კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი სახით აპირებს ლაკო ბუკია საკუთარი ისტორიის გატანას ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” და რა შეფასებები მისცა მას დონა კარანმა

დიზაინერმა ლაკო ბუკიამ ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში, დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა – „პარსონსში“ მაგისტრატურა წარმატებით დაამთავრა, დიპლომიც დაიცვა და ცოტა ხნით თბილისში დაბრუნდა. თუმცა, აგვისტოს ბოლოს ისევ ნიუ-იორკში მიემგზავრება, რადგან სადიპლომო ნამუშევარი ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” უნდა წარადგინოს.

ლაკო ბუკია: „პარსონსში“ და ზოგადად, ნიუ-იორკში გატარებულმა პერიოდმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ეს იყო ჩემთვის ორწლიანი დიდი, ცხოვრებისეული გაკვეთილი. მგონია, რომ ძალიან გავიზარდე – ამ ორ წელიწადში ხუთი წელი მომემატა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, იმის მიუხედავად, რომ დეპრესიის, სასოწარკვეთილების ბევრი დღე მქონდა, განსაკუთრებით  დიპლომზე მუშაობისას. გითხარი, ჩემს პროექტზე რომ ვმუშაობდი, პარალელურად, ფსიქოლოგთან დავდიოდი და სულ მეუბნებოდა: ხელოვანი ადამიანებისთვის, ვინც ძალიან დატვირთული გრაფიკით ცხოვრობს და საქმეში სულსა და გულს დებს, შედეგის მიღება ბავშვის გაჩენასავით არის და შემდეგ დეპრესიაში ვარდებიანო. არ მეგონა, მეც თუ დამემართებოდა ასეთი რამ. რომ დავამთავრეთ, გამოფენა გავაკეთეთ, სადაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველანი დეპრესიაში ჩავვარდით – ასეთი არაფერი გამომიცდია. ახლა ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან. მთელი ენერგია, შინაგანი ემოცია, ყველაფერი, რაც კი გვქონდა, ბოლომდე გამოგვწურეს. ზოგჯერ ძალიან ცუდად გვექცეოდნენ, გვეჩხუბებოდნენ, სასოწარკვეთილებამდე მივყავდით, რადგან მათ ასეთი ტაქტიკა აქვთ. თან, მიაჩნიათ, თუ აქამდე მოხვედი, ახლა უნდა გააკეთო საუკეთესო, რაც კი შეგიძლია. შენ ხომ იცი, რის შესაძლებლობაც გაქვს, რის კეთება შეგიძლია, მაგრამ ისინი ბოლომდე იღებენ ყველაფერს – სანამ არ დავარდები, თავს არ განებებენ. ეს მხოლოდ დიდი შრომა კი არ არის, არამედ, თუ რამდენად ხარ ფსიქოლოგიურად მზად, რამდენად ძლიერი ხარ და შეგიძლია თუ არა, ამ ყველაფერს გაუძლო.
– რა იყო შენი სადიპლომო თემა?
– სადიპლომო თემას დავარქვი „პორტრეტი“. ასე ვთქვათ, ჩემი პორტრეტი იყო, ოღონდ სხვა სახით. ანუ, გადმოტანილია ის ხედვა, რაც მოგწონს, გიყვარს, რაც შენს ქვეცნობიერშია, შიშები... თან ყველაფერი მანამდე, ფსიქოლოგთან განვიხილე. სეანსებზე ყოველდღიურად საკუთარ თავს ვეჯახებოდი, – პრობლემებს, რასაც თავად არ აღიარებ. ესეც საკმაოდ რთული პროცესია. თან, რომ ხვდები, ამას რატომ აკეთებ, მაგრამ არ აღიარებ, ეს იწვევს ბევრ ფიქრს, უარყოფით გრძნობებს. ასე რომ, საინტერესო პროექტი იყო, მაგრამ ძალიან ემოციურად დატვირთული. ამერიკაში არის ფოტოგრაფი ელენე დამენია. მას შევთავაზე, გვეთანამშრომლა და იმ დღეს ფსიქოლოგთან სეანსზე რასაც გავივლიდი, აღმოვაჩენდი, მერე მას ვურეკავდი და ვუებნებოდი: ასეთი