რატომ გადაიკეთეს საქართველოში სამუშაოდ შემოსულმა ჩინელებმა გვარები და როგორ უწყობენ ხელს ქართველი მაღალჩინოსნები უცხოური დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალის შემოდინებას
თუმცა ჯერჯერობით ჩვენი საზღვრები ღიაა და ნებისმიერ მსურველს საზღვარზევე შეუძლია საქართველოს ვიზის მიღება, რის გამოც ძეხორციელმა არ იცის, ვინ და რატომ შემოდის, გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბრიდან სავიზო რეჟიმი მკაცრდება და უცხოელებს ქვეყანაში შემოსასვლელად დამატებითი დოკუმენტაცია და პროცედურები დასჭირდებათ, ზოგიერთ ქვეყანასთან კი სავიზო რეჟიმის დაწესებაც იგეგმება: შემომსვლელებს ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნის ვადებიც დაუწესდებათ და დეპორტაციაც გამკაცრდება. ამის მთავარი მიზეზი მაინც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაა, რათა საქართველო ევროპაში წამსვლელთა კარიბჭედ არ იქცეს. დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძესთან შევეცდებით საქართველოს სავიზო რეჟიმის პერსპექტივის განხილვას, ბუნებრივია, სხვა ქვეყნების სავიზო რეჟიმების ფონზე.
– სანამ საქართველოსთვის ხელსაყრელ სავიზო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, მიმოვიხილოთ სხვა ქვეყნების სავიზო პოლიტიკა. დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
– ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში მიგრანტთა ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანა, ტრადიციულად, ორიენტირებულია მიგრანტთა შემოდინებაზე, ესე იგი, პირებზე, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად. ყოველწლიურად, საშუალოდ, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იღებს აშშ-ში მუდმივად ცხოვრების ლეგალურ უფლებას. ამასთან აშშ-ში მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ შრომითი მიგრანტები, რომლებიც განიხილებიან, როგორც ნაციონალური შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი კომპონენტი. არსებობს ორი ძირითადი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს აშშ-ში შრომითი მიგრანტების შემოდინებას: ესენი არიან – შრომითი იმიგრანტები, პირები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში ამერიკული კომპანიებისა და სამუშაოს მიმწოდებლების მოწვევით, მუდმივ სამუშაოზე ყოველწლიურად 140-ათასიანი კვოტის ფარგლებში და დროებითი შრომითი მიგრანტები, რომლებიც შემოდიან აშშ-ში კონტრაქტის საფუძველზე, ამერიკულ კომპანიებთან ან ადგილობრივ მეწარმეებთან შეზღუდული პერიოდით. მათი რაოდენობა კანონმდებლობით არ იზღუდება და ამჟამად ყოველწლიურად 230 ათას ადამიანს აღწევს. შრომითი მიგრაცია აშშ-ში ხორციელდება მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. პირები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში პირველი არხით, იღებენ იმიგრანტის სტატუსს და, შესაბამისად, საიმიგრაციო ვიზებს, რომლებიც უფლებას აძლევს, დროთა განმავლობაში აშშ-ის მოქალაქეობა მიიღონ; ხოლო ის პირები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში დროებით სამუშაოზე, კვალიფიცირდებიან, როგორც არაიმიგრანტები და იღებენ არასაიმიგრაციო ვიზას მუშაობის უფლებით.
– რა დონის სპეციალისტები მიდიან უმეტესად ამერიკის შეერთებულ შტატებში?
– მათი დიდი უმეტესობა, ვინც აშშ-ში შრომითი მიგრაციის არხით შედის, არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ტექნიკური და საინჟინრო მეცნიერებათა სფეროდან, მენეჯმენტიდან; პროგრამისტები; პირები, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული უნარი მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, აგრეთვე კვალიფიციური მუშები და სპეციალისტები სამუშაოს იმ სახეობებში, რომლებიც აშშ-ს არ ჰყავს. არაიმიგრანტებისთვის გათვალისწინებულია დროებითი ვიზების სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც აძლევს მათ მუშაობის უფლებას. არის პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებს აშშ-ში მწვანე შუქს უხსნიან სამუშაო ვიზის გაცემისას, რამდენადაც ნაციონალურ შრომის ბაზარზე არ ყოფნით იმ სფეროს სპეციალისტები, ხოლო მათზე მოთხოვნა იზრდება. ასეთი პროფესიებია: პროგრამისტები; გარემოს დაცვის სპეციალისტები – კერძოდ, ნარჩენების უტილიზაციის ინჟინრები; ბიომედიცინის – მოლეკულური ბიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, გერონტოლოგია ამ სფეროს მკვლევრები; გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების პედაგოგები და ასე შემდეგ. აშშ-ში მოქმედი მიგრაციული კანონმდებლობა უცხოელის ქვეყანაში დროებით სამუშაოდ შესასვლელად ითვალისწინებს რთულ პროცედურას არასაიმიგრაციო ვიზის გაცემისას. ვიზა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილი უცხოელ მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ ამერიკელმა შრომის მიმწოდებელმა ვერ შეძლო ეპოვა შესაბამისი მუშაკი ადგილობრივ შრომის ბაზარზე. ეს დასტურდება აშშ-ის შრომის სამინისტროს დასკვნით, რომელიც აღნიშნავს, რომ მოცემული კონკრეტული უცხოელის შრომითი მოწყობა არ მოახდენს არავითარ გავლენას ანალოგიური სპეციალობის ამერიკელი მუშაკის ხელფასსა და შრომის პირობებზე.
