კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სწერენ ზურა ნიჟარაძეს მის „სადღეგრძელოებზე“ შეყვარებულები სოციალურ ქსელში და რას იხსენებს ის კოტე მახარაძის, გოგი ქავთარაძისა და გურამ საღარაძის თამადობებიდან

როგორც მსახიობს, არაერთი როლი აქვს ზურა ნიჟარაძეს შესრულებული, მაგრამ პირველი, რაც ამ ბოლო დროს ასოცირდება მის სახელთან, „TV 11-ზე” მის მიერ განსახიერებული თამადაა გადაცემიდან „სადღეგრძელო”.

 

– მანამდეც, იყო ასევე „ღამის შოუს“ პროდუქტი „შუა ქალაქში”, სადაც ვთამაშობდი ბუნიკეთის გამგებელს და ახლაც, ხშირად მეძახიან „ბუნიკეთი” მოვიდაო. ამის შემდეგ იყო „რომ გადახვალ, გააჩერე”, მერე – „თქვენი გადახდილია” და „სადღეგრძელო”.

ჩემთვის ქართული სუფრა ძალიან ბევრს ნიშნავს. ოღონდ ჯანსაღი ქართული სუფრა და არა ისეთი, რომ დათვრებიან და ერთმანეთს ვერ ცნობენ. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და მე და ჩემი მეგობრები ძალიან კარგად ვქეიფობთ. იმიტომ რომ, თითქმის ყველა ჩვენგანი მღერის, ცეკვავს, ლექსებს კითხულობს – ასე კი დრო კარგად გადის და მიდის ისეთი ქეიფი, უკეთესი რომ არ შეიძლება. 

რაც შეეხება გადაცემა „სადღეგრძელოს”, მასში მანკიერ, ცუდ თამადებზეა აქცენტი გაკეთებული, რომლებიც საშინლად ამბობენ სადღეგრძელოს. ჩემთვის თამადა არის ორგანიზატორი, დირიჟორი, რეჟისორი, წამყვანი და ყველაფერი. თამადა რომ ხარ, არ უნდა დაღალო ხალხი შენი ლექციებით, რაც არ უნდა განათლებული იყო. მე ასეთი თამადები მიყვარს. ხშირად ვმჯდარვარ ერთ სუფრაზე კოტე მახარაძესთან, მინახავს მისი თამადობა. ვუყურებდით და დალევა გვავიწყდებოდა, ისე საინტერესოდ საუბრობდა. ყველა კოტე მახარაძისნაირი თამადა ვერ იქნება, მაგრამ ცოტა იუმორი ჩართე, ცოტა ილაპარაკე, ცოტა მამღერე – საკურთხივით პატარ-პატარა ყველაფერი უნდა იყოსო, ხომ იცით, ნათქვამია და მაშინ გამოდის კარგი სუფრა.

– თქვენი სადღეგრძელოების შემდეგ, ბერეჟიანის რეპლიკები გადაცემაში, საერთოდ ცალკე საუბრის თემაა.

– გადასაღებ მოედანზე იბადება ეს ფრაზები: „მულის სულს გეფიცები”, „ამას ისეთი მთხოვნელები ჰყავდა”... ეს დაწერილი არ არის... გადაღების პროცესში მოდის.

– ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს თქვენს „თამადას”. სამწუხაროდ, ზოგი არასწორად იგებს ამ გადაცემის არსს...

– ამ ახალ წელს, ჩემმა ძმაკაცმა გამომიარა: გეხვეწები, ჩემს ახლობლებს უყვარხარ სიგიჟემდე, ხალხი ჰყავთ სტუმრად და ვეწვიოთო. მივედით: ჩვენი თამადა მოვიდა, ჩვენი საქართველოს თამადაო, მომაგებეს. საქართველოს თამადაზე, გამახსენდა, გულბაათ ჭავჭავაძე, შედან ჭილაძე, მე მათთან რა მოსატანი ვარ, მაგრამ მაინც მესიამოვნა, რომ გიცნობს ხალხი, კარგად მიგიღებს. მოდი, შენ გენაცვალე, შვილო... თამადა წამოდგა და ზუსტად ის სადღეგრძელო თქვა ახალ წელზე, ჩემი წარბის აწევით, ჩემი ინტონაციით, როგორც მე ვამბობ „სადღეგრძელოში”... რამდენჯერ ჰქონდა ნანახი, წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი დაიზეპირა. განსხვავება ის იყო მხოლოდ, რომ ბერეჟიანი არ ჰყავდა გვერდით. „რა კარგ სადღეგრძელოებს ამბობთ, ვინ იგონებს, მითხარით. „მალადეც” ძმაო, შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ეს არის ქართული...” რა უნდა ვუთხრა, იმას მე?! 

