კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა მანჰეტენზე, ცნობილ გალერეაში გულნარა წიკლაურის ნახატები და რომელი ნამუშევრები აღმოჩნდა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკასა და ბილ ქლინტონის ფონდში

 „ის, რასაც თქვენ ჩემს ნახატებში ხედავთ, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა. მე ვხატავ ჩემს დამოკიდებულებას, პოზიციას რაღაცის მიმართ. ეს პოზიცია კი მიჩნდება ჯერ, როგორც ადამიანს და შემდეგ, როგორც  მხატვარი ამ ყველაფერს სხვა სახეს ვაძლევ. ეს არის ჩემი ხასიათი, რომელიც ბავშვობიდან მომყვება: პრინციპული და ძალიან შეურიგებელი ყოველგვარი უსამართლობის მიმართ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს არა მხოლოდ ვხედავ, ვრეაგირებ კიდეც ისე, როგორც შემიძლია, ხშირად კი ფერწერის საშუალებით... შეიძლება, მხატვარი არც გაიცნო, მაგრამ, მის შემოქმედებას რომ ჩაწვდები, აუცილებლად დაინახავ მის სახეს, იმას, თუ რა აწუხებს, რას გრძნობს, განიცდის...“ – მხატვარი გულნარა წიკლაური უკვე დიდი ხანია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მას არა მხოლოდ საქართველოში, ამერიკაშიც ბევრი სირთულის, განსაცდელის გადალახვა მოუწია, რადგან როგორც ხელოვანისთვის, არც „ოცნებების ქალაქში“ – ნიუ-იორკშია ცხოვრება ადვილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი არაჩვეულებრივი ნახატებიდან ბევრი ძალიან ცნობილი გახდა, პრესტიჟულ გალერეებში იფინება და კერძო კოლექციებშიც ინახება... გასაოცარია ის ემოცია, სილამაზე, ღრმა შინაარსი, რასაც ქალბატონი გულნარას ნახატების თუნდაც ინტერნეტში ნახვა აღძრავს. მაგრამ, ყველაზე საოცარი ის ძალაა, რომელიც ხელოვანის თითოეული შედევრიდან იგრძნობა...

 

გულნარა წიკლაური: ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დავდიოდი, როცა ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსებში ვმონაწილეობდი, ხშირ შემთხვევაში, ვიმარჯვებდი. მეშვიდე-მერვე კლასში ვხატავდი ჩიტებს, ცხოველებს, მცენარეეებს ბოტანიკის, ზოოლოგიის კაბინეტისთვის. წლების განმავლობაში ინახებოდა ეს ნახატები და მასწავლებლები გაკვეთილებზე იყენებდნენ. ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი, მედლის კანდიდატი და არავის ფიქრობდა, რომ ხატვა იქნებოდა ჩემი ძირითადი პროფესია. სკოლა რომ დავამთავრე, ჩავაბარე კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტეზე. ვსწავლობდი, მაგრამ პარალელურად, ვხატავდი, ოღონდ, მთელი ყურადღება სწავლაზე მქონდა გადატანილი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა ასპირანტურაში, ზოგადი ენათმეცნიერების ფაკულტეტეზე განვაგრძე. შემდეგ ჩავაბარე უნივერისტეტში, ხელოვნების ფაკულტეტზე. დრეზდენსა და მადრიდში პრადოს მუზეუმთან ახლოს გავიარე კერძო გაკვეთილები. შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, ვიყავი ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, პარალელურად, გამოფენები მქონდა მოსკოვში, ისრაელში და ასევე, გამოვეცი საკუთარი გაზეთიც. ასე რომ, მრავალმხრივ საქმიანობას ვეწეოდი, მაგრამ, რასაც მთელი გულით ვაკეთებდი, ეს იყო მხატვრობა. პირველი ოფიციალური გამოფენა 1988 წელს მქონდა ქუთაისის კაკაბაძის სახელობის გალერეაში. იმდენი ხალხი მოვიდა, რომ დირექტორმა, ძალიან კარგმა ადამიანმა, მოქანდაკე გოგი ლომთაძემ მითხრა: გულიკო, რამე რომ დაემართოს გალერეას, იატაკი, რომ ჩაინგრეს, შენი ბრალი იქნებაო. მაგრამ იატაკიც გადარჩა და ბევრიც დაიწერა ამ გამოფენასთან დაკავშირებით. ჩემს სახელოსნოში მოდიოდნენ სტუმრები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, დელეგაციებს აძლევნდნენ ჩემს ნახატებს. ასევე, მქონდა ჯგუფური გამოფენები. 2000 წელს იყო ქრისტეს საიუბილეო გამოფენა, სადაც მე წარვადგინე კომპოზიცია „30 ვერცხლი“. კათოლიკოს-პატრიარქიც მოვიდა გამოფენაზე და კარგად მახსოვს: დიდხანს იდგა ჩემი ნახატის წინ. სხვათა შორის, მას არ ეგონა, რომ ქალი იყო ნახატის ავტორი და გაუკვირდა, როცა ჩემი თავი გააცნეს. საერთოდ, არავის ჰგონია, რომ  ქალია ამ ნახატების ავტორი. 