– რა სანქციებია სავიზო რეჟიმის დამრღვევებისთვის?
– ამერიკული პოლიტიკა სავიზო რეჟიმის დამრღვევების მიმართ განსაკუთრებული, მკაცრი ზომებით გამოირჩევა. მაგალითად, თუ უცხოელი მოქალაქე ცდილობს, შევიდეს აშშ-ში ყალბი დოკუმენტებით ან საერთოდ დოკუმენტების გარეშე, საიმიგრაციო ხელისუფლებას აქვს სრული უფლებამოსილება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მისი დეპორტაციის შესახებ. თანაც ასეთ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა უცხოელი მოქალაქის არაკანონიერად ყოფნის ფაქტი აშშ-ის ტერიტორიაზე 6 თვის განმავლობაში, დეპორტაციის გარდა, მას ეკრძალება აშშ-ში შესვლის უფლება სამი წლის განმავლობაში. ხოლო არაკანონიერად 12 თვის განმავლობაში ყოფნის გამო, მას ეკრძალება ქვეყანაში შესვლა 10 წლის განმავლობაში. თუ გამოვლინდა, რომ უცხოელმა მოქალაქემ, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, მაგრამ დაარღვია იქ ყოფნის ვადა თუნდაც ერთი დღით, ასეთ შემთხვევაში, მას ეკრძალება შევიდეს ქვეყანაში 5 წლის განმავლობაში. უცხოელი მოქალაქეების არაკანონიერად დაქირავების შემთხვევაში, ამერიკელი სამუშაოს მიმწოდებლები ჯარიმდებიან 10 ათას დოლარამდე თანხით.
– საინტერესო იქნება თურქეთის გამოცდილება ამ მხრივ. ჩვენ უვიზო რეჟიმი გვაქვს, თუმცა ჩვენს მოქალაქეებს ექმნებათ პრობლემები თურქეთის შრომით ბაზარზე.
– თურქეთი წარმოადგენს იმ ქვეყნების მაგალითს, რომელიც რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში, აქტიურად ატარებს შრომითი რესურსების ექსპორტის წახალისების სახელმწიფო პოლიტიკას. ის საერთაშორისო შრომით მიგრაციაში 1961 წელს ჩაერთო, როდესაც თურქეთის მოქალაქეებს კონსტიტუციამ მიანიჭა უფლება, თავისუფლად წასულიყვნენ უცხოეთში. მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაღალმა ტემპმა და ჩამორჩენილმა ეკონომიკამ, განაპირობა მოსახლეობის გადანაწილება აგრარულ სექტორში და უმუშევრობის ზრდა. ამავე დროს დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, უპირველესად, გერმანიამ, რომელსაც სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, არ გააჩნდა კოლონიები, საიდანაც შეეძლო შემოეყვანა დამატებითი სამუშაო ძალა, ყურადღება მიაქცია თურქეთის შრომის ბაზარს, როგორც იაფი, არაკვალიფიციური სამუშაო ძალის წყაროს, რომელიც იმ პერიოდში საჭირო იყო ევროპული ეკონომიკის აღსადგენად. თურქეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა თავისი დაინტერესება სამუშაო ძალის მასობრივ ექსპორტში, რითაც ის შეარბილებდა ქვეყნის შიგნით დასაქმების პრობლემას, ხოლო მუშა-მიგრანტები მიიღებდნენ პროფესიულ მომზადებას და თანამედროვე სპეციალობებს. გარდა ამისა, ქვეყანაში შევიდოდა უცხოური ვალუტა მიგრანტთა ფულადი გზავნილების სახით. ხელი მოეწერა ორმხრივ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას თურქეთის სამუშაო ძალის გამოყენების შესახებ: 1961 წელს – გერმანიასთან, 1964 წელს – ავსტრიასთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან, 1965 წელს – საფრანგეთთან, 1967 წელს – შვედეთთან და ავსტრალიასთან. თურქეთში სამუშაო ძალის ექსპორტს მხარს უჭერდა და არეგულირებდა ქვეყნის ხელისუფლება. 