კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსაცდელებისა და ტანჯვის გადატანა მოუწია კოტე მარჯანიშვილის უფროს დას, დედა თამარს და რატომ შიშობდნენ მის გამო სინოდის წევრები

ცნობილი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის უფროსი და სქემიღუმენია თამარი  მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში დაიბადა. მამამისი – ალექსანდრე გარდაიცვალა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამარი ძალიან პატარა იყო, ხოლო დედა 20 წლის ასაკში დაეღუპა, რის შემდეგაც, ის ძალიან მალე მონაზვნად აღიკვეცა. მისი მონაზვნური ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და რთული იყო. თუმცა, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დოქტორი დავით გაჩეჩილაძე.

რა განსაცდელებისა და ტანჯვის გადატანა მოუწია კოტე მარჯანიშვილის უფროს დას, დედა თამარს და რატომ შიშობდნენ მის გამო სინოდის წევრები

– რას საქმიანობდა კოტე მარჯანიშვილის და, თამარი მონაზვნად აღკვეცამდე?
– თამარს დიდი მუსიკალური ნიჭი და შესანიშნავი ხმა ჰქონდა. პეტრბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა და საქმროც ჰყავდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, ზაფხულში, ის თავის დასა და ორ უმცროს ძმასთან ერთად, ქალაქ სიღნაღში დეიდასთან ჩავიდა სტუმრად. ერთ დღეს ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, სოფელ ბოდბეში ახლად დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მისულიყვნენ. როდესაც ტაძარში შევიდნენ, იმ დროს მიმდინარეობდა საღვთო ლიტურგია, იღუმენია იუბენალია ლოცვებს კითხულობდა, რამდენიმე და კი, გალობდა. თამარი მარტო დარჩა წირვის ბოლომდე და ისე მოეწონა იქ გამეფებული სულიერი სიმშვიდე, მტკიცედ გადაწყვიტა, მონაზვნად აღკვეცილიყო. როცა წირვა დამთავრდა, თამარი მივიდა იღუმენიასთან, აუწყა თავისი სურვილი და სთხოვა, მიეღო მონასტერში.
– მის სურვილს თუ გაუწიეს წინააღმდეგობა?
– თამარმა  ნათესავებს განუცხადა, რომ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მონაზვნად აღკვეცა. ვერანაირმა თხოვნამ, მუდარამ, ვერც დაცინვამ ვერ გაჭრა და თამარს ხელი ვერ ააღებინა ჩანაფიქრზე. ახლობლებმა გადაწყვიტეს, მისი გულისყური როგორმე მონასტერზე ფიქრისათვის მოეწყვიტათ და გულის გადასაყოლებლად თბილისში ჩამოიყვანეს. ის გასართობად დაჰყავდათ კონცერტებსა და თეატრში. როცა თამარი დარწმუნდა, რომ ნათესავებსა და ახლობლებს არ უნდოდათ მისი მონასტერში გაშვება და მონაზვნად აღკვეცა,  ჩუმად გაიპარა სახლიდან და მივიდა მონასტერში. ახლობლებმა მიაგნეს, მაგრამ თამარმა უარი განაცხადა დაბრუნებაზე. ბოლოს დედა იუბენალიამ დაიყოლია ნათესავები და მათაც დართეს ნება, თამარს მის მიერ არჩეული გზით ევლო. მონასტერში ის ცხოვრობდა იღუმენია იუბენალიას უშუალო ხელმძღვანელობით. ცოტა ხნის შემდეგ, თამარი მონაზვნად აღკვეცეს, საეკლესიო სახელად კი იუბენალია უწოდეს. რამდენიმე ადამიანის ცნობით, რომლებიც დედა თამარის მონაზვნად აღკვეცას ესწრებოდა, იმ დროს მის თავზე თეთრი მტრედი დაფარფატებდა. 1902 წელს იღუმენია იუბენალია-უფროსი გადაყვანილ იქნა მოსკოვში, სადაც ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იუბენალია-უმცროსი კი, საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით, ბოდბის მონასტრის იღუმენიად განამწესეს.
– რა თვისებებით გამოირჩეოდა დედა თამარი და როგორ ართმევდა ახალგაზრდა დედა თამარი მონასტრის წინამძღვრობას თავს?
