სალათა ქათმითა და კვერცხით
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი ქათმის ფილე, 5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 6 ცალი კვერცხი, 3 ნაჭერი თეთრი პური, 1 კონა სალათის ფოთოლი, 2 კბილი ნიორი, 500 გრამი ცხიმიანი იოგურტი, 125 გრამი მაიონეზი, 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 100 გრამი ყველი პარმეზანი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხორცი გარეცხეთ და შეამშრალეთ. ტაფაზე გააცხელეთ 2 სადილის კოვზი ზეთი, ხორცის ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და პილპილი და ორივე მხრიდან შეწვით (5-5 წუთი ეყოფა). კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გადაავლეთ ცივი წყალი, გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად. თეთრი პური პატარა კუბიკებად დაჭერით და გაცხელებულ ზეთში შებრაწეთ, შემდეგ კი ხელსახოცზე დააწყვეთ დასაწრეტად. ნიორი წვრილად დაკეპეთ. იოგურტი, მაიონეზი და ნიორი აურიეთ. შეანელეთ ლიმონის წვენით, მარილითა და პილპილით. შემწვარი ქათმის ხორცი მოგრძო ნაჭრებად დაჭერით, ყველი მსხვილად გახეხეთ, სალათის ფოთლები კი ხელით დაანაწევრეთ. ყველა ინგრედიენტი ფენა-ფენა მოათავსეთ და მოასხით სოუსი.