რატომ იღებდნენ გიორგი ანწუხელიძის დაკითხვასა და წამებას ოსი და რუსი სამხედროები და რა ბედი ელის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმეს ანწუხელიძე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ
მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი, საქართველოს ეროვნული გმირი 23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ომში, სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა. მისი წამების ვიდეოჩანაწერი თავად მწამებლებმა გამოაქვეყნეს ინტერნეტსივრცეში (საბედისწერო დამთხვევაა – მერაბ მინდიაშვილი, მეტსახელად „ვირო“, 1991 წელს სეპარატისტებმა ერედვის სიცოცხლის გზაზე ხეზე მიბმული ცოცხლად დაწვეს. ვირო „შავლეგოს“ მღეროდა, ვიდრე მისი სხეული ფერფლად არ იქცა. ეს ისტორიაც ამის ჩამდენებისგან გახდა ცნობილი). სწორედ ამ ჩანაწერით დაადგინა ოჯახმა, რომ გიორგი ანწუხელიძე დაიღუპა. მისმა მეუღლემ მაია ჩიკვილაძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა და მათი დახმარებითვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა. საქმის დეტალებს საიას-ის იურისტი ნინო ჯომარჯიძე მოგვიყვება. მანამდე კი გეტყვით, რომ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოს ომში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედა – ლილი ანწუხელიძე უშედეგოდ ითხოვდა დახმარებას სტიქიისგან დაზიანებული სახლის აღსადგენად ახმეტის რაიონის გამგეობისგან. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ახმეტის გამგეობამ სახლის სახურავი დროებით შეაკეთა, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ 10 000 ლარი გადარიცხა სახურავის შესაცვლელად.
– როგორ აღმოჩნდა საია ჩართული გიორგი ანწუხელიძის საქმეში?
– 2008 წლის დეკემბერში მოგვმართა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ და მოგვაწოდა ინფორმაცია მისი მეუღლის გაუჩინარების შესახებ. მას იმ პერიოდისთვის საქართველოს ხელისუფლებისგან არ ჰქონია გადაცემული დე ენ ემის ანალიზის ასლი და ასევე, არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია თავისი მეუღლის ადგილსამყოფელის შესახებ.
– მან ომის დასრულებიდან 4 თვის შემდეგაც კი არ იცოდა, ცოცხალი იყო მისი მეუღლე თუ დაღუპული?
– არა, მან არ იცოდა, გიორგი ანწუხელიძე დაიღუპა თუ ტყვედ ჰყავდათ სეპარატისტებსა და ოკუპანტებს. მისი მეუღლის მომართვის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა ამ საკითხზე, მტკიცებულებების მოპოვება, დეტალურად გამოვკითხეთ საქმის გარემოებები, ყველა ის დეტალი, რაც მისთვის იყო ცნობილი.
– რა დეტალები შეიტყვეთ?
– რომ გიორგი მსახურობდა ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონში, 6 აგვისტოს გამოიძახეს სამსახურში, 7 აგვისტოს იგი მონაწილეობას იღებდა შეტაკებებში ცხინვალთან ახლოს, ეგრეთ წოდებულ შანხაის დასახლებაში და უკვე 9 აგვისტოდან გიორგი ანწუხელიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახის წევრებისთვის, მასთან კონტაქტი იმ დღის შემდეგ არ ჰქონიათ.
– არავინ დაჰკავშირებია ოჯახს, გიორგის თანამებრძოლები, მეგობრები?
– როგორც ვიცი, არა. მისთვის არავის დაურეკავს და არ უცნობებია, სად იყო გიორგი, მაგრამ 2009 წლის იანვარში გავრცელდა ორი ვიდეომასალა, რომლებშიც ასახულია გიორგი ანწუხელიძის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; ამ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, როგორც აწამებენ მას რუსი და ოსი ეროვნების სამხედრო პირები. ისმის ამ პიროვნებების საუბარი. რამდენიმე მათგანი სუფთა რუსულით საუბრობს, ნაწილი – ოსური აქცენტით რუსულად, ასევე, ისმის ოსურად და ქართულად ლაპარაკი. როგორც გითხარით, ორი ვიდეომასალაა, ერთზე ასახულია გიორგის დაკითხვა, როდესაც მას ეკითხებიან, რას აკეთებდა ამა და ამ დროს, იყო თუ არა ამა და ამ კონკრეტულ ადგილას, თუმცა გიორგი ანწუხელიძე ამ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს და მეორე ვიდეომასალაში, რომელიც ცხინვალის მეხუთე სკოლის ტერიტორიასთანაა გადაღებული, ჩანს, როგორ სცემენ მას როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები.
– პირადად მე ვერაფრით შევძელი ამ ვიდეომასალის ნახვა თავიდან ბოლომდე.