რამის გადაღება მინდა-მეთქი. ანუ, მინდოდა, ჩემი ისტორია ყოფილიყო, რომელიც შემდეგ კოლაჟებად ავაწყვე და პრინტი გავაკეთე. შვიდი სხვადასხვა სახეობის ქსოვილი მქონდა და მათზე გადავიტანე ეს ყველაფერი. რაც მთავარია, არც ერთ კაბას არ ჰქონდა თარგი. მოდელი გოგონა მყავდა და მის ტანზე საათობით ვმუშაობდი, რისკზე მივდიოდი: დაპრინტულ ქსოვილს, სადაც გავჭრიდი, იქ იქნებოდა სახელო ან სხვა რამე. მერე ქინძისთავით ვამაგრებდი. ანუ, კოლექცია ისეთივე ქაოსური იყო, როგორც, ზოგადად, თემა. მერე საქართველოში ჩამოვიტანე, მინდოდა, არ შეკერილიყო, არ ჰქონოდა ნაკერები და ნაქარგით, პირდაპირ მანქანით გადაბმულიყო. ძალიან დიდ რისკზე მივდიოდი, თხელი ქსოვილები იყო: შიფონი, ორგანზა... ნაქარგი ქაჩავდა, ან კაბა გაფუჭდებოდა, ან ფერები არ მოუხდებოდა ერთმანეთს. მოკლედ, დიდი სტრესი იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ძალიან კარგი გამოვიდა. რაც მთავარია, ბევრი რამ ვისწავლე: ასე კოლექცია არ გამიკეთებია – თარგი არ მქონოდა და გოგონაზე ამეწყო. კოლექციაში ხეც გამოვიყენე. ავეჯის დიზაინერთან ვიმუშავე, რომელმაც მხრები ხისგან გამიკეთა. შემდეგ ვიპოვე კომპანია, რომელმაც პრინტი ხის სტრუქტურაზე გადაიტანა. ტყავის ხელთათმანები გავაკეთე პრინტით, ასევე ფეხსაცმელები – პრინტით, წინდები – ხელით მოხატული... საბოლოოდ, ვიზუალურად გამოვიდა ასეთ რამ: ვიღაცის ცხოვრებაა ქაოსურად გამოსახული, რომელიც ერთ ადამიანს აცვია. ფოტოებში ჩემი სახეც არის, მაგრამ ვეცადე, აშკარად არ გამოჩენილიყო და ვიღაცას არ ეფიქრა – ლაკო საკუთარ თავზეა შეყვარებულიო. ლექტორმაც მითხრა: ისე მიკვირს, საკუთარ თავზე რომ აკეთებ დიდ პროექტს, რადგან ყველაზე მორიდებული ხარო. უბრალოდ, ფაქტი მაინტერესებდა: ადამიანი გარეგნულად შეიძლება, სულ სხვანაირი იყოს, მაგრამ შინაგანად განსხვავებული, აქვს ბევრი ემოცია, შეგრძნება, რაც თვითონაც არ იცის – არ უღრმავდება რატომ აქვს ეს. არადა, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
– როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ?
– გამოფენა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში  იყო, „გუჩიმ“ დაგვიფინანსა. თავის ოფისში ადგილი გამოგვიყო. ძალიან ლამაზი გამოვიდა, ყველამ გავაკეთეთ პრეზენტაცია. ჩვენს ფაკულტეტს დონა კარანი აფინანსებს, ამიტომ, მეორე დღეს მოვიდა. გახსნაზე ბევრი ხალხი იყო, მას კი უნდოდა, ყველას პირადად გასაუბრებოდა. ძალიან უშუალო, საყვარელი ადამიანია, ვერც წარმოიდგენ, რომ დონა კარანია. ყველას სათითაოდ გაგვესაუბრა, გამოგვკითხა რაღაცეები. ჩემთან ძალიან მოეწონა ვიზუალური მხარე: ძალიან კარგი ხედვა გაქვს და ხომ არ აპირებ ფოტოგრაფიას გაყვეო. არა-მეთქი. მერე მკითხრა: რას გააკეთებდი, დიზაინერი რომ არ იყოო. აუცილებლად ვიქნებოდი ფსიქოლოგი-მეთქი. ძალიან საინტერესოა და იქნებ გაიგო, რა სჭირთ დიზაინერებს, ცოტა შერყეულები რომ არიანო. ყველას გვკითხა, საიდან ხართო. რომ ვუთხარი: საქართველოდან-მეთქი. ასეთი ქვეყანა არც გამიგიაო. გული დამწყდა და ვუხსნიდი, სად არის ჩვენი ქვეყანა, სად მდებარეობს. ბოლოს მითხრა: მიხარია, დღეს რაღაც ვისწავლე ისტორიიდანო.