– მონასტერში იმხანად სამასი და იმყოფებოდა. ძალიან უყვარდა ბოდბის მონასტერი დედა თამარს, ხშირად იგონებდა მას, მაგრამ დიდხანს არ ყოფილა მისი წინამძღვარი. 1905 წელს რევოლუციურად განწყობილი მთიელები თავს ესხმოდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას, აწიოკებდნენ და ყოველნაირად ავიწროებდნენ მათ. გლეხები ხშირად მიმართავდნენ დახმარებისათვის დედა თამარს და ისიც ყველას ეხმარებოდა, თავგამოდებით იცავდა და თავშესაფარსაც აძლევდა მონასტერში. რევოლუციონერები ძლიერ განაწყენებული იყვნენ ახალგაზრდა იღუმენიაზე, ხშირად უგზავნიდნენ მუქარის ანონიმურ წერილებს. სინოდში შეშფოთებულნი იყვნენ მისი ბედით, რომლის სიცოცხლესაც აშკარა საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით, შეიძლება ითქვას, დედა თამარის სურვილის წინააღმდეგ, ის გადაიყვანეს მოსკოვში და დაინიშნა პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად. სწორედ აქ გაუჩნდა მას სურვილი, განმარტოებულიყო და ბინა დაედო საროვოს მონასტრის მახლობლად, მისი წინამძღვრის, სერაფიმეს მფარველობაში. დედა თამარმა ერთხელ, როცა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცულობდა, თითქოს ბრძანება მიიღო მისგან. ეს საოცარი ნიშანი რამდენჯერმე განმეორდა. დედა თამარი მიხვდა: ღვთისმშობელს არ სურს, რომ მან მარტოობაში განვლოს თავისი ცხოვრება. ის ავალებდა, შეექმნა ახალი სავანე, არა მარტო თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ძნელი აღმოჩნდა დედა თამარისთვის ხელი აეღო განდეგილობაზე. თან, შიშობდა: საცდური ხომ არ იყო ღვთისმშობლის ეს ბრძანება? გადაწყვიტა, რჩევა ეკითხა გამოცდილი სასულიერო პირისთვის და ოქტომბერში გაემართა ზოსიმეს უდაბნოში, განდეგილ მამა ალექსისთან. მან მოუსმინა დედა თამარს და მტკიცედ განუცხადა, რომ ის არ უნდა მიეცეს განმარტოებას, ვალდებულია, დააარსოს ახალი სავანე, როგორც ამას თავად ღვთისმშობელი ავალებს. ხელაღებით მაინც არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. ეძნელებოდა უარი ეთქვა განმარტოების სურვილზე. მაგრამ, მოსკოვში დაბრუნებულს, მოულოდნელი ამბავი დახვდა: რიაზან-ურალის რკინიგზის სამმართველო მოლაპარაკებას იწყებდა პოკროვის საზოგადოებასთან, რათა რკინიგზის საჭიროებისთვის ეყიდა ტყიანი სააგარაკო ნაკვეთი, რომელიც საზოგადოებას ეკუთვნოდა. მოლაპარაკება გაჭიანურდა, მაგრამ ბოლოს დედა თამარის სურვილის მიხედვით დამთავრდა, რკინიგზის სამმართველოს უარი ეთქვა ნაკვეთის შესყიდვაზე. სწორედ ამ პერიოდში, ტყიანი აგარაკის დათვალიერებისას, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო იდეალური ადგილი ახალი სავანის დასაარსებლად. უნდოდა, ამ დიდი და სერიოზული საქმის დაწყებამდე, ერთხელ კიდევ შეემოწმებინა საკუთარი თავი და რჩევისთვის გამოცდილ ბერ, მამა ანატოლისთან მივიდა, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა, შეესრულებინა თვით ღვთისმშობლისაგან მიღებული დავალება. დედა თამარი კიდევ რამდენჯერმე ჩავიდა მამა ალექსი ზოსიმელთან, რომელიც მთელი სულითა და გულით უჭერდა მხარს ახალი სავანის დაარსებას. მამა ალექსისთან ბოლო სტუმრობიდან დაბრუნებისას, დედა თამარმა სერგიევის სამების ლავრაში შეიარა, რათა მოთათბირებოდა მამა თობიას. დედა თამარი სულის სიღრმეში იმედოვნებდა, რომ მამა თობია, როგორც გამოცდილი და საქმიანი ადამიანი, ურჩევდა, უარი ეთქვა ასეთ მძიმე წამოწყებაზე, მაგრამ მან ჯერ სიყვარულით და ყურადღებით მოუსმინა დედა თამარს, შემდეგ კი დალოცა ახალი სავანის შესაქმნელად. ბერების – მამა ალექსი ზოსიმელის, მამა ანატოლი ოპტინელისა და სერგიევის სამების ხელმძღვანელის, მამა თობიას რჩევითა და ლოცვა-კურთხევით, საბოლოოდ, გადაწყდა სერაფიმო-ზნამენსკოეს ახალი სავანის დაარსება. აშკარა იყო ღვთის შემწეობა რიაზან-ურალის რკინიგზის სამმართველოსთან მოლაპარაკებისას, მას საბოლოოდ უარი ეთქვა მიწის აღნიშნული ნაკვეთის შესყიდვაზე. ღვთის აშკარა შემწეობითვე გამოჩნდა საჭირო სახსრები ამ უზარმაზარი საქმის განსასრულებლად. 