1960-იან წლებში დასაქმების ეროვნულ სამსახურთან შეიქმნა უცხოეთში დასაქმების სახელმწიფო საშუამავლო სააგენტოების ქსელი, რომლებიც ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად არეგულირებდა უცხოეთში გამსვლელთა რაოდენობას და რიგითობას, მიგრანტებს უზრუნველყოფდა სამედიცინო გამოკვლევით, აუცილებელი დოკუმენტაციის გაფორმებით, მათ შორის თურქი მუშების უცხოელ სამუშაოს მიმწოდებლებთან შრომითი კონტრაქტების პირობებით. 1961 წლიდან 1975 წლამდე ამ სააგენტოებმა ევროპაში 800 ათასზე მეტი თურქი მუშა განათავსეს. უცხოეთში სამუშაოდ წამსვლელთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ლოდინის პერიოდი ხშირად რამდენიმე წელს გრძელდებოდა. ამიტომ სახელმწიფომ წარმატებით გამოიყენა ეს სიტუაცია და დაიწყო „სოფლის განვითარების კოოპერატივების“ შექმნა. კოოპერატივების წევრები უპირატესობას უცხოეთში შრომით მოწყობაში იღებდნენ იმის სანაცვლოდ, რომ მათ მიერ სამშობლოში გამოგზავნილი ფულის ნაწილი გამოყენებული იქნებოდა, როგორც კოოპერატივის კაპიტალდაბანდება. საერთოდ, მიგრანტთა ფულადი გზავნილები სამშობლოში იყო თურქეთის მთავრობის პოლიტიკის მიზანმიმართული საგანი, რომელიც ხელს უწყობდა გამომუშავებული თანხების, რაც შეიძლება მეტი ნაწილის გადმორიცხვას სამშობლოში. ამისთვის მუშა-მიგრანტებს მიეცათ ნებართვა, გაეხსნათ ანგარიშები სახელმწიფო ბანკებში, რომლებსაც სახელმწიფო შეღავათიანი კურსით უკონვერტირებდა ვალუტას. მიგრანტთა ფულადი გზავნილების ეროვნულ ეკონომიკაში ჩადების სტიმულირებისთვის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა მუშათა საინვესტიციო ბანკი, რომელიც უცხოეთში მყოფი თურქი მუშების სახსრებს აბანდებდა ინდუსტრიულ პროექტებში, ეგრეთ წოდებული „მუშათა კომპანიების“ მეშვეობით. „მუშათა კომპანიების” აქციონერებს სამშობლოში დაბრუნებისას, შეეძლოთ, მიეღოთ იქ შრომითი მოწყობის გარანტია. მეტიც, 1970-1980-იან წლებში თურქეთმა თავისი მოსახლეობა ნავთობმომპოვებელ არაბულ ქვეყნებში გადაანაწილა. 1986 წელს დაახლოებით 200 ათასი თურქი მუშა იმყოფებოდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ამასთან თურქეთის ხელისუფლების სტრატეგია სამუშაო ძალის ექსპორტის მიმართ შეიცვალა: შეიქმნა პირობები თურქეთის კერძო ფირმების მსოფლიო ბაზარზე დასაწინაურებლად, უპირველეს ყოვლისა, შედარებით კონკურენტუნარიანი სამშენებლო სექტორისთვის. თავის მხრივ, ეს ფირმები კონკრაქტის საფუძველზე იზიდავდნენ თურქეთის სამუშაო ძალას სამშენებლო პროექტების განსახორციელებლად. როდესაც 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იან წლებში „გაიხსნა“ ახალი ბაზრები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და თურქეთის მთავრობამ შექმნა პლაცდარმი მსხვილი თურქული კერძო სამშენებლო ფირმებისათვის. 1990-იანი წლების შუა პერიოდში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკვე მოქმედებდა თურქეთის 200-ზე მეტი სამშენებლო ფირმა, ხოლო თურქეთის მუშები, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი, რუსეთში ლეგალური უცხოური სამუშაო ძალის მესამე ჯგუფს შეადგენდნენ უკრაინელებისა და ჩინელების შემდეგ.
– ჩვენთან, ძირითადად, რომელი ქვეყნიდან შემოდიან მიგრანტები?
