ზედაახლოებულები
ანუ „წამოდით ფეხებით!“
გასულ კვირას „ნატოს“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გვესტუმრა და ჩვენებური პატიოსანი გვამები მოინახულა. მანამდე კი არასამთავრობო სექტორიც დააფასა, რომლებთანაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ყოფილი მაღალჩინოსნების წიანაღმდეგ აღძრული საქმეები, ზედაც, საშინაო და საგარეო პოლიტიკა გაარჩია. ბუნებრივია, შეხვედრებს „ნატოს“ უელსის სამიტზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია.
ან კი როგორ ჩაივლიდა, როდესაც იქ იმას ველოდებით, რაც აქამომდე არ გვქონია?! არადა, აქამომდე, სულ ერთმანეთზე უკეთესები და მეტ-მეტები გვქონდა! ჰოდა, რაკი არ გვქონია თუ გვქონია, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილმა მაინც შეგვაგულიანა (მომყავს ციტატა): „ნატოს“ უელსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო „ნატოს“ კიდევ უფრო დაუახლოვდება და ამ პროცესში ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას გაგიწევთ.“
რაკი, რა დისტანციაზეც ვართ, იმაზე მეტად დაახლოება წარმოუდგენელია, ყოველ შემთხვევაში, ჩემი „იწრო, დედაკაცური“ ბუნებით, სავარაუდოდ, ბ-ნ ბეილის უნდოდა ეთქვა: შემოტრიალდით და წამოდით ფეხებით!