– თქვენს ნახატებში ჭარბობს რელიგიური თემატიკაც, რომელიც პირადად ჩემზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, ძლიერ ემოციებს იწვევს, განსაკუთრებით კი ნახატი, რომელზეც იესო ქრისტეა აღბეჭდილი. ასევე, ბევრ ნახატში ფიგურირებს მგელი. 

– მგელი კარგად გამოხატავს ადამიანის მგლურ ხასიათს. იმ ნახატში, რომელზეც მგელი თავზე გვირგვინს იდგამს, ჰქვია „პაიკი დედოფალი ხდება“. ჭადრაკში 12 პაიკია, ამ 12 პაიკიდან მხოლოდ ერთი ხდება დედოფალი და საერთოდ, მხოლოდ პაიკს შეუძლია გახდეს დედოფალი.  ამ თორმეტში კი ის ხდება დედოფალი, რომელიც მგელია. მაქვს ასევე, მეორე ნახატი, სადაც მგლები წინ მიდიან და უკან ცხვრები დგანან. ამ ნახატს „დემოკრატია“ ჰქვია. ეს ნიშნავს იმ ადამიანთა ქმედებებს, დემოკრატობას რომ იბრალებენ. მე მათ ამ სახით ვხედავ, ცხვრები კი, ხალხია. მე არ ვარ მორალისტი და არ ვამბობ,  რომ ხალხმა ჩემი ნახატების მიხედვით იაზროვნოს და დამეთანხმონ. ეს ჩემი პოზიციაა, ვიღაც დამეთანხმება და ვიღაც – არა. აქ პრესაშიც ხშირად მიწოდებენ მხატვარ-ფილოსოფოსს, ბევრი სტატია იბეჭდებოდა საქართველოშიც და იქაც წერდნენ: ეს არის ხელოვნება მოაზროვნე ადამიანებისთვის. ყოველი ნახატის დახატვის სურვილი გარკვეული მიზეზების გამო ჩნდება. რაღაც თემა მწიფდება ჩემში და შემდეგ მოდის მისი ტილოზე გადატანის სურვილი. პირველად, ქრისტეს პორტრეტის შექმნის სურვილი მაშინ გამიჩნდა, როცა იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე ვიყავი. ისრაელს საოცარი სულიერება აქვს, იქიდან სულ სხვა ადამიანი დავბრუნდი... ამ ნახატს ვერასდროს შეველევი, სახლში მაქვს და როცა ვიღვიძებ, პირველად სწორედ მას ვუყურებ. საკმაოდ დიდია და გამოფენაზე რომ მიმაქვს, ზოგჯერ მანქანაში არ ეტევა და მეტროთი ვმგზავრობ. ქუჩაში ხალხი მაჩერებს და მთხოვენ, მასთან ფოტოს გადაღებას, თან პირჯვარს იწერნენ. საოცარ ინტერესს იჩენენ ჩემი ნახატების მიმართ ჩვეულებრივი ადამიანები. 