– ჩვენ გავშიფრეთ ეს ვიდეომასალა, რადგან მნიშვნელოვანი იყო ის საუბარი, რომელიც ისმის. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში, ისმის ადამიანის ხმა, ოღონდ რთული გასარჩევია, ვის ეკუთვნის, რომელიც ამბობს, მოვკლათო; მეორე უარზეა, იქნებ რამე ინფორმაციას ფლობს და არ მოვკლათო, მაგრამ ისმის მესამე პირის ხმა, რომელიც ამბობს, უნდა მოვკლათ, მან ხომ გუშინ ჩვენი ოსი ძმები დახოცაო. სამწუხაროდ, სხვა წინადადებები არ იკვეთება, სულ ეს არის, რის დადგენაც მოვახერხეთ ამ ვიდეომასალიდან. სიკვდილის მომენტი არც ერთ ვიდეომასალაში არ ჩანს, მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებია. მეორე ვიდეომასალაში გიორგი მიწაზე ზის, ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული, ოსი სამხედროები ზურგზე ახტებიან და ეუბნებიან, „მიწას აკოცე“. გიორგის სახე აქვს გასისხლიანებული, ეტყობა ძალადობის კვალი. ეს ვიდეომასალა ვაჩვენეთ მის მეუღლეს და ორივე ვიდეომასალაში მან ამოიცნო და დაადასტურა, რომ ეს იყო გიორგი ანწუხელიძე. ორივე ვიდეომასალაში გიორგი ცოცხალია, შესაძლოა, არსებობდეს სხვა ვიდეომასალაც, რომელიც გიორგის სიცოცხლის ხელყოფას ასახავს, მაგრამ ამ ორი ვიდეომასალიდან იმის თქმა, როდის მოკლეს გიორგი, რთული სათქმელია.
– თუ სწორად მახსოვს, რიცხვიც აწერია ვიდეოჩანაწერს.
– 10 აგვისტოთია დათარიღებული, თუმცა ერთი მათგანი გავრცელდა 2009 წლის იანვრის დასაწყისში, მეორე – იანვრის ბოლოს… 2008 წლის ნოემბერში, იცით, რომ გადმოასვენეს ჩვენი დაღუპული მებრძოლების ცხედრები ცხინვალიდან, მათ ჩაუტარდათ შესაბამისი ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ერთ-ერთი ცხედარი იყო გიორგი ანწუხელიძის.
– და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, საიდან გადმოასვენეს, სად იყო დაკრძალული.
– ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. არც სახელმწიფოს მოუწოდებია მსგავსი ინფორმაცია. ძალიან რთულიც იქნებოდა ამის დადგენა, სხვა ცხედრებიც იყო.
– ძალიან უცნაურია, შენს ტერიტორიაზე იყოს ომი და გენეტიკური ექსპერტიზა დაგჭირდეს დაღუპულთა ამოსაცნობად. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგული საკუთარ ტერიტორიაზე ნიშნავს, რომ ისინი ცოცხლები, ანუ დაჭრილები მიატოვეს ბრძოლის ველზე, მაგრამ ეს სხვა თემაა. დეკემბერში მოგმართათ გიორგის მეუღლემ, ესე იგი, ექსპერტიზის პასუხი არ აცნობეს?
– ექსპერტიზის პასუხი დათარიღებულია 2008 წლის 8 დეკემბრით, მაგრამ გიორგის მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მას ექსპერტიზის დასკვნის ასლი დეკემბრის ბოლოს გადაეცა. ამის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ, რომ საქმე გაგვეგზავნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გიორგი ანწუხელიძის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამო. მომჩივანმა გამოთქვა სურვილი, გაესაჩივრებინა ეს ფაქტი ევროპულ სასამართლოში. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა ამ საჩივარზე, სწორედ იმ პერიოდში გავშიფრეთ ვიდეომასალები. მივმართეთ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და მოვთხოვეთ, ჩაეტარებინათ გამოძიება გიორგი ანწუხელძის მიმართ სავარაუდო დარღვევების გამო, თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიდან პასუხი გაგვცეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და რუსეთი იძიებს გენოციდისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომლებიც განხორციელდა ოსი ეროვნების მოქალაქეებისა და რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ. მათ, ასევე, გვაცნობეს, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილი გადაუგზავნეს „სამხრეთ ოსეთის“ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის. თუმცა შემდგომ არც ერთი ორგანოდან პასუხი არ მოგვსვლია. ამის შემდეგ ჩვენ უნდა მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რადგან რუსეთის ფედერაციამ ამ წერილით პირდაპირ გვითხრა, რომ ისინი ქართველი ეროვნების მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დარღვევებს არ იძიებდნენ და იძიებდნენ მხოლოდ ოსი ეროვნების მოქალაქეებისა და რუსი მშვიდობისმყოფელების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დარღვევის ფაქტებს. 6 თვის ვადაში მივმართეთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ეს იყო 2010 წლის აპრილი და საქმეს ჰქვია: ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ
– ამჟამად რა სტადიაშია ეს საქმე?
– 2010 წლის 10 ივნისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან გვეცნობა, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილ საჩივარს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი და სასამართლომ დაგვიდასტურა დოკუმენტაციის მიღება.
– რას ითხოვთ ამ სარჩელით?