– მართლა, რა უთხარით?

– ერთი ჭიქით, დაგლოცავთ, გავრბივარ, საშინლად მეჩქარება-მეთქი. ზუსტად ის თამადა იყო, ვის გაშარჟებულ ვარიანტსაც ვასახიერებ „სადღეგრძელოში”. სამწუხაროდ, ზოგი ამ გადაცემის დატვირთვას სწორად ვერ იგებს. გეფიცებით, ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის, ვსწავლობ, ძმაო, თქვენს სადღეგრძელოებსო. უცხოეთიდანაც მწერენ ამას სოციალურ ქსელში: „მალადეც” გაგიმარჯოს ღმერთმა: ასე ძმაო, ქართულს მიაწექიო. ბერეჟიანზე მწერენ ხოლმე ხშირად – ნერვებს გვიშლისო. რა უნდა ახლა, რა კარგად აყალიბებ სადღეგრძელოს, რა კარგად ამბობ და ვითომ ახლა ეგ გაღადავებს?! საერთოდ არ დასვა იმ სუფრაზეო (იცინის)!

– თქვენ როგორი თამადა ხართ და მოგწონთ თუ არა თამადობა? ხმა და გაბარიტები ისეთი გაქვთ, უნდა გიხდებოდეთ...

– იყო ბავშვობაში მომენტები, როცა ეს მომწონდა. იმიტომ რომ, მე გამზარდა გოგი ქავთარაძემ, გურამ საღარაძემ. ეს ხალხი, გინდა არ გინდა, სუფრასთან დაკავშირებულები იყვნენ. ვესწრებოდი მათ თამადობასაც. რადგან შემიძლია სმა, არ ვთვრები, შემიძლია სიმღერა და ლექსის წაკითხვა, ისე ხდებოდა, რომ 10 სუფრიდან, ცხრაჯერ მაინც მიწევდა თამადობა. ახლა დავიღალე, აღარ მინდა... მე მგონია, რაც ჩამოვთვალე, ეს თვისებები უნდა ჰქონდეს თამადას და თუ სუფრაზე ვიღაცამ ვიღაცას დაუძაბა, მე ჩემს თავს ვაბრალებ, იმიტომ რომ, ეტყობა, ყურადღება მოვაკელი. როგორც სცენაზეა, თუ ვინმეს ჩაეძინა, ან ცუდად თამაშობ, ან ცუდი სპექტაკლია. ყველა სხვადასხვანაირი სუბიექტია, ვიღაცას სჭირდება, რომ ლიტრანახევარი ღვინო დალიოს, ვიღაცას – 2, ვიღაცას – 1 ჭიქა. ისე უნდა დააბალანსო ეს, რომ არეულობა არ მოხდეს და 1-2 საათში არ იქცეს ქართული სუფრა „ბარდაკად”. 

– თვითონ როგორი მსმელი ხართ?

– კარგი. ადრე უფრო კარგად ვსვამდი – 5-6-7 ლიტრას. ღვინო თეთრი მირჩევნია. ყველაზე კარგი ღვინო ჩემთვის „ჩინურია” – ქართლის ღვინო. მართლაც საქეიფო ღვინოა. ახლა არ ვსვამ ამდენს, თუ ქორწილში ან სადმე არ მომიწია თამადობა. სასმელის მოპარვა არ მიყვარს. თუ ვსვამ, ვსვამ, თუ არა და... „არ მინდა დალევა, შენ გენაცვალე, მეტს ვერ დავლევ”, – ტყუილს არ ვიტყვი.

– კარიერაში რა ხდება, ჯერ ქართულ სიახლეებზე მიამბეთ.