1910 წლის 27 ივლისს საძირკველი ჩაეყარა ახალ სავანეს, რომელიც 1912 წლის სექტემბრამდე შენდებოდა. სავანის გარე თუ შიდა მოწყობის ყველა საჭირბოროტო საკითხებზე, დედა თამარი ეთათბირებოდა მეუფე არსენ ჟადანოველს, რომელიც 1916 წლიდან მისი და სავანის ყველა დის სულიერი მოძღვარი გახდა. სავანის კურთხევა მოხდა 1912 წლის 29 სექტემბერს. ის აკურთხა მოსკოვის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა, რომელიც დედა თამარისა და მისი ახალი სავანის მიმართ დიდი პატივისცემით იყო განმსჭვალული. სერაფიმო-ზნამენსკოეს სავანემ მხოლოდ 12 წელი იარსება. ის 1924 წელს დახურეს და გაანადგურეს ბოლშევიკებმა. დები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ. დედა თამარმა პატარა სახლი იშოვა, პერხუშკოვოს დასახლებაში და იქ დაიდო ბინა თავის ათ დასთან ერათად. პერხუშკოვოში ცხოვრება დაახლოებით ისე აეწყო, როგორც სავანეში. უამრავი ხალხი მოდიოდა დედა თამართან რჩევა-დარიგებისთვის. დედა თამარის დარიგება ყოველთვის განსაზღვრული, კონკრეტული, ავტორიტეტული იყო, ყველას ნდობას იმსახურებდა. გულითადად იღებდა ყველა მიმსვლელს, საოცრად ახლო მიჰქონდა გულთან ყველას წუხილი, დარდი თუ სიხარული, საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონდა – შეეძლო საკუთარი თავი ჩაეყენებინა მასთან მისული შეჭირვებულის მდგომარეობაში, მთელი არსებით განეცადა მისი წუხილი. მის მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა. შესანიშნავი, საოცრად დიდრონი შავი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეზე მაინც შენარჩუნებული ჰქონდა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. დედა თამარს საოცრად ლამაზი ჰქონდა ყველაფერი, ბრწყინავდა სინატიფითა და თვალწარმტაცი სისუფთავით. ეკლესიაში წინ ხელსახოცს იფენდა და ლოცვისას ზედ იჩოქებდა. სისუფთავის ასეთ მოყვარულს ცხოვრება მოუხდა ჯერ ციხის საერთო საკანში, ხოლო შემდეგ – გლეხის ღარიბულ ქოხში. დედა თამარი თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა ტანზე. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ კოხტად მორგებული მონაზვნის ფაქიზი ტანსაცმლის ქვეშ, რომელიც სისუფთავისგან ქათქათებდა, ჯაჭვს ატარებდა. ისევე, როგორც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ საწოლზე ულეიბოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. იმ ოთახიდან, სადაც პერხუშკოვოში დებს ეძინათ ღამე, თუ ვინმე გამოიღვიძებდა, აშკარად ხვდებოდა, რომ ტიხარს იქით, სენაკში, დედა თამარი ფხიზლობდა. ცხადი იყო, ლოცულობდა. დიდი ძალა ჰქონდა მის ლოცვას! ის რწმენის უზარმაზარი ცეცხლით იყო აღვსილი. მკაცრიც იყო. დედა თამარი და დები მკაცრად იცავდნენ ყველა მარხვას, ზეთიან საზრდელსაც კი არ იხმევდნენ, უზეთოს ჭამდნენ. ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ. თვითონ დედა თამარი ავადმყოფობის დროსაც კი, არ არღვევდა მარხვას. ზღვა ხალხი მოდიოდა მასთან და ყველა ექცეოდა მისი სულიერი მფარველობის ქვეშ. ყველას ისე გულითადად ხვდებოდა, როგორც საკუთარ შვილებს. მისი ლოცვა-კურთხევა დღესაც თანადგომასა და მფარველობას უწევს ყველას.
