როგორ უნდა შეცვალოს მორწმუნემ საკუთარი ცხოვრების წესი და როდის გადაიქცევა აღსარება და ზიარება ადამიანისთვის სასჯელად
მაცხოვარი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, ესე იგი, ვინც ქრისტეს სარწმუნოებით არ ცხოვრობს და არ მიჰყვება მაცხოვრის გზას, ის ცოდვილ ცხოვრებას ეწევა. აღსარებისა და ზიარების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– რაც არ არის სარწმუნოებრივი და არ ეთანხმება ქრისტეს სარწმუნოებას, ის არის ცოდვა. ცოდვას კი ყოველთვის წინ უსწრებს ურჩება, რომელიც ჯერ კიდევ ზეცაში, ერთ-ერთ ქერუბიმში განხორციელდა და შემდეგ სამოთხეში ადამიანის მოქმედებაშიც აირეკლა. ცოდვის მიზეზი სატანაა და მისი მცდელობებითა და შთაგონებებით წარმოიქმნება ადამიანში წინააღმდეგობა უფლისა, ანუ ცოდვა. რაც მთავარია, უფალი თავის ქმნილებებს არ ტოვებს დაცემულ მდგომარეობაში და მათ გამოიხსნის ცოდვის მონობიდან. მაგრამ, ყოველი ადამიანი, რომელიც მოწადინებულია, განეშოროს ცოდვას, მოვალეა, დაიცვას სწავლება ქრისტესი, რომელსაც ეკლესიური ცხოვრება ჰქვია. ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც თავის ცოდვებს გულწრფელად აღიარებს მღვდელმსახურის წინაშე, თვით იესო ქრისტესგან მიიღებს შენდობას.
– ხშირად მოძღვრის წინაშე ცოდვების არაღიარების მიზეზი, სირცხვილია.
– ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სირცხვილი ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა. ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისი ცოდვების დამალვას, ადამის უგუნურ საქციელს იმეორებს და უფრო შორდება უფალს. ვისაც საკუთარი ცოდვების აღიარების რცხვენია, ის ეშმაკის საქმეს აღასრულებს. როგორი მომაკვდინებელი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ ის ჭეშმარიტად შეინანებს და განუდგება მას, ღმერთიც იმწამსვე აპატიებს და დაიხსნის მას ამ ცოდვისგან.
– აუცილებელია ხშირი აღსარების თქმა და ზიარება?
– ხშირად ისეც ხდება, რომ, საკმარისია, ადამიანმა მოინანიოს ცოდვები, მიიღოს წმიდა ზიარება, მაგრამ არ გავა რამდენიმე წუთი და ის ისევ იმავე და უფრო მეტ ცოდვას სჩადის. მონანიების მთავარი ფაქტორი არის ის, რასაც მაცხოვარი ეუბნება შეცოდებულ ადამიანს: „წადი და ნუღარ შესცოდავ!“ ძალიან ბევრი მოძღვარი მკაცრად მსჯელობს და ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ მძიმე ცოდვის მონანიებას გარკვეული წლები სჭირდება და ეს ასეც არის რჯულის კანონით. მაგრამ, რჯულის კანონში რომ წერია, გარკვეული ცოდვის მოსანანიებლად 5-10 წელია საჭირო, ბუნებრივია, დღეს ამას ვერ განვახორციელებთ. ადამიანი 5-10 წელი რომ არ ეზიაროს, ის საერთოდ აღარ მოვა ეკლესიაში. სულიერი ზრდის პირველი ფორმულა მამებისგან, არის ხშირი აღსარება და ზიარება. დღეს სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ხშირი აღსარებითა და ზიარებით თითქოს გაუბრალოვდება ეს საიდუმლოებები, ამიტომ, უკრძალავენ ხშირ აღსარებასა და ზიარებას და უდგენენ – თვეში ერთხელ, წელიწადში ოთხჯერ ან ერთხელ ეზიარეო. ეს, რა თქმა უნდა, ცრუ სწავლებაა და, არ ვიცი, საიდან წარმოიშვა. თუ ქრისტიანი მზად არის, მას არა მხოლოდ ყოველკვირა, კვირაში რამდენჯერმე შეუძლია ზიარების მიღება. თუმცა, როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებს: მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ ეზიარები, არამედ, როგორ ეზიარები. ამიტომ, ნუ გათამამდებიან ისინი, რომლებსაც ყოველკვირა უშვებენ ზიარებაზე. არიან ადამიანები, რომლებიც, როგორც კი მოდიან აღსარებაზე, მაშინვე უნდა მიიღონ ზიარება. მაშინვე ითხოვენ შენდობას. მაგრამ, მოძღვარმა შეამჩნია, რომ არ არის სინანულში, შეიძლება, დროებით არ მისცეს ზიარება, ესეც იმიტომ, რომ მისთვის არის კარგი. გარკვეული დროის შემდეგ კი, თუ ის მოძღვრის დავალებას – მეტანიებს, ეპიტიმიას შეასრულებს, მიიღებს შენდობასა და წმიდა ზიარებას, რადგან, თუ ადამიანმა მოუწესრიგებლად, სინანულის გარეშე მიიღო წმიდა ზიარება, ეს იქცევა მისთვის სასჯელად და არა საკურნებლად სულისა და ხორცისა.
– თუმცა, ჩვენ ხშირად ერთსა და იმავე ცოდვებს ჩავდივართ და ამიტომაც გვრცხვენია მოძღვართან მათი აღიარების.
