმე შემოთავაზება. ერთი იყო რუსეთში, სერიოზული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, ძალიან უნდოდათ, რომ წავსულიყავი. მაგრამ საბოლოოდ, უარი ვთქვი. ჩემი ოჯახის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ამან მიმაღებინა. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, მაგრამ საბოლოოდ, აღარ განვიხილე ეს თემა. ახლა ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე, არ მივიღე სწორი გადაწყვეტილება, ჩემს ემოციებს ავყევი.
– საკმაოდ პატარა ასაკში საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგელობის აღება მოგიწია.
– იმ მომენტში ქმედითუნარიანი ვიყავი, შემეძლო მემუშავა, მემღერა და სიმღერამ ფინანსურად იმდენი მომცა, ჩემდაუნებურად, საკუთარ თავზე ბევრი რამ ავიღე. ახლაც ასე გრძელდება და მე ვერ წარმომიდგენია სხვანაირად ცხოვრება. ხელფასს რომ ავიღებ, გამორიცხულია, წავიდე და ჩემთვის ვიყიდო რამე. ვკითხულობ: აბა, რა გვჭირდება სახლში, რა არ გვაქვს და მივდივარ, ვყიდულობ. თან, ბევრის ყიდვა მიყვარს. ბაზარშიც რომ მივდივარ 1-2 კილოს არასდროს ვიყიდი.
– ამ ხნის განმავლობაში რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?
– არც ვიცი, ჩემს თავზე რაღაც სირთულეები რომ არ ამეღო, სხვანაირად როგორ უნდა მეცხოვრა. თან, მე ეს არ დამიგეგმავს, ყველაფერი თავისით მოხდა. ახლაც ვამბობ, რომ გავთხოვდები, რაც მექნება, იმის ნახევარზე მეტს ჩემს ოჯახში გავუშვებ და დანარჩენს ახალი ოჯახისთვის დავიტოვებ. ასე რომ, გათხოვების შემდეგაც არ დავანებებ თავს საკუთარ ოჯახზე ზრუნვას. სირთულეები უფრო აძლიერებს ადამიანს. იმ დროს თუ რაღაც დიდ პრობლემად მეჩვენებოდა, ახლა მარტივად ვუყურებ. ანუ, ამ სიტუაციამ, ვალდებულებების, პასუხისმგებლობების აღებამ უფრო მეტად გამომაწრთო.
– რით განსხვავდება ახლანდელი ნინი იმ ნინისგან, რომელიც პირველად გამოჩნდა მაყურებლის წინაშე?
– მაშინ ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი გამოუცდელი, ყველაფერს განვიცდიდი. . ახლანდელი ნინი რადიკალურად განსხვავდება იმ ნინისგან, ვერც შევადარებ. წლებმაც თავისი მოიტანა და პასუხისმგებლობამაც და დღეს ერთ-ერთი ძლიერი ქალი ვარ. თუმცა, რაღაც სისუსტეები მაქვს – ემოციური ისევ ვარ, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვაკონტროლებ თავს, ბევრ რამეზე შემიძლია, თავი შევიკავო, ნერვებიც არ მღალატობს. შეცომებიც იმისთვის არის, რომ გაიზარდო. ის, რომ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, ჩემზე ჭკვიანმა ხალხმა დაასკვნა. კარგია სხვის შეცდომებზე ისწავლო, მაგრამ ადამიანები ამისთვის ძალიან სუსტები ვართ. მაინცდამაინც ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა განვიცადოთ. ვიღაცა რაღაცას რომ მიყვება, ჯერ ავტომატურად, საკუთარ თავთან ვაგზავნი ინფორმაციას, წარმოვიდგენ, ვნერვიულობ და მერე ვიწყებ მის მოსმენას, უკეთ მესმის მისი. მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, სხვისი შეცდომა მოვისმინო, გავიაზრო, მაინც არ ვარ საკმარისად ძლიერი, რომ ის შეცდომა არ დავუშვა ხვალ და ზეგ.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ შენს პირად ცხოვრებაში ცვლილებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნე, თუმცა ვისთან ხარ „ურთიერთობაში“ – ეს არ მიგითითებია.
– ეს როდესღაც ხომ უნდა გამომექვეყნებინა. მეგობრებმა დამირეკეს: უკვე ზედმეტად ხუმრობო. ჯერჯერობით ხუმრობაა. როცა ადამიანი მსგავს ნაბიჯს დგამ, ცდილობ, ფართო მასებმა გაიგოს ეს ინფორმაცია, მაშინ „დავთაგავდი“ კიდეც. კარგი ხუმრობა იყო და ჩემი „ფეისბუქსამეგობრო” ძალიან გაამხიარულა. მერე ვწერდი: ნეტავ, ადრე გამეკეთებინა-მეთქი. ჯერჯერობით სერიოზული არაფერია. თუმცა, ყველაფერი ნაპერწკლიდან იწყება. ნაპერწკალი არის უკვე გაღვივებული, მაგრამ ეს ქართული თავშეკავებულობა, ხომ იცი... ისე, ეს ცოტა ზედმეტია და ხელს გვიშლის, რაც უფრო თავისუფალია გრძნობა, ჩარჩოებიდან გადმოსული, უფრო უკეთესია. უბრალოდ, ამ ეტაპამდე უნდა მიხვიდე, რომ ყველაფერი გახსნა. ეტყობა, მე ჯერ არ ვარ ამ ეტაპამდე. რომ მივალ, მერე გამჭვირვალეს გავხდი.
– როგორია ახლა მამაკაცებისადმი შენი მოთხოვნები, კრიტერიუმები?
– ადრე ვიღაც, რომ მომწონებია, ახლა ვფიქრობ: ეს როგორ მომწონდა-მეთქი. დღეს სხვა კრიტერიუმებია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანი დასაქმებული იყოს, თავის საქმე ჰქონდეს. საქართველოში ჭირს სამსახურები, მაგრამ როცა ადამიანს მუშაობა უნდა, ის არაფერს თაკილობს. მე იმდენს ვმუშაობ, არ მინდა, სახლში მივიდე და ქმარი ტელევიზორთან წამოწოლილი მხვდებოდეს. მინდა, რეალიზებული იყოს, თავისი საქმე ჰქონდეს, იგივე რიტმში ცხოვრობდეს, როგორც მე – ასე უკეთ გამიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იდილია არ გვექნება, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ გაიგებს, ასე რატომ ვიღლები. რაც დრო გადის, უფრო მეტად გიჭირს გადაწყვეტილების მიღება. პატარ-პატარა რაღაცეებს ეკიდები და კრიტერიუმებიც გეზრდება. თუმცა, იმას მაინც არ მოვთხოვ, რის საშუალება და შესაძლებლობაც არ ექნება. უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდეს, რა უნდა, რა მიზანი აქვს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს მიზანი. მე ერთი დღე ვერ ვიცხოვრებ მიზნის გარეშე. ახლა ერთი მიზანი მაქვს: იმდენი ვიმუშავო, რომ ერთოთახიანი ბინა ვიყიდო ჩემთვის, უკვე ვარ ამ პროცესში. ამის გამო, რაღაცეებზე უარის თქმაც არ მიჭირს.