სანამ ამერიკაში წამოვიდიოდი, მანამდე გერმანიიდან იყვნენ საქართველოში ჩამოსულები, ჩემზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს და სამომავლოდ, გერმანიაში იგეგმებოდა ჩემი გამოფენა. რა თქმა უნდა, მეც ვემზადებოდი, მაგრამ მოვიდა ცნობა ამერიკიდან, რომ აგვისტოში, ბოსტონში ტარდებოდა ბიბლიოთეკების დირექტორებისა და საუნივერსეტიტო დარგის მუშაკთა მსოფლიო კონფერენცია. მე შემარჩიეს, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი და 15 აგვისტოს გამოვფრინდი ბოსტონში. დავესწარი კონფერენციას, 11 სექტემბერს ჩამოვედი ნიუ-იორკში, იმ საღამოსვე უნდა გამოვფრენილიყავი საქართველოში. ეს იყო 2001 წლის 11 სექტემბერი, როცა ნიუ-იორკში დიდი ტრაგედია მოხდა...  თაიმს-სქვერს ვათვალიერებდი, სადაც მხატვრები სხედან, მაინტერესებდა, რას ხატავდნენ და ამ თვალიერების დროს ატყდა პანიკა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. სასწრაფოდ ჩასხდნენ მანქანებში, მეც ჩამსვეს, წამომიყვანეს. გზადაგზა ვხედავდი პანიკისგან დაშინებულ ადამიანებს, დავინახე, შენობის მე-100 სართულიდან როგორ ხტებოდა ხალხი – ოღონდ არ დამწვარიყვნენ და ასე ამთავრებდნენ სიცოცხლეს. სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს ჩემი თვალებიდან არასდროს ამოვა... მეორე დღეს არ მუშაობდა არც მეტრო, არც აეროპორტი, გამოფრენაზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე აქ დარჩენის გაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩემში დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. ძალიან ბევრი სტრესი გადავიტანე საქართველოში, ბევრი რამ ჯანმრთელობის ფასად დამიჯდა. ამიტომ, არც იყო გასაკვირი ჩემი ეს გადაწყვეტილება. ისეთ გარემოში მიწევდა ყოფნა, უკვე სული მეხუთებოდა, აღარ შემეძლო ამ გარემოში გაჩერება. ამიტომ, დავტოვე ყველაფერი და ნულიდან დავიწყე ცხოვრება. რა თქმა უნდა, ამერიკაში ბევრი სირთულის გადატანა მომიწია: არც ინგლისური ვიცოდი, არც ფული მქონდა, არც სამუშაო, არც ნაცნობი და მეგობარი მყავდა. ერთადერთი, ვიცოდი ის, რომ ჩემი ნახატები მოსწონდათ და ვიცოდი მასთან დაკავშირებით იმ დელეგაციების აზრი, რომლებიც ჩემთან ქუთაისში ჩამოდიოდნენ. დავრჩი ამის იმედად... პირველი, რაც ამერიკაში დავხატე, ეს იყო 11 სექტემბერი. ამ ნახატის ფოტო დღეს კონგრესის ბიბლიოთეკაშია ვაშინგტონში. მან ბევრი გალერეა, გამოფენა მოიარა, ძალიან ცნობილი ნახატია. მის შესახებ ბევრი სტატიაა დაბეჭდილი. ამის შემდეგ ნელ-ნელა ვაწყობდი ცხოვრებას. ძალიან მძიმე პერიოდი გადავიარე. იყო ისეთი მომენტი, როცა არ მაძლევდნენ ხატვის უფლებას, რადგან ვისთანაც ქირით ვცხოვრობდი, მიაჩნდა, რომ საღებავის სუნი ჯანმრთელობას ვნებდა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი. მერე ნელ-ნელა დავიწყე ხატვა, გავხდი სხვადასხვა სამხატვრო ორგანიზაციის წევრი. მათ დააფასეს ჩემი შემოქმედება და ინტენსიურად გამქონდა უკვე გამოფენებზე ნახატები. დღეს მაქვს იმის საშუალება, რომ რა პირობებზეც მაშინ ვთანხმდებოდი, ახლა აღარ ვთანხმდები. მაგალითად, ვერ გამოვფენ ჩემს ნახატს და ვერ დავტოვებ იქ, სადაც არ არის დაცვა. ამიტომ, გალერეაში უნდა იყოს დაცვა, ეს კი მხოლოდ დიდ, ცნობილ გალერეებშია შესაძლებელი. ამიტომაც, ბოლო სამი წელია, ასეთ გალერეაში ვიფინები, მანჰეტენზე. 

 – თქვენი ნახატი – „საიდუმლო სერობა“ საკმაოდ ძვირად არის შეფასებული და რაც მთავარია, აქამდე არსებულ არც ერთ „საიდუმლო სერობას“ არ ჰგავს. საოცრად შთამბეჭდავი, ღრმა შინაარსის მქონე ნამუშევარია. 