– უკვე დიდი ხანია, ეს პროექტი არსებობს – მე და რამაზ ბლუაშვილი ვაკეთებთ. რამაზი არის რეჟისორი, პროდიუსერი. ამერიკაში მიიღო განათლება და მუშაობდა „იუნივერსალ პიქჩერსში”. მერე ჩამოვიდა, პირველ არხზე იყო დოკუმენტური ფილმების რეჟისორი. ამერიკაში ყოფნის დროს მან ალექსანდრე ქართველის შესახებ მოიძია ყველა მასალა – როგორ იყო პენტაგონში, „ნასაში“, ყველგან. ჩვენ ალექსანდრე ქართველზე ვიღებთ დოკუმენტურ ფილმს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ფილმი კარგი გამოვიდეს. დიდი თანხებია საჭირო. ამერიკაშიც იქნება გადაღება, საფრანგეთშიც. კახი კავსაძე განასახიერებს ალექსანდრე ქართველს. მე ვთამაშობ ალექსანდრე ქართველის მეგობარს ახალგაზრდობაში. ამას გარდა, ტელევიზიაში გაგრძელდება „თქვენი გადახდილია” და ალბათ „სადღეგრძელოც.” 

– უცხოურ პროექტებზე თუ ვისაუბრებთ, ერთი გვახსოვს, თქვენ განასახიერეთ სტალინის ახალგაზრდა მეგობარი გურგენ ლაითაძე. სულ ახლახან დაბრუნდით და ვიცი, რომ 2 თვე გადაღებები გქონდათ მინსკში. ამ პროექტზე მიამბეთ და საერთოდ, საიდან მოხვდით ამ პროეტში?

– არის ასეთი სააგენტო „არტათეული”, საიდანაც დამიკავშირდა ვანო ცინაძე და მითხრა,  აზერბაიჯანელი რეჟისორი და ოპერატორი არიან ჩამოსულები და ქასთინგზე მობრძანდითო. ქასთინგი საკმაოდ გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა. ფილმს იღებს „აზერბაიჯანფილმი” და „ბელარუსფილმი” ერთობლივად. მეორე მსოფლიო ომზეა. მე ვთამაშობ სომეხს. სხვადასხვა ქვეყნიდან 4 წარმომადგენელის მაგალითზეა ნაჩვენები, თუ როგორ გადაიარა მათ თავზე ომმა. ამ ოთხიდან ორი – სომეხი და აზერბაიჯანელია. ფილმი ასე მთავრდება – აზერბაიჯანელი ბერდება და მოკლავენ ყარაბახის ომში, რის შემდეგაც იპოვიან მის დღიურს, სადაც წერს თუ როგორ უყვარდათ მას და მის სომეხ მეგობარს ერთმანეთი, როგორი ძმები იყვნენ... 

– მინდა, შეადაროთ ქართული და იმათი გადასაღები მოედანი?

– შემიძლია ვთქვა, რომ მათთან გადასაღებ მოედანზე მსახიობი არის მეფე. ძალიან კარგი სიტუაცია იყო. მივხვდი, რომ არტისტი ვიყავი. 

– იყო კიდევ შემოთავაზებები?

– კი, როგორ არა. „აზერბაიჯანფილმის” დირექტორმა მითხრა, მაქვს ახალი სცენარი და შენ ისევ მთავარ როლში მოიაზრებიო. 

– რა ჰქვია იმ ფილმს, რომელიც გადაიღეთ?

– „შეწყვეტილი მოგონებები.” გამოვა 9 მაისს, ომის დამთავრებიდან 70 წლის საიუბილეოდ.

– როგორ ცხოვრობთ, როგორია თქვენი ოჯახური მდგომარეობა?

– ცოლი არასდროს მყოლია და არც – შვილი. არც შეყვარებული მყავს. 

– არადა, დროა...

– ეს ისეთი რამეა, ვერ იტყვი, რომ... 27 იანვრის შემდეგ უნდა შემიყვარდეს ვიღაცა. იყო ჩემს ცხოვრებაში დიდი სიყვარული რაღაც პერიოდი და მერე აღარ მოსულა.

– თუმცა, ელოდებით...

– რა თქმა უნდა. მე ახლაც მიყვარს ის, ვინც მერე შემიყვარდება, ოღონდ ჯერ არ ვიცი, ვინ არის.

– ჩანს, სიყვარულში იმედგაცრუება გიგემიათ წარსულში.

– კი.

 

скачать dle 11.3