– მისთვის, ალბათ, ყველაზე რთული პატიმრობის წლები იყო.
– 1931 წელს დედა თამარი, თავის რამდენიმე დასთან ერთად, დააპატიმრეს. ციხეში მასთან ერთად იჯდა მისი ერთგული მორჩილი. საკანში სხვადასხვა ჯურის პატიმრები იყვნენ – პოლიტიკური და სისხლის სამართლის დამნაშავეები. როგორღაც მოხერხდა და დედა თამარს საერთო საკანში რაღაც ფარდის მსგავსით თავისი კურთხე გამოუყვეს. სისხლის სამართლის დამნაშავენი ხშირად ხმაურობდნენ და უწმაწურ სიმღერებს მღეროდნენ, მაგრამ როგორც კი დედა თამარი სთხოვდა, მაშინვე ჩუმდებოდნენ. მთელი საკანი დიდ პატივს მიაგებდა მას. ამანათს რომ მიიღებდა, დედა თამარი ყველას თანაბრად უნაწილებდა და ისინიც ამას ისე იღებდნენ, როგორც ღვთის წყალობას. დედა თამარს საკანში საუკეთესო ადგილი ჰქონდა დათმობილი. იქ ყველაფერი თეთრით იყო შემოსილი. დედა თამარიც ხალისიანად და მხნედ გამოიყურებოდა, მუდამ სხვათა დამშვიდებასა და დაწყნარებას ცდილობდა. ყოველ ღამე, როგორც კი საკანში სიწყნარე დაისადგურებდა, საწოლზე მუხლმოყრილი, ლოცვას იწყებდა. მასთან ყოველთვის ძღვენი მიჰქონდათ და ყოველ დილით მისი სახელით ერთ-ერთი მონაზონი ამ „ძღვენს“ იქ მყოფთ ურიგებდა. მთელ თავის „მისაგებელს“ ნაწილ-ნაწილ ყოფდა, აკურთხებდა და უგზავნიდა ყველას. ვიღაც ახალგაზრდა, შეღებილი მსახიობი ქალი თურმე ძლიერ ნერვიულობდა, ხშირად ხმამაღლა ქვითინებდა, რითაც, ყველას უფუჭებდა გუნება-განწყობას. ერთხელ დედა თამარმა მიიხმო ის თავისთან, დასვა, დაუწყო გამოკითხვა სამუშაოზე. მერე სთხოვა, რამე წარმოეთქვა. მსახიობ ქალს შთაგონებით დაუწყია კითხვა, მაგრამ რასაც ის წარმოთქვამდა, საოცრად შეუფერებელი იყო იღუმენიას ყურთასმენისთვის. დედა თამარმა ბოლომდე დიდი ყურადღებით მოუსმინა. მერე რაკიღა შეატყო, რომ ქალს ლაპარაკი ამშვიდებდა, თურმე ყოველდღე უხმობდა და აიძულებდა, რაიმე წაეკითხა. დიდი იყო მისი ზეგავლენა საკანში მყოფ სხვადასხვა ჯურის ადამიანზე: სხვადასხვა წრის წარმომადგენლებზე, ტროცკისტებსა და ოპოზიციონერებზე, ებრაელებზე, ქუჩის ქალებზე, რომლებითაც სავსე იყო მაშინ ქალების სატუსაღოები. ხშირად უნახავთ, რომ დედა თამარი მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა და ამიტომ დღისით, როცა იგი მოსასვენებლად წამოწვებოდა, მთელი ორმოცდაათკაციანი აგუგუნებული საკანი ჩუმდებოდა: „დედას სძინავს, დედა ისვენებსო“, – ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. დედა თამარის ზეგავლენა უფროსობაზეც ვრცელდებოდა. ქალთა აბანოებს მამაკაცები