– როცა „ფეისბუქზე“, ამ ნახატის ფოტო დავდე, მას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთმა ადამიანმა მომწერა: შეიძლება, თქვენ ამ ნახატის გამო ანათემას გადაგცენო. ქართველი ეკლესიის მსახურებიდანაც არავის გამოუხატავს მოწონება. აგრესიულად შეხვდნენ. მე არ ვარ ხატმწერი. ფერმწერი ვარ და მაქვს უფლება, ჩემი აზრი დავაფიქსირო. არავის ვთხოვ ის გაიზიაროს. თითქმის ყველა ასეთ ნახატზე არის ქრისტე და 12 მოციქული, ყველანი ახალგაზრდები არიან, მაგიდასთან სხედან. ჩემს ნახატაში მაგიდასთან დავტოვე მხოლოდ იუდა, რომელსაც ხელში ქისა უჭირავს 30 ვერცხლით. მას მეორე მხარეს მივუსვი ლუციფერი, რომელსაც კამათელი უჭირავს ხელში. მე ამით უარყოფითი ენერგია გავაძლიერე. ნახატზე არის კიდევ ორი პიროვნება, არ აქვს მნიშვნელობა, ის პეტრეა თუ პავლე, რაც მთავარია, მაგიდის უკან არიან, ზოგი შეშინებულია, ზოგი იმალება. ქრისტე მაგიდასთან კი არ ზის, ჯვარზეა გაკრული  და ერთადერთი, რაც მისი ერთგული დარჩა, ეს ბიბლიაა, რომელიც წინ ნათელში დევს. ის, რომ ამ ნახატზე ყველა მოხუცია, ამით ხაზი გავუსვი დროს – ეს არის დრო, რომელიც ქრისტიანობამ დღემდე გაიარა. ბევრმა ადამიანმა შეაქცია ქრისტინაობას, ქრისტეს ზურგი და ამიტომაც გვაქვს დღეს „მაგიდასთან“ ასეთი მდგომარეობა. მე ამით იმ მდგომარეობის სიმძაფრე გამოვხატე, რაც დღეს ქრისტიანობაში შემაშფოთებლად მიმაჩნია. მე ქრისტეს მხარეს ვარ, მაგრამ ეს ვერ გაიგეს. და იცით, მე ამ ნახატის გამოფენა არ შემიძლია, ისევე, როგორც მთელი რიგი ნახატებისა. არ მაფენინებენ, რადგან აქ გალერეები ძირითადად  სხვა რელიგიის წარმომადგენლების ხელშია და არ აინტერესებთ. ამიტომ, მხატვრის ბედი, რომელიც ასეთ ნახატებს ხატავს, არ არის იოლი... 

– ძალიან ბევრ მუზეუმშია დაცული თქვენი ნამუშევრები. თქვენი ნახატების კატალოგი კი ძალიან ბევრ ქვეყანაში იყიდება. ერთი პერიოდი, რამდენიმე ქვეყანაში ის ბესტსელერად იყო აღიარებული. 

– ბილ ქლინტონის ფონდშია ბილ ქლინტონის პორტრეტი. ასევე, ინახება ნახატები რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში, ამერიკის რუსული ხელოვნების მუზეუმში. 2008 წელს შეიქმნა ჩემი კატალოგი, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოში იყიდება. თუმცა, მე იქიდან არაფერს ვიღებ, რადგან ხელი ჩემმა სპოსნორმა მოაწერა. მან გადაიხადა თანხა და ფილიპინებში შეიქმნა ჩემი კატალოგი. თუმცა, დაიბეჭდა ამერიკაში. დღეში რამდენიმე საათი ველაპარაკებოდი ფილიპინელ დიზაინერებს, რომ ფერები ისე დაეცვათ, როგორც ნახატებში იყო. ეს იყო უმძიმესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. შემდეგში კატალოგი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა, ახლაც იყიდება. რომ  გამიჩნდება სახსრები, მინდა, ახალი კატალოგი დავბეჭდო. ასევე, ძალიან ცნობილი ტილოა „ანტისემიტიზმი“. ბევრ ებრაულ გაზეთში, ჟურნალშია დაბეჭდილი. გამოვფინე მნიშვნელოვან ებრაულ კონფერენციებზეც და  დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა, აქ ჩემი ნახატების კრებული ღია ბარათებად დაიბეჭდა. 

– ამერიკული პრესა, ტელევიზია მუდმივად ინტერესდება თქვენით, თქვენი ნახატებით.

– რაც აქ ვარ, ამ წლების განმავლობაში ჩემზე დაახლოებით 140 სტატია დაიბეჭდა. ხშირად მიწვევნ პერსონალურ გადაცემებში. ასევე ხშირად იწვევენ სხვებს, რომლებიც ჩემს ნახატებზე, შემოქმედებაზე საუბრობენ. უყურადღებობას არ ვუჩივი, ჩემს გამოფენაზე ბევრი ხალხი მოდის, გარდა ქართველებისა... სხვათა შორის, რამდენიმე პიესაც მაქვს დაწერილი. „აღსარება“ ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამაა, შარშან ფოთის სახელმწიფო თეატრში დაიდგა. ორ საერთაშორისო ფესტივალზე გაიტანეს, წელს „დურუჯზე“ 200 პიესიდან სამი შეარჩიეს და მე წარდგენილი ვიყავი, როგორც საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი. რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე პიესაც მაქვს, ისიც ფსიქოლოგიური დრამაა – უფრო ხანგრძლივი, მეტი მოქმედი პირით, მინდა, დაიდგას, მაგრამ ჯერ არ ჩანს დამდგმელი. 

 

скачать dle 11.3