ერიდეთ ქალებს!
„განსაკუთრებით, ევროპის ტერიტორიაზე!“
შესაძლოა, იმიტომ, რომ ძალადობის სტატისტიკას გაეცნო და გული დაეწვა (ქალებს გვირტყამენო), ან, სულაც, მერკანტილური მოსაზრებებით, გასულ კვირას ტაქსის მძღოლი მგზავრმა ქალმა გაძარცვა. როგორც ჩვენი მშობლიური სააგენტოები წერდნენ – „მძარცველი ქალბატონიო (და მერე რა, რომ სად – ქალბატონი, სად – ძარცვა, მაგრამ, ეს სულ სხვა, სიტყვების მნიშვნელობისამებრ გამოყენების პრობლემაა).”
ეს სამწუხარო ამბავი კი შემდეგნაირად მომხდარა: მწუხრის ჟამს სანდომიანი გარეგნობის ქალბატონი ტაქსიში ჩამჯდარა (ჩაჯდომისას არ ეტყობოდა, რომ ფინალში უბრალოდ ქალი აღმოჩნდებოდა) და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მძღოლისთვის აფთიაქში წამლის ყიდვა უთხოვია. გულისხმიერი მძღოლი ჯეროვანი ყურადღებით მოჰკიდებია მგზავრი ქალბატონის (ერთი შეხედვით, მასაც ქალბატონი ჰგონებია) თხოვნას და ავტოდან მორჩილად გადასულა კლიენტისთვის თხოვნის შესასრულებლად, მაგრამ უკან დაბრუნებულს აღმოუჩენია, რომ მგზავრი და ტაქსიში არსებული თანხა ერთდროულად გაუჩინარებულიყო.
მართალია, მძღოლმა საშველად პოლიციას მოუხმო და კრიმინალისტებმაც გულდასმით იმუშავეს, მაგრამ კვალს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს. იმედია, მიაკვლევენ და სამართლიანობაც იზეიმებს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ეს კონკრეტული კრიმინალი მეტად ცივილიზებულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე იქნა ჩადენილი, აშკარაა, რომ, ჯერ ერთი, ტყემლით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქალით) მაინც სულ სხვაა და, რაც მთავარია, მძღოლებს არ აწყენთ პიპინია ერისთავის შეგონება – ერიდეთ ქალებს, განსაკუთრებით, ევროპის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კოსტავას ქუჩის მიმდებარე) ტერიტორიაზე!