ემსახურებოდნენ. აუცილებელი იყო მთლად გაშიშვლება და ტანსაცმლის სადეზინფექციოდ ჩაბარება. ეს წესი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვრცელდებოდა. გამონაკლისს მხოლოდ დედა თამარისთვის უშვებდნენ. მას   ხუთი წლით თავისუფალი გადასახლება მიუსაჯეს ირკუტსკის ოლქში. ის მხნედ მიდიოდა, მისი საუცხოო თვალები ცეცხლით ბრწყინავდნენ. ბევრი ტიროდა. საკნის ყველა ბინადარი – მორწმუნე თუ ურწმუნო, ქურდი თუ ქუჩის ქალი, მიდიოდა მასთან, რათა კურთხევა ეთხოვა და ხელზე მთხვევით გამომშვიდობებოდა. გადასახლებაში დედა თამარს თან გაჰყვა უბრალო, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მონაზონი, გლეხის ქალი ნიუშა. დედა თამარი და ნიუშა ფეხით გაუდგნენ გზას დანიშნულების ადგილისკენ. დედა თამარმა იქ ხუთი წელი დაჰყო. ცხოვრობდნენ ქოხში ერთ გლეხთან. დედა თამარმა სამხრეთელი ადამიანისთვის უჩვეულო კლიმატს ვერ გაუძლო და ტუბერკულოზით დაავადდა. საბოლოოდ, ამ სენმა გამოასალმა ის სიცოცხლეს. გადასახლებაში დედა თამარი, როგორც ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელი, ორ-სამ თვეში ერთხელ ადგილობრივ კომისარიატში უნდა გამოცხადებულიყო  ხელის მოსაწერად. პირველად კომისარმა ძალიან პირქუშად, ლამის მტრულად მიიღო. მაგრამ, დედა თამარის სახე, რაღაც საოცარი სულიერი ძალა, რომელსაც მისი თვალები ასხივებდა, თანდათანობით მოქმედებდა და ამ ადამიანის პირქუში კილოც მალე შეარბილა. უკვე მშვიდად ესაუბრებოდა დედა თამარს. გადასახლების დასასრულს, როცა დედა თამარი უკანასკნელად გამოცხადდა კომისარიატში ხელის მოსაწერად, კომისარი საოცარი სითბოთი დაემშვიდობა და უსურვა, მეტად აღარ შეხვედროდნენ ერთმანეთს. დედა თამარს დიდხანს აწუხებდა ავადმყოფობა. გადასახლებაში უფრო და უფრო უარესდებოდა მისი ჯანმრთელობა. დაბრუნების შემდეგ ის დასახლდა პატარა სახლში ბელორუსიის რკინიგზის სადგურ პიონერსკაიასთან. თუმცა, უკვე ძალიან ავად იყო. გადასახლებაში ყელის ტუბერკულოზიც დაწყებია.
– როდის გარდაიცვალა?
– დედა თამარი გარდაიცვალა 1936 წლის 10/23 ივნისს. როცა კვდებოდა, ყველას სთხოვდა, ელოცათ. ყველას გამოემშვიდობა, დალოცა და სულ მეუფეს უხმობდა, რომელიც იქვე სწირავდა და ლოცულობდა. სწორედ მის ლოცვაში დახუჭა თვალები. წესი მეუფე არსენმა აუგო. დაკრძალეს მოსკოვში, ვედენის მთაზე, მამა ალექსი მეჩევის საფლავის ახლოს. დედა თამარის საფლავზე აღმართულია ხის თეთრი ჯვარი, რომელშიც ღვთისმშობლისა და ღირსი სერაფიმეს ხატებია ჩასმული.

скачать dle 11.3