– ჩვენთან საზღვარი ღიაა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ საქართველოდან გადის უფრო კვალიფიციური ძალა და შემოდის დაბალკვალიფიციური. გვაქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო – უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის, თუმცა საზღვრის დაცვის დეპარტამენტი წინა წლებში იძლეოდა ინფორმაციას, რომ მეტი შემოდიოდა, მაგრამ ეს არ იყო რეალური ინფორმაცია. მიგრაციის კანონია, წასულის ადგილს შემოსული იკავებს და, თუ ადრეულ წლებში, ძირითადად, აზერბაიჯანელები და სომხები შემოდიოდნენ, ახლა ნაკლებად, უფრო უცხოეთის ქვეყნებიდან შემოდიან. ზოგადად, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში შემომსვლელი მეტია, დაბალი განვითარების ქვეყანაში – გამსვლელი. ეს, ძირითადად, ეხება შრომით მიგრანტებს. მაგალითად, გერმანიამ შავიზღვისპირეთის ქვეყნებთან გააფორმა ხელშეკრულებები შრომითი მიგრანტების მიღების შესახებ, მაგრამ შრომითი ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ, მათ უნდა დაეტოვებინათ გერმანია. საქართველოს რომ შევადაროთ: ჩინური კომპანიები იგებენ ტენდერებს და შემოჰყავთ თავიანთი ხალხი. ამდენად, თუ ადრე ჩინელები ინდივიდუალურად შემოდიოდნენ, ახლა უკვე ორგანიზებულად მოდიან, ამიტომ ჩინელები ჩანან მხოლოდ მშენებლობებზე. ხაშურში უამრავ ჩინელს ნახავთ, გვარებიც კი გადაიკეთეს: არიან გელაშვილები და ნოზაძეები.
– ხომ არ მოინათლნენ კიდეც?
– არ შემისწავლია ეს საკითხი, მაგრამ უკონფლიქტო და შრომისმოყვარე ხალხია, მიწებიც აიღეს ქართლში იჯარით და ამუშავებენ. მიგრაციის განმსაზღვრელი მაინც შრომის ბაზარი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა. აქ კვალიფიციური მუშაკი არ შემოვა, თუ რომელიმე კონკრეტულ ბიზნესმენს არ დასჭირდა. ქვეყანაში ელიტური კორუფციის არსებობა გვაძლევს საფუძველს, ვიგულისხმოთ, რომ სახელმწიფო მოხელეები ტენდერებში ამარჯვებინებენ იმ კომპანიებს, რომლებთანაც არიან შეკრულები. მათ კი შემოჰყავთ თავიანთი სამუშაო ძალა. მაგალითად, ძალიან ბევრი ინდოელი და აფრიკელია შემოსული სწავლის მიზნით, მაგრამ ისინი პარალელურად მუშაობენ. ამას წინათ ნიგერიელებმა გამოთქვეს პრეტენზია, თუმცა ევროპაში ასეთ პრეტენზიას არალეგალები ვერ გამოთქვამდნენ, რადგან მაშინვე დეპორტაციას გაუკეთებენ. მაგრამ, რადგან ჩვენთან არანაირი კონტროლი არ არის, გამოდის, რომ არალეგალებიც არ გვყავს. არც არანაირი შეზღუდვები არ არსებობს, მაშინ, როდესაც, თუ მე მყავს ანალოგიური კვალიფიციური სამუშაო ძალა, შემოსულმა ფირმებმა ჩემი სამუშაო ძალა უნდა დაასაქმოს. მაგრამ ჩვენთან არ არსებობს შრომის ბირჟა, რომ ვიცოდეთ, რამდენი მუშახელი სად გვჭირდება. აქვე გეტყვით, რომ ნიგერიაში შობადობის მაღალი დონეა და 2050 წლისთვის მესამე ადგილზე გავა მსოფლიოში მოსახლეობის რიცხოვნობით. ანუ შემოდიან ნიგერიელები, ინდოელები, არაბები ნაკლებად… ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ, დადგა საკითხი, რომ საქართველო არ უნდა იყოს მიგრანტების გამტარი და უნდა ჩაკეტოს საზღვარი. სავიზო რეჟიმს იმიტომ გვიწესებს ევროკავშირი, რომ აქედან არავინ გავიდეს შეუმოწმებლად. ცნობილია, რომ მიგრანტები აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ მოხვდნენ ევროპის ქვეყნებში. ევროკავშირს შესწავლილი აქვს ეს მარშრუტები. ამდენად, ჩვენ სერიოზული მიგრაციული პოლიტიკა უნდა გვქონდეს. უნდა შეიქმნას სისტემა, როდესაც იქნება საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი სამსახურები: მიგრაციული პოლიციის ჩათვლით. ასევე, უნდა ააშენონ შენობა დეპორტირებულებისთვის. ამ სისტემას შექმნა სჭირდება.