– ვინც დარწმუნებულია, რომ არ არის ცოდვილი და არ სჭირდება მონანიება, სწორედ მათ შეახსენებს იოანე ნათლისმცემელი, რომ, თუ არ მოინანიებენ, აუცილებლად თავს დაატყდებათ რისხვა. როდესაც მოვინანიებთ ცოდვებს ეკლესიაში, საზოგადოებას ჩვენი ქცევით უნდა დავანახვოთ, როგორ მოვინანიეთ და არა იმავე ცოდვების ჩადენით. საზოგადოებამ უნდა თქვას: ეს იწყევლებოდა – აღარ იწყევლება, აღარ იგინება, აღარ მრუშობს... ანუ, ადამიანმა უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი. არადა, პირიქით ხდება – ძალიან ბევრზე ამბობენ: რა აზრი აქვს მის სიარულს ეკლესიაში, როდესაც ის ახალ-ახალ ცოდვებს სჩადის და ამბობს: არა უშავს, მივალ ჩემს მამაოსთან, კეთილია და მომიტევებსო... ეს არის ფარისევლური, საშინელი მდგომარეობა: ისინი გარეგნულად სიმპათიურად გამოიყურებიან – ატარებენ ჯვრებს, ფსკვნილს, ისწავლეს ეკლესიური საუბარი, ტერმინები, მილოცვა, მაგრამ, ამ დროს, შეიძლება, გაჭირვებული დაინახონ და ტკბილი სიტყვაც არ გაიმეტონ. რაც შეეხება სირცხვილის გრძნობას და ამის გამო აღსარებაში საკუთარი ცოდვების დამალვას, აღსარების თქმის რამდენიმე ფორმა არსებობს. ყველაზე კარგია, მოძღვარმა დიალოგით ათქმევინოს აღსარება, რაც ათ მცნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. თუ ადამიანი მოაზროვნეა, მას უნდა ჰქონდეს სინანული და არ უნდა სჩადიოდეს ერთსა და იმავე ცოდვას.
– როგორ უნდა გადაეჩვიოს ადამიანი ცოდვის ჩადენას?
– ბევრი ცოდვის ჩადენას მიჩვეულები, როდესაც გადავეჩვევით ცოდვების ჩადენას, მხოლოდ მაშინ გვექნება ჭეშმარიტი აღსარება. აღსარება არსებობს მოგონილი და გულიდან გამომდინარე. ბევრი მოდის და ვერ გაუგია, რა თქვას აღსარებაში; ან, იცის, რა უნდა თქვას, მაგრამ, შეგნებულად არ ამბობს, ანუ, მას არ ესმის სინანულის საიდუმლოს მნიშვნელობა. როცა ქრისტიანი მოდის ეკლესიაში, რომ თქვას აღსარება და სინანულის საიდუმლოში მიიღოს მონაწილეობა, უნდა ახსოვდეს, რომ იქ უხილავად მყოფობს მაცხოვარი; იქ არის დაბრძანებული ხატი, ჯვარი, სახარება და ჩვენ ადამიანებს შევახსენებთ, რომ ისინი აღსარებაზე მიდიან არა მხოლოდ მოძღვართან, არამედ, უფლის წინაშე, რომელმაც ყველაფერი იცის; რომელიც ყველგან მყოფია; ამიტომ, რაღაცის დამალვას და ართქმას არ აქვს აზრი. ზიარება ღმერთის მოწყალების უდიდესი გამოვლინებაა. ჩვენ, ადამიანები კი, ღმერთის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება შეწყალება. იყო წმიდა საიდუმლოთა ღირსი – ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ უღირსებას ხედავდე. ზიარებისას მთავარი სინანულია. ადამიანის წმიდა ძღვენისგან განყენება შეუნანებელი ცოდვის მიმართ გამოყენებული ერთ-ერთი უკიდურესი საშუალებაა, რომლითაც ეკლესია მის გულში სინანულის გაღვივებას ცდილობს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ცოდვის დროებით განყენება ზიარებისგან და მისი ეპიტიმიით დასჯა, მაგრამ, კაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რისთვის დაისაჯა, რას ითხოვენ მისგან და რა უნდა გამოასწოროს. ზიარების შემწეობის გარეშე ადამიანი იოლად მიიდრიკება ცოდვისკენ, ცოდვა კი სულის სიკვდილია. ევქარისტია ორი ნაწილისგან შედგება: პურისა და ღვინის გადაქცევა უფლის ხორცად და სისხლად და ამ წმიდა ძღვენის ზიარება. სწორედ ამიტომაც ეწოდება მას საიდუმლო, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება „ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა,“ „უსისხლო მსხვერპლი“. ეს უდიდესი საიდუმლო ქრისტემ მანამდე აღუთქვა ადამიანებს, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ვინც გულწრფელად, სათნოებით, უფლის მცნებების დაცვით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის. ადამიანი მხოლოდ ზიარებით ხდება ზიარების ღირსი, რადგანაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღების გარეშე არ ძალგვიძს‚ ვძლიოთ ჩვენსავე ვნებებს და სული განვიწმიდოთ მისგან. ამგვარად‚ ის, ვინც გამუდმებით არ ეზიარება, კარგავს ყოველივე ზეციურ და საღმრთო სიკეთეს. მოციქულთა მერვე და მეცხრე კანონები, რომლებიც მეექვსე მსოფლიო კრებამ დაადასტურა, გვაუწყებენ და ამტკიცებენ ხშირი ზიარების აუცილებლობას.