– რით იყო შენი კოლექცია გამორჩეული?
– ბევრი ფერი იყო, ფოტოები, თვალისთვის ძალიან დატვირთული და ტექნოლოგიურადაც განსხვავებული. ყველას კოლექცია ტექნიკისა და იდეის მხრივ გამორჩეული იყო. იმდენად დაინახეს ჩვენში სიძლიერე, რომ ბოლომდე მოგვცეს საკუთარი თავის, სურვილების პოვნის საშუალება. ფსიქოლოგთან ბოლო გასაუბრებები რომ მქონდა, მკითხა: წარმოგიდგენია, რომ ეს კოლექცია ვინმეს ეცვასო. არ წარმომიდგენია-მეთქი, რადგან ეს ჩემთვის უფრო ხელოვნების ნიმუშია, სკულპტურა. არადა ისეთია, რომ რეალურად ჩაიცვამ და გახვალ. თან, ვერ წარმომიდგენია, ვინმეს ეცვას ჩემი ცხოვრება, სახე, პორტრეტი. ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები სექტემბერში ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” გამოვალთ, ჩვენება გვექნება. ალბათ, ეს ორი წელი იმისთვის შრომობ, რომ ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” მოხვდე. მაგისტრატურის დამთავრებულთა ჩვენება მხოლოდ ორ უნივერსიტეტში ხდება: „სენტ-მარტინში“, რომელიც ლონდონის „ფეშენ-ვიქზე” გასვლის უფლებას გაძლევს და „პარსონსში“, რომელიც ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” გასვლის საშუალებას გაძლევს. თან, ყველა უყურებს, აკვირდება ამ შოუს: აინტერესებთ სიახლეები, ახალი ხედვები, იდეები. ახლა ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი და მგონია, ამით ბევრი რამ გაირკვევა: სად წავალ, რას გავაკეთებ. ცხრა კოსტიუმია და ყველა იტყვის თავის სათქმელს. ჩემი დიზაინერული შესაძლებლობების ნახვაც შეიძლება.
– ალბათ, „ლაკოს“ და „ლოლას“ მოაკლდა შენი ხელი.
– კი, რადგან არ მეცალა. მაგრამ, ახლა მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ვაპირებ, უფრო მეტად ჩავერთო, მივხედო, რადგან ძალიან მიყვარს. ჩემი ნაშრომია და აქამდე მოვიტანე. ვამზადებ კოლექციას და შემოდგომაზე გავიტან „ფეშენ-ვიქზე”. ნელ-ნელა გამოვდივარ დიპლომის ემოციებიდან და რეჟიმში ვერთვები. გარდა ამისა, „იავნანას“ 20 წლისთავი რომ იყო, გავაკეთე მაისურები, რომლებიც კონცერტის დროს გაიყიდა, შემდეგ მაღაზიაში იყიდებოდა და ის თანხა ბავშვებს გადაერიცხათ. ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებებში ყოველთვის ვერთვები, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ „იავნანას“ და მიხარია, რომ ჩვენი პროექტი შედგა.
– აპირებ ამერიკაში დარჩენას?
– „ფეშენ-ვიქის” შემდეგ ველოდები შემოთავაზებებს. თან, ჩემი გეგმებიც მაქვს – მინდა დიზაინერულ კომპანიაში ვიმუშაო, ამის ერთწლიანი უფლება მაქვს და უნდა გამოვიყენო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ, რასაც აწყობილ კომპანიაში ვისწავლი, მერე ჩემს კომპანიას ძალიან გამოადგება. მე ძალიან პატარა ასაკში დავიწყე და ბევრი რამ ჩემს შეცდომებზე ვისწავლე, როცა შემეძლო, ეს სხვისგან მესწავლა. ამიტომ, ყველას ვურჩევ, სხვასთან იმუშაოს, იმოგზაურონ, მეტი გამოცდილება მიიღონ. ჩვენთან უნივერსიტეტში ვიქტორია ბექჰემი იყო მოსული, გაგვესაუბრა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მან თქვა: გამიმართლა, რადგან ძალიან კარგი მეგობრები მყავსო და ისეთი ხალხი ჩამოთვალა... მე ვიდექი და მათთან ერთად ვსწავლობდიო. სულ თავის გუნდს იხსენიებდა. ბევრჯერ აღნიშნა, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და რომ არა ისინი, მე არ ვიქნებოდიო.

скачать dle 11.3