– მომჩივნებს წარმოადგენენ გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. აღნიშნულ საჩივარში ჩვენ ვასაჩივრებთ ევროპული კონვენციის მეორე მუხლს, რაც გულისხმობს სიცოცხლის უფლებას; მესამე მუხლს – წამების აკრძალვა; მეხუთე მუხლს – თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება და მეცამეტე მუხლს – სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება. ამასთან, აღნიშნულ საჩივარში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის აღნიშნული მუხლების დარღვევა გიორგი ანწუხელიძის მიმართ განპიროებული იყო სწორედ მისი ეთნიკური წარმოშობით და საქართველოს მოქალაქეობით, ეს კი არღვევს კონვენციის მეთოთხმეტე მუხლს, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას.
– რა შედეგს ელოდებით ადამიანის უფლებათა სასამართლოდან კონკრეტულად ამ სარჩელის გამო?
– ამ ეტაპზე რამე სიახლე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა 2010 წელს გაიგზავნა და დღემდე განხილული არ არის. როგორც იცით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ აქვს საქმის განხილვის კონკრეტული ვადები, ამდენად, ჩვენთვის რთულია იმის თქმა, რა ვადაში განიხილავენ ამ საქმეს. ევროპულ სასამართლოში შეტანილია სახელმწიფოთაშორისო განაცხადი რუსეთ-საქართველოს შეირაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, უპირველესად, ამ საქმეს განიხილავენ და ამის შემდეგ მიიღებს სასამართლო მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილებას, ანუ სახელმწიფოთაშორისო სარჩელის განხილვის შემდეგ დაიწყება ინდივიდუალური საქმეების განხილვა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარ დარღვევებს ეხება.
ადამიანის უფლებათა სასამართლოში ორი საქმე იყო წარდგენილი საქართველოს სახელმწიფოს მიერ. პირველი შეეხება 2007 წელს რუსეთიდან ქართველების კოლექტიურ გამოძევებას.
– ეს ხომ უკვე გადაწყდა ჩვენ სასარგებლოდ და რუსეთს დაეკისრა კომპენსაციის გაცემა დაზარალებულებისთვის?
– დიახ, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა და მეორე საქმე შეეხება უშუალოდ აგვისტოს ომის დროს მომხდარ სავარაუდო დანაშაულებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ საქმეზე რამე სიახლე არ არის, როგორც ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ და სასამართლო არ გვაწვდის ინფორმაციას ამ განაცხადთან დაკავშირებით, მაგრამ მას შემდეგ არც განიხილება სახელმწიფოთაშორისო განაცხადი, ამის შემდეგ განიხილავენ ინდივიდუალურ განაცხადებს.
– რა შეიძლება მოჰყვეს ამ ინდივიდულური განაცხადების განხილვას?
– თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს და საჩივარში დაყენებულ ჩვენს მოთხოვნებს და დაადგენს, რომ რუსეთის ფედერაციამ ამ მომჩივნების მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, საუბარია იმ მუხლებზე, რომლებზეც მომჩივნები საჩივარში დაობენ, ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს ფულადი კომპენსაციის საკითხი და მომჩივნის მიმართ რუსეთის ფედერაციას დაეკისრება თანხის გადახდა და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიება: რუსეთის ფედერაციას მოვთხოვოთ ეფექტიანი გამოიძების ჩატარება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, რომ გამოიძიოს გიორგი ანწუხელიძის მიმართ ჩადენილი დანაშაული და დაადგინოს პასუხისმგებელი პირები.
– გარდა გიორგი ანწუხელიძის საქმისა, აგვისტოს ომთან დაკავშირებული სხვა ინდივიდუალური საქმეები თუ გაქვთ გადაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში?
– საიას დაახლოებით 50-მდე საქმე აქვს გაგზავნილი ევროპულ სასამართლოში, რომელიც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დარღვევებს. მათი ნაწილი ეხება კონვენციის იმ მუხლების დარღვევებს, რაც გიორგი ანწუხელიძის საქმის შემთხვევაშია და, ასევე, საკუთრების უფლების დარღვევასაც. ძალიან ბევრი ადამიანის სახლი გადაწვეს რუსმა და ოსმა სამხედროებმა ომის დროს, რის გამოც ადამიანებმა მატერიალური და მორალური ზიანი განიცადეს.
– უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებული სხვა საქმე თუ გაქვთ გადაგზავნილი სტრასბურგში?
– არის კიდევ ერთი საქმე, რომელიც ეხება სამხედრო ტყვეებს. 7 მომჩივანია, 7-ვე სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც აგვისტოს ომის პერიოდში დააკავეს. ისინი ჰყავდათ ცხინვალის მეექვსე სკოლაში და მათ მიმართ ადგილი ჰქონდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ერთი მათგანი უშანგი სოფრომაძე იქვე გაიყვანეს და მოკლეს. ეს ფაქტი დაინახეს დანარჩენებმა. მეორე ადამიანი – კახაბერ ხუბულური, რომელიც მათთან ერთად იყო დაკავებული, წაიყვანეს და მისი ბედი უცნობია. მისი ცხედარი გამოვლინდა დე ენ ემის ანალიზის შედეგად. დანარჩენი 5 ადამიანი გაათავისუფლეს 19 აგვისტოს, ტყვეების ორმხრივი